საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№181აპ-17 ქ. თბილისი
ხ. დ-თ, 181აპ-17 7 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დ. ხ., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - შინაპატიმრობა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ხ-ეს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე - 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან დ. ხ-ეს აეკრძალა ღამის 22:00 საათიდან - დილის 7:00 საათამდე მონაკვეთში შინიდან გასვლა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან დ. ხ-ეს დაევალა სარეაბილიტაციო პროგრამა - „დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩართვა.
2. აღნიშნულში განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ დ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - შინაპატიმრობა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ხ-ეს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე - 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან დ. ხ-ეს აეკრძალა ღამის 22:00 საათიდან - დილის 7:00 საათამდე მონაკვეთში შინიდან გასვლა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან დ. ხ-ეს დაევალა სარეაბილიტაციო პროგრამა - „დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩართვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 30 ივნისს, შუადღის საათებში, თ-ში, ვ. ნ-ას ქუჩის N--ში მდებარე აკვაპარკის გასახდელში არსებული კარადებიდან, დ. ხ. გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მათი დაზიანების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯ. ა-ის 10 ლარად ღირებულ საათს, ნ. ნ-ის 25 ლარს და ნ. ა-ის 30 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს მიადგათ მატერიალური ზიანი.
2016 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, თ-ში, პ-ის გ-ის N--ის პირველ სადარბაზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დ. ხ-ემ თანამზრახველთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე. ა-ს, მან მჭრელი თვისებების მქონე საგნით ე. ა-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2016 წლის 21 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ-ში, ბ-ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთ --თან, “Opel-ის“ ფირმის სახ. N - ავტომანქანაში, დ. ხ. თავს დაესხა ზ. ე-ს და მას დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან 2016 წლის 25 მარტს პროკურორმა დაიწყო განრიდების პროცესი დ. ხ-ის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1 ნაწილით, ოთხი ეპიზოდი), მაგრამ განრიდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის პერიოდში დ. ხ-ემ დაარღვია პირობა - არ ჩაედინა ახალი დანაშაული. დ. ხ-ემ დანაშაულები დროის მცირე ინტერვალში ჩაიდინა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი არ უნდა იყოს ახალი დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი. ამდენად, დ. ხ-ს უნდა განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გამოსაცდელ ვადასთან მიმართებით, ვინაიდან კანონი ცალსახად ადგენს, რომ დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად გამოსაცდელი ვადა უნდა განისაზღვროს არანაკლებად 2 და არაუმეტეს 6 წლით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, კერძოდ, გაითვალისწინა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახული დანაშაულის ჩადენის რისკი და არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები, ამასთანავე, შეაფასა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.
8. საკასაციო პალატა, არასრულწლოვნის პიროვნული მახასიათებლებისა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახული რეკომენდაციის გათვალისწინებით, დასაბუთებულად მიიჩნევს შეფარდებული სასჯელის პარალელურად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებას, კერძოდ, მოვალეობის დაკისრებასა და დროის განსაზღვრულ პერიოდში შინიდან გასვლის აკრძალვას. აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო სასჯელთან ერთად თანაზომიერია არასრულწლოვან დ. ხ-ის მიერ ჩადენილ ქმედებებსა და მის პიროვნულ მახასიათებლებთან.
9. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აგრეთვე სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებს, კერძოდ, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლს, მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის N10 ზოგადი კომენტარის მე-10 პუნქტსა და ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს N14 ზოგადი კომენტარის 28-ე პუნქტს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე