დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700098404
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №14აგ-20 თბილისი
კ. ი., 14აგ-20 5 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ (სასჯელმოხდილ) ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით ი. კ., - დაბადებული 1975 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე, ხოლო 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით - დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ ი. კ.ს განესაზღვრა დახვრეტა.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის №387 ბრძანებულებით ი. კ. შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
3. ამ სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ: 2002 წლის 29 მარტს, ი. კ.მ კვლავ ჩაიდინა დანაშაული. 2003 წლის 25 თებერვლის განაჩენით ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა - 25 დღიური ანაზღაურება 2 ლარის ოდენობით, სულ - 50 ლარის გადახდა. ამავე განაჩენით ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოსახდელი სასჯელი - 13 წელი, 4 თვე, 25 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით, 4 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენით ი. კ.ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან.
4. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ი. კ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით - ჯარიმა 25 დღიური ანაზღაურება 2 ლარის ოდენობით, სულ - 50 ლარის გადახდა; სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. კ.ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე დაემატა დარჩენილი მოუხდელი სასჯელი - 12 წელი, 3 თვე, 28 დღე და საბოლოოდ ი. კ.ს განესაზღვრა 15 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ.ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2004 წლის 23 მარტიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 13 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 23 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ი. კ-ს მიმართ გაუქმდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მისი ბრალდების თაობაზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით, 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. დამატებითი გამოძიების ჩატარების შემდეგ საქმე კვლავ განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, კერძოდ:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა - 500 ლარი 250 (ორას ორმოცდაათი) დღიური ანაზღაურებით, დღიური ანაზღაურება 2 (ორი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სასჯელთა ერთობლიობის წესით ი. კ.ს განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ.ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან - 2002 წლის 29 მარტიდან, და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2016 წლის 29 სექტემბერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის დადგენილებით ამ განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი. კ.ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა - 2015 წლის 29 სექტემბერი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ი. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 24,339-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. კ-ს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, ი. კ.ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ამავე პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-სათვის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. კ.ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. კ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად. ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლითა და სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ინსტანციის განაჩენის დადგენის დროისთვის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით ჯარიმა - 500 ლარი. სსკ-ის 19, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (პირველი ინსტანციის განაჩენის დადგენის დროისთვის მოქმედი რედაქცია) უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სასჯელთა ერთობლიობის წესით ი. კ.ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად (პირველი ინსტანციის განაჩენის დადგენის დროისთვის მოქმედი რედაქცია), განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ.ს სასჯელის ათვლა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან - 2002 წლის 29 მარტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2015 წლის 29 სექტემბერი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი. კ.ს სასჯელის მოხდა დაეწყო პირველი ინსტანციის განაჩენის მიღების დღიდან - 2006 წლის 12 აპრილიდან.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ი. კ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკის 19, 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. კ. საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდა. ი. კ.ს საქართველოს სსკ-ის 19. 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. კ.ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ.ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2006 წლის 12 აპრილიდან.
12. 2019 წლის 6 ნოემბერს ი. კ.მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. მან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება (რაც წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს); ცვლილების შეტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაში სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით; მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების განმარტება, რათა შესაძლებლობა მიეცეს, აინაზღაუროს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ზიანის ადმინისტრაციული/სამოქალაქო წესით, შემდეგი საფუძვლებით: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 28 მარტს მიიღო გადაწყვეტილება (საბოლოო გახდა 2019 წლის 28 ივნისს) შუამდგომლობის ავტორის საჩივრის საფუძველზე, საქმეზე „კ. საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. ი. კ-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით შეგნებულად გაასწორა უზუსტობა და დაამძიმა მისი მდგომარეობა, რათა იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო მის საჩივარს დააკმაყოფილებდა, არ გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებით მას მოუწია საპატიმრო დაწესებულებაში დაახლოებით 4 წლით სასჯელის უკანონოდ მოხდა. ამასვე ადასტურებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით ი. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინება (რაც წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს), ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინება - მათ შორის სასჯელის მოხდის ვადის ათვლის ნაწილშიც.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ.მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2020 წლის 9 იანვრის განაჩენში საერთოდ არ იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემომითითებულ გადაწყვეტილებაში ასახულ არსებით დარღვევებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. კ-ს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დარღვევა არ დაუდგენია, რის გამოც არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ:
4. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ი. კ-ს დავის საგანს წარმოადგენს მისთვის განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლის კანონიერების საკითხი, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2009 წლის 3 აპრილის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით ი. კ-ძისათვის შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლის თარიღად დადგინდა არა დანაშაულის ჩადენის დღე - 2002 წლის 29 მარტი, როგორც ეს განსაზღვრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით, არამედ - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღე - 2006 წლის 12 აპრილი, რაც, ი. კ-ს მოსაზრებით, კანონშეუსაბამოა. აღნიშნულისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმებას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანას სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით (სასჯელის მოხდის ათვლის თარიღად - 2002 წლის 29 მარტის მითითებას), ასევე - მისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების განმარტებას.
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კ. საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პარაგრაფთან მიმართებით დაადგინა დარღვევა, ხოლო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის კონტექსტში მიიჩნია, რომ დარღვევა არ მომხდარა, კერძოდ, სასამართლომ განმარტა შემდეგი:
6. მომჩივნის სასჯელის ვადის მოხდის ათვლაში შესწორებების შეტანამ გავლენა მოახდინა მომჩივნის გათავისუფლების თარიღზე. ამასთან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტები საქმის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორიცაა – რომ უკვე არსებობდა უზენაესი სასამართლოს განჩინება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადააჭარბა სისხლის სამართლის კოდექსის 615-ე მუხლის ფარგლებს და უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად აუარესებდა მომჩივნის მდგომარეობას სისხლის სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის საწინააღმდეგოდ – მიუთითებდნენ იმაზე, რომ მომჩივნის სასჯელის ათვლის შეცვლა სადავო საკითხს წარმოადგენდა. შესაბამისად, ეროვნულ სასამართლოებს ის უნდა განეხილათ შეჯიბრებით პროცესზე. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ სააპელაციო განჩინება მომჩივანს ჩაჰბარდა მხოლოდ 2009 წლის 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილს მომჩივნის საქმეზე უკვე მიღებული ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ იცოდა (განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლის საწყისი წერტილის შეცვლის შესახებ) სააპელაციო განჩინების შესახებ და როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა მას, როდესაც პირდაპირ გაითვალისწინა სასჯელის მოხდის ვადის ათვლის შეცვლილი თარიღი. თუმცა, იმ დროისთვის, როდესაც უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ სააპელაციო განჩინება იქნა მიღებული, მომჩივანს უზენაეს სასამართლოში უკვე წარდგენილი ჰქონდა საჩივარი. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საქმე ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტა, მომჩივანს არ ჰქონია შესაძლებლობა, სცოდნოდა უზუსტობის აღმოფხვრის განჩინების შესახებ; მას ასევე არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის შეცვლისა და ეროვნულ კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის შესახებ. როდესაც მომჩივანმა აღნიშნული განჩინების შესახებ შეიტყო და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენში შესწორების შეტანა, მისი მოთხოვნა არ განიხილეს. პირველად, მას მოთხოვნაზე უარი განუცხადა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა 2009 წლის 24 აპრილს, იმ საფუძვლით, რომ უზენაესი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული საჩივარი, ხოლო შემდგომ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ განუმარტა, იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე საკასაციო საჩივარს განსახილველად ვერ მიიღებდნენ.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი, იმისდა მიუხედავად, ექცევა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების კონტექსში, თუ ზეპირი განხილვის უფლების კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის ფორმა, რომელშიც მომჩივნის საქმეში უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურა განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც მომჩივანს ჩამოერთვა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ვადის მოხდის ათვლასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტების როგორც ზეპირად, ასევე წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა.
8. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის კონტექსტში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ერთი მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ არ ადგენდა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის დაწყების თარიღს. მეორე მხრივ, მომდევნო შესწორება, როგორც ჩანს, ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლს (2006 წლის 29 დეკემბრის ცვლილებების შემდეგ), რომელიც პირდაპირ ადგენდა, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლებოდა ბოლო განაჩენის მიღების დღიდან. ამასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებაზე სხვა საქმესთან დაკავშირებით, სადაც მან განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლს შესაძლოა, ჰქონოდა უკუძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება წინ უსწრებდა როგორც 2009 წლის 3 აპრილის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ სააპელაციო განჩინებას, ასევე - 2009 წლის 7 აპრილის უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მომჩივნის საქმეზე. აქედან გამომდინარე, მართალია, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კანონის განჭვრეტადობა არ განიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა, თუმცა, უზუსტობა შესწორდა მას შემდეგ, რაც მანამდე უზენაესმა სასამართლომ იგი სხვა საქმეზე განმარტა. ასეთ გარემოებებში, სტრასბურგის სასამართლოს ამოცანა არ არის, განსაზღვროს მომჩივნის დაპატიმრების კანონიერება 2010 წლის 29 სექტემბრის შემდგომ, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ იმ დროს მოქმედი კანონისა და პრაქტიკის შესაბამისად.
9. ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ მომჩივნის პატიმრობით დაირღვა ეროვნული კანონმდებლობა. რაც შეეხება მომჩივნის დამატებით არგუმენტს, რომ მისი პატიმრობის ვადა გაგრძელდა იმ პროცედურის შედეგად, რომელიც არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლს, ევროპულმა სასამართლომ უარყო ის არგუმენტი, რომ მე-6 მუხლის ყველა დარღვევა იწვევს მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას. უფრო მეტიც, რამდენადაც მომჩივნის არგუმენტი შეიძლება გავიგოთ ისე, რომ მას მსჯავრი დაედო და სასჯელი შეეფარდა იმ სამართალწარმოების შედეგად, რომელიც წარმოადგენდა „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უხეშ უარს“ და ამან გავლენა იქონია მისი პატიმრობის კანონიერებაზე მე-5 მუხლის კონტექსტში, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უხეშად უარის თქმის“ ტესტი მკაცრია. აღნიშნული პრინციპის დარღვევისთვის აუცილებელია დაირღვეს სამართლიანი განხილვის ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც გამოიწვევს ამ მუხლით გარანტირებული უფლების არსის ხელყოფას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, მან არ მიიჩნია, რომ დარღვევას ისეთი ხასიათი ჰქონდა, რაც გააუქმებდა ამავე მუხლში დადგენილი უფლების არსს. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეში მე-6 მუხლის დარღვევა არ უტოლდებოდა „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს“. აქედან გამომდინარე, ამ საქმის არსებითი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის პატიმრობა გამართლებული იყო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი (ა) პარაგრაფის შესაბამისად.
10. ი. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლის კანონიერების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
11. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ.ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლაც დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად. ი. კ.ს ამ განაჩენითაც სასჯელის ათვლა დაეწყო დანაშაულის ჩადენის დღიდან - 2002 წლის 29 მარტიდან.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი. კ.ს სასჯელის მოხდა დაეწყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2006 წლის 12 აპრილიდან.
14. ნიშანდობლივია, რომ 2006 წლის 29 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, შეიცვალა ის ნორმა, რომელიც აწესრიგებდა განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესს, კერძოდ: სსკ-ის 59-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს... განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან...“.
15. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი (რის შესახებაც ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც თავის გადაწყვეტილებაში - „კ. საქართველოს წინააღმდეგ“): მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლი ამოღებულ იქნა, მაგრამ მისი დებულებები არ გაუქმებულა და მათ თავი მოიყარეს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში, რომლითაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე მოწესრიგებული იყო დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესები. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა განსაზღვრისას სასამართლო ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს მთლიანად უმატებს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ასეთ შემთხვევებში, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან.
16. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ხსენებული ცვლილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემომითითებული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ი. კ-ს მოთხოვნა მისთვის განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელის ათვლის თარიღად 2002 წლის 29 მარტის მითითების შესახებ გულისხობს იმას, რომ მას სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სისხლის სამართლის საქმეებზე, სხვადასხვა დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელები - 2002 წლის 29 მარტიდან 2006 წლის 12 აპრილამდე - ერთდროულად უნდა მოეხადა, რაც სამართლებრივად ცალსახად არასწორია, არ გამომდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან და სასამართლო პრაქტიკიდან. შესაბამისად, სასჯელის ათვლის თარიღად 2002 წლის 29 მარტის მითითება წარმოადგენდა უზუსტობას, რომელიც გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით და რასაც ასევე დაეთანხმა და გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ - 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაში.
17. გარდა ამისა, ი. კ. ასევე აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ამ განჩინებით საბოლოოდ განისაზღვრა მისი სასჯელი და ასევე მოხდის ვადის ათვლის თარიღი, რომელიც აღარ უნდა შეცვლილიყო. ამასთან, ამ განჩინებას ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინება, ვინაიდან ამ განჩინებებით სასჯელის ათვლის თარიღებად სხვადასხვა პერიოდია მითითებული, კერძოდ: 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით მას სასჯელის მოხდის ათვლა განესაზღვრა - 2002 წლის 29 მარტიდან, ხოლო 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით - 2006 წლის 12 აპრილიდან.
18. საკასაციო სასამართლო ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს კასატორის პოზიციას და აღნიშნავს შემდეგს: წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. კ-ს საჩივრები, რომლებითაც იგი ითხოვდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის გამო მსჯავრდების ნაწილში მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე მას სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ხოლო სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში უზენაეს სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენზე და, შესაბამისად, არც - სასჯელების შეკრებასა და მისი მოხდის ვადის ათვლის თარიღზე. შემდეგ აპელანტმა კვლავ საჩივრით მომართა უზენაეს სასამართლოს. მომჩივანმა ამჯერად მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უზუსტობის აღმოფხვრა და მასში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის (მეორე მსჯავრდების საქმე) განაჩენით შეფარდებული სასჯელის ასახვა სასჯელთა შეკრებისა და მისი მოხდის ვადის ათვლასთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ი. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ: აღმოიფხვრა იმავე სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა, განაჩენთა ერთობლიობით შეიკრიბა სასჯელები და მისი მოხდის ათვლის თარიღად მიეთითა - 2002 წლის 29 მარტი.
19. მართალია, კასატორი საკასაციო საჩივარში მართებულად აპელირებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გამოტანის მომენტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი იყო საბოლოო და კანონიერ ძალაში შესული, მაგრამ, ერთი მხრივ, 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების გამოტანისას საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ობიექტურად არ იყო ცნობილი სასჯელის ვადის ათვლის თარიღის შეცვლის შესახებ და ამიტომ ვერ აისახა ეს ფაქტი განჩინებაში, რის გამოც უზენაესი სასამართლო დაეყრდნო 2006 წლის 12 აპრილის განაჩენის მოცემულობას, რომელშიც სასჯელის ვადის ათვლის თარიღად მითითებული იყო - 2002 წლის 29 მარტი, ხოლო, მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, თვითონ ემსჯელა სასჯელის ათვლისას დაშვებულ უზუსტობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენდა ი. კ-ს მიერ წარდგენილი საჩივრის მოთხოვნის საგანს. იგი მოითხოვდა ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას (სიკვდილით დასჯის შეცვლას ვადიანი თავისუფლების აღკვეთით).
20. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ თავდაპირველად მსჯავრდებულმა ი. კ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენის სააპელაციო წესით განხილვაზე თვითონვე განაცხადა უარი (2006 წლის 8 ივნისის განცხადებით) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობების შემსუბუქების ინტერესიდან გამომდინარე, ხოლო მოგვიანებით, 2008 წლის 6 ოქტომბერს, შეცვალა პოზიცია, მოითხოვა სააპელაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენა (რაც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით) და, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. აღნიშნულის შემდეგ მისივე მოთხოვნის საფუძველზე ი. კ-ს ბრალდების საქმეზე განახლდა სამართალწარმოება, რის გამოც, ბუნებრივია მისთვის სრულიად განჭვრეტადი იყო, რომ განახლებული სამართალწარმოების პირობებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება აღარ იქნებოდა საბოლოო და სამართლებრივად შესაძლებელი და მოსალოდნელი გახდებოდა 2008 წლის 20 თებერვლის განჩინების შეცვლა.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ (სასჯელმოხდილ) ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ (სასჯელმოხდილ) ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი