საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210100121004554148
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №196აპ-24 18 ივნისი, 2024 წელი
ჯ–ი თ., №196აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ჯ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 6 მარტს, დაახლოებით, 20:50 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ მ–ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილების დროს თ. ჯ–ი პირადად, უკანონოდ ინახავდა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მის მიერვე უკანონოდ შეძენილ, ქაღალდში გახვეულ მოთეთრო ფერის ნივთიერებას – 0,24301 გრამის ოდენობით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00416 გრამს.
1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის №............. საქმეზე, 2016 წლის 22 თებერვალს, მოწმის სახით დაკითხვისას თ. ჯ–მა განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, ქალაქ რ–ში, რ. უ–სა და მ. გ–ს თხოვნით, მან თავისი პირადობის მოწმობით, ლომბარდში ჩააბარა ტელევიზორი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად იყო გატაცებული. აღებული თანხა კი გადასცა რ. უ–ს.
აღნიშნული ჩვენებისა და მოცემულ საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხვისას, თ. ჯ–მა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლოს მისცა გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენება და განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, მას მ. გ–ი საერთოდ არ უნახავს.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, 2016 წლის 18 ოქტომბერს, მ. გ–ს მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კი, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თ. ჯ–ს მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეიცავდა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა უარყოფით და სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემით, თ. ჯ–მა ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით, თ. ჯ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 18 დეკემბრის რედაქცია) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თ. ჯ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა – 45 დღით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 6 მარტიდან, 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ - თ. ჯ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. მასვე, იმავე კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა ცუცქურიძემ და მოითხოვა თ. ჯ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობა, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის იმგვარი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენით სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ თ. ჯ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ნ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება.
თ. ჯ–ი საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 18 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თ. ჯ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა – 45 დღით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თ. ჯ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. მასვე, იმავე კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ თ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყო –2023 წლის 30 იანვრიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 6 მარტიდან, 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა თ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
3.3. 2024 წლის 8 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენი თ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გამართლების ნაწილში არის უკანონო. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ თ. ჯ–ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ცრუ, ხოლო ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება - სწორი. პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებაზე: თ. ჯ–ს პირადობის მოწმობის გამოყენებით მოხდა ქურდობის გზით დაუფლებული ტელევიზორის ლომბარდში ჩაბარება, ასევე ის კარგად იცნობდა რ. უ–სა და მ. გ–ს, რომლებიც შეხვდნენ მას და სთხოვეს დახმარება ტელევიზორის „დალომბარდებაში“. თუკი თ. ჯ–ს მ. გ–ი მართლაც არ უნახავს 2016 წლის 11 თებერვალს, მაშინ რატომ მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს? ნებისმიერ მოწმეს შეუძლია თქვას, რომ გამომძიებელმა ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და მან წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გასაზიარებელია მოწმის ამგვარი განმარტება. გამოდის, რომ მოწმეს შეუძლია სასამართლოში ჩვენება შეცვალოს (მისცეს ცრუ ჩვენება) და ეს ახსნას იმით, რომ გამომძიებელს სხვა რამეს კარნახობდა, გამომძიებელი, კი - სხვას წერდა და გამოკითხვის ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ ან არ წაუკითხავს, ან წაიკითხა, მაგრამ გამომძიებელმა დაარწმუნა, რომ ოქმზე ხელმოწერით არაფერი დაშავდებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის დისპოზიციასთან, რომლის თანახმადაც, დასჯადია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში. შესაბამისად, ამ მუხლით დასჯადია როგორც გამოძიებისთვის, ასევე სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მოწოდება, თუკი სააპელაციო სასამართლო უშვებს იმას, რომ თ. ჯ–მა შესაძლოა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა არა სასამართლოს, არამედ გამოძიებას, აღნიშნულიც არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობას, ვინაიდან მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება არის დასჯადი. კასატორის პოზიციით, ცალსახაა, რომ თ. ჯ–მა გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. მან გამოძიებასა და სასამართლოში განსხვავებული ჩვენებების (ინფორმაციის) მიცემით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას. აგრეთვე დადგენილია, რომ მ. გ–ს ბრალი ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. ამასთან, თ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.3. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ქვემდგომ სასამართლოებში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა, მნიშვნელობა და სწორად განმარტა, რომ საქმეზე არ მოიპოვებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც თ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და სწორად დაადგინა, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად უტყუარად ვერ ჰპოვა დადასტურება, რომ თ. ჯ–ს მიერ სასამართლოში ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება იყო ცრუ, ხოლო გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია სწორი.
5.9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, მოწმის სახით დაკითხვისას თ. ჯ–ს მიერ მიცემული ჩვენება და სიღნაღის რაიონულ სასამართლოში იმავე საქმის განხილვის ფარგლებში მიცემული ჩვენება წინააღმდეგობრივია ერთმანეთთან, 2016 წლის 11 თებერვალს ქ.რ–ში ტელევიზორის ჩაბარებისას მ. გ–ს ყოფნასთან დაკავშირებით, ხოლო ბრალდების მხარე მხოლოდ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას მიიჩნევდა ცრუდ, მაშინ როდესაც არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ 2016 წლის 22 თებერვალს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება შეიცავდა სწორ ინფორმაციას.
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
5.11. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თ. ჯ–ს ედავება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში და არა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემა ხდება მხოლოდ სასამართლოში, ხოლო გამოძიების მიმდინარეობისას მოწმე გამოძიებას აწვდის ინფორმაციას.
5.12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დასადგენ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა თ. ჯ–მა იცრუა თუ არა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე მიცემული ჩვენების დროს, როდესაც განმარტა, რომ მ. გ–ი არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. 2016 წლის 11 თებერვალს, ქალაქ რ–ში, რ. უ–სთან ერთად, მ. გ–ს ყოფნას, გამოძიების ეტაპზე განმარტავდა მხოლოდ მსჯავრდებული და არცერთი სხვა მტკიცებულება არ ადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, როდესაც აღნიშნა, რომ არაფერი გამორიცხავდა, იმ ფაქტს, რომ თ. ჯ–ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ცრუ, ხოლო ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება - სწორი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულ თ. ჯ–ს სასარგებლოდ.
5.13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან გამომდინარე საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა და განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ, თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა თ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რის გამოც დადასტურებულად მიიჩნია თ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
5.14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა თ. ჯ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე