საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124008856008
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №582აპ-25 თბილისი
მ-ძე ლ, 582აპ-25 20 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს-მ-ისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:
ლ. მ-ძე, დაბადებული .. წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა – 9 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ, ლ. მ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 7 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 7 წლითა და 6 თვით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 30 იანვრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ. მ-მ ჩაიდინა:
2.1. ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის;
2.2. განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
3. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2024 წლის 30 იანვარს, ღამით, რ-ში, მე-.. მ/რ-ის N...-ე კორპუსში მდებარე სარდაფში, კარის დაზიანებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან/პირებთან ერთად, უკანონოდ შეაღწია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ხუთჯერ ნასამართლევმა, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფმა ლ. მ-მ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სარდაფში არსებულ, რ. ბ-ის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის: ,,IZH k-ის“ მოდელის სანადირო თოფს, ,,ზენიტის” ფირმის ელექტროსახერხს, ელექტროსადენებს, ელექტროშედუღების აპარატს, არყის გამოსახდელ ქვაბსა და სხვა ნივთებს, რომლებიც მითითებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში, რითაც რ. ბ-ს მიადგა ჯამურად, დაახლოებით, 3 785 ლარის ოდენობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
3.2. 2024 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 20:20 საათზე, რ-ში, მე-.. მ/რ-ის, N.. კორპუსის მიმდებარედ, ქუჩაში გადაადგილებისას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ. მ-ძე პირადად ატარებდა ცივ იარაღს, დანას, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენით:
რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მთვარისა შველიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
მსჯავრდებულ ლ. მ-ს ადვოკატ ნ. კ-ს-მ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ანახანუმ შამილოვა – ითხოვს ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ლ. მ-ძე 2020 წლიდან ამ პერიოდამდე, გასამართლებულია ხუთჯერ, ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის. მის მიმართ, როგორც წესი, გამოყენებული იყო კანონით განსაზღვრული შეღავათები. ამასთან, ბოლო, 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი მან მოიხადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი ჩაეთვალა პირობითად, თუმცა, მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული. ლ. მ-ძე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად, მის მიმართ სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით უნდა დამდგარიყო. ლ. მ-ს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
6. მსჯავრდებული – ლ. მ-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ-ს-მ-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ლ. მ-ის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას. დაცვის მხარის მითითებით, ლ. მ-მ სააპელაციო სასამართლოში აღიარა დანაშაული. დაზარალებულმა ძველი ბოცებისა და გამოსაყენებლად უვარგისი ჭურჭლის გამო გაწირა ახალგაზრდა ადამიანი და დაცვის მხარის მხრიდან ზიანის ანაზღაურების თაობაზე არაერთი თხოვნის მიუხედავად, იგი არაფერზე იყო თანახმა.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, დაცვისა და ბრალდების მხარის საჩივრების დასაშვებობის საფუძველი არ იკვეთება.
10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე – დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ. ამასთან, ლ. მ-ს რაიმე სახის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის მოთხოვნა, სასჯელის შემსუბუქების ნაწილში დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ ლ. მ-ს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება/დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი). მაშასადამე, არ არსებობს არც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, მას არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის ახალ გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეცვლილიყო.
12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს ლ. მ-ის სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით არ დაუნიშნავს (ვინაიდან, იმ დროისათვის ლ. მ-ის მიმართ წინა განაჩენთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხი). სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, თუ რატომ არ აკმაყოფილებდა ბრალდების მხარის მოთხოვნას მოცემულ ნაწილში და აგრეთვე მიუთითა საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, ბრალდების მხარის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
14. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს-მ-ისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ანახანუმ შამილოვას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი