დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142221700376789
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №8აგ-22 თბილისი
თ. დ., 8აგ-22 28 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-მ, რომელიც ითხოვს ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გამოიყენოს სასჯელთა შეკრების პრინციპი და ნაცვლად - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, მიუსაჯოს - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დ. თ., - დაბადებული .. - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. თ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: დ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. დ. თ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება არ გაუსაჩივრებია.
5. 2021 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. თ-მ, რომელმაც მოითხოვა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების გადასინჯვა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. თ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან 2011 წლის 29 ნოემბერს, დ. თ-ს მსჯავრდებისას, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედებდა სასჯელთა უპირობოდ შეკრების წესი, რომელიც ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე შეიცვალა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც ნასამართლობის მქონე დ. თ-ს უნდა დაენიშნოს საბოლოო სასჯელი, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამდენად, პირველ შემთხვევაში სასამართლო კანონისმიერად იყო შებოჭილი, დანაშაულთა ერთობლიობისას გამოეყენებინა მხოლოდ სასჯელთა უპირობოდ შეკრების წესი, ხოლო მეორე შემთხვევაში - სასამართლო უფლებამოსილია, იმოქმედოს თავისი მიხედულებით და იმავე მოცემულობისას ანუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო საჯელის განსაზღვრისას, სასჯელები შეკრიბოს, მათ შორის - მთლიანად.
4. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ მსჯელობს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. [...] სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს სასჯელის ზომა და, შესაბამისად, იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება №77აგ-20 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 9).
5. საქმის მასალებით დადგენილია: იმ დანაშაულის ჩადენისას, რომლისთვისაც დ. თ-ს მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, იგი ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დისკრეციის ფარგლებში და დ. თ-ს ქმედებაში გამოკვეთილ დანაშაულთა სიმრავლისა და რეციდივის მხედველობაში მიღებით, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას კვლავ სასჯელთა მთლიანად შეკრების წესი გამოიყენა, კერძოდ:
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი არის წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა. ამასთან, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, რისი გათვალისწინებითაც, დ. თ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაავრცელა 2013 წლის 17 აპრილის კანონით სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით განსაზღვრული შეღავათი და დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას არ გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივ შეკრების წესი, არამედ ძალაში დატოვა სასჯელთა მთლიანად შეკრება, ვინაიდან დ. თ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენით სასჯელი განსაზღვრული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გამოყენებით - დანაშაულთა ერთობლიობით არაერთგზისი (სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაული არის წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა) დანაშაულის პირობებში.
7. მითითებული სამართლებრივი მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი კანონიერია, რის გამოც არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი