განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.10.2025
საქმის ნომერი
2კ-486აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №486აპ-25 15 ოქტომბერი, 2025 წელი

კ-ა ბ., №486აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატის – თ. კ-ას – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. კ-ას ბრალად ედებოდა:

ა) თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი, უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

1.2. ბ. კ-ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2018 წლის 20 სექტემბერს, ი. მოქალაქეებმა – ხ. ჰ. - და მ. მ- (პასპორტის ნომ. 5------) 72 000 აშშ დოლარად შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე: თ-–----, საერთო ფართი 74,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: … რომელშიც ბინის რემონტის, ავეჯის და ტექნიკის გათვალისწინებით, ჯამში, გადაიხადეს 100 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ბინის ყიდვის შემდეგ, ხ. ჰ- და მ. მ- იუსტიციის სახლში მოითხოვეს ბინადრობის უფლება, რა დროსაც, გაიცნეს ბ. კ-ა, რომელიც მათ დახმარებას შეჰპირდა და პერიოდულად ეხმარებოდა კიდეც საბუთების მოწესრიგებასა და ბინადრობის უფლების მოპოვებაში. მათ ბ. კ-ას მიმართ ჩამოუყალიბდათ ახლო ურთიერთობა და გაუჩნდათ ნდობა. ხ. ჰ. და მ. მ- პერიოდულად მიდიოდნენ ი----–ი და ბრუნდებოდნენ საქართველოში, შემდგომში კი, პანდემიის გამო, ვეღარ ჩამოვიდნენ საქართველოში, რა დროსაც ბინადრობის მოწმობას გაუვიდა ვადა. 2020 წლის 27 სექტემბერს, ხ. ჰ. სოციალური ქსელის – “W--------”-ის მეშვეობით, დაუკავშირდა ბ. კ-ას მის “W--------”-ზე (ნომერზე 5--------) და სთხოვა, რომ მას დახმარებოდა მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში, რა დროსაც ბ. კ-ამ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ხ. ჰ-ს და მ. მ-ს უძრავ ქონებას (მდებარე თ---, საერთო ფართი 74,70 კვ.მ., საკადასტრო კოდი:---) და ურჩია, რომ უძრავი ქონება, რომელიც ირიცხებოდა ხ. ჰ-სა და მ. მ-ს სახელზე, გადაფორმებულიყო მხოლოდ ხ. ჰ-ს სახელზე, რაც გააადვილებდა მის მიერ ბინადრობის მოპოვებას. ამასთან, ბ. კ-ამ სოციალური ქსელის – “W--------”-ის საშუალებით, ხ. ჰ-სა და მ. მ-ს გადაუგზავნა გენერალური მინდობილობის ფორმა, რომელიც მისთვის უნდა გაეგზავნათ უძრავი ქონების გადაფორმებისთვის. ხ. ჰ-სა და მ. მ-ს მიერ აღნიშნული მინდობილობა შესაბამისი წესით დამოწმდა ი----–ი და გამოიგზავნა „თ------“ ფოსტით. ბ. კ-ას მიერ შედგენილი მინდობილობით, მას უფლება ჰქონდა მხოლოდ ხ. ჰ-ზე მიეყიდა მ. მ-ს კუთვნილი წილი, თუმცა, მის მიერვე მოფიქრებული გეგმის შესაბამისად, მინდობილობაში გათვალისწინებული იყო ხ. ჰ-ს მონაწილეობით კომპანიის დაფუძნებისა და კომპანიის ბალანსზე უძრავი ქონების შეტანის შესაძლებლობა. 2021 წლის 29 ივნისს, ბ. კ-ამ, მინდობილობის შესაბამისად, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. მ- თავისი წილი გააფორმა ხ. ჰ-ს სახელზე და უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ---------) ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა ხ. ჰ- (ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველიც და გამყიდველიც არის ბ. კ-ა). აღნიშნულის შემდეგ, განზრახვის აღსრულებისა და ხ. ჰ-ს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბ. კ-ამ წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, გადაწყვიტა კომპანიის დაფუძნება და ხ. ჰ-ს კუთვნილი ქონების კომპანიის საკუთრებად გადატანა. განზრახვისა და დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, ბ. კ-ა დაუკავშირდა პ. ფ-ს, რომელიც უპირობოდ ენდობოდა მას და ზედმეტი შეკითხვების გარეშე შეძლებდა, დაეყოლიებინა სხვადასხვა საბუთების ხელმოწერაში. ბ. კ-ამ მოატყუა პ. ფ-ს, თითქოსდა სურდა მასთან ერთად ბიზნესის წამოწყება, კერძოდ – კომპანიის დაფუძნება, რომელიც დაკავებული იქნებოდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და საჭირო იქნებოდა რამდენიმე საბუთზე პ. ფ-ის ხელმოწერა. პ. ფ-ის მიერ მიღებული თანხმობის შემდეგ, 2021 წლის 2 დეკემბერს, იუსტიციის სახლში, ბ. კ-ამ, როგორც ხ. ჰ-ს მინდობილმა პირმა და პ. ფ-იმ დაარეგისტრირეს შპს „ჯ----ი“ (ს.ნ. 4--------; გამოყენებული იქნა ხ. ჰ-ს მიერ გამოგზავნილი მინდობილობა). შპს „ჯ----ის“ დირექტორად დარეგისტრირდა პ. ფ-ი, ხოლო წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: პ. ფ-ი – 95% და ხ. ჰ- – 5%. ბ. კ-ამ შეადინა კომპანიის წესდება, რომლის 3.7. პუნქტის თანახმად, „საწესდებო კაპიტალის 75%-ზე მეტის მფლობელი პარტნიორი ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, კრების მოწვევის გარეშე (მათ შორის, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, წესდებაში ცვლილების შეტანა, ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, შერწყმა/გაყოფა)“. 2021 წლის 9 დეკემბერს, შპს „ჯ-ის“ კრების ოქმის საფუძველზე, ბ. კ-ამ, როგორც ხ. ჰ-ს მინდობილმა პირმა (2021 წლის 6 ივნისს გაცემული მინდობილობით) უძრავი ქონება (მდებარე: თ---, საერთო ფართი 74,70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: -----) უსასყიდლოდ გააფორმა შპს „ჯ-ის“ საკუთრებად, რასაც ასევე ესწრებოდა შპს „ჯ-----ის“ პარტნიორი პ. ფ-ი. აღნიშნული ქმედებით, შპს „ჯ-----ის“ საკუთრებასა და ბ. კ-ას ფაქტობრივ მფლობელობაში გადავიდა ხ. ჰ-ს კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, ბ. კ-ა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით ხ. ჰ-ს უძრავ ქონებას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 245 000 ლარის, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

1.2.2. თაღლითური განზრახვის აღსრულების შემდგომ, ბ. კ-ამ განიზრახა უკანონოდ მიღებული უძრავი ქონების კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა და მის მიერვე შედგენილი კომპანიის წესდების საფუძველზე, 2022 წლის 17 იანვარს შპს „ჯ--ის“ საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება (მდებარე: თ--, საერთო ფართი 74,70 კვ. მ., საკადასტრო კოდი: ---) ყალბი (ფიქტიური) ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბ. კ-ამ გადააფორმა პ. ფ-ის სახელზე, შემდგომ კი, იმავე დღეს – 2022 წლის 17 იანვარს, ხსენებული უძრავი ქონება პ. ფ-ის გამოყენებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ს. მ-ის სახელზე. აღნიშნული ქონების გასხვისების შედეგად, ბ. კ-ამ მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 184 650 ლარის შემოსავალი.

1.2.3. 2018 წლიდან 2020 წლის 18 სექტემბრამდე, ფ. მ-ი მეუღლესთან, ჯ. ხ-ნთან ერთად, ცხოვრობდა საქართველოში. მის მეუღლეს საქართველოში გააჩნდა ექვსი უძრავი ქონება, კერძოდ:

· თ-ი, ჭ. ა--ში მდებარე ბინა, ავტოსადგომით, 84,43 კვ.მ. ფართის, საკადასტრო კოდი: ------;

· თ--–ი, ჭ. ა-–--, ფ----, 81,90 კვ.მ. ფართის ბინა, საკადასტრო კოდი: №----;

· თ-ი, ბ---- – 66,50 კვ.მ. ფართის, საკადასტრო კოდი: -----;

· თ-–ი, ჭ. ა---, ა---------, ფართი 18,30 კვ.მ., მდებარე საერთო პარკინგზე, საკადასტრო კოდი: ------;

· თ--ი, ჭ. ა------, ა-----, ფართი 14.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი: -------;

· თ--ი, ს-ი, რ-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მ. ფართის, საკადასტრო კოდი: ----.

2018 წლის 7 აგვისტოს, ი----–ი გარდაიცვალა ჯ. ხ-ნი, რის შემდეგაც ფ. მ-ი დაბრუნდა საქართველოში მეუღლის სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეობის მიღების მიზნით. ამასთან, მან ჩამოიტანა შვილების – ნ. ხ-ნის, ა. ხ--ნის და რ. ხ-ნის – მინდობილობები, რომ მემკვიდრეობა გადაფორმებულიყო მასსა და მის შვილებზე წილობრივად. აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, მან გაიცნო ბ. კ-ა, რომელიც თავდაპირველად ეხმარებოდა დოკუმენტების თარგმნასა და სანოტარო დოკუმენტების მოპოვებაში, რის საფუძველზეც, გაიხსნა სამკვიდრო და 2020 წლამდე ფ. მ-სა და მის შვილებს წილობრივად დაურეგისტრირდათ სამი უძრავი ქონება. 2020 წლის სექტემბერში, ფ. მ-მა მიაკითხა ბ. კ-ას დახმარების მიზნით და აუხსნა, რომ სამი უძრავი ქონების დოკუმენტაცია იყო დახარვეზებული და აღნიშნულის მოგვარების მიზნით, სთხოვა დახმარება. ბ. კ-ამ განიზრახა, რომ მოტყუებით დაუფლებოდა მათ უძრავ ქონებებს და შეჰპირდა მას დახმარებას. ამასთან, გაარკვია სპარსული ენის გარდა, იცოდა თუ არა სხვა ენა და ფ. მ-ს აუხსნა, რომ საბუთები რომ არ დახარვეზებულიყო, საჭირო იყო ინგლისურ ენაზე მოეწერა ხელი. იმავდროულად, ფ. მ-ს ფურცელზე ინგლისურად დაუწერა სახელი, გვარი და დაავალა იუსტიციის სახლში მისვლამდე ევარჯიშა. 2020 წლის 15 სექტემბერს, ბ. კ-ას დახმარებით, დანარჩენი სამი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდებით: -----) დარეგისტრირდა წილობრივად ფ. მ-ისა და მისი შვილების საკუთრებად, თანასაკუთრების უფლებით. უძრავი ქონების რეგისტრაციის შემდეგ, ბ. კ-ამ განზრახვის აღსასრულებლად და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ფ. მ-ს დოკუმენტებზე ინგლისურად კვლავ მოაწერინა ხელი, რაზეც უთხრა, რომ საჭირო იყო რეგისტრაციის დასრულებისთვის. ინგლისურენოვანი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, 2020 წლის 15 სექტემბერს, ბ. კ-ა თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა ფ. მ-ისა და მისი შვილების კუთვნილ ექვსივე უძრავ ქონებას, რომელთაგან ერთ-ერთი, მდებარე: თ----–ი, ჭ. ა--, ფ-----, საკადასტრო კოდით: ------- – გაასხვისა მ. თ--ის, პ/ნ -- სახელზე. აღნიშნული ქმედებით, ფ. მ-მა განიცადა დიდი ოდენობით, 1 049 491 ლარის მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

2.1.1. ბ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე 3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.2. ბ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. მ-სა და ხ. ჰ-ის ქონების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. მ-სა და ხ. ჰ-ის ქონების ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, ბ. კ-ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2022 წლის 27 დეკემბრიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

· ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა მეტრეველმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. კ-ას დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით;

· მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატებმა – თ. კ-ამ და ტ. კ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ბ. კ-ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით, მსჯავრდებულ ბ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. კ-ას და ტ. კ--ის – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ანა მეტრეველის – სააპელაციო საჩივარი, ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, დაკმაყოფილდა, სასჯელის დამძიმების ნაწილში კი – არ დაკმაყოფილდა.

3.1.1. ბ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. მ-სა და ხ. ჰ-ს ქონების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელები და, საბოლოოდ, ბ. კ-ას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2022 წლის 27 დეკემბრიდან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატი – თ. კ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. კ-ას უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

· ბ. კ-ა არცერთ ეპიზოდში დაუფლებია სხვის ქონებას მოტყუებით, იგი მოქმედებდა მის სახელზე გაცემული მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;

· ხ. ჰ-ს კუთვნილი ქონება ბ. კ-ას სახელზე არასდროს აღრიცხულა, შესაბამისად, ბ. კ-ა მას ვერც გაასხვისებდა;

· ხ. ჰ-ს ეპიზოდში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია შპს „ჯ---ის“ 95% წილის მქონე პ. ფ-ის მიერ; ეს უკანასკნელი თარჯიმნის მიერ ნათარგმნ დოკუმენტებს თვითონ აწერდა ხელს და ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხაც პირადად მიიღო;

· ხ. ჰ-ს მიერ გაცემული მინდობილობა, პარტნიორის გადაწყვეტილებები და ნასყიდობის ხელშეკრულებები სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგებებია და, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული დავაც სამოქალაქოსამართლებრივი წესით განსახილველია;

· ფ. მ-თან გაფორმებული ყველა დოკუმენტი ნათარგმნია მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე და დამოწმებულია მისივე ხელმოწერით, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია შექმნილია მისი ნების შესაბამისად;

· სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სამეწარმეო პარტნიორის გადაწყვეტილებებზე, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თანხის გადახდისა და მიღების ფაქტებზე, მოწმეთა ჩვენებები კი გადმოსცა არაზუსტად;

· წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია; ფულის გათეთრებად არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებასთან დაკავშირებული ორდინალური მოქმედებები, მათ შორის – აღნიშნული ქონების განკარგვა.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, განიხილა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატის – თ. კ-ას – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

· მ. მ-სა და ხ. ჰ-ს ქონების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდი:

2. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა – ხ. ჰ- – განმარტა, რომ 2018 წელს მან და მისმა პარტნიორმა – მ. მ- – შეიძინეს ბინა თ--ი, ბ--- სართულზე, რომელიც გაარემონტეს და შეიტანეს მასში ინვენტარი. ეს ყველაფერი მათ, ჯამურად, დაუჯდათ, დაახლოებით, 105 000 აშშ დოლარი. ქონების 50%-ის მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო მეორე, 50%-ის მესაკუთრე – მ. მ-. ბინის შეძენის შემდეგ, მან და მ. მ- 2019 წლამდე აიღეს ბინადრობის მოწმობა. იმავდროულად, იუსტიციის სახლში მათ შემთხვევით გაიცნეს ბ. კ-ა, რომელმაც გაუწია სპარსული ენის თარჯიმნის მომსახურება. ამის შემდეგ, ისინი წავიდნენ ი----–ი. 2020 წლის მიწურულს, პანდემიის გამო, მხოლოდ ის შემოუშვეს საქართველოში. მან ბ. კ-ას დახმარებით, კვლავ მიმართა იუსტიციის სახლს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად და რამდენიმე დღეში დატოვა საქართველო. ბინადრობის ნებართვის ასაღებად, იგი აპირებდა საქართველოში დაბრუნებას, თუმცა საზღვრების დაკეტვის გამო, ვეღარ შეძლო. ამის გამო, მან დახმარებისთვის დაურეკა ბ. კ-ას, რომელმაც ურჩია, რომ მისი და მ. მ-ს თანასაკუთრებაში არსებული ქონება გადაეფორმებინათ მხოლოდ მის სახელზე, რაც გაუადვილებდა ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. მან ირწმუნა ბ. კ-ას ნათქვამისა და მ. მ-ს კუთვნილი წილიც თავის სახელზე დაირეგისტრირა. ამის შემდეგ, ბ. კ-ამ მას უთხრა, რომ შეადგენდა ტექსტს, რომლის მიხედვითაც, მას და მ. მ-ს ი----–ი უნდა შეედგინათ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, სხვა პროცედურებს კი, თვითონ მიხედავდა. ვინაიდან, ის და მ. მ- ბ. კ-ას ენდობოდნენ, დასთანხმდნენ მის შეთავაზებას და ი------ სანოტარო ბიუროში დაადასტურეს ბ. კ-ასგან გადაგზავნილი ტექსტი, რომელიც ი-------ან ფოსტით გამოუგზავნეს ბ. კ-ას. იმავდროულად, მათ შეადგინეს ორი მინდობილობა. ერთი მინდობილობით მ. მ- ქონების თავისი წილის 50%-ს აფორმებდა მის (ხ. ჰ-ს) სახელზე, ხოლო, მეორე მინდობილობით, იგი ბ. კ-ას აძლევდა რწმუნებულებას, რომ მისი ბინადრობის საქმისთვის მიეხედა. ბ---მ მიიღო ეს მინდობილობები, რის შემდეგაც მას უთხრა, რომ ყველაფერი გააკეთა, რისთვისაც მან ბ---ს 600 ლარი გადაუხადა. 2022 წლის მარტში მან გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, რის გამოც, დაუკავშირდა საქართველოში მყოფ ახლობელს – ჰ. ჯ-ს, რომლისთვისაც დატოვებული ჰქონდა ბინის გასაღები და სთხოვა, რომ ბინა შეემოწმებინა. ჰ. ჯ-მა უთხრა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბინის კარი გასაღებით ვერ გააღო. ამის შემდეგ, მან ბინის საკადასტრო კოდი გადაამოწმა საჯარო რეესტრში და გაარკვია, რომ ხსენებულ ბინას სხვა მესაკუთრე ჰყავდა. მან გადაურეკა ბ. კ-ას და ჰკითხა ამის მიზეზი, რაზეც ამ უკანასკნელმა ტელეფონი გაუთიშა და დაბლოკა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, იგი ჩამოვიდა ი-------ან და მივიდა ადვოკატთან. გაირკვა, რომ მისი ბინა ბ. კ-ას სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, გადაფორმებული იყო იურიდიული პირის სახელზე, რომლის პარტნიორი იყო პ. ფ-ი. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დაზარალებულის განმარტებით, ბ. კ-ას ქმედებით მას მიადგა 105 000 აშშ დოლარის ზიანი.

3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა მ. მ-. მანვე განმარტა, რომ მინდობილობის საფუძველზე, იგი ბ. კ-ას, როგორც მის მინდობილ პირს, უფლებას აძლევდა, მისი კუთვნილი უძრავი ქონება გადაეფორმებინა ხ. ჰ-ს სახელზე. სხვა უფლებამოსილება მისთვის არ მიუნიჭებია.

4. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა – ჰ. ჯ-მა – განმარტა, რომ ხ. ჰ- და მ. მ- მისი დახმარებით შეიძინეს ბინა თ---–--–ი, წ------ს გზატკეცილზე. ხ. ჰ- ი----–ი წასვლის წინ ბინის გასაღები მას დაუტოვა, რათა პერიოდულად შეემოწმებინა ბინა. ასეც იქცეოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ხ. ჰ- სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აპირებდა თ---–--–ი ჩამოსვლას და სთხოვა ბინის მოწესრიგება. იგი მივიდა ბინაში, მაგრამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კარის გაღება ვეღარ შეძლო. ბინის საკადასტრო კოდის გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ მითითებული ბინა ვინმე ს-----ს სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე ფიქსირდებოდა ბ. კ-ას სახელი, რომელზეც ხ. ჰ- უთხრა, რომ მის სახელზე გაცემული ჰქონდა მინდობილობა, რომლითაც ბ. კ-ა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბ. კ-ას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ ხ. ჰ-სა და მ. მ-ს თანასაკუთრებაში არსებული ბინა გადაფორმებულიყო ხ. ჰ-ს სახელზე. სხვა უფლებამოსილება ბ. კ-ასთვის არ მიუნიჭებია. ამასთან, ბინის გასაღები, მის გარდა, სხვა პირს არ ჰქონია.

5. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა – პ. ფ-მა – განმარტა, რომ, დაახლოებით, 2017 წელს, ი. ი. რესპუბლიკიდან ჩამოვიდა თ---–--–ი, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. იგი პენსიონერია და საქართველოში რაიმე ბიზნესი არ ჰქონია. საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაში მის ოჯახს დაეხმარა ბ. კ-ა, რის გამოც, მის მიმართ გაუჩნდა ნდობა და ჩამოუყალიბდა კარგი ურთიერთობა. 2021 წლის დეკემბერში, მას დაუკავშირდა ბ. კ-ა, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის კომპანიის დაფუძნებას და შესთავაზა მასთან კონსულტანტად მუშაობა. თანხმობის მიღების შემდეგ, ბ. კ-ამ იუსტიციის სახლში მას რაღაც ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე მოაწერინა ხელი. როგორც ახსოვს, მხოლოდ ერთი დოკუმენტი იყო სპარსულ ენაზე, თუმცა ხელი მასაც წაუკითხავად მოაწერა. აღნიშნულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ბ. კ-ამ და ინგლისური ენის თარჯიმანმაც, თუმცა ამ უკანასკნელს მისთვის არაფერი უთარგმნია. ბ. კ-ას თხოვნით, დოკუმენტებზე ხელმოსაწერად იგი ორჯერ მივიდა იუსტიციის სახლში. მან მეორე შემთხვევაშიც არ იცოდა, რა დოკუმენტს აწერდა ხელს. ამ საქმიანობისთვის ბ. კ-ამ 500 აშშ დოლარი გადაუხადა. შემდეგ იგი დაიბარეს პოლიციაში, რა დროსაც შეიტყო, რომ ხსენებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერით, მას ბ. კ-ასთან ერთად დაურეგისტრირებია კომპანია, ასევე – გარკვეული უძრავი ქონება ჰქონდა ნაყიდი და გაყიდული, რაც მისთვის გამაოგნებელი იყო. იგი ადასტურებს, რომ ბანკში ჩარიცხული აქვს 3000 ლარი, კერძოდ, ბ. კ-ამ ერთ დღეს უთხრა, რომ შემოსავლების სამსახურში უნდა ჩაერიცხათ თანხა, რადგან ბინა გაყიდა, ხოლო მას იმიტომ არიცხვინებდა, რომ ნაკლები პროცენტი გადაეხადა ბანკისთვის. მოწმის განმარტებით, იგი არ იცნობს ხ. ჰ-ს.

6. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – მ. ფ-მა – განმარტა, რომ არის პ. ფ-ის შვილი. დაახლოებით, 7 წელია, რაც საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრებთან ერთად. ამჟამად ცხოვრობს თ---–--–ი. იგი იცნობს ბ. კ-ას, რომელიც მის ოჯახს მნიშვნელოვნად დაეხმარა ბინადრობის ნებართვის მიღებაში. შედეგად, მასთან ჩამოუყალიბდათ კარგი ურთიერთობა და ნდობა, რის გამოც, ვისაც ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით დახმარება დასჭირდებოდა, პ. ფ-ი ბ. კ-ას აკავშირებდა. შესაბამისად, ბ. კ-ა პ. ფ-ის ნდობით სარგებლობდა. ამასთან, ვინაიდან პ. ფ-მა არ იცის ქართული ან ინგლისური ენები, იუსტიციის სახლში ყოველთვის ბ. კ-ა ეხმარებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ბ. კ-ამ პ. ფ-ს შესთავაზა თავის კომპანიაში დასაქმება კონსულტანტის პოზიციაზე, რაზეც პ. ფ-ი დასთანხმდა. მოწმემ მამისგან იცის, რომ იგი ბ. კ-ას მიერ მიტანილ დოკუმენტებს ხელს წაუკითხავად, მისდამი არსებული ნდობის საფუძველზე, აწერდა. ხელის მოწერაში პ. ფ-ი გარკვეულ თანხას იღებდა, თუმცა ზუსტი ოდენობა არ იცის. პ. ფ-ს წ--ს ქუჩაზე უძრავი ქონება არ ჰქონია.

7. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ნ. ფ-მა – განმარტა, რომ არის პ. ფ-ის შვილი. დაახლოებით, 7 წლის წინ, ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. იგი მამამისის ყველა მეგობარს იცნობს, თუმცა ხ. ჰ-ს – არა. იგი იცნობს ბ. კ-ას, რომელიც ბინადრობის მოპოვების საკითხებთან დაკავშირებით, მის ოჯახს დაეხმარა, რის შემდეგაც იგი სარგებლობდა პ. ფ-ის ნდობით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბ. კ-ამ მამამისის ნდობით ბოროტად ისარგებლა და მისი სახელით გაყიდა ბინა, რაზეც უთხრა, რომ ეს სჭირდებოდა ნაკლები გადასახადისთვის. ხსენებული ბინა მდებარეობდა ბაგების გზატკეცილზე და ეკუთვნოდა ხ. ჰ-ს. რეალურად, მამამისი ბ. კ-ას არ დახმარებია, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე პ. ფ-მა წაკითხვის გარეშე, ნდობის საფუძველზე, მოაწერა ხელი. იგი უშუალოდ არ დასწრებია დოკუმენტებზე ხელმოწერას, აღნიშნულ ინფორმაციას მამისგან ფლობს.

8. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ნ. თ-მა – განმარტა, რომ არის სპარსული ენის თარჯიმანი. იგი იცნობს ბ. კ-ას, რომელიც მას ხშირად უგზავნიდა დოკუმენტებს სათარგმნად. ერთ-ერთი გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, ბ. კ-ა იყო მინდობილი პირი (თავად ამ მიზეზით ვერ იქნებოდა თარჯიმანი), ამიტომ მან თარგმნა მინდობილობა, გადაწყვეტილება, კრების ოქმი (ეხებოდა უძრავი ქონების გაყიდვას) და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლებიც პირადად დაამოწმა ნოტარიულად და შემდეგ გაჰყვა ბ. კ-ას საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად. ბ. კ-ა მას ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა სათარგმნ დოკუმენტებს, ხოლო თვითონ ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები ხელზე მიჰქონდა იუსტიციის სახლში, ბ. კ-ასთვის ხელმოსაწერად. მოცემულ შემთხვევაში, ბ. კ-ასთვის ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტების მიტანისას, იუსტიციის სახლთან მას დახვდნენ ბ. კ-ა და მარწმუნებელი – პ. ფ-ი. მას პ. ფ-ისთვის ადგილზე არ გაუცნია ნათარგმნი დოკუმენტების შინაარსი. ზოგადად, იუსტიციის სახლში ოპერატორის წინაშე არ ხდება ამ დოკუმენტების წაკითხვა.

9. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, 2022 წლის 17 იანვრით დათარიღებულ სს „თ-----------ს“ №1-----------2 იპოთეკის ხელშეკრულებაზე, შპს „ჯ--------–-----ის“ წესდებაზე, 2021 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ E-------- განცხადებაზე და თანდართულ შპს „ვ---------“-ის წესდებაზე, 2021 წლის 23 ივნისით დათარიღებულ №-------- (№------------) განცხადებაზე და მასზე დართულ 2021 წლის 23 ივნისით დათარიღებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, 2021 წლის 23 ივნისით დათარიღებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, 2021 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ შპს „ჯ--ის“ /ს.კ.4--------/ კრების ოქმზე, 2022 წლის 17 იანვრით დათარიღებულ №2------- (№8-----------) განცხადებაზე და მასზე დართულ 2022 წლის 17 იანვრით დათარიღებულ სს „თ-----------ს“ №1-----------2 იპოთეკის ხელშეკრულებაზე (№1 ცხრილში რიგითი ნომრებით 1-9) ბ. კ-ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის – ბ. კ-ას – მიერ.

10. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა – თ. კ-.

11. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (პრეიუდიცია) დასტურდება, რომ 2021 წლის 2 დეკემბერს, იუსტიციის სახლში ბ. კ-ამ, როგორც ხ. ჰ-ს მინდობილმა პირმა და პ. ფ-მა დაარეგისტრირეს შპს „ჯ--ი“ (ს.ნ. 4--------; გამოყენებული იქნა ხ. ჰ-ს მიერ გამოგზავნილი მინდობილობა). შპს „ჯ--ის“ დირექტორად დარეგისტრირდა პ. ფ-ი, ხოლო წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: პ. ფ-ი – 95% და ხ. ჰ- – 5%. ბ. კ-ამ შეადგინა კომპანიის წესდება, რომლის 3.7. პუნქტის მიხედვით, „საწესდებო კაპიტალის 75%-ზე მეტის მფლობელი პარტნიორი ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, კრების მოწვევის გარეშე (მათ შორის, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, წესდებაში ცვლილების შეტანა, ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, შერწყმა/გაყოფა)“. 2021 წლის 9 დეკემბერს, შპს „ჯ--------–-----ის“ კრების ოქმის საფუძველზე, ბ. კ-ამ, როგორც ხ. ჰ-ს მინდობილმა პირმა (2021 წლის 6 ივნისს გაცემული მინდობილობით), უძრავი ქონება (მდებარე: თ----, საერთო ფართი 74,70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: -------) უსასყიდლოდ გააფორმა შპს „ჯ---ის“ საკუთრებად, რასაც ასევე ესწრებოდა შპს „ჯ-ის“ პარტნიორი – პ. ფ-ი.

12. ნასყიდობის ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ 2022 წლის 17 იანვარს, შპს „ჯ--ის“ საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება (მდებარე: თ---–---, წ------ს გზატკეცილი --------, საერთო ფართი 74,70 კვ.მ., საკადასტრო კოდი:----------) ბ. კ-ამ გადააფორმა პ. ფ-ის სახელზე, იმავე დღეს კი, პ. ფ-ის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ს. მ-ის სახელზე, 184 650 ლარის სანაცვლოდ.

13. ს. მ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (პრეიუდიცია), მისი და – მ. მ-ე – 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, ცხოვრობდა ი----–--ში და აპირებდა ბინის შეძენას თ---–--–ი, რაშიც ეხმარებოდა. მ. მ-ემ უთხრა, რომ შესაძენი ბინა შეარჩევინა მაკლერმა – დ. ჯ-მა. როგორც დადგინდა, ბინა იყო ი------ მოქალაქის – პ. ფ-ის და მდებარეობდა წ------ს ქუჩაზე, საკადასტრო კოდით: ----------. ვინაიდან მ. მ-ეს საბანკო რეგულაციების გამო, პრობლემები ჰქონდა, კრედიტის აღებაში დაეხმარა დეიდაშვილი, იმ დროს ასევე ი--ში მცხოვრები, შ. ფ-–ი. მას შემდეგ, რაც ბანკმა კრედიტი გასცა, ის, დ. ჯ-ი და მ. მ-ის შვილი – დ. ხ-ე – 2022 წლის 17 იანვარს მივიდნენ ჯერ ნოტარიუსთან, შემდეგ კი – თ---–--–ი მდებარე სს „თ---ს“ ერთ-ერთ ფილიალში. დაახლოებით, 14:00-15:00 საათზე, იქვე მივიდა ფ--- ქართველი, რომელსაც, როგორც შეატყო, დ. ჯ-ი ადრეც იცნობდა. მის შეკითხვაზე დ. ჯ-მა უპასუხა, რომ ეს იყო ფ----–- ქართველი, რომელიც ეხმარებოდა ი------ მოქალაქეებს მსგავსი საქმეების მოგვარებაში. ბანკთან ურთიერთობას წარმართავდა დ. ჯ-ი. მას ეძახდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელმოწერა იყო საჭირო, რადგან დოკუმენტები გაფორმდა მის სახელზე. შესაბამისად, მან, როგორც შ. ფ-ის წარმომადგენელმა, ხსენებული ბინის ღირებულება სრულად გადასცა უშუალოდ ამ ფერეიდნელ ქართველს. ამის შემდეგ ეს ფ-- ქართველი წავიდა პ. ფ-ისკენ, დადგა მისგან ზურგით და მისი ვარაუდით, თანხა მას გადასცა. პ. ფ-მა თანხა სად წაიღო, არ იცის. ამ ფაქტს ესწრებოდნენ დ. ჯ-ი და დ. ხ-ე, თარჯიმანი იყო თუ არა, არ ახსოვს. ამის შემდეგ, მასსა და პ. ფ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც თარჯიმანიც ესწრებოდა და ამავე ხელშეკრულებით დადასტურდა, რომ პ. ფ-მა თანხა მიიღო.

14. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამოკითხვისას მოწმე დ. ხ-ემ (პრეიუდიცია). მისი გამოკითხვის ოქმის თანახმად, ს. მ-ემ მთლიანი თანხა გადასცა პირს, რომელიც მას და ბიძამისს – ს. მ-ეს, მაკლერმა – დ. ჯ-მა გააცნო ი-–ების იურისტად. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი მივიდა პ. ფ-თან, ამ დროს მას ხელში ეკავა კონვერტი, რომელშიც იდო თანხა, გახსნა კონვერტი და თანხის ნაწილი ამოიღო. იმ მომენტში ისინი ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ. თავად გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად. შესაბამისად, შემდეგ რა მოხდა, არ იცის.

15. მსგავსი ფაქტებია ასახული მოწმე დ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმში (პრეიუდიცია).

16. ბ. კ-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლიდან მუშაობს სპარსული ენის თარჯიმნად. მას, ძირითადად, ი. ი. რესპუბლიკის მოქალაქეები მიმართავდნენ თარგმნისა და საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. სამსახურებრივი საქმიანობისას გაიცნო ხ. ჰ-, რომელსაც უთარგმნიდა დოკუმენტებს. ხ. ჰ- ი-------ან დაურეკა და უთხრა, რომ ის და მისი ბიზნეს-პარტნიორი – მ. მ- – შეთანხმდნენ თანასაკუთრებაში არსებული ქონების მის სახელზე გადაფორმებაზე, რისთვისაც საქართველოში გადმოუგზავნა მინდობილობა. სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის თანახმად, ხ. ჰ-ს და მ. მ-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უნდა გადაფორმებულიყო მხოლოდ ხ. ჰ-ს სახელზე. ტექსტი შედგენილი იყო მთლიანად ხ. ჰ-ს მიერ. მინდობილობით ჩამოყალიბებული იყო ორი საკითხი. პირველი ქონების გადაფორმებას ეხებოდა, ხოლო მეორე – კომპანიის დაარსებას. მან შეასრულა და თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში გადააფორმა ხ. ჰ-ს სახელზე. მინდობილობის მიხედვით, ორივე პირის მინდობილი პირი თვითონ იყო. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, მან ასევე დააფუძნა კომპანია „ჯ----ი“. კომპანია დაარსდა ხ. ჰ-ს და პ. ფ-ის სახელზე. კომპანიის წესდება დარეგისტრირდა, შემდეგ კი, ხ. ჰ-ს დავალებით, კომპანიის კაპიტალში შევიდა ქონება. წესდების მიხედვით, კომპანიაში ქონების 95%-ის წილის მფლობელი იყო პ. ფ-ი, ხოლო 5%-ის მფლობელი – ხ. ჰ-. ბ. კ-ას განმარტებით, იგი პერიოდულად იღებდა დავალებებს, კერძოდ, მას დაავალეს, რომ გაეყიდა კომპანიის სახელზე არსებული ბინა. ბოლოს, მათ გაყიდეს ქონება და პ. ფ-მა მომსახურებისთვის ჩაურიცხა 1000 აშშ დოლარი „თ--ს“ ანგარიშზე. მართალია, ბევრი რამ უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ არ ინტერესდებოდა დეტალებით. პ. ფ-ის სახელზე კომპანიის ბინის გადაფორმების შემდეგ, პ. ფ-მა მალევე გაყიდა ქონება. როდესაც პ. ფ-ი საკუთარ სახელზე იფორმებდა კომპანიის ქონებას, მან ჰკითხა, თუ რატომ აკეთებდა ამას, რაზეც პ. ფ-მა უპასუხა, რომ სჭირდებოდა იპოთეკური სესხის ასაღებად. იგი გაჰყვა პ. ფ-ს ბანკში, სადაც ს. მ-ეზე გასხვისებული ბინის შედეგად აღებული თანხა დაითვალა, რომელიც იყო, დაახლოებით, 60 000 აშშ დოლარი და გადასცა პ. ფ-ს. ამ უკანასკნელმა ეს თანხა ასევე დაითვალა მის ავტომანქანაში. თანხის გადაცემას ესწრებოდა თარჯიმანი ნ. თ-იც. მოგვიანებით, ხ. ჰ- მას უთხრა, რომ საჩივრის დაწერას აპირებდა პ. ფ-ის წინააღმდეგ და სთხოვა, რომ მხარი დაეჭირა, რასაც იგი არ დაეთანხმა, რადგან ამ საკითხს სერიოზულად არ უყურებდა, ვინაიდან გაუგებრობები ხშირია პარტნიორებს შორის.

17. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისთვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება – ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა – გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმითაც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავეს ქონება გადაეცემა ნებაყოფლობით, თვით მოტყუებული მესაკუთრის/მფლობელის მიერ.

18. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი, უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. ამდენად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არალეგალური, დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს.

19. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ამავე შენიშვნის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი, 50 000 ლარის ზევით.

20. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაზარალებულისა და ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან და განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან თანხვდენილია. ჩვენების მიცემისას ხ. ჰ- და მ. მ- დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ჰყვებოდნენ ბ. კ-ასთან ურთიერთობის დეტალებს. საქმის არსებითი განხილვისას, მათი ან სხვა რომელიმე მოწმის მხრიდან, ბ. კ-ას მიმართ პირადი დაინტერესება, ნეგატიური სუბიექტური დამოკიდებულება ან დანაშაულის დაბრალების რაიმე პირადი მოტივი არ გამოკვეთილა. შესაბამისად, მათი ჩვენებების სანდოობა ობიექტური დამკვირვებლის თვალში რაიმე ეჭვს არ წარმოშობს.

21. სასამართლოს წინაშე ხ. ჰ- და მ. მ- დეტალურად განმარტეს, რამ განაპირობა ბ. კ-ას მიმართ ნდობის ჩამოყალიბება. სწორედ ნდობის ფაქტორმა განაპირობა ბ. კ-ას ნათქვამის დაჯერება და, მისი რჩევების შესაბამისად მოქმედება (ისინი ბ. კ-ას მიერ შედგენილ დოკუმენტებს ყოველგვარი გადამოწმების გარეშე აწერდნენ ხელს). მართალია, ბ. კ-ას მიერ გაგზავნილი ტექსტის შესაბამისად, მინდობილობა შედგა . ი… რესპუბლიკაში, ხ. ჰ-სთვის გასაგებ სპარსულ ენაზე, თუმცა მშობლიურ ან გასაგებ ენაზე შედგენილი მინდობილობის ხელმოწერა პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის უპირობოდ შეცნობას არ გულისხმობს. ჰქონდა თუ არა პირს კონკრეტული დოკუმენტის ხელმოწერისას მისი შინაარსი შეცნობილი, უნდა დადასტურდეს მტკიცებულებებით.

22. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, გარდა ბ. კ-ას ჩვენებისა, ადასტურებს, რომ ხ. ჰ-ს მინდობილობის გაცემისას არ ჰქონდა შეცნობილი დოკუმენტის შინაარსი (მან იცოდა, რომ ბ. კ-ას მიერ შედგენილი მინდობილობით, მას ანიჭებდა მხოლოდ მ. მ-ს კუთვნილი ქონებრივი წილის ხ. ჰ-ზე მიყიდვის უფლებას. ბ. კ-ას თქმით, ბინის მის სახელზე აღრიცხვა გაუადვილებდა ბინადრობის ნებართვის მოპოვებას). წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ დაეთანხმებოდა ისეთი კომპანიის დაარსებას, რომელშიც მხოლოდ 5% წილი ექნებოდა, ხოლო 95% წილის მფლობელი მისთვის უცნობი პირი იქნებოდა. ასევე, არ დაეთანხმებოდა სარგებლის მიღების გარეშე, კუთვნილი უძრავი ქონების აღნიშნული კომპანიის საკუთრებად აღრიცხვას, შემდეგ კი – მის გასხვისებას. ბ. კ-ას მიერ შედგენილი გენერალური მინდობილობის დადასტურების და შემდგომში, მსჯავრდებულის აქტიური მოქმედებების შედეგად, ხ. ჰ- ფაქტობრივად სარგებლის მიუღებლად მთლიანად დაკარგა დიდი ოდენობის ღირებულების კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული მოქმედება, ბ. კ-ას მხრიდან წარმოადგენს მოტყუებასა და ნდობის ბოროტად გამოყენებას.

23. იგივე შეიძლება ითქვას მოწმე პ. ფ-ზეც. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბ. კ-ამ ისარგებლა მისი უპირობო ნდობით და, შედეგად, ხელი წაუკითხავად მოაწერინა მისთვის საჭირო დოკუმენტებზე. ფაქტს, რომ პ. ფ-ს ნამდვილად არ ჰქონდა შეცნობილი მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების შინაარსი, მისი ჩვენების გარდა, ადასტურებს თარჯიმან ნ. თ-ის ჩვენებაც, რომლის თანახმად, მან ბ. კ-ას მიერ წინასწარ გაგზავნილი, ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტები მიიტანა იუსტიციის სახლში, სადაც პ. ფ-ი არ გაცნობია დოკუმენტების შინაარსს. ობიექტური დამკვირვებლისთვის საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებული ხ. ჰ- და მოწმემ პ. ფ-ი არ იცნობდნენ ერთმანეთს. აღნიშნული ფაქტის შესახებ სასამართლოს არაერთმა მოწმემ განუცხადა, საპირისპიროდ ამისა კი, მტკიცებულება, რომელიც ხ. ჰ-სა და პ. ფ-ის რაიმე სახის ურთიერთობას დაადასტურებდა, არ წარმოდგენილა.

24. კასატორის მტკიცებით, დაზარალებულის კუთვნილი ქონების რეალიზაციის შედეგად, თანხა პ. ფ-მა მიიღო. რეალურად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი არ დადასტურებულა. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ს. მ-ის, დ. ჯ-ის და დ. ხ-ის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დგინდება, რომ ბინის საფასური გადასცეს ბ. კ-ას. ს. მ-ემ ვერ დააკონკრეტა, გადასცა თუ არა თანხა ბ. კ-ამ პ. ფ-ს, დ. ხ-ის განმარტებით კი, ბ. კ-ა მივიდა პ. ფ-თან, გახსნა კონვერტი, რომელშიც იდო თანხა და მისი ნაწილი ამოიღო. აღნიშნული მტკიცებულებები სრულად შეესაბამება პ. ფ-ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, მან იცოდა, რომ მუშაობდა ბ. კ-ას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის კომპანიაში. ბ. კ-ამ მას წაკითხვის გარეშე, რამდენჯერმე მოაწერინა ხელი რაღაც დოკუმენტებზე. სანაცვლოდ კი, 500 აშშ დოლარი გადაუხადა.

25. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს, შპს „ჯ--ის“ კრების ოქმის საფუძველზე, ბ. კ-ამ, როგორც ხ. ჰ-ს მინდობილმა პირმა (2021 წლის 6 ივნისს გაცემული მინდობილობით) უძრავი ქონება (მდებარე: ----, საერთო ფართი 74,70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ----) უსასყიდლოდ გააფორმა შპს „ჯ---ის“ საკუთრებად, რასაც ასევე ესწრებოდა შპს „ჯ--ის“ პარტნიორი პ. ფ-ი. აღნიშნული ქმედებით, შპს „ჯ-----ის“ საკუთრებასა და ბ. კ-ას ფაქტობრივ მფლობელობაში მოტყუებით გადავიდა ხ. ჰ-ს კუთვნილი უძრავი ქონება, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 245 000 ლარის, დიდი ოდენობით, მატერიალური ზიანი.

26. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების განკარგვა ავტომატურად არ ნიშნავს მის ლეგალიზაციას, რამეთუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ პირის განზრახვა და თანმდევი ქმედებ(ებ)ი მიმართული იყოს უშუალოდ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისაკენ მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებით თაღლითობის მეორე ეპიზოდისგან, რომელსაც სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს, ბ. კ-ამ განიზრახა უკანონოდ მიღებული უძრავი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა და მის მიერვე შედგენილი კომპანიის წესდების საფუძველზე, 2022 წლის 17 იანვარს შპს „ჯ----ის“ საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება (მდებარე: ---------------, საერთო ფართი 74,70 კვ. მ., საკადასტრო კოდი: --) ყალბი (ფიქტიური) ნასყიდობის ხელშეკრულებით, გადააფორმა პ. ფ-ის სახელზე, შემდგომ კი, იმავე დღეს – 2022 წლის 17 იანვარს, ხსენებული უძრავი ქონება პ. ფ-ის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ს. მ-ეზე. შედეგად, ბ. კ-ამ მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 184 650 ლარის, შემოსავალი.

27. ამდენად, ბ. კ-ას ქმედებაში ცალსახად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნები.

· ფ. მ-ის ქონების თაღლითობის ეპიზოდი:

28. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა – ფ. მ-მა – განმარტა, რომ არის ი. ი. რესპუბლიკის მოქალაქე. 2018 წლიდან 2020 წლის 18 სექტემბრამდე, ცხოვრობდა საქართველოში, სადაც მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს – ჯ. ხ-ნის – ჰქონდა სამი საცხოვრებელი ბინა, ორი ავტოსადგომი და ერთი მიწის ნაკვეთი. 2018 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეობის მიღების მიზნით, ჩამოვიდა საქართველოში და თან ჩამოიტანა შვილების – ნ. ხ-ნის, ა. ხ--ნის და რ. ხ-ნის – მინდობილობები. აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, მან თ---–---ს იუსტიციის სახლში გაიცნო სპარსული ენის მცოდნე ბ. კ-ა, რომელიც ეხმარებოდა დოკუმენტების თარგმნასა და სანოტარო დოკუმენტების მოპოვებაში. 2020 წლამდე, მას და მის შვილებს წილობრივად დაურეგისტრირდა სამი უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი სამი – დაახარვეზა საჯარო რეესტრმა. ამის გამო, მან მიმართა ბ. კ-ას, რომელიც შეჰპირდა დახმარებას. ამასთან, განუმარტა, რომ იმისთვის, რათა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ დახარვეზებულიყო, აუცილებელი იყო ინგლისურ ენაზე მოეწერა ხელი. მან ბ. კ-ას უთხრა, რომ ინგლისური საერთოდ არ იცოდა, რის გამოც, ბ. კ-ამ ფურცელზე დაუწერა ინგლისურად სახელი, გვარი და დაავალა, ევარჯიშა იუსტიციის სახლში მისვლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ბ. კ-ას ენდობოდა, შეასრულა მისი დავალება და იუსტიციის სახლში განმეორებით წარდგენილ დოკუმენტებს, ბ. კ-ას მითითებით, ინგლისურად მოაწერა ხელი. რეალურად, დოკუმენტის შინაარსს არ გასცნობია. ბ. კ-ა არწმუნებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და პრობლემა არ შეიქმნებოდა. ბ. კ-ას დახმარებით, დანარჩენი სამი უძრავი ქონება, რომლებსაც ხარვეზი ჰქონდათ, დარეგისტრირდა წილობრივად, თავისი და შვილების საკუთრებად, თანასაკუთრების უფლებით. ამ დროს ის და ბ. კ-ა მარტო იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლში და მათ არავინ ახლდათ. მომდევნო დღეს იგი დაბრუნდა ი----–ი, სადაც, შვილებთან ერთად, აღნიშნა ქონების წარმატებით გადაფორმება. დაახლოებით, ორ კვირაში, მისი შვილის ახლობელმა თ---–---დან აცნობა მის შვილს, რომ მათი ქონება რეგისტრირებული იყო ბ. კ-ას სახელზე. იგი დაუკავშირდა ბ. კ-ას, რომელმაც უარყო ეს ფაქტი. შემდეგ იგი თ---–--–ი დაუკავშირდა სხვა ადვოკატს, რომლისგანაც შეიტყო, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის შემდეგ, ბ. კ-ამ მას მოტყუებით მოაწერინა ხელი ინგლისურენოვან ნასყიდობის ხელშეკრულებებზე, რის საფუძველზეც, თაღლითურად, დაეუფლა მისი და მისი შვილების კუთვნილ ექვსივე უძრავ ქონებას. რეალურად, მას ბ. კ-ასთვის უძრავი ქონება არ მიუყიდია და, სანაცვლოდ, არც თანხა აუღია მისგან. ბ. კ-ას ქმედებებით, მას საერთო ჯამში, 500 000 აშშ დოლარის, ოდენობის მატერიალურ ზიანი მიადგა. მას ბ. კ-ას მიმართ გააჩნია პრეტენზია და ითხოვს ქონების სრულად დაბრუნებას.

29. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ნ. ხ-ნმა – განმარტა, რომ არის ფ. მ-ისა და ჯ. ხ-ნის შვილი. მას ჰყავს და-ძმა. მამამისი – ჯ. ხ-ნი – გარდაიცვალა 2018 წელს. გარდაცვალებამდე მამამისმა ოჯახის დახმარებით, ინვესტიციის ჩადების მიზნით, საქართველოში შეიძინა ექვსი უძრავი ქონება – სამი ბინა, ორი პარკინგი და ერთი მიწის ნაკვეთი. მისი გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობის საკითხების მოგვარების მიზნით, მან და მისმა დედ-მამიშვილებმა მინდობილობა მისცეს ფ. მ-ს. ეს უკანასკნელი ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაფორმების პროცესი, თუმცა სამი უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება შეფერხდა. ამას დაემატა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები. ფ. მ-მა მას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ იუსტიციის სახლში ჰყავდა ნაცნობი, სახელად ბ---, რომელსაც ნაცნობების მეშვეობით შეეძლო ქონების გადაფორმების პროცესის დაჩქარება. ამის გამო, დედამისი ძალიან გახარებული იყო. ბ. კ-ა მას დისტანციურად, ვიდეოკამერით აჩვენებდა თითოეულ დოკუმენტს, რომელთაგან ექვსივე იყო ერთ გვერდიანი. შემდეგ ბ. კ-ამ დედამისს უთხრა, რომ ექვსივე უძრავი ქონება გადაფორმდა მის სახელზე, რის გამოც, ფ. მ-ი იყო ძალიან გახარებული. ამავე პერიოდში მას აინტერესებდა უძრავ ქონებაზე ფასის დადგენა, რის გამოც, თ---–--–ი მის ქართველ მეგობარს – ნ. ა-ს – მისწერა ქონების საკადასტრო კოდები და სთხოვა ფასების დადგენა. ნ. ა-მა საჯარო რეესტრში გადაამოწმა საკადასტრო კოდები და აღმოაჩინა, რომ ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ბ. კ-ა. ამის გამო, ისინი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მათ ერთად დაურეკეს ბ. კ-ას, რომელმაც უარყო აღნიშნული ფაქტი და უთხრა, რომ უძრავი ქონება მათ სახელზე იყო დარეგისტრირებული. ამჟამად აღნიშნული უძრავი ქონების ბედი სამოქალაქო სამართლებრივი წესით უნდა გადაწყდეს. ხელშეკრულების გაფორმებისას დედამისმა იუსტიციის სახლში ინგლისურენოვან დოკუმენტს მოაწერა ხელი, რადგან ბ. კ-ამ დაარწმუნა, რომ, ასეთ შემთხვევაში, მალე დაირეგისტრირებდა ქონებას. რეალურად, დედამისმა ინგლისური საერთოდ არ იცის. ამ ყველაფრის შემდეგ, ბ. კ-ამ მათი ტელეფონები დაბლოკა, უძრავი ქონებები კი, გასაყიდად განათავსა ინტერნეტ საიტზე. ამის გამო, მათ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიება.

30. მსგავსი ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა – ა–--- და რ. ხ-ნებმა.

31. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ნ. ა-მა – განმარტა, რომ 2016 წლისთვის ჰქონდა უძრავი ქონების სააგენტო. მან, შუამავლის მეშვეობით, ი------ მოქალაქე ჯ. ხ-ნის მიჰყიდა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა თ---–--–ი, დიდი დიღომში, რ----ში. ამის შემდეგ, მასთან ჩამოუყალიბდა ნორმალური ურთიერთობა და საქართველოში სხვა ქონების შეძენის მიზნით, მეუღლესა და შვილებთან ერთად, მიდიოდა მასთან ოფისში. ისინი ერთმანეთთან საუბრობდნენ თარჯიმნის ან ნ. ხ-ნის მეშვეობით, რადგან მათგან მან იცოდა ინგლისური. 2019 წლის ბოლოს, ნ. ხ-ნმა მას მისწერა, რომ მამამისი გარდაიცვალა და სურდათ საქართველოში სამკვიდროს მიღება, აინტერესებდა, აუცილებელი იყო თუ არა ადვოკატის აყვანა. მან აუხსნა, რა პროცედურების გავლა იყო საჭირო საქართველოში სამკვიდროს მისაღებად და ადვოკატის აყვანა აუცილებელი არ იყო. შემდეგ ნ--მ მას მიწერა, რომ ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა ფ. მ-ი, რომელიც მივიდა მასთან ოფისში, თუმცა, ვინაიდან მან ინგლისური არ იცოდა, ნ. ხ-ნის დახმარებით, ესაუბრა და გააგზავნა კ--ის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ნ. შ-თან. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ნ. ხ-ნმა უთხრა, რომ სურდა დ--ში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა. მან გადაამოწმა საჯარო რეესტრში აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ქონება გადაფორმებული იყო ბ. კ-ას სახელზე. იგი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ნ. ხ-ნს და უთხრა აღნიშნულის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მან გადაამოწმა ოჯახის სხვა უძრავი ქონებებიც. შედეგად, გაირკვა, რომ ყველა უძრავი ქონება ერთ დღეს იყო გადაფორმებული ბ. კ-ას სახელზე. ხელშეკრულებებზე ფ. მ-ს ხელი ინგლისურ ენაზე ჰქონდა მოწერილი. ვინაიდან საქმე ექვსი უძრავი ქონების ერთდროულად გადაფორმებას ეხებოდა, მან საეჭვოდ მიიჩნია ეს ფაქტი. ფ. მ-მა განუმარტა, რომ ბ. კ-ა იყო სპარსული ენის თარჯიმანი, რომელიც ეხმარებოდა ქონების დარეგისტრირებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი დაუკავშირდა ბ. კ-ას და პირადად შეხვდა, რა დროსაც ბ. კ-ამ მას ჰკითხა, თუ რატომ იყო ასეთი დარწმუნებული, რომ ფ. მ-ს მისგან თანხა არ აეღო. თავის მხრივ, ფ. მ-ი კატეგორიულად უარყოფდა ქონების გაყიდვისა და ფულის აღების ფაქტს. ამის გამო, მან დაუყოვნებლივ მიმართა საჯარო რეესტრს ქონებებზე ყადაღის დადების მოთხოვნით და განუცხადა პოლიციას.

32. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – მ. თ--ემ – განმარტა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა ბინის შეძენა. ინტერნეტსაიტის მეშვეობით მოძებნა ბინა, რომელიც მდებარეობდა ჭ. ა--ში. იგი მივიდა მისამართზე, სადაც დახვდა მაკლერი, რომელმაც გააცნო ბინის მესაკუთრე – ბ. კ-ა. ბინის დათვალიერების შემდეგ გადაწყვიტა მისი შეძენა, რომელსაც ჰქონდა ავტოსადგომიც. ბინა შეიძინა 66 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა მან გადაურიცხა ბ. კ-ას საბანკო ანგარიშზე. ამის შემდეგ, მან შეცვალა ბინის კარის საკეტი და გადავიდა საცხოვრებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო, რომ მის ბინა იყო დაყადაღებული. მან ამის შესახებ დაურეკა ბ. კ-ას, რომელმაც დაამშვიდა და უთხრა, რომ მამამისი იყო ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე, რომელიც ყველაფერს მოაგვარებდა.

33. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ნ. დ-მა – განმარტა, რომ არის ინგლისური ენის თარჯიმანი. დაახლოებით, 2020 წლის სექტემბერში, მას დაუკავშირდა ნაცნობი, სპარსული ენის თარჯიმანი – ბ. კ-ა, რომელმაც სთხოვა ხელშეკრულებების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე. იგი დასთანხმდა და მეორე დღისთვის, მან ბ. კ-ას ქართულიდან ინგლისურ ენაზე უთარგმნა ექვსი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთა მონაცემებიც თავად ბ. კ-ას ჰქონდა შედგენილი. დოკუმენტების ფორმა იყო საჯარო რეესტრის სტანდარტული შაბლონის მიხედვით. ხელშეკრულებების მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი იყო ბ. კ-ა, ხოლო გამყიდველი – ი-–ი ქალბატონი. მეორე დღეს, მან ნათარგმნი ხელშეკრულებები საჯარო რეესტრთან მიაწოდა ბ. კ-ას, რომელიც იმყოფებოდა უცნობ ი. ქალბატონთან ერთად. მათ გადახედეს ხელშეკრულებებს და შევიდნენ ოპერატორთან. ხსენებულ ქალბატონს მისთვის არაფერი უკითხავს და არც რაიმე პრეტენზია გამოუხატავს. თვითონ მხოლოდ მიესალმა და დაემშვიდობა ამ ქალბატონს ინგლისურ ენაზე, სხვა საუბარი მასთან არ ჰქონია. ი------–ი ქალბატონი მხოლოდ ბ. კ-ას ესაუბრებოდა, მათ შორის, იმ დროსაც, როდესაც საჯარო რეესტრის ოპერატორებთან ხელს აწერდნენ. მას ამ ქალბატონის და ბ---ს საუბრის შინაარსი არ გაუგონია. მოწმეს არც ის გადაუმოწმებია, ხსენებულმა ქალბატონმა იცოდა თუ არა ინგლისური ენა. ნათარგმნი ხელშეკრულებები მათ ჩააბარეს საჯარო რეესტრის ოპერატორებს. ოპერატორმა პასპორტით და პირადობის მოწმობებით გადაამოწმა მონაცემები და მოაწერინა ხელი ხელშეკრულებებზე.

34. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ნ. შ-მა – განმარტა, რომ არის ნოტარიუსი. მისი სანოტარო ბიურო მდებარეობს თ-–ი, კ--ის ქუჩის №--ში. 2019 წლის დეკემბერში, მას მიმართა ფ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამ უკანასკნელს ჰქონდა შვილების მინდობილობები და ქართულად ნათარგმნი ი----–ი გაცემული სამკვიდრო მოწმობა. იგი სანოტარო ბიუროში მივიდა სპარსული ენის თარჯიმან ს. ს-თან ერთად, რომლის მეშვეობითაც ამყარებდა კომუნიკაციას. მოწმემ ფ. მ-ს კიდევ რამდენჯერმე შეხვდა, რადგან საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა ქონება. ფ. მ-თან ყოველთვის სპარსული ენის თარჯიმნის დახმარებით ამყარებდა კომუნიკაციას, რადგან ამ უკანასკნელმა სხვა ენა არ იცოდა. ფ. მ-მა ერთხელ თარჯიმნის ნაცვლად მიიყვანა შვილი და უთხრა, რომ მან იცოდა ინგლისური და მისი მეშვეობით ეკონტაქტა.

35. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – ს. ს-მა – განმარტა, რომ არის სპარსული ენის თარჯიმანი და მუშაობს თ-ი, კ--ის ქუჩის №---ში მდებარე თარჯიმანთა ბიუროში. 2019 წელს, მასთან ბიუროში მივიდა ი------ მოქალაქე ფ. მ-ი, რომელსაც სურდა მეუღლის სამკვიდროს გახსნა და სამკვიდრო ქონების მიღება, თავისი და შვილების სახელზე. ამასთან დაკავშირებით მან ფ. მ-ი მიიყვანა კ---ის ქუჩის №--ში მდებარე სანოტარო ბიუროში. იქ ნოტარიუსმა, ნ. შ-მა, განუმარტა საჭირო დოკუმენტების თაობაზე. გარკვეული დოკუმენტები მას ნათარგმნი ჰქონდა, ხოლო დანარჩენი თავად უთარგმნა და ჩააბარებინა ნ. შ-ის სანოტარო ბიუროში. რამდენიმე დღეში ფ. მ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო სამკვიდრო ქონებების გადმოფორმება, თუმცა საჯარო რეესტრში დახარვეზდა დოკუმენტები. მოწმის განმარტებით, ფ. მ-ი სანოტარო ბიუროში ყოფნისას მას ურეკავდა და მისი მეშვეობით ამყარებდა კომუნიკაციას.

36. სასამართლოში დაკითხულმა გამომძიებლებმა – ე-ემ და ნ-ამ – დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

37. პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის სხვა, მათ შორის, წერილობითი მტკიცებულებები.

38. სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ – დ. ა-მა – განმარტა, რომ არის ნოტარიუსი. მან დაამოწმა ფ. მ-ის მიერ, 2020 წლის 17 სექტემბერს, ბ. კ-აზე გაცემული რწმუნებულება/მინდობილობა ქართულ-ინგლისურ ენაზე. აღნიშნული მინდობილობა თავად გასცა მარწმუნებლის კარნახით. მის ბიუროში ბ. კ-ასა და ფ. მ-ის გარდა, მისული იყო ინგლისური ენის თარჯიმანი – ა--ა.

39. ბ. კ-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ფ. მ-ი გაიცნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნულმა პირმა პანდემიის პერიოდში დაურეკა და სთხოვა მეუღლის სამკვიდრო მოწმობის თარგმნა, რაც მეუღლის სახელზე რიცხული ქონების მემკვიდრეობით მისაღებად ესაჭიროებოდა. ექვსიდან ოთხ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო, ხოლო ორს – ავტოსადგომსა და მიწის ნაკვეთს ჰქონდა პრობლემა. ვინაიდან ფ. მ-ი აპირებდა ამ ქონების გაყიდვას, იგი დაინტერესდა ამ ქონებებით და შესთავაზა, რომ 159 000 აშშ დოლარად თავად იყიდიდა მათ, რაზეც თანხმობა მიიღო. იგი იუსტიციის სახლში 14 სექტემბერს მივიდა ფ. მ-სა და თარჯიმან ნ. დ-თან ერთად, სადაც გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებს გარკვევით ეწერა „ნასყიდობის ხელშეკრულება“ და შესრულებული იყო როგორც ქართულ, ასევე – ინგლისურ ენებზე. ნასყიდობის ღირებულება მან ფ. მ-ს გადასცა თავის ოფისში, რეესტრში ხელშეკრულების გაფორმებამდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფ. მ-მა დაურეკა და აღელვებული ხმით სთხოვდა ხელშეკრულების გაუქმებას. შემდეგ შვილს გადასცა ტელეფონი, რომელიც მას მისთვის მიუღებელ რაღაცებს ეუბნებოდა და აბრალებდა. ისინი ფულის დაბრუნებასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მან კატეგორიული უარი უთხრა ფულის დაბრუნებაზე. მან ფ. მ-ის შვილებს აუხსნა, რომ ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა. მოგვიანებით, არაერთი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ხელწერილზე ნამდვილად ფ. მ-ის ხელმოწერა იყო. ის და ფ. მ-ი ერთმანეთთან საუბრობდნენ ინგლისურ და სპარსულ ენებზე. ფ. მ-ი თარჯიმანსა და საჯარო რეესტრის ოპერატორსაც ინგლისურად ესაუბრებოდა.

40. საკასაციო სასამართლო წინა ეპიზოდის მსგავსად, მიიჩნევს, რომ დაზარალებულისა და ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან და განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან თანხვდენილია. ჩვენების მიცემისას ფ. მ-ი დამაჯერებლად და არგუმენტირებულად თხრობდა ბ. კ-ასთან ურთიერთობის დეტალებს. საგულისხმოა, რომ საქმის არსებითი განხილვისას, მისი ან სხვა რომელიმე მოწმის მხრიდან, ბ. კ-ას მიმართ პირადი დაინტერესება, ნეგატიური სუბიექტური დამოკიდებულება ან დანაშაულის დაბრალების რაიმე პირადი მოტივი არ გამოკვეთილა. შესაბამისად, მათი ჩვენებების სანდოობა ობიექტური დამკვირვებლის თვალში რაიმე ეჭვს არ წარმოშობს.

41. დაზარალებულ ფ. მ-ის, მისი შვილების – ნ., ა. და რ. ხ-ნების – ჩვენებებით და საჯარო რეესტრიდან მოპოვებული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ფ. მ-ის მეუღლეს – ჯ. ხ-ნის – საქართველოში გააჩნდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ექვსი უძრავი ქონება. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა. ჯ. ხ-ნის გარდაცვალების შემდეგ, სამი უძრავი ქონება მემკვიდრეებმა დაირეგისტრირეს, ხოლო, დანარჩენი სამი ქონება, 2020 წლის 15 სექტემბერს, ბ. კ-ას დახმარებით, დარეგისტრირდა წილობრივად, ფ. მ-ისა და მისი შვილების საკუთრებად, თანასაკუთრების უფლებით. იმავე დღეს, ინგლისურენოვანი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ბ. კ-ას სახელზე დარეგისტრირდა ხსენებული ექვსივე უძრავი ქონება. მხარეთა შორის სადავოა აღნიშნული უძრავი ქონებების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი.

42. დაზარალებულ ფ. მ-ის განმარტებით, ბ. კ-ამ დაარწმუნა, რომ საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, აუცილებელი იყო ინგლისურენოვან დოკუმენტზე ხელის მოწერა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური საერთოდ არ იცოდა, ბ. კ-ას დავალებით, ივარჯიშა საკუთარი სახელისა და გვარის ინგლისურად დაწერაში და იუსტიციის სახლში ბ. კ-ას მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, მისდამი არსებული ნდობის გათვალისწინებით, ხელი წაუკითხავად მოაწერა. მომდევნო დღეს, იგი დაბრუნდა ი----–ი, სადაც შვილებთან ერთად აღნიშნა ქონების წარმატებით გადაფორმება. დაახლოებით, ორ კვირაში, თ-დან აცნობეს, რომ მათი ქონება რეგისტრირებული იყო ბ. კ-ას სახელზე.

43. საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაზარალებულის ჩვენების შესაბამისად აღწერეს დაზარალებულის შვილებმა, რომელთა მონათხრობი, თავის მხრივ, თანხვდება ნ. ა-ის ჩვენებას.

44. დაცვის მხარის მტკიცებით, დაზარალებულმა, ფ. მ-მა, ბ. კ-ასთან ნებაყოფლობით გააფორმა ექვსი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლისთვისაც აიღო შესაბამისი თანხა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ბ. კ-ას ჩვენების გარდა, სხვა ობიექტური მტკიცებულებით არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ლოგიკურ დასკვნებს ნასყიდობის ხელშეკრულების ინგლისურ ენაზე გაფორმებასთან დაკავშირებით და საეჭვოდ მიიჩნევს ი------– ქალბატონსა და ბ. კ-ას შორის, ხელშეკრულებების ინგლისურად გაფორმებას, მაშინ, როდესაც დაზარალებულის მშობლიური ენა სპარსულია და ბ. კ-აც სპარსული ენის თარჯიმანია. მეტიც, დაზარალებულმა საერთოდ არ იცოდა ინგლისური. ამ ფაქტის შესახებ ფ. მ-მა და სხვა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ იუსტიციის სახლში რეგისტრატორებთან ურთიერთობაში დაზარალებულ ფ. მ-ს ეხმარებოდა ბ. კ-ა, კერძოდ, უთითებდა, როდის და სად უნდა მოეწერა ხელი.

45. დაზარალებულის მიერ ინგლისურის არცოდნა დასტურდება ნოტარიუს ნ. შ-ის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, ფ. მ-თან ყოველთვის სპარსული ენის თარჯიმნის დახმარებით ამყარებდა კომუნიკაციას, რადგან ამ უკანასკნელმა სხვა ენა არ იცოდა. ერთხელ, ფ. მ-მა თარჯიმნის ნაცვლად, მიიყვანა შვილი, რომელმაც იცოდა ინგლისური და უთხრა, რომ მისი მეშვეობით ეკონტაქტა.

46. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ. კ-ამ მოტყუებით დაარწმუნა ფ. მ-ი, რომ გარდაცვლილი მეუღლის სახელზე საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას გადაუფორმებდა. რეალურად, 2020 წლის 15 სექტემბერს, ინგლისურენოვანი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ბ. კ-ა თაღლითურად დაეუფლა ფ. მ-ისა და მისი შვილების კუთვნილ ექვს უძრავ ქონებას, რომელთაგან ერთ-ერთი, მდებარე: თ---–--–ი, ჭ. ა., ფ--, საკადასტრო კოდით: --- – გაასხვისა მ. თ--ის სახელზე. აღნიშნული ქმედებით, ფ. მ-ს მიადგა დიდი ოდენობით, 1 049 491 ლარის, მატერიალური ზიანი.

47. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ბ. კ-ას ქმედება არის სამოქალაქო სამართლებრივი დავის განხილვის საგანი. ზოგადად, თაღლითობისა და სამოქალაქო ურთიერთობის გამიჯვნისას აუცილებელია დადგინდეს გარიგების დადებისას ჰქონდა თუ არა პირს გადაწყვეტილი მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას და შემდეგ, განეკარგა ის საკუთარი სურვილისამებრ. თუ არ არსებობდა მოტყუებისა და სადავო ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, საქმე გვექნება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – თაღლითობასთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. კ-ას დაზარალებულთან ურთიერთობის ყოველი ნაბიჯი მიემართებოდა ამ უკანასკნელის ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლებისკენ, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად, ბ. კ-ასა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობა საწყის ეტაპზევე წარმოადგენდა თაღლითობის კლასიკურ შემთხვევას, რა დროსაც ბ. კ-ა მოქმედებდა ანგარების მოტივით.

48. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, საგრძნობლად აღემატება კანონმდებლის მიერ დიდი ოდენობის ზიანისთვის დაწესებულ მინიმალურ ნიშნულს. შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ ბ. კ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

49. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია – სრულად შეესაბამება ბ. კ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას.

50. ბ. კ-ასთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

51. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად გაწერს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ასეთია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით, არ არსებობს დასახელებული ამნისტიის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

52. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. კ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით, რადგან დაზარალებულის თანხმობის არარსებობის პირობებში, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია (კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით სასჯელის განახევრების შესაძლებლობა) და ამასთან, დასახელებული მუხლი არ ექცევა ამნისტიის ხსენებული კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო დანაშაულებში.

53. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლებით დანიშნულ ნაკლებად მკაცრ სასჯელებს და შედეგად, ბ. კ-ასთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ იცვლება, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩინება). შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი ამგვარ მოცემულობაშიც უნდა აღსრულდეს.

54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატის – თ. კ-ას – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. კ-ას ადვოკატის – თ. კ-ას – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი;

3. ბ. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 6 თვით;

4. ბ. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. მ-სა და ხ. ჰ-ს ქონების ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 5 თვით;

5. ბ. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 5 თვით;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. კ-ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 6 თვით;

7. ბ. კ-ას სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 27 დეკემბრიდან;

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. კ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

9. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

საქმე №486აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი

კ. ბ., №486აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. კ-ას მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბერის განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის საკითხი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, ბ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2022 წლის 27 დეკემბრიდან.

აღნიშულ განაჩენში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა. კერძოდ, არ არის გადაწყვეტილი იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაყადაღებული შემდეგი უძრავი ქონებების საკითხი:

· თ0ში, ჭ. ა0ის გზატკეცილი №0-ში მდებარე, ბ. კ0ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – …;

· თ0ში, ჭ. ა0ის გზატკეცილი №0, ფართი N0, ბინა N-ში მდებარე, მ. თ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ---;

· თ-ში, ბ. კ-ის ქუჩა №- და პ. ა-ის ქუჩა №- (ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსი), სართული -, ბინა -ში მდებარე, ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ---;

· თ-ში, ჭ. ა-ის გზატკეცილი №-, ავტოსადგომი №-, ნიშნული №--ში მდებარე, ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ---;

· თ-ში, ჭ. ა-ის გზატკეცილი №-, ავტოსადგომი №-, ნიშნული №--ში მდებარე, მ. თ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ---;

· თ-ში, ს. დ., რ-ის ქუჩა №-ში მდებარე, ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ---;

· თ-ში, წ-ის გზატკეცილი №-, ბინა №--ში მდებარე, შ. ფ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ---.

სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს და უნდა აღმოიფხვრას, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა: „გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ, დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს შემდეგი აბზაცები:

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 სექტემბრის №-- და 2022 წლის 1 დეკემბრის №-- განჩინებებით:

· ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, ჭ. ა-ის გზატკეცილი №--ში, საკადასტრო კოდით – --) დადებული ყადაღა;

· მ. თ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, ჭ. ა-ის გზატკეცილი №-, ფართი N-, ბინა N-, საკადასტრო კოდით – -) დადებული ყადაღა;

· ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, ბ. კ-ის ქუჩა №- და პ. ა-ის ქუჩა №- (ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსი), სართული -, ბინა --ში მდებარე, საკადასტრო კოდით ---) დადებული ყადაღა;

· ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, ჭ. ა-ის გზატკეცილი №-, ავტოსადგომი №-, ნიშნული №-, საკადასტრო კოდით – -) დადებული ყადაღა;

· მ. თ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი №-, ავტოსადგომი №-, ნიშნული №-, საკადასტრო კოდით – -) დადებული ყადაღა;

· ბ. კ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, ს. დ., როსტევანის ქუჩა №-, საკადასტრო კოდით – --) დადებული ყადაღა.

1.2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 აგვისტოს №- და 2022 წლის 23 ნოემბრის №- განჩინებებით, შორენა ფირანაშვილის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ-ში, წ-ის გზატკეცილი №-, ბინა №-, საკადასტრო კოდით – --) დადებული ყადაღა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე