განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.10.2021
საქმის ნომერი
2კ-266აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003149638

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№266აპ-21 ქ. თბილისი

გ. ი. 266აპ-21 1 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა შეიცვალოს, ვინაიდან არ იყო გამოკვეთილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ი. გ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელებისაგან გათავისუფლების წინაპირობები; სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინაბული კანონის უკუძალით გამოყენების პრინციპი, რომელიც განსახილველი შემთხვევის არარელევანტურია, რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა არ გაუუქმებია; ის ფაქტი, რომ ი. გ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, არ უნდა გამხდარიყო ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. გ-ს - დაბადებულს ... - ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ... მყოფი ი. გ. მამას - ტ. გ-ს და დას - ე. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა მათ, რომ სახლში გააჩენდა ხანძარს და დაწვავდა ორივეს ან გაზის გაშვების შედეგად გაგუდავდა მათ, ასევე ტ. გ-ს სახრახნისის გამოყენებით გამოფატრავდა მუცელს. ი. გ-ს ქმედება ე. და ტ. გ-ებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2019 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ... ი. გ-მ განზრახ დააზიანა მამის - ტ. გ-ს კუთვნილი ,,სონის“ ფირმის ტელევიზორი, რითაც დაზარალებულს 1800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

3. ი. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 25 ივლისიდან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ი. გ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან; მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული ი. გ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული ი. გ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

6.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება: ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 25 ივლისიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ი. გ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა სარწმუნოდ დგინდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმითა და მოწმეების - თ. მ-სა და თ. ხ-ს ჩვენებებით, დაზარალებულ ტ. გ-ს № შეტყობინებით, № და № შემაკავებელი ორდერებითა და შემაკავებელი ორდერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედებებისა და დამნაშავის საზოგადოებრივი საშიშროება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრეს.

4. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ი. გ-ზე მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით (ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია) გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ იგი სწორედ ოჯახის წევრებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ი. გ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, სწორად გამოკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების საფუძვლები, მაგრამ, მეორე მხრივ, არასწორად მიიჩნია, რომ არსებობდა ი. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ყველა წინაპირობა, კერძოდ:

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ., ერთი მხრივ, იყო ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოში წარმოდგენილი იყო დაზარალებულ ტ. გ-ს თანხმობა, რათა ი. გ-ზე გავრცელებულიყო ამნისტია და, ამდენად, გამოკვეთილი იყო მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელების ორივე წინაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულმა ტ. გ-მ ნამდვილად განაცხადა თანხმობა ი. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, თუმცა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ ი. გ. ნასამართლობის არმქონე პირია და მიუთითებს:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 7000 ლარი; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და ჯარიმა - 2000 ლარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და ჯარიმა - 1000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; დანაშაულთა ერთობლიობის დროს შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და ჯარიმა - 1000 ლარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენით შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ი. გ. გაათავისუფლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან და აღუდგინა მას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა), რაც ნაწილობრივ სწორია, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის თანახმად - უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა) და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ი. გ. სრულად არ გათავისუფლებულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან, მას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები არ უნდა აღდგენოდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენს მსჯავრდებულის მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.

14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის განმარტებისას აღნიშნა: ,,თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენი გახდა შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენებით ი. გ-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის - ჩადენისათვის. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ი. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი 2016 წლის 2 ივლისს მართავდა მოტოციკლს, ხოლო 2018 წლის 29 ივნისსა და 6 აგვისტოს - ავტომანქანას. ამდენად, ვინაიდან ი. გ. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ასევე უქმდება მის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვა, რაც შემდგომში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის საფუძველი გახდა, იგი ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ისე დანიშნული სასჯელისაგან, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 1000 ლარი, ი. გ-ს გადახდილი არ აქვს“.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორად განმარტა კანონის უკუძალით გამოყენების ფუნდამენტური პრინციპი, როდესაც ერთმანეთთან გააიგივა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისა და დანაშაულებრივი ქმედების დეკრიმინალიზაციის ცნებები, ხოლო, მეორე მხრივ, ზემოაღნიშნული არასწორი განმარტების კვალდაკვალ, კანონის დროში მოქმედების პრინციპის უგულებელყოფით მიუსადაგა იგი განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გარემოებებს, როდესაც ჩათვალა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე აღდგენილ უფლებას შეეძლო, გავლენა მოეხდინა წარსულში ჩადენილი დანაშაულის - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის - შემადგენლობაზე.

16. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენების პრინციპის არასწორ განმარტებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: ,,როდესაც ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია ან სასჯელის შემსუბუქება, საფუძველი ეცლება გარკვეული დროით ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ან უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას... პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II - 64).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: პრინციპულად არასწორია ამნისტიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან. ამნისტიის საფუძველზე დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდებული - სასჯელისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო სასჯელმოხდილს მოეხსნას ნასამართლობა, რაც ვერაფრით გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამნისტირებული ქმედება აღარ არის მართლსაწინააღმდეგო ან/და დასჯადი. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით ი. გ-სათვის,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, ვერაფრით შეცვლის იმ მოცემულობას, რომ ი.გ-მ არ შეასრულა ძალაში შესული 2016 წლის 21 აპრილის განაჩენი, რომლითაც ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ვერ გახდის საეჭვოს იმ უდავო ფაქტს, რომ 2016 წლის 2 ივლისს, 2018 წლის 29 ივნისსა და 2018 წლის 6 აგვისტოს, როდესაც ი. გ. მართავდა სატრანსპორტო საშუალებებს, მის ქმედებებში გამოკვეთილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის - შემადგენლობა, რომელზეც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომავალში გამოჩენილი ლმობიერება და მისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა.

18. სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია ასევე გაუგებარი და წინააღმდეგობრივია იმ ნაწილში, როდესაც, ერთი მხრივ, სასამართლომ ი. გ. გაათავისუფლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან, ასევე - აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, დაადგინა, რომ ი. გ-ს ამავე დანაშაულისათვის ნასამართლობის ვადა გაუქარწყლდებოდა 2017 წლის 28 მაისს - მისთვის შეფარდებული ჯარიმის გადახდიდან ერთი წლის შემდეგ, რაც იმთავითვე და უპირობოდ გამორიცხავს ერთმანეთს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ი. გ., ერთი მხრივ, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, არ აქვს კანონიერი გამართლება, რისი მხედველობაში მიღებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს ი. გ. იყო ნასამართლევი, რაც უპირობოდ გამორიცხავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მის გათავისუფლებას.

20. გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 25 ივლისს ი. გ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით პირობით მსჯავრდებულმა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის მხედველობაში მიღებით, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა შეეფარდოს განაჩენთა ერთობლიობით.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ი. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. გ-ს საბოლოოდ მიესაჯოს - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. ი. გ-ს სასჯელი აეთვალოს სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 ივლისიდან 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანისა და ნივთმტკიცებების ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი