დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180141121004321773
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2751-21 22 მარტი, 2021 წელი
კ–ი ს., 2751-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. კ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ს. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ს. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2015 წლის 16 ოქტომბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 7 ივნისიდან - 2014 წლის 10 ივნისამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი.
2. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ს. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ს. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 25 მაისიდან;
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ს. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და სრულად დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ს. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 16 აპრილიდან - 2015 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 27 ოქტომბრიდან.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აღმოიფხვრა მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში არსებული უზუსტობა, კერძოდ: ს. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 16 აპრილიდან - 2015 წლი 21 დეკემბრის ჩათვლით და გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი, დრო - 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 27 ოქტომბრიდან.
5. 2021 წლის 29 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
6. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით უარი ეთქვა მსჯავრდებულ ს. კ–ს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედების გავრცელებაზე, კანონიერი საფუძვლების არარსებობის გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის გამოყენებით, მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის 25-ე პუნქტსა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის 25-ე პუნქტი, ისევე როგორც 2016 წლის 1 დეკემბრის ხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
„ს. კ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2014 წლის 07 ივნისიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 16 აპრილიდან 2015 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, და გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით“.
- მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ს. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. პ–მ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ს. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით ან 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.“
4. როგორც მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ირკვევა, ს. კ–ი საქართველოს სსკ-ის 25, მე-200 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლევი. შესაბამისად, არ არსებობს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, სასჯელის განახევრების საფუძველი.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 144-ე ან/და 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების მიმართ სასჯელისგან გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას. შესაბამისად, არ არსებობს არც გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენებში, „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე