საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005136835
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №238აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ი. 238აპ-23 6 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. მ–სა და გ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 9 სექტემბერს, 08:09 საათიდან 09:40 საათამდე დროის მონაკვეთში, თ–ში, ..........ს სახელობის მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან ,,მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ბ–ს მართვის ქვეშ მყოფი ,,ოპელის“ მარკის ,,ასტრას“ მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით .......) ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებული ,,EKOL Firat Magnum” მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტი, გადაკეთებული ცეცხლსასროლ იარაღად, ერთი ცალი მჭიდითა და ოთხი ცალი საბრძოლო მასალით - ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ. კალიბრის ვაზნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით ი. ბ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი. ბ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
3.4. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ი. ბ–ს დაეწყო 2022 წლის 1 ივლისიდან და დაუყოვნებლივ დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში;
3.5. ი. ბ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2021 წლის 9 სექტემბრიდან - 2022 წლის 8 ივნისის ჩათვლით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ბ–ს ადვოკატებმა - ნ. მ–მა და გ. ლ–მა, რომლებმაც მოითხოვეს ი. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი ი. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ბ–ს ადვოკატებმა - ნ. მ–მა და გ. ლ–მა, რომლებიც ითხოვენ ი. ბ–ს გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ი. ბ–ს გამართლება.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ბ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, კასატორების არგუმენტებზე.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა, მათ შორის - პოლიციელების, გარეშე პირისა და თარჯიმნის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ბ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან. თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციელების მიერ არ მომხდარა ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეოგადაღება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თარჯიმანი - სამართალწარმობის მონაწილე, რომელსაც არ გააჩნია საპროცესო დაინტერესება (სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე არ დგინდება მისი მიკერძოებული დამოკიდებულება დაცვის ან/და ბრალდების მხარისადმი) და რომელმაც თავისი ჩვენებით გაამყარა სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები.
12. დაცვის მხარემ ეჭქვეშ დააყენა საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 9 სექტემბრის დასკვნა, ვინაიდან დაცვის მხარის მტკიცებით იგი სრულ წინააღმდეგობაშია სხდომაზე დაკითხულ - დასკვნის გამცემი ექსპერტის - გ. ძ–ს მიერ მიცემულ ჩვენებასთან, კერძოდ, ჩვენების თანახმად, ექპერტმა საკვლევი იარაღიდან გაისროლა ლაბორატორიაში დამზადებული ვაზნები, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ არის მითითებული დასკვნის კვლევით ნაწილში, ასევე დასკვნას არ ერთვის გასროლილი თვითნაკეთი ვაზნები. აღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარეს უჩნდება ეჭვი, რომ ექსპერტმა წარდგენილი პისტოლეტიდან საერთოდ არ გაისროლა ვაზნები.
12.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 9 სექტემბრის №.... დასკვნის თანახმად, მათ შორის - №........... იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, „EKOL Firat Magnum“ მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრიანი ხმოვანი პისტოლეტი, რომელსაც ლულის არხიდან ამოღებული აქვს სტაციონალური საცობი და დარღვეულია (გადიდებულია) სავაზნის პარამეტრები. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია, მაგრამ ვარგისია სროლისათვის;
12.1.1. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ვარგისიანობისა და პისტოლეტიდან გასროლილი ჭურვის ხვედრითი კინეტიკური ენერგიის განსაზღვრის მიზნით, წარდგენილი პისტოლეტიდან გასროლილი იქნა 6 მმ დიამეტრის და 1,3 გრამი ჭურვებით დამუხტული 9 მმ ნომინალური კალიბრიანი რევოლვერებისათვის განკუთვნილი 3 ვაზნა. ვინაიდან სავაზნის პარამეტრები იყო დარღვეული (გადიდებული), ვაზნებს მყარი ფიქსაციისათვის კორპუსზე გაუკეთდათ წებოვანი ქაღალდის ლენტი;
12.2. თავის მხრივ, ექსპერტმა გ. ძ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ იმისათვის, რომ იარაღი მიეკუთვნოს ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, უნდა გააჩნდეს გარკვეული თვისებები, კერძოდ: ცეცხლსასროლობა (კონსტრუქციული ელემენტების არსებობა ობიექტისადმი), იარაღობა (მასში ჭურვის გასროლის შესაძლებლობა) და საიმედოობა-გამართულობა (ეს კრიტერიუმი არ ვრცელდება თვითნაკეთ და კუსტარული წესით დამზადებულ იარაღზე, ეს არის მხოლოდ მაკვალიფიცირებელი ნიშანი ქარხნული წესით დამზადებული იარაღებისათვის). შესაბამისად, თვითნაკეთმა და კუსტარულად დამზადებულმა იარაღმა ერთხელაც რომ გაისროლოს, მიუხედავად მისი შეფერხებისა, კრიმინალისტიკური თვალსაზრისით ითვლება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიად (04.03.2022; 13:05:08); მეთოდოლოგიის შესაბამისად, როდესაც იარაღი დამზადებულია თვითნაკეთი წესით, მისგან ერთმა ჭურვმაც, რომ მოახდინოს გასროლა და ამ გასროლილმა ჭურვმა განავითაროს ხვედრითი კინეტიკური ენერგია - 0,5 ჯ/მმ2 და მეტი, თუნდაც ეს იარაღი ამ ერთი გასროლის შემდეგ დაიშალოს, მაინც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას (13:06:05). მოწმემ დაადასტურა, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან გაისროლა (13:06:30), თუმცა სადავო იარაღის გასროლის ვარგისიანობის დასადგენად, ვერ გამოიყენა მასზე მოყოლილი ვაზნები, ვინაიდან 14 ცალი ობიექტიდან, 1 - მასრა იყო და მას ვერ გაისროდა, 10 - ხმოვანი ვაზნა იყო, რისთვისაც ეს იარაღი უკვე არ იყო განკუთვნილი (სავაზნის პარამეტრები დაგდებული იყო) და შესაბამისად, ასევე ვერ გაისროდა, ხოლო დარჩენილი 3 ვაზნა მართალია თავსდებოდა სავაზნეში, მაგრამ ვინაიდან ეს ვაზნები თავდაპირველად ამ იარაღისთვის არ იყო განკუთვნილი, მიუხედავად იმისა, რომ თავსებადი იყო, ჩათვალა, რომ მათ გასროლას შესაძლებელი იყო გამოეწვია იარაღის კონსტრუქციული რღვევა, ასევე მსროლელის, მოცემულ შემთხვევაში მისი - დაზიანება, ამიტომ მეთოდოლოგიის შესაბამისად, ლაბორატორიაში არსებული სხვა ხმოვანი ვაზნებისაგან დამზადდა ვაზნები, რომლებშიც მოთავსდა ჭურვი და გასროლისას გაიზომა ჭურვის საწყისი სიჩქარე, რის მიხედვითაც დადგინდა ჭურვის მომაკვდინებელი ძალა, ანუ ხვედრითი კინეტიკური ენერგია ჯ/მმ2 და განისაზღვრა იარაღის ცეცხლსასროლობა. გარდა ამისა ექსპერტმა განმარტა, რომ რისკზე არ წავიდნენ და ექსპერიმენტი ჩატარდა იმ საშუალებით, რომ იარაღი არ დაშლილიყო (13:06:41; 13:15:37).
12.3. ამდენად, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა დეტალურად ახსნა ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა სადავო იარაღის გასროლის ვარგისიანობის დადგენა ექსპერტიზაზე წარდგენილი ვაზნების ნაცვლად მის მიერ დამზადებული ვაზნებით და თუ როგორ მოხდა მის მიერ დამზადებული ვაზნების გასროლა, - სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ექსპერტიზის დასკვნასა და მის გამცემი პირის ჩვენებას შორის წინააღმდეგობისა და იმის შესახებ, რომ შესაძლოა ექსპერტმა თვითდაზიანების შიშის გამო იარაღის ვარგისიანობის შესამოწმებლად საერთოდ არ მოახდინა გასროლა,.
12.4. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება თავადაც ჩაეტარებინა სადავო იარაღზე შესაბამისი ექსპერტიზა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო შედეგს ან სულ მცირე ეჭვს მაინც გააჩენდა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებთან მიმართებით.
13. დაცვის მხარის მტკიცებით მსჯავრდებულ ი. ბ–ს სამოქალაქო აქტების მონაცემები მოპოვებული იქნა არა 2021 წლის 9 სექტემბრის 06:00 საათზე, როგორც ამას უთითებს ი. გ–იი, არამედ მოგვიანებით - იმ დროს, როდესაც შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გადმოგზავნა 2021 წლის 9 სექტემბრის 12:33 საათისა და 2021 წლის 9 სექტემბრის 13:18 საათის ცნობები პიროვნების მახასიათებელი მონაცემებისა და ნასამართლობის არქონის შესახებ. დაცვის მხარის პოზიციით აღნიშნულ ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიმართ შედგენილ დეტალურ სამოქალაქო აქტების ასლზე, სადაც დატანილია მსჯავრდებულის დემოგრაფიული მონაცემები, არ არის მითითებული მოპოვების დრო და თარიღი და მომპოვებელი პირის მონაცემი. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სამოქალაქო აქტების დეტალური ამონაწერი, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მტკიცებულება;
13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ წამოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ადვოკატის მიერ დასახელებულ დოკუმენტზე რაიმე მანიპულაციას და ყურადღებას ამახვილებს, მათ შორის - მოწმე ი. გ–ს ჩვენებასა (რომლის თანახმად, ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის თაობაზე მიიღო სახელობითად, ანუ ი. ბ–ს სახელსა და გვარზე, ასევე დაბადების თარიღზე მითითებით და მან მითითებული მონაცემებით შეადგინა პატაკი (18.03.2022; 14:09:19); ოპერატიული ინფორმაცია შეამოწმა, რაც გულისხმობს დასახელებულ პირზე სრული მონაცემების ოპერატიულ ბაზაში გადამოწმებას (14:12:52)) და მოწმე ა. ქ-ს ჩვენებაზე (რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერი ,,POL.GE-დან“, როგორც ახსოვს გამოითხოვა პატაკის ავტორმა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს. აღნიშნულ დოკუმენტში გამოთხოვის დროისა და მომთხოვნი პირის შესახებ მითითება აღნიშნული იქნება იმ შემთხვევაში, თუ თავად პროგრამა ამ ინფორმაციით ამოიღებს დოკუმენტს (04.03.2022; 12:52:14).
14. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს ავტომანქანის ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელმა გ. ბ–მ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 53-54-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მან წერილობითი ფორმით არ განუმარტა უფლება-მოვალეობები თარჯიმან ე. გ–ს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი თარჯიმან ე. გ–ს გაფრთხილების ოქმი, როგორც ეს მაგალითად წარმოდგენილია თარჯიმან ი. გ–ს შემთხვევაში (ტ.N1; ს.ფ. 36), თუმცა, იმავდროულად, ითვალისწინებს ე. გ–ს ჩვენებას - ე. გ–მა დაადასტურა ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები და იმავდროულად, განმარტა, რომ გამომძიებელმა თარჯიმნის გაფრთხილების ოქმზე მოაწერინა ხელი, ხოლო ადვოკატის განმეორებით კითხვაზე კვლავ აღნიშნა, რომ როგორც ახსოვს გამომძიებელმა თარჯიმნის გაფრთხილების ოქმზე მოაწერინა ხელი (16.05.2022; 12:16:03).
15. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ დაცვის მხარის მტკიცებით საქმის განხილვისას მნიშვნელოვნად შეიზღუდა მსჯავრდებულის უფლებები, კერძოდ, არ მიეცა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის საშუალება, რის გამოც დაცვის მხარისათვის შეუძლებელი გახდა მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა და მიუხედავად, იმისა, რომ მას ჰყავდა ორი ადვოკატი, იმ მომენტში ი. ბ–ი ფაქტიურად დარჩა დაცვის გარეშე, ვინაიდან გაურკვეველი და შეუთანხმებელი აღმოჩნდა პოზიციები, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ი. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; აღნიშნული სხდომა გადაიდო 2022 წლის 23 ივნისს;
15.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისს განცხადებით მიმართა ი. ბ–ს ადვოკატმა და ითხოვა დანიშნული სხდომის გადადება, იმ მოტივით, რომ ი. ბ–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ახერხებ 23 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადებას;
15.1.2. 2022 წლის 23 ივნისს სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განმარტა, რომ ი. ბ–ს ჰქონდა გულის ტკივილები და წარადგინა დოკუმენტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ მიიღო, ვინაიდან დოკუმენტი შედგენილი იყო რუსულ ენაზე და არ იყო სათანადო წესით დამოწმებული ბეჭდით, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. ბ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ იყო დადასტურებული შესაბამისი წესით და სასამართლომ ბრალდებულის გამოუცხადებლობა მიიჩნია სასამართლოსგან თავის არიდებად, განმარტა, რომ აღნიშნული საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ქმნის საქმის ბრალდებულის დაუსწრებლად განხილვის გაგრძელების შესაძლებლობის საფუძველს და დაადგინა, რომ საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს ი. ბ–ს მონაწილეობის გარეშე;
15.1.3. იმავე სხდომაზე ადვოკატმა ითხოვა მომდევნო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა მოსამართლემ ეჭქვეშ დააყენა მისი გამოცხადება, მიუთითა, რომ მას შეეძლო დასკვნითი სიტყვითა და საბოლოო სიტყვით სარგებლობა და გადავიდა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე.
15.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარისათვის შეუძლებელი გახდა ი. ბ–ს ინტერესების დაცვა, ვინაიდან დაცვის მხარისათვის გაურკვეველი და შეუთანხმებელი დარჩა მსჯავრდებულის პოზიციები. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
15.2.1. საქართველოს სსსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია; დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით;
15.2.2. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის - ი. ბ–ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაცვის მხარეს, მითუფრო ჰქონდა მსჯავრდებულთან კომუნიკაციისა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება (ამ ეტაპამდე ასეთის არარსებობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ პოზიციების შეთანხმება მსჯავრდებულის დაკითხვამდე უნდა მომხდარიყო. ამასთან იმაზე, რომ ი. ბ–ს გათავისუფლების შემდეგ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა მასთან კომუნიკაციაში არ უთითებს არც კასატორი დაცვის მხარე);
15.2.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის სხდომაზე დაცვის მხარემ წარადგინა დასკვნითი სიტყვა (სხდომას ესწრებოდა ი. ბ–ი), რა დროსაც ადვოკატმა ზოგადად ისაუბრა ი. ბ–ს პიროვნებაზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მიუთითა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ბ–ს დაკითხვასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასამართლომ არ მოუსმინა მას, რათა გარკვეულიყო - თუ შეიძინა იარაღი, სად შეიძინა, ხომ არ დაამზადა ან იპოვა, ასევე რაში სჭირდებოდა დანები და ხელკეტი. აღნიშნულ სხდომაზე უშუალოდ ი. ბ–სმა არ ისარგებლა დასკვნითი და საბოლოო სიტყვის უფლებით იმ დეტალებზე სასაუბროდ რაზეც დაცვის მხარის მტკიცებით მას სურდა ესაუბრა ჩვენების მიცემის შემთხვევაში.
15.2.4. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის სააპელაციო სხდომებზე არ დაუყენებია შუამდგომლობა ი. ბ–ს დაკითხვის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის დანაწესის (სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე; მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო) ანალოგიურად, დაცვის მხარეს ჰქონდა აღნიშნული შესაძლებლობა.
15.3. ამდენად, მხოლოდ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში იმის მითითება, რომ შესაძლოა ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის უფლება, ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ მას სასამართლო სხდომამდე ობიექტურად არ მიეცა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის და პოზიციათა შეთანხმების შესაძლებლობა; იმავდროულად, თავად მსჯავრდებულმა განაცხადა უარი დასკვნითი სიტყვით სარგებლობაზე და სასამართლოსთვის განსახილველი შემთხვევის თაობაზე საკუთარი პოზიციის წარდგენაზე; დაცვის მხარეს არ დაუყენებია სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. მ–სა და გ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე