საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.01.2023
საქმის ნომერი
2კ-1161აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003141408

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1161აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ი ო, 1161აპ-22 18 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ო. ბ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს,- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ მოსახდელად დაუდგინდა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან.

1.2. ამავე საქმეზე მსჯავრდებულია რ. კ-ი, რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-ა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი); ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ.თ-ი, ვ-ის მე-.. მასივში, მე-.. კვარტლის მე-... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ბ-ი თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადა გაეხსნა ი/მ მ. ქ-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ მასში მოთავსებულ თანხას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა, მისდგომოდა 3 ლარის მატერიალური ზიანი.

· 2019 წლის 19 მაისს, დაახლებით 03:00 საათზე, ქ.თ-ი, ლ-ოს დასახლებაშო, ე.გ-ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ შპს „ვ-ი“ უკანონო შეღწევის გზით, ო. ბ-ი თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთს, თუმცა მათ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან გამოავლინეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა.

· 2019 წლის 9 ივნისს, დღის საათებში, ქ.თ-ი, ი.ი-ის ქუჩა N..-ის მიმდებარედ, რ. კ-ა და ო. ბ-ა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ტაქსის მძღოლ ზ. ბ-ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს საფულე, მასში მოთავსებული თანხითა და პლასტიკური ბარათებით, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 55 ლარის მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამავე განაჩენით ო. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 12 ივლისიდან.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ო. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ბ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ო. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ. ბ-ას ჩვენებით, მოწმეების: დ. ქ-ის, მ. მ-ის გ. ხ-ის, რ. კ-ის, ბ. ი-ს, მ. ქ-ის, უ. ხ-ის, გ. კ-ის, თ. დ-ის, ლ. ბ-ის, ნ. ქ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის ... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ მ. უ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ო. ბ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. ,,ბავშვის უფლებათა’’ კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

10. დაცვის მხარე ითხოვს განსახილველ საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შეღავათის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ ო. ბ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დანაშაულის პრევენცია, ისევე, როგორც შესაძლო დამნაშავის გამოვლენა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეიზღუდოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-25).

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენით ო. ბ-ის მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის საბოლოოდ სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - განუსაზღვრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა ო. ბ-ა აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუმცა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ჩადენის ხერხი და სოციალურად მომეტებული საშიში ხასიათი და განსაკუთრებით, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ანუ მისი სურვილი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, კერძოდ: 9 და 19 მაისის ქმედებების ჩადენისას ო. ბ-ი პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მას 2019 წლის 22 მაისს, 21 მაისს ჩდენილი ანალოგიური ქმედებისათვის, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, წარედგინა ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. მიუხედავად იმისა, რომ ო. ბ-ის ცნობილი იყო, რომ 9 და 19 მაისის ეპიზოდებზე დაწყებული იყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, 2019 წლის 9 ივნისს, რ. კ-ან წინასწარი შეთანხმებით, კვლავ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული - ძარცვა. გარდა ამისა, საქმეში არსებული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ო. ბ-ი ანალოგიური კატეგორიის რამდენიმე სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც ფიგურირებს, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისაკენ. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშსა და მასში აღწერილ გარემოებებს (იქიდან გამომდინარე, რომ ო. ბ-ი იყო ძებნილი, მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. შეფასების ფარგლებში, სოციალური მუშაკი დაუკავშირდა არასრულწლოვნის დედას, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოჯახის არასაკმარისმა ზედამხედველობამ, განათლების, მინიმალური საჭიროებებისა და ინტერესების უგულებელყოფამ, აგრეთვე აღზრდის ნეგატიურმა მეთოდებმა და არასრულწლოვნის ქცევის სირთულეებმა განაპირობა ო. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დინამიკა) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესს; იმას, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ჩადენის ხერხი და სოციალურად მომეტებული საშიში ხასიათი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; წარსულში არ არის ნასამართლევი) და შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შეუფარდა მინიმალური ხანგრძლივობის სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ო. ბ-ს ჩადენილი დანაშაულებისათვის, ცალ-ცალკე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს (არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება); სასჯელი შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს) და ამავე დროს - სამართლიანი, მსჯავრდებულის ქმედებისა და მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომიერი და წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობის შექმნისათვის. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No.2) no.12686/03, §§37,41, ECtHR,20/03/2009).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საქმის განხილვის დროს ო. ბ-ა უკვე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი