განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 08.04.2021
საქმის ნომერი
2კ-273-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180141121004279274

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2731-21 8 აპრილი, 2021 წელი

გ–ი ე., 2731-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. გ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლო 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 4 (ოთხი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ზ. გ–ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დ. კ–ს სააგარაკე სახლის გაქურდვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შემცირდა და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე. გ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე - 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, აგრეთვე - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით ე. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ე. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ე. გ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი, აგრეთვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.

მასვე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გათვალისწინებული უფლებები.

3. 2021 წლის 18 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ე. გ–ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

4. მცხეთის რაიონული სასამართლო 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებით:

- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ე. გ–ი გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით.

- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ე. გ–ს უარი ეთქვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული დამატებითი სასჯელის - ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე.

- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ე. გ–ს აღუდგა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

- მსჯავრდებულ ე. გ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა.

- ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ე. გ–ი გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან, შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში შევიდა ცვლილება და განაჩენთა ერთობლიობით ე. გ–ს მოსახდელი დარჩა წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. ამასთან, შენარჩუნდა იმავე - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი. ასევე შენარჩუნდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დინების ათვლის თარიღი - 2018 წლის 2 ივლისი.

- ე. გ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებული ე. გ–ი საჩივარში აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა, ვინაიდან მას „გაუცოცხლდა“ წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებით ე. გ–ი გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით. ამასთან, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე - სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა, მას მოსახდელად დარჩა მითითებული განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, რომელიც განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის საფუძველზე სრულად ჰქონდა შთანთქმული მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრა არ გულისხმობს იმას, რომ ე. გ–ს მიმართ აღარ არსებობს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი სასჯელისაგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისაგანაც (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - N91აგ-13, 66აგ-13, 124აგ-13).

4. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულ ე. გ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც იგი გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ამასთანავე, მას მოსახდელად დარჩა წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დაკისრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, თუმცა აღნიშნულმა მოცემულობამ, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ფაქტობრივად გამოიწვია მისთვის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელის დამძიმება, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გაზრდის თვალსაზრისით.

5. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების, მოქალაქისადმი ტოლერანტული, ჰუმანური დამოკიდებულების გამომხატველი აქტი და ამნისტიის მიზნებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. გ–ს სამართლებრივი მდგომარეობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შედეგად არ უნდა დამძიმდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. გ–ს მოსახდელად უნდა დარჩეს წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. ამასთან, უნდა შეუნარჩუნდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი. ასევე უნდა შენარჩუნდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დინების ათვლის თარიღი - 2018 წლის 2 ივლისი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ე. გ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე შეუნარჩუნდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი. ასევე შეუნარჩუნდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დინების ათვლის თარიღი - 2018 წლის 2 ივლისი;

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 თებერვლის განჩინება დარაჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი