საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
2კ-103აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700068227

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №103აგ-18 ქ. თბილისი

ც-ი ს, 103აგ-18 24 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

მსჯავრდებულ ს. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ს. ც-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, ს. ც-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 21 წლით.

მსჯავრდებულ ს. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენში. ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ს. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი ს. ც-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

7. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ს. ც-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დადგინდა საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით, საიდანაც ს. ც-ს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 6 თვითა და 26 დღით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ს. ც-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 17 სექტემბრიდან.

8. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. ც-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი როგორც რეალურად მოსახდელი, ისე პირობითად ჩათვლილი და განესაზღვრა: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით; პირობითი მსჯავრი - 9 თვით, 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ს. ც-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 17 სექტემბერიდან.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება ს. ც-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენი.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

23. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის მიმართ არ გავრცელდა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 04 მაისის N76-IIს კანონის მოთხოვნები.

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ს. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

26. 2018 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ც-მა და ითხოვა მის მიმართ არსებული გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის გადახედვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ მას სასჯელი არ უნდა დანიშვნოდა რეციდივის გათვალისწინებით და კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, უნდა შეუმსუბუქდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი.

27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

28. კასატორი - მსჯავრდებული ს. ც-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებისა და სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით მისი განაჩენის გადასინჯვასა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე (რომელიც შეეხება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების ს. ც-ზე გავრცელებას) - პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

3. პალატა აგრეთვე უთითებს, რომ ამ საკითხზე საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აქვს ნამსჯელი (მაგ. იხ. №64აგ-17 და 614აგ-13 გადაწყვეტილებები).

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე