საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.10.2025
საქმის ნომერი
2კ-364აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100123008207858

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №364აპ-25 ქ. თბილისი

ლ. ნ. 364აპ-25 6 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. ლ–ს - ........., - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ნ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 7 მაისს ქ. ზ–ში, ... ქუჩის №..-ში მდებარე საჯარო რეესტრის სამსახურში, ნ. ლ–მ გარდაცვლ– დედის - ლ. ლ–ას – სამკვიდრო ქონების მის საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსის წინაშე წარადგინა ყალბი სამკვიდრო მოწმობა, რომელიც მიიღო მოტყუებით, თითქოსდა დედამისს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები – ა. ლ., ვ., და ლ. ლ–ები, რის შედეგადაც მოტყუებით საკუთრებად დაირეგისტრირა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში მდებარე 2557 კვ.მ მიწის ფართობი (ს/ნ .........) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (განაშენიანების ფართი 115,55 კვ.მ) და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იგი, რითიც ა., ლ., ლ. ლ–ებისისა და ლ. ქ–ას (ლ–ა) მიადგა 31 429 აშშ დოლარის (60 343 - ექვივალენტი ლარში) დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ნ. ლ– საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. გამართლებულ ნ. ლ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ და მოითხოვა ნ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს გამართლებულ ნ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ხ. ჯ–მ და რ. მ–მ, რომლებმაც მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი შორენა გვილავა ითხოვს ნ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.

6. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

6.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.

6.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ ნ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ხ. ჯ–სა და რ. მ–ს მიერ შესაგებელი წარმოდგენილია ვადის დარღვევით (დგინდება, რომ საკასაციო საჩივრის ასლი დაცვის მხარემ ჩაიბარა 2025 წლის 2 აპრილს, ხოლო შესაგებელი წარმოადგინა 5 დღიანი ვადის დარღვევით – 2025 წლის 11 აპრილს).

7. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

8. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ნ. ლ–ს ედავება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, დიდი ოდენობით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

9. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ქონება – მდებარე ქ. ზ–ში, სოფელ ჭ–ში, ........ის ქუჩის N..-ში, წარმოადგენდა ნ. ლ–ს დედის – ლ. ლ–ას – დანაშთ ქონებას.

10. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: ნ. ლ., ვ. ლ–ა, შ. ლ–ა, ა. ლ–ა, ვ. ლ–ა, ლ. ლ–ა და ლ. ქ–ა (ლ–ა).

11. 2014 წლის 30 აპრილს ნ. ლ–მ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ. შ–ს და განაცხადა, რომ ფაქტობრივი დაუფლებით აქვს მიღებული დედის – ლ. ლ–ას სამკვიდრო ქონება და სურს სანოტარო ბიუროში წერილობითი განცხადების შეტანით მიიღოს 2007 წლის 4 დეკემბერს გარდაცვლ– დედის (წარადგინა გარდაცვალების მოწმობა – N........2) – ლ. ლ–ას სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. ნ. ლ–მ განცხადებაში მიუთითა, რომ იყო მამკვიდრებელ ლ. ლ–ას პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი (განცხადებას დაურთო 2014 წლის 16 აპრილს განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობა), ასევე მიუთითა, რომ არსებობდნენ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები – ვ. ლ–ა და შ. ლ–ა. განცხადების თანახმად, ნ. ლ–ს გარდა სანოტარო ბიუროში, ასევე სამემკვიდრეო საქმეთა ელექტრონულ რეესტრში განცხადება მამკვიდრებელ – ლ. ლ–ას სამკვიდროს მიღების შესახებ სხვა პირს არ წარუდგენია (იხ.: ტ.1, ს.ფ. 118-119).

12. 2014 წლის 1 მაისის სანოტარო აქტის თანახმად, ნოტარიუს ნ. შ–ს განცხადების დამოწმების მოთხოვნით მიმართეს ვ. ლ–ამ და შ. ლ–ამ. განცხადების თანახმად, ვ. ნ ლ–ამ და შ. ლ–ამ მიუთითეს, რომ 2007 წლის 12 დეკემბერს გარდაცვლ– დედის – ლ. ლ–ას დანაშთ ქონებაზე – მდებარე ქ. ზ–ში, ჭ–ში, ...ს ქუჩა N..-ში (არც ქონების ფაქტობრივი დაუფლებით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით) სამკვიდრო არ მიუღიათ და არც აპირებდნენ მიღებას. მიუთითეს, რომ მათთვის ცნობილია, რომ სამკიდროს ღებულობს მათი და – ნ. ლ.. არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, სამკვიდრო მოწმობა გაიცეს მათი დედის – ლ. ლ–ას დანაშთ ქონებაზე (სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი). სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის მიზნით სასამართლოსა და სანოტარო ბიუროსათვის მიმართვას არ აპირებენ და მათი ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგები მათთვის ცნობილია (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 120-121).

13. 2014 წლის 1 მაისის N.......... სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მემკვიდრე ნ. ლ–მ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად – სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ – მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში). სამკვიდრო ქონებაა სასოფლო-სამეორნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, ფართობი – 2557 კვ.მ, რომლის მფლობელობა აწ გარდაცვლილ ლ. ლ–აზე აღრიცხულია 01.11.1999 წლიდან, რაც დასტურდება საარქივო ცნობით – ..........., გაცემული 08.04.2014 13:41:39. მემკვიდრის განცხადებით ლ. ლ–ას სახელზე რიცხული სამკვიდრო მასის, მდებარე: ზ–ი, ჭ–ი, ა–ს ქ. N.., ღირებულებაა – 10 000 ლარი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 115-117).

14. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 1 მაისს ნ. ლ–მ N.......... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზ–ს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის სამკვიდრო მოწმობის) საფუძველზე მოეხდინათ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ზ–ს რაიონ, სოფელ ჭ–ში და გაეცათ საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 145-154).

15. 2014 წლის 7 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2014 წლის 7 მაისს N......... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ლ–ს საკუთრების უფლება ზ–ს რაიონ სოფელ ჭ–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 2557 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ........).

15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიღებული სამკვიდრო ნ. ლ–მ დაყო ორ ნაწილად, საიდანაც ერთი საკადასტრო კოდით .......... გაყიდა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 164-165 2020 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება), ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ......... (1085 კვ.მ) ამჟამადაც მის საკუთრებაშია.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად (მამკვიდრებლის – ლ. ლ–ას გარდაცვალების ფაქტი და შვილების ინფორმირებულობა მხარეთა შორის სადავო არ არის). ამავე კანონის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლის შვილები; 1334-ე მუხლის პირველი ნაწილით – თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს; 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; 1424-ე მუხლით – სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, ხოლო, 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა – შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.

17. სასამართლო ითვალისწინებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა ა. ლ–ას სარჩელი, ნ. ლ–ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მისი მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა ა. ლ–ას მიერ დედის – ლ. ლ–ას დანაშთი ქონების ფაქტობრივი დაუფლებით ან/და დედის გარდაცვალებიდან 04.12.2007 წლიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი.

18. სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარში მითითებულ მსჯელობას, რომ ვინაიდან ნ. ლ. ვალდებული იყო ნოტარიუსისათვის მისი და-ძმების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა სრულად, მან კი დამალა იმ და-ძმის ვინაობები, რომლებსაც მისი საწინააღმდეგო პოზიცია ექნებოდათ, მან ჩაიდინა თაღლითობა, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

19. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისთვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა დასტურდებოდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიით გათვალისწინებული ორივე კომპონენტი ერთდროულად: მოტყუება და აღნიშნულით სხვისი ქონების/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება/მოპოვება მისაკუთრების მიზნით.

19.1. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და სამოქალაქო კანონმდებლობის (მათ შორის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების) გათვალისწინებით ვერ დგინდება, რომ ნ. ლ–ს ქმედებით ადგილი ჰქონდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული პირების საკუთრების უფლების ხელყოფას.

19.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების – ა. ლ–სა და ლ. ლ–ას გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ხოლო ლ. ქ–ა (ლ–ა) სასამართლო სხდომაზე სრულყოფილად ვერ დაიკითხა.

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება არ ყოფილა ა., ლ., ლ. ლ–ებისა და ლ. ქ–ა (ლ–ას) საკუთრებაში ან მფლობელობაში. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე გასული დროის, სამკვიდროს მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი ვადის სასამართლოს მიერ აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების არარსებობის (ასევე არ იკვეთება, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული პირების მიერ ადგილი ჰქონდა აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვას) პირობებში ვერ დგინდება, რომ სხვა პირების კუთვნილი/კანონიერი საკუთრების უფლება შეილახა.

21. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). შესაბამისად, ვინაიდან ვერ დგინდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტი, სხვისი ქონების/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

21.1. ამდენად, ნ. ლ–ს მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსისათვის მხოლოდ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება სხვა კანონიერი მემკვიდრეების არსებობის თაობაზე (რასაც დაცვის მხარეც არ უარყოფს), მოცემულ შემთხვევაში, არ არის საკმარისი ნ. ლ–ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

22. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ა. ლ–ას, ლ. ლ–ასა და ლ. ქ–ა (ლ–ას) დაბადების მოწმობების სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, მოცემულ პირთა დაბადების მოწმობები ერთ შემთხვევაში ა. ლ–ას წარმომადგენელმა დ. ჯ-მ დაურთო ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას (იხ.: ტ.1, ს.ფ.3-12), ხოლო შემდგომში გამომძიებელმა თ. გ-მ მიმართვის საფუძველზე მოიპოვა ინფორმაცია ელექტრონული ბაზიდან ლ– ლ–ასა და ი. ლ–ას შვილების შესახებ (მათი დაბადების წლებისა და პირადი ნომრების მითითებით).

23. სასამართლო ითვალისწინებს, თ. გ–ს 2023 წლის 22 აგვისტოს მიმართვის წერილს სსგს ....... სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსისადმი, რომლითაც მათ შორის ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში მცხოვრები პირების – ლ. ლ–ა (ა–ს) და ი. ლ–ას ვაჟიშვილის – ვ. (გ–ი) ლ–ას დაბადების ფაქტის შესახებ (მათი ინფორმაციით დაბადებული .... წელს), ასევე ითხოვს ინფორმაციას გაცემულია თუ არა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი) მასზე და არსებობის შემთხვევაში მოთხოვნილია დოკუმენტის გაცემისას შედგენილი განცხადება-ანკეტის (ფორმა N1-ის) ასლი. ამასთან, მითითებულია, რომ გამოძიების ინფორმაციით ვ.(გ–ი) ლ–ა გარდაიცვალა .... წელს რ–ს ფედერაციაში, შესაბამისად ასევე მოთხოვნილია გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციის შემთხვევაში გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ასლის გადაგზავნა. ........ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გ. თ–ს 2023 წლის 23 აგვისტოს წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოქალაქე ვ. (გ–ი) ლ–ას მონაცემებით დაბადებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერები არ იძებნება (იხ.: ტ.1, ს.ფ. 31-32).

24. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი. საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

25. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარისათვის როგორც ა. ლ–ას წარმომადგენელ დ. ჯ–ს განცხადებით (მასვე დართული მასალებით), ასევე ...... სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გ. თ–ს 2023 წლის 24 აგვისტოს წერილით (N........) ცნობილი გახდა, რომ ლ– ლ–ასა და ი. ლ–ას ნ. ლ–ს, ვ. ლ–ასა და შ. ლ–ას გარდა ასევე ჰყავდათ სხვა შვილებიც, რომელთა დაბადების მოწმობების მოპოვება (შემდგომში სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრების მიზნით) საჭიროებდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებას - ინფორმაციის გამოთხოვას.

26. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას/განცხადებაზე დართვას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ–ს ქმედებით დაზარალებულ პირთა დაბადების მოწმობების (ასლების) გამოთხოვა და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა უნდა განხორციელებულიყო, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ აქვს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს, მათ შორის მისი დასაშვებობის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო მტკიცებულების (მოცემულ შემთხვევაში – დაზარალებულთა დაბადების მოწმობების) მოპოვების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია აღნიშნული დაბადების მოწმობების გაზიარების შესაძლებლობას (მაგ. იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 განჩინება).

28. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28.1. მიუხედავად იმისა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნულ ნაწილში საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე არ უმსჯელიათ და შესაბამისად, დასაშვებად იყო ცნობილი და გაზიარებული სასამართლოების მიერ აღნიშნული მტკიცებულებები, აღნიშნული გავლენას მაინც ვერ იქონიებდა, მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის შედეგზე.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

30. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

31. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ნ. ლ–ს მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე