საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.10.2023
საქმის ნომერი
2კ-846აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005689585

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №846აპ-23 ქ.თბილისი

კ-ძე კ, 846აპ-23 30 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

კ. კ-ძე, დაბადებული ... წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული და 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, საბოლოოდ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენითა და 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 18 მარტიდან;

კ. კ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

კ. კ-ძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №001/17-3464 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და - საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით კ. კ-ს გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 წელი და მოსახდელად დარჩა 1 წელი და 6 თვე, რაც დამატებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე და საბოლოოდ, კ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 5 მარტს, თ-ში, ვ-ას გამზირის, ვ-ას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. კ-მ, მის მიერ ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალური პროგრამიდან ექიმის დანიშნულებით მიღებული 0,073 გრამი ნარკოტიკულ საშუალება მეთადონი, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული უფერო, გამჭვირვალე სითხე 420 ლარად, უკანონოდ მიასაღა დ. ჟ-ზე, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით:

მსჯავრდებულ კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა, ადვოკატმა მ. ჯ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

4.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ძირითადი როლი სისხლის სამართლის საქმის „კანონიერ ჩარჩოში“ ჩასმაში, შეასრულა საქმის ე.წ. მამხილებელმა მოწმემ, აწ გარდაცვლილმა, დ. ჟ-მა. ადვოკატის შეფასებით, ხსენებული პირი „პროფესიონალი მოწმეა,“ რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია წარმოდგენილი. მოცემული ჩვენება კრიტიკულად არ შეფასებულა. დაცვის მხარის მითითებით, ჰაბიდოსკოპიური დასკვნით დაუდგენელია, არის თუ არა მსჯავრდებული აღბეჭდილი ხსენებულ ფირზე.

5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. განსახილველ შემთხვევაში ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას და თავის მოთხოვნას მნიშვნელოვანწილად აფუძნებს იმ ფაქტს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმის „კანონიერ ჩარჩოში“ ჩასმაში, ძირითადი როლი შეასრულა საქმის ე.წ. მამხილებელმა მოწმემ, დ. ჟ-მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს სწორედ ხსენებული მოწმის ჩვენებას და ამასთან, დ. ჟ-ის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებულ საქმის მასალებს, კერძოდ:

მოწმე დ. ჟ-ის ჩვენების მიხედვით, 2022 წლის მარტის დასაწყისში, შემთხვევით შეხვდა ნაცნობი კ. კ-ე, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ტაქსით მომსახურების დროს გაიცნო და რომელმაც ნარკოტიკის ყიდვა შესთავაზა (რაზედაც დასთანხმდა). მოწმე ნარკოტიკის გამსაღებლის მხილებასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის სურვილით სამართალდამცავ ორგანოში მივიდა. გამომძიებელმა გადასცა 300 ლარი, რის შემდეგაც შეხვდა კ. კ-ს. ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ, როდესაც შეეხმიანებოდა, მისულიყო და წაეღო ნარკოტიკი. საღამოს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ასოცი ლარის დამატება იყო საჭირო. მოწმისგან თანხმობის მიღების შემდეგ, მან იგი მეორე დღეს დაიბარა. შეთანხმებისამებრ, დ. ჟ-ი კ. კ-ს მეორე დღეს შეხვდა. მოწმეს გამომძიებლის მიერ დამატებით გადაცემული ას ოცი ლარი თან ჰქონდა. კ. კ-ძე ჩაუჯდა ავტომანქანაში. მოწმემ მას დამატებით მისცა ას ოცი ლარი, რის სანაცვლოდაც, კ. კ-მ გადასცა შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით. იგი ერთი-ორი წუთი იჯდა მის მანქანაში, შემდეგ ჩავიდა და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება არსად დაუდია, ეჭირა ხელში, რომელიც ფანჯარაზე ჰქონდა ჩამოდებული, მეორე ხელით კი საჭეს მართავდა და ასე გაემართა მ-ი კორპუსის მიმდებარედ, გამომძიებელთან შესახვედრად. დაახლოებით შუქნიშანთან, შეხვდა გამომძიებელს და გადასცა კ. კ-ნ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელმა იქვე დალუქა, შეადგინა ოქმი, რომელსაც ორივემ მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი არ არის, წარსულშიც ჰქონია შემთხვევები, როდესაც მისთვის გამსაღებლებს შეუთავაზებიათ ნარკოტიკი და ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოსთან უთანამშრომლია.

გამომძიებლის, მოწმე გ. ქ-ის ჩვენებით, 2022 წლის 3 მარტს, სამმართველოს განცხადებით მიმართა მოქალაქე დ. ჟ-მა და მისი ნაცნობის, კ. კ-ის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მხილებაში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, გამოკითხა დ. ჟ-ი, რის შემდეგაც დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები. დ. ჟ-ს გადაეცა შესაბამისი თანხა კ. კ-ნ ნარკოტიკის შესაძენად და წავიდა მასთან შესახვედრად, მაგრამ ნარკოტიკი იმ დღეს ვერ მიიღო, რადგან კ. კ-მ მეორე დღეს დაიბარა. შესაბამისად, 5 მარტს დ. ჟ-ი და კ. კ-ძე ერთმანეთს შეხვდნენ და თანხის სანაცვლოდ, კ. კ-მ დ. ჟ-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. დ. ჟ-ის მიერ წარმოდგენილი ნივთიერება, ,,შპრიცში“ მოთავსებული, ამოიღეს და დალუქეს შეხვედრის ადგილზე, მ-ი კორპუსისკენ.

9. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილი წერილობითი სახის მტკიცებულებებს, კერძოდ:

დ. ჟ-ის 2022 წლის 3 მარტის N559021 განცხადების თანახმად, იგი იმავე დღეს შეხვდა ძველ ნაცნობს, კ. კ*ს, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ერთი ,,ჩეკის“ 300 ლარად მიყიდვა. განცხადების თანახმად, დ. ჟ-მა კ. კ-ს უთხრა, რომ მას ფული თან არ ჰქონდა. კ. კ-მ უპასუხა, რომ ფულის შოვნის შემთხვევაში დაკავშირებოდა და ნარკოტიკულ საშუალებას მიჰყიდდა. დ. ჟ-ი გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს, კ. კ-ის დანაშაულებრივ საქმიანობაში მხილების მიზნით.

2022 წლის 4 მარტის ოქმით (თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ) ირკვევა, რომ გამომძიებელ გ. ქ-ს სისხლის სამართლის N009030322004 საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ამავე სამმართველოს დეტექტივის ა. გ-ის მიერ წარედგინა და მისივე თანდასწრებით დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი 600 ლარი.

გამომძიებელ გ. ქ-ის მიერ 2022 წლის 4 მარტს შედგენილი ოქმით (თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ) ირკვევა, რომ დ. ჟ-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 300 ლარი, ხოლო 2022 წლის 5 მარტს შედგენილი ოქმით (თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ) ირკვევა, რომ დ. ჟ-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა 120 ლარი.

ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2022 წლის 5 მარტს, უ-ის ქუჩის №..-ში, მ-ი კორპუსის მიმდებარედ, გამომძიებელმა გ. ქ-მა დ. ჟ-ან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ერთი შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით.

ქიმიური ექსპერტიზის №.. დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული უფერო, გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 9,5მლ, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რაოდენობით - 0,073 გრამს.

10. ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად: „ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი ზის ავტომანქანაში. მასთან მისულ მამაკაცს (მ1) შესთავაზა ავტომანქანაში დაჯდომა. მ1 ჩაჯდა ავტომანქანაში. მამაკაცმა მ1-ს გადასცა ფული (შუაზე მოკეცილი ქაღალდის კუპიურა), რის სანაცვლოდაც მ1-მა გადასცა მოზრდილი შპრიცი, თეთრი გამჭვირვალე შიგთავსით.

მ1- პარკი უდევს იმაში, მოაცალე, თუ გინდა.

მ - არ მინდა, არა.

მ1- იმას უნდა ჩავურიცხო ეს ფული და.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მამაკაცმა გააჩერა ავტომანქანა.

მ1- კაი და ისა, დამირეკოს, რა, უთხარი.

მ1 დაემშვიდობა მამაკაცს და გადავიდა ავტომანქანიდან.

11. ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.. დასკვნით: ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამასა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში 1.mp4; 2.mp4 მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე კ. კ-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია.

11.1. მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ. გ-მა დაადასტურა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩანაწერში დაფიქსირებული ხმა სრულად დაემთხვა კ. კ-ის ხმის ნიმუშს და ამ კვლევაში ცდომილება გამორიცხულია.

12. ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად:

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: ,,1,” ,,2“ ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N5-6) დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პირების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია; ანუ შესაძლებელია პიროვნების სავარაუდო დადგენა/ამოცნობა.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „1,“ „2“ ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N5-6) დაფიქსირებულია, სავარაუდოდ, ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „1“, „2“ _ ამოღებულ ფოტოსურათებსა და ექსპერტიზის ხელთარსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ კ. ა-ის ძე კ-ის (პ/ნ ..) ფოტოსურათზე დაფიქსირებულია, სავარაუდოდ, ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

13. ზემოაღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჰაბიდოსკოპიური დასკვნით დაუდგენელია, არის თუ არა მსჯავრდებული ხსენებულ ფირზე აღბეჭდილი. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტთან მიმართებით, პირველ რიგში, მიუთითებს მოწმედდაკითხული ექსპერტის ვ. მ-ის ჩვენებაზე. მან დაადასტურა ჰაბიდოსკოპიური კვლევის ჩატარების ფაქტი და განმარტა, რომ დისკზე იყო ორი ვიდეოგრამა. არსებული გამოსახულება შეედარა მონაცემთა ბაზაში გამოძიების მიერ მითითებული კ. კ-ის გამოსახულებას და გამოიკვეთა სავარაუდო დამთხვევები. მონტაჟი არ იყო. იმის გამო, რომ ჩანაწერში პირბადე და ქუდი ეკეთა, დასკვნაში მიუთითა სიტყვა „სავარაუდოდ.“ ამას გარდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებულ შემთხვევაში ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზაც, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ საუბარი კ. კ-სა და დ. ჟ-ს შორის მიმდინარეობს. შესაბამისად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მოხსენებული, ზემოაღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

14. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას დაშაულის პროვოკაციის შესაძლო ნიშნებზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვოცირების ფაქტის გამოსავლენად ერთ-ერთ საშუალებას ფარული აგენტის დაკითხვის შესაძლებლობა წარმოადგენს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მორარი მოლდოვას წინააღმდეგ“ (Morari v. The Republic of Moldova), N65311/09, 08/03/2006, §38.); ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობს თუ არა ობიექტური ეჭვი, რომ პირს უკვე დაწყებული ჰქონდა დანაშაულებრივი საქმიანობა ან ხომ არ გააჩნდა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Ramanauskas v. Lithuania), N74420/01), 05/02/2008, §71; „ბანიკოვა რუსეთის წინააღმდეგ“ (Bannikova v. Russia), N18757/06, 04/11/2010, §73).

15. თუკი ადვოკატის არგუმენტი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ჭრილში გაანალიზდება, იკვეთება, რომ განსახილველი საქმის მასალებით, დაცვის მხარემ, ერთი მხრივ, სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით ისარგებლა დ. ჟ-ის უშუალოდ დაკითხვის უფლებით (როგორც ადვოკატმა, ისე თავად ბრალდებულმა), ხოლო, მეორე მხრივ, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, დ. ჟ-ის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების დროს, კ. კ-ს უკვე შეთავაზებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების მიყიდვა, რის შემდგომაც დაიგეგმა უკვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები, დაცვის მხარის არგუმენტები და მიაჩნია, რომ მართებულია კ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი