საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2020
საქმის ნომერი
2კ-966აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050617

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

№966აპ-19 ქ. თბილისი

ქ. გ., 966აპ-19 17 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ.ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ქ-მ და მისმა ადვოკატმა - მ. ჭ-მ.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონოა და გ. ქ-ს მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია; 2004 წლის 19 ივლისს ქ-სა და სს კომერციულ ბანკ ,,გ-ს“ მიმართ უკანონოდ აღძრულ საქმეს 2004 წლის 26 ივლისს ასევე უსაფუძვლოდ დაემატა გ. ქ-ს ბრალდება, რასაც საფუძვლად დაედო ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიება მსჯავრდებულის მამის - ა. ქ-ს მიმართ; 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გ. ქ. გაამართლა ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლისა, რომელიც არ ყოფილა თავდაპირველ ბრალდებაში; კასატორების მტკიცებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება არა სხვისი თანხების მითვისება და გაფლანგვა, არამედ ფიზიკური და იურიდიული პირების საგადასახადო დავალებების დაგვიანებით შესრულება, რაც ეროვნული ბანკის ნორმატივების დარღვევაა და არა - დანაშაული; გ. ქ-ს არავითარი შეხება არ ჰქონია ამ დარღვევასთან, რაც დასტურდება მოწმეების - ი. კ-ს, მ. გ-სა და ნ. ფ-ს, ასევე სხვათა ჩვენებებით; ქ-ებისა და ,,გ-ს“ საქმეზე, რომლისგანაც გამოყოფილია გ. ქ-ს საქმე, არსებითად დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნები: მოწმეების ნაწილზე, ვინც ამხილა ქ-ები სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ზეწოლა; სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები, არ დაუშვა მათი მტკიცებულებები და უარი თქვა მათთვის საინტერესო მოწმეების დაკითხვაზე.

2. გ. ქ-სათვის წარდგენილი ბრალდების თანახმად:

2000 წელს ა. ქ-მ სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ წილების ნომინალური ღირებულებით შესყიდვისა და ფულადი შენატანების განხორციელების გზით ხელში ჩაიგდო აღნიშნული ბანკის მართვის სადავეები, თავად გახდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, რის შემდეგაც განიზრახა ბანკის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის -სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა უკანონო ფინანსური ოპერაციების წარმოების მიზნით.

განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის ა. ქ-მ სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეიყვანა თავისივე ოჯახის წევრები, კერძოდ, შვილები - ა. და გ. ქ-ები და მეუღლე - ნ. ქ.. წლების განმავლობაში აღნიშნულმა ჯგუფმა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ჩაითრია ბანკის სხვა თანამშრომლებიც. მოგვიანებით ა. ქ. გამოვიდა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან, თუმცა შვილები მოაწყო ბანკის ხელმძღვანელ პოსტებზე, მათ შორის გ. ქ. ჯერ სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ საკორესპონდენტო ანგარიშების დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ - ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2004 წლის 1 მარტიდან -გენერალურ დირექტორად.

ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებად იქცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულისათვის კანონიერი სახის მიცემა, უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის, ანდა ქონებრივი უფლებების დამალვა. წლების განმავლობაში სხვადასხვა კომერციული ბანკებიდან და სამეწარმეო სუბიექტებიდან სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ სხვადასხვა ანგარიშზე გადმორიცხული ფულის გათეთრების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი მიმართავდა შემდეგ უკანონო ოპერაციებს: ახდენდა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მობილიზებას კონკრეტულ ანგარიშებზე, ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა თითქოსდა, საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ხოლო შემდეგ ადგენდა ყალბ დოკუმენტაციას, თითქოსდა, საბანკო სესხების გაცემის თაობაზე. სინამდვილეში სესხები არ გაიცემოდა და არც უკან ბრუნდებოდა. ეს თანხები შესაბამის სუბიექტებს უკან უბრუნდებოდათ უკვე გარეცხილი სახით. გარდა ამისა, ხდებოდა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მობილიზება ფიქციური სამეწარმეო სუბიექტების ანგარიშებზე, სადაც ეს თანხები ნაწევრდებოდა, მიემართებოდა სრულიად გაურკვეველ, ძირითადად, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული სუბიექტების ანგარიშებზე, ასევე - გაურკვეველი დანიშნულებით. ფულის გათეთრების მიზნით, სს კომერციული ბანკი „გ.“ ახორციელებდა ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებსაც. ამ მიზნის მისაღწევად დანაშაულებრივი ჯგუფი სდებდა სს კომერციულ ბანკ „გ-სათვის“ აშკარა წამგებიან ფინანსურ გარიგებებს.

რ-ს ფედერაციაში არსებული, სს კომერციულ ბანკ ,,გ-ს“ კორესპონდენტი ბანკების ანგარიშებზე მობილიზებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გ. ქ-სა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, 2003 წლის ... დეკემბერს სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ დამფუძნებლებმა “ე-მ“ და „ზ-მ“ საქართველოს ეროვნულ ბანკში გადარიცხეს 1230244 აშშ დოლარი, თითქოსდა სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად. აღნიშნული თანხიდან 645000 აშშ დოლარი, ამ თანხების უკეთ შენიღბვის მიზნით, გადატანილ იქნა სს „ბ. ქ-ში“ არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე. ამის შემდეგ, 2004 წლის ..., ..., ... იანვრისა და ... თებერვლის საგადასახადო დავალებების შესაბამისად, სს „ბ. ქ-დან“ და საქართველოს ეროვნული ბანკიდან რ-ს „ზ. ბ-ში“ გახსნილ სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ საკორესპონდენტო ანგარიშზე გადაირიცხა 1222000 აშშ დოლარი, თითქოსდა საკორესპონდენტო ანგარიშის გასამაგრებლად. აღნიშნული თანხისათვის საბოლოოდ კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გ. ქ-სა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გადაწყდა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ ყალბი საკრედიტო ხელშეკრულებების, აგრეთვე, ყალბი საგარანტიო წერილებისა და განცხადება-მოთხოვნების მომზადება 15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სესხების გაცემის შესახებ, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები, მათი მითითებით, მოამზადეს სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ი. კ-მ და საკრედიტო დეპერტამენტის უფროსმა მ. ხ-მ თავიანთი კომპიუტერების მეშვეობით. დასახელებულ დოკუმენტებზე გ. ქ-მ შეასრულა არარეზიდენტი იურიდიული პირების ყალბი ხელმოწერები, რომლებიც დამოწმდა ამავე იურიდიული პირების ყალბი ბეჭდებით, რომლებსაც გ. ქ. ინახავდა თავის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში. იმავდროულად, გ. ქ-მ, შედიოდა რა სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ საკრედიტო კომიტეტის შემადგენლობაში, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერა ფიქციურად შედგენილ საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმებს, რომ თითქოსდა, სესხის გაცემის საკითხი განიხილა და დადებითად გადაწყვიტა კომიტეტმა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების მეშვეობით სესხის მიღების სურვილი თითქოსდა გამოთქვა 15-მა არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა: „კ. ე-ს ი-მ“ 80000 აშშ დოლარის, „ვ. ი. ლ-მ“ - 75000 აშშ დოლარის, „კ. უ. გ-მ“ - 70000 აშშ დოლარის, „ე. ლ-მა“ - 82000 აშშ დოლარის, „პ. კ-მ“ - 78000 აშშ დოლარის, „ტ. დ. ლ-მ“ - 86000 აშშ დოლარის, „თ. ლ-მ’’ - 85000 აშშ დოლარის, „ფ. გ. ლ-მ“ - 85000 აშშ დოლარის, „შ. ლ-მ“ - 80000 აშშ დოლარის, „ს. ი. ლ-მ“ - 77000 აშშ დოლარის, „ე. გ ლ-მ“ - 80000 აშშ დოლარის, „უ. ტ. კ-მ“ - 80000 აშშ დოლარის, „კ. ი. ი-მ“ - 80000 აშშ დოლარის, „ს. ი.ნ კ-მ“ - 85000 აშშ დოლარის და „ს. ი. კ-მ“ - 79000 აშშ დოლარის მიღებაზე. აღნიშნული სესხების გაცემა სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ ბუღალტერიაში აისახა ისე, რომ გ. ქ-სა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ უფიქრიათ მოქმედი კანონმდებლობის ფორმალურ დაცვაზეც კი და თხუთმეტივე შემთხვევაში კრედიტის გაცემა აჩვენეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი აუცილებელი დოკუმენტების, კერძოდ, სესხების, ანგარიშების, საბალანსო, მოგება - ზარალის, ფულის მიმოქცევის უწყისებისა და ბიზნესგეგმის დართვის გარეშე. სს „გ-ს“ ბუღალტერიაში აისახა, რომ თითქოს, აღნიშნული კრედიტები სრულად იქნა დაბრუნებული 2004 წლის მაისში, თუმცა საბუღალტრო დოკუმენტაციით არ ჩანს, თუ კონკრეტულად რომელი საკრედიტო დაწესებულების მეშვეობით დაბრუნდა სესხი. სინამდვილეში არცერთი აღნიშნული სესხი სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ არ გაუცია, ყველა მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არის ყალბი და აღნიშნული ფინანსური მაქინაცია განხორციელდა ფულის გათეთრების მიზნით.

2000 - 2004 წლებში სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ საკორესპონდენტო ანგარიშებზე უცხოური ბანკებიდან და სხვა სამეწარმეო სუბიექტებიდან სისტემატურად ირიცხებოდა ათეული და ასეული მილიონობით თანხები უცხოურ ვალუტაში. ფულისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მათ რიცხავდნენ ამ უკანასკნელთა მიერ შექმნილი ფიქციური ფირმების, უცხოეთში, მათ შორის -ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფირმების საბანკო ანგარიშებზე, სადაც მიმდინარეობდა თანხების დანაწევრება და მიმართვა სრულიად გაურკვეველი დანიშნულებით. 2004 წლის .. იანვრიდან 2004 წლის .. ივლისამდე რ-ს ფედერაციაში რეგისტრირებულმა შპს „...“, შპს „...“ და შპს „...“ თითქოსდა უძრავი ქონების, ძირითადად - ფასიანი ქაღალდების შესაძენად, სინამდვილეში კი თანხის ლეგალიზაციის მიზნით, აშშ - ს ა-ს შტატში რეგისტრირებულ კომპანია „...“ სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე - რ-ს ფედერაციის ბანკ „...“ არსებულ სს კომერციულ ბანკ „გ-“ საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით, ჩაურიცხა 2095679603 რუსული რუბლი. გ. ქ-მ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, განახორციელა წინასწარი შეცნობით ფინანსურად წამგებიანი ოპერაცია, კერძოდ, კონვერტაცია გაუკეთა კომპანია „...“ ჩარიცხულ თანხას, სულ - 72759645 აშშ დოლარს, ისე, რომ კონვერტაციის შედეგად სს კომერციულ ბანკ „გ-ს“ მიადგა 53166,69 ლარის ზარალი, ხოლო კონვერტირებული თანხა, სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ დამზადებული „...“ ყალბი ბეჭდით დამოწმებული საგადასახადო დავალების საფუძველზე, ჩაურიცხა თავის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო საბანკო ოპერაციებისათვის საგანგებოდ შექმნილ, ფიქციურ სამეწარმეო ორგანიზაციებს: შპს „...“ - 6934673 აშშ დოლარი და სს „...“ -65824972 აშშ დოლარი. უკანონო შემოსავლის წყაროს, მისი განთავსების, მოძრაობისა და ქონების ნამდვილი მესაკუთრის დამალვის მიზნით, გ. ქ-სა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფიქციურ ორგანიზაციებზე ჩარიცხული თანხები დანაწევრდა მცირე თანხებად და 2659 საგადასახადო დავალებით გაფორმებდა მათი გადარიცხვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში თითქოსდა, სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად და გაწეული მომსახურებისათვის. გადარიცხვების შესახებ საგადასახადო დავალებები მომზადდა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ და დამოწმდა, შესაბამისად, შპს „...“ და სს „...“ მრგვალი ბეჭდებით, რომლებსაც უკანონოდ ფლობდნენ გ. ქ. და ორგანიზებული ჯგუფის წევრები.

გ. ქ-მ ბოროტად გამოიყენა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ გენერალური დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება და რ-ს ფედერაციაში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკ „...“ 2002 წლის .. აპრილს და 2004 წლის .. იანვარს გააფორმა საკორესპონდენტო ანგარიშის შესახებ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება ისე, რომ აღნიშნულ ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიში საერთოდ არ აუსახავს სს „გ-ს“ ბალანსში. ამ საკორესპონდენტო ანგარიშის გამოყენებით გ. ქ-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, მხოლოდ 2004 წლის .. იანვრიდან .. იანვრამდე პერიოდში სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ ბუღალტერიის გვერდის ავლით გადარიცხა 22546898 აშშ დოლარი, რითაც სს „გ-ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, გაწეული საბანკო მომსახურეობის საფასურის გადაუხდელობის გამო.

გ. ქ-მ, სხვადასხვა უკანონო გარიგების წარმოების მიზნით, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად განიზრახა ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადება, რისთვისაც შეიმუშავა შემდეგი მექანიზმი: სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ კომპიუტერის მეშვეობით დაამზადა შესაბამისი საბეჭდი ფორმა და ფასიანი ქაღალდებისათვის განკუთვნილი, სპეციალური ქაღალდის ფორმატი, რომლებსაც ინახავდა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“, თავის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში. აღნიშნული ყალბი საშუალებების გამოყენებით გ. ქ-მ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დაამზადა 2000 წლის .. დეკემბრით დათარიღებული „...“ უბრალო თამასუქები, რომლებიც თითქოსდა, შეიძინეს ამავე ბანკიდან და მეტი დამაჯერებლობისათვის დაამოწმეს მითითებული ბანკის ყალბი ბეჭდით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“, თავის სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში. აღნიშნული წესით დამზადებული ფასიანი ქაღალდები გ. ქ-მ შეინახა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ - უკანონო გარიგებების წარმოებისა და გასაღების მიზნით.

გ. ქ-მ და ორგანიზებულმა ჯგუფმა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში სახელმწიფოს მიაყენეს მნიშვნელოვანი - 11717378,3 ლარის ზიანი. საბოლოოდ, გ. ქ-ს „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბრალად დაედო სახელმწიფოსათვის მიყენებული 2919882,58 ლარის ზიანი.

გ. ქ-მ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ადგილას დაამზადებინა კომპანიების: „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“ მრგვალი ბეჭდები და ამ კომპანიის წარმომადგენელთა ხელმოწერების ფაქსიმილები. აღნიშნული ატრიბუტების გამოყენებით, სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმდების ჩადენის მიზნით, გ. ქ-მ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად 2000 - 2004 წლებში დაამზადა ყალბი სასეხო ხელშეკრულებები, ბანკის საგარანტიო წერილები, სასესხო განაცხადები, საგადასახადო დავალებები და სხვა საფინანსო დოკუმენტები. გ. ქ-მ და დანაშაულებრივმა ჯგუფმა დაამზადეს „...“ ტიტულიანი ბლანკები, რომელთა მეშვეობითაც და ამავე ბანკის მრგვალი ბეჭდის გამოყენებით ადგენდა იგი ყალბ დოკუმენტებს უკანონო ფინანსური ოპერაციებისათვის.

გ. ქ. 2003 წლის ... მაისს, 11:00 საათზე, ძმასთან - ა. ქ-თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ... რა დროსაც მათი ბინის კარზე დააკაკუნეს „...“ მეანაბრეებმა. მათ სურდათ ა. და ნ. ქ-ებთან შეხვედრა და მოლაპარაკება კუთვნილი თანხების ეტაპობრივად დაბრუნების თაობაზე. გ. და ა. ქ-ებმა განიზრახეს, დაერბიათ მათი ბინის კართან შეკრებილი მოქალაქეები და კართან მდგომ მეანაბრეებს დაუწყეს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მიყენება, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. ა. ქ. ხელის კვრით აიძულებდა მეანაბრეებს, გასულიყვნენ სადარბაზოდან, ხოლო გ. ქ. მასზე შენახვის უფლებით განპიროვნებული ცეცხლსასროლი იარაღით - „ბაიკალ-44-ით“ ემუქრებოდა, რის შემდეგაც მან საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან შეკრებილი მეანაბრეების შესაშინებლად გაისროლა აღნიშნული იარღიდან. გ. და ა. ქ-ების ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 - 30 წუთს რა დროსაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო მათი ძალადობის შედეგად, დაზარალებულებს: ა. ა-ს, რ. ლ-ს, ნ. კ-ს, ი. კ-ს, ჯ. ლ-ს, ლ. ხ-ს, დ. ჩ-ს, ი. თ-ს და ლ. ბ-ს მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი.

სს კომერციული ბანკი „გ.“ 2001 წლის ივლისიდან იღებდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სატრანზიტო ანგარიშებზე ბიუჯეტის კუთვნილი მიწის გადასახადისა და საჯარო რეესტრის მოსაკრებლების თანხებს მათი სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვისათვის. აღნიშნული გარემოებით ისარგებლა გ. ქ-ა და ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, მთავარი ბუღალტერი მ. გ., მისი მოადგილე მ. ქ. და სპეციალისტი ც. მ. შემოსულ თანხებს, ნაცვლად ბიუჯეტისა, რიცხავდნენ სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ გახსნილ „...“ საკორესპონდენტო ანგარიშზე. ამ გზით 2001 - 2003 წლებში „...“ საკორესპონდენტო ანგარიშზე გადატანილ იქნა 1476074 ლარი და 86 თეთრი. გ. ქ-სა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების დავალებით, მ. ქ-მ და ნ. ფ-მ ეტაპობრივად გადაიტანეს ეს თანხა სავალუტო პოზიციის N... ანგარიშზე კონვერტაციის მიზნით, ხოლო კონვერტირებული თანხა კვლავ გადაირიცხა სს კომერციულ ბანკ „გ-ში“ უცხოურ ვალუტაში გახსნილ „...“ საკორესპონდენტო ანგარიშზე, რის შემდეგაც ნ. ფ-მ ყალბი მემორიალური ორდერების გამოყენებით „...“ აშშ დოლარებში კონვერტირებული ბიუჯეტის კუთვნილი თანხები სხვადასხვა დროს ჩარიცხა გ., ა., ა., ნ. ქ-ების და მათთან დაკავშირებული სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებზე, საიდანაც გ. ქ-სა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს დასახელებული თანხები გამოჰქონდათ ნაღდი ფულის სახით პირადი საჭიროებისათვის გამოყენების, არაოფიციალური ხელფასების გაცემისა და უკანონო გარიგებებისთვის. ამ მიზნით გ. ქ. თავისი პერსონალური კომპიუტერით აწარმოებდა ე.წ. „შავ ბუღალტერიას“, რომელშიც ასახავდა თავისი და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისებული თანხების ხარჯვას, მათ შორის - სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩ-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებულ „...“ 2002 წლის .. აგვისტოს გაუუქმდა საბანკო ლიცენზია, ვინაიდან გ. ქ. ორგანიზებულ ჯგუფან ერთად ფლობდა „...“ ყალბ ბეჭედსა და ტიტულოვან ბლანკებს, მათი გამოყენებით, ამავე ბანკის სახელით, 2003 წლის .. სექტემბრამდე აგრძელებდა ზემოაღნიშნულ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 2919882,58 ლარის ზიანი, სანქცია - საურავების გათვალისწინებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენით გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია); ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), ამავე კოდექსის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მასვე 2 წლით ჩამოერთვა საწარმოო საქმიანობის უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 2010 წლის 23 თებერვლიდან მოქმედი 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 2010 წლის 23 თებერვლიდან მოქმედი 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ამ მუხლით გ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 2010 წლის 23 თებერვლიდან მოქმედი 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 - ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ''ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 27 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე 2 წლით ჩამოერთვა საწარმოო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა -1000000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ. ქ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა სს „გ-ს“ შენობაში განთავსებული ქონება: საწერი მაგიდა, კარადა, მაგიდაზე მისამაგრებელი ტუმბო, კომპიუტერის მონიტორი, კლავიატურა, ოთხი ცალი სკამი, რკინის სეიფი, სს „გ-ს“ საცავში არსებული საწერი მაგიდა და 176 ინდივიდუალური სეიფი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 24-მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გ. ქ. გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელებისაგან და აღუდგა ჩამორთმეული სამეწარმეო საქმიანობის უფლება. სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ქ-მ და მისმა ადვოკატმა მ.ჭ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 დეკემბრის განაჩენში:

გ. ქ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცის), ამავე კოდექსის 220-ე მუხლითა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში (15 არარეზიდენტ იურიდიულ პირზე სესხის გაცემის ეპიზოდი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2005 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია); ამავე კოდექსის 220-ე მუხლითა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში („...“ ,,...’’ გახსნილ ანგარიშზე გადარიცხული თანხების ეპიზოდი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) (კ/ბ „...“ წარმოებული გადარიცხვის ეპიზოდი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) (ყალბი ფასიანი ქაღალდის დამზადება - შენახვა - გასაღების მიზნით);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის დამზადება - გამოყენება);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობის ეპიზოდი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (,,...’’ ყალბი ბეჭდისა და ყალბი ბლანკის გამოყენება - ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ეპიზოდი);

გ. ქ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ,,არაერთგზისობა’’;

გ. ქ. ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება;

მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გ. ქ. გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან და აღუდგა ჩამორთმეული საქმიანობის უფლება.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გ. ქ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მ. გ-ს, მ. ქ-ს, ნ. ფ-სა და ი. ო-ს ჩვენებებით, 2004 წლის 27 სექტემბრის რევიზიის აქტითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას, რომ თითქოსდა, გ. ქ-მ მხოლოდ ეროვნული ბანკის ნორმატივები დაარღვია და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გ. ქ-ს მსჯავრი დაედო არა ბიუჯეტის კუთვნილი მიწის გადასახადისა და საჯარო რეესტრის მოსაკრებლების თანხების ბიუჯეტში დაგვიანებით გადარიცხვისათვის, არამედ იმის გამო, რომ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში საერთოდ არ გადარიცხულა და სხვა მიზნებისთვის იქნა გამოყენებული და, ამდენად, გ. ქ.ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეაფასა და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არის კანონიერი.

9. რაც შეეხება კასატორების არგუმენტებს ქ-ს და ,,გ-ს“ საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე no. 12391/06 საქმეზე ,,ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა მომჩივნების (ა. ქ-ს, მის მეუღლის - ნ. ქ-სა და შვილის - ა. ქ-ს) არგუმენტი, რომ საპროცესო შეთანხმება ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევით გაფორმდა იმ ათ მოწმესთან, რომლებმაც მოგვიანებით მომჩივნების წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები, ვინაიდან საპროცესო შეთანხმებები დაიდო ადვოკატების მონაწილეობით, ყველა შეთანხმება დაამტკიცა სასამართლომ და ათივე მოწმემ დაადასტურა, რომ მათზე ზეწოლა არ მომხდარა. იმის დადგენისას, გახდა თუ არა მთლიანობაში საეჭვო სამართალწარმოების სამართლიანობა, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მომჩივანთა მსჯავრი ეფუძნებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის - ბანკის სხვა თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც არ ყოფილან საპროცესო შეთანხმების მონაწილეები და სხვადასხვა ნივთიერ მტკიცებულებას, მათ შორის - ბანკიდან ამოღებულ ყალბ ბეჭდებსა და ბლანკებს, ფინანსურ ჩანაწერებს, დოკუმენტებს, რომლებიც მოპოვებულ იქნა პირველი მომჩივნის მეორე შვილის პირადი კომპიუტერიდან და სხვა მტკიცებულებებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ კონკრეტული მტკიცებულების დაუშვებლობა სათანადოდ დასაბუთებული იყო და კონკრეტული მოწმეების დაკითხვაზე უარსა და ორი მოწმის მიმართ დევნის დაწყებას მთლიანობაში პროცესის სამართლიანობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება no. 12391/06 საქმეზე Kadagishvili v. Georgia).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ.ჭ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

ლ.ფაფიაშვილი