დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №31აგ-17 14 სექტემბერი, 2017 წელი
ბ-ე ა, 31აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განაჩენით ა. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განაჩენში, კერძოდ: ა. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 18 ნოემბრიდან ამავე წლის 26 ნოემბრამდე და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2009 წლის 6 ივლისიდან.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ა. ბ-ეს საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილითა (42 ეპიზოდი) და 344–ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი) დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით - 17 წლით, 6 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 15 წელი, 6 თვე და 2 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. ა. ბ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის დადგენის დღიდან - 2011 წლის 26 დეკემბრიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ბ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 2 დღით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2011 წლის 26 დეკემბრიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა. ბ-ის შუამდგომლობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება: ა. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძევლზე შემცირებულმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–4, მე–2 ნაწილების შესაბამისად, შთანთქა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ყველა ეპიზოდისათვის დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები და საბოლოოდ ა. ბ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 6 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო– 2008 წლის 18 ნოემბრიდან ამავე წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინება ა. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. 2017 წლის 26 იანვარს მსჯავრდებულმა ა. ბ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - შ. ხ-ემ და ი. ლ-მ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განაჩენის გადასინჯვა, ა. ბ-ის გამართლება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და 2012 წლის ამნისტიის აქტის გამოყენების შედეგად მისი გათავისუფლება პატიმრობიდან. მოთხოვნას ასაბუთებენ შემდეგი მოტივებით: ა. ბ-ის მსჯავრდებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში საფუძვლად დაედო მ. თ-ის განთქმითი ჩვენება. დაცვის მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ მ. თ-ის მხრიდან ნარკოტიკების გასაღებაში ა. ბ-ის დადანაშაულების საფუძველი გახდა პოლიციის მიერ მ. თ-საგან მუქარით მიღებული განცხადება, ამასთან, მის მიმართ გამოიყენეს ცრუ შეპირება, რომ თუ ბიზნესმენ ა. ბ-ეს ნარკოტიკების გასაღებაში დაადანაშაულებდა, მიესჯებოდა მცირე სასჯელი. ამდენად, განაჩენს საფუძვლად უდევს ცრუ განთქმა. აღნიშნული გარემოება სასამართლოში საქმის პირველადი განხილვის სტადიაზე დაცვის მხარისა და სასამართლოსათვის არ ყოფილა ცნობილი. დაცვის მხარემ ითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის ძალითაც პირის ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დაუშვებელია ირიბი ჩვენების გამოყენება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. კასატორი - მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით. დამატებით კასატორმა მიუთითა, რომ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმით სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაურღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. შუამდგომლობაზე დართულ მ. თ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მან სამართალდამცველების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა ცრუ ჩვენება ა. ბ-ის წინააღმდეგ, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, ამ მოტივით გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
4. დაცვის მხარის მითითებასთან მიმართებით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გაითვალისწინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, პალატა აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ბ-ის მიმართ დადგენილ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.
5. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი - შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმით მსჯავრდებულს წაერთვა სამართლიანი განხილვის უფლება - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის ხელმისაწვდომობა კონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებული პროცედურული გარანტიების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური. ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რაც საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს (ECtHR, 21/2/1975, Golder v UK, №4451/70, § 38). შეზღუდვა შეიძლება მიზნად ისახავდეს განმეორებითი სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენებისა და განმეორებითი სამართალწარმოებისაგან თავის არიდებას (ECtHR, 28/5/1985, Ashingdane v UK, №8225/78, § 58) ან ნაკლები მნიშვნელობის მქონე საქმეებით სასამართლოს გადატვირთულობის პრევენციას (ECtHR, 27/11/2012, Bayar a. Gurbuz v Turkey, № 37569/06, § 43). ამდენად, თავად შუამდგომლობის განსახილველად დაუშვებლობის ფაქტი, ვერ შეფასდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევად, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაფიოდაა მოწესრიგებული განმეორებითი სამართალწარმოების დაწყების საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო გადასინჯავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე