დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004285373
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№251-21 16 თებერვალი, 2021 წელი
ძ–ი ვ., 251-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ძ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ვ. ძ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვ. ძ–ს მიმართ მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ძ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 30 იანვრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ძ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ძ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ძ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
6. მსჯავრდებულმა ვ. ძ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ვ. ძ–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ვ. ძ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ვ. ძ–ს მიმართ აღნიშნული კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051-ე მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია (დანიშნული სასჯელის განახევრება) ეხება პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო ნასამართლობის არმქონე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულმა ვ. ძ–მ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ( თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი) პერიოდში და შესაბამისად, მასზე „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ვერ გავრცელდება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ვ. ძ–ი მსჯავრდებულია ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვისთვის, სსკ-ის იმჟამინდელი რედაქციით 236-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით, რომლებზედაც ,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლი არ ვრცელდება. ამჟამად მოქმედი რედაქციით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მოიცავს სანადირო სპორტული იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ძ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე