საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003379904
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №845აპ.-20 23 თებერვალი, 2021 წელი
ა-ი ა. , 845აპ.-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე პროკურორ ოთარ დოხნაძისა და მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საპროცესო მოქმედებები:
1.1. 2019 წლის 19 ნოემბერს ა. ა-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება).
1.2. 2019 წლის 20 ნოემბერს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 ნოემბრიდან.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და სსკ-ის 128-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 8 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 4 თვით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
1.4. 2020 წლის 5 მარტს სახელმწიფო ბრალმდებელმა ანა კაპანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ა. ა-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
1.5. 2020 წლის 31 მარტს მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ა. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობით მსჯავრად ჩათვლა.
1.6. 2020 წლის 10 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2020 წლის 21 სექტემბერს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
1.7. 2020 წლის 19 ოქტომბერს პროკურორმა ოთარ დოხნაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ა-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
1.8. 2020 წლის 20 ოქტომბერს მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ა. ა-მა, რომელიც 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, მართავდა ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდგომ მ. გ-ს.
2.2. ა. ა-ს ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, მაგრამ ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი და დაზარალებული განსაცდელში მიატოვა.
2.3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მ. გ-ი გარდაიცვალა.
3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ა. ა-ის აღიარებითი ჩვენებისა და მტკიცებულებების, მათ შორის: მოწმეთა გამოკითხვის ოქმების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და თანდართული სქემის, სამედიცინო, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების, გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ ა. ა-მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული განსაცდელში მიატოვა.
3.2. პალატამ მიიჩნია, რომ ა. ა-ისთვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე - დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები.
3.3. სააპელაციო პალატის აზრით, ა. ა-ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი ოთარ დოხნაძე აღნიშნავს, რომ ა. ა-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ვინაიდან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა მ. გ-ი, ხოლო ა. ა-მა განსაცდელში მყოფი დაზარალებული მიატოვა შემთხვევის ადგილზე. ა. ა-ის ის ფსიქიკური დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება არაპირდაპირ განზრახვაში სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი მ. გ-ის სიკვდილთან მიმართებით, ავტომატურად გულისხმობს ა. ა-ის საზოგადოებრივ საშიშროებასა და სოციალურ უპასუხისმგებლობას.
4.2. ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს პოზიციით, სასამართლოებმა ა. ა-სთვის სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ არ გაითვალისწინეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებული ინანიებს და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებული, აგრეთვე დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების პოზიციას სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5.2. საკასაციო პალატა მიუთითებს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
5.3. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად პალატას მიაჩნია, რომ ა. ა-სთვის სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და სსკ-ის 128-ე მუხლისთვის როგორც დამოუკიდებლად, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ა. ა-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აგრეთვე ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. გარდა ამისა, ა. ა-სთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სსკ-ის 59-ე მუხლით დანიშნული საბოლოო სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. პროკურორის მიერ მითითებული გარემოებები (დაზარალებულის გარდაცვალება და მსჯავრდებულის მიერ მისი შემთხვევის ადგილზე დაუხმარებლად მიტოვება) მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა განსაზღვრეს დანაშაულის შემადგენლობები, კერძოდ: დაზარალებულ მ. გ-ის გარდაცვალებამ გამოიწვია ქმედების სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით კვალიფიკაცია, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის დაუხმარებლობამ - სსკ-ის 128-ე მუხლით კვალიფიკაცია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამ კონტექსტში პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ბრალის შინაარსს იყენებს არა როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, არამედ - როგორც ჩადენილ ქმედებასთან დასანიშნი სასჯელის პროპორციულობის განმსაზღვრელ კატეგორიას.
5.5. პროკურორი საკასაციო საჩივარში ასევე აპელირებს ა. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივ საშიშროებასა და სოციალურ უპასუხისმგებლობაზე, თუმცა მის მიერ დასახელებული არგუმენტები განსახილველ შემთხვევაში ვერ გადაწონის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, როგორიცაა: საგამოძიებო ორგანოში ბრალის აღიარებით გამოცხადება, ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, მსჯავრდებულის მისწრაფება, დაეხმაროს დაზარალებულის ოჯახს (დაზარალებულის უფლებამონაცვლეს გადასცა ფულადი კომპენსაცია, გამოთქვამს მზადყოფნას, იზრუნოს გარდაცვლილის შვილებზე), დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია (მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათი) და დადებითი დახასიათება.
5.6. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას ა. ა-სთვის დანიშნული სასჯელის სრულად პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
- საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულს განესაზღვრა ამ მუხლის სანქციის მინიმუმი.
- ა. ა-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის (შთანთქმის პრინციპი - სსკ-ის 276-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 128-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი) და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის (დანიშნული თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილის პირობით ჩათვლა) გამოყენებით.
5.7. ამდენად, სასამართლოებმა ა. ა-სთვის სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ხოლო საქმეში არსებული ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსკ-ის 128-ე მუხლთან მიმართებით იმსჯელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის გავრცელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა, რომ ა. ა-თვის სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდეს ამნისტია.
5.10. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ამნისტიის აღსასრულებლად მისი გავრცელების პირობა (დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა) არ შესრულებულა, ხოლო დაცვის მხარე 2021 წლის 2 თებერვლით დათარიღებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასამართლოს ვერ წარუდგენს დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ. გ-ის პოზიციას ამნისტირებულ მუხლთან დაკავშირებით.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურორ ოთარ დოხნაძისა და მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი