განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010142225702088883
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №15აგ-25 6 ნოემბერი, 2025 წელი
ს. ბ., №15აგ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჭ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის განაჩენით, ბ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „გ“, „ვ“ „თ“, „ი“ „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2003 წლის თებერვალში მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის განაჩენში:
ბ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის თებერვლის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;
ბ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით – ტუსაღობა 3 თვით; საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის თებერვლის მდგომარეობით) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, ბ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ვადა აეთვალა 2003 წლის 28 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2002 წლის 14 ნოემბრიდან 2003 წლის 12 თებერვლამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება. მსჯავრდებული ბ. ს–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამავე მუხლით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი სხვა, მათ შორის, საბოლოო სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ. ს–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“, „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“, „თ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით. ბ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“, „ო“ ქვეპუნქტებით დანიშნული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
6. 2025 წლის 13 იანვარს, მსჯავრდებულმა ბ. ს–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის N2/4/1365 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი (რომელიც ამ კანონით ახლებურად ჩამოყალიბებული არაერთგზისი დანაშაულის ცნებას არ ავრცელებდა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე), ხოლო, მეორე მხრივ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის N2937–Iს კანონის საფუძველზე, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის დისპოზიცია და მსჯავრდებულისათვის მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ზოგიერთი ქვეპუნქტისთვის გაუქმდა უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ბ. ს–ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი;
ბ. ს–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ს–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ს–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ს–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია);
ბ. ს–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია);
ბ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. მსჯავრდებულ ბ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ჭ–ამ 2025 წლის 20 თებერვალს საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ს–ისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შესაბამისი სანქციის ფარგლებში. 2025 წლის 10 ივლისს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე მომართა მსჯავრდებულმა – ბ. ს–მა.
8.1. ადვოკატის განმარტებით, ბ. ს–ს გადასასინჯი განაჩენით უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ექვსი დამამძიმებელი გარემოების („გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტები) გათვალისწინებით, რომელთა შორის, ყველაზე მძიმე იყო „ო“ ქვეპუნქტი (არაერთგზისობა), რაც სააპელაციო სასამართლომ მსჯავრიდან ამოურიცხა, ხოლო სამი დამამძიმებელი გარემოება („გ“, „თ“ „ლ“ ქვეპუნქტები) შეუსაბამა 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის შესაბამის ნაწილებსა და ქვეპუნქტებს, რომელთათვისაც დანიშნა ცალ-ცალკე სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. ადვოკატის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა და დაესაბუთებინა ამ გარემოებების გავლენა მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ უვადო თავისუფლების აღკვეთაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენი ბ. ს–ისათვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონის (შემდგომში – 2006 წლის 28 აპრილის კანონი) ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების – არაერთგზისობის ამორიცხვის ნაწილში შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის N2/4/1365 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შექმნილ ნორმატიულ სინამდვილეს და ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ბ. ს–ის მიმართ 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის რედაქციის გამოყენების თაობაზე, კერძოდ:
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. ამდენად, ხსენებულ ნორმათა მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი კანონის უკუძალით გამოყენების აუცილებელ წინაპირობას პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება – ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმება ან სასჯელის შემსუბუქება – წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეამოწმოს და იმსჯელოს შუამდგომლობის/საჩივრის ავტორის მიერ მითითებული კანონი რამდენად ამსუბუქებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდგომ მოქმედ რედაქციებს. კერძოდ, საგულისხმოა, რომ 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი არ იყოფოდა ნაწილებად და ყოველგვარი დიფერენცირების გარეშე, ერთი სანქციის ქვეშ აქცევდა ყველა დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ, ხსენებული მუხლის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. 2006 წლის 28 აპრილის კანონით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, კერძოდ, დაიყო შესაბამისი ქვეპუნქტებისაგან შემდგარ სამ ნაწილად და თითოეულ მათგანს განესაზღვრა სათანადო სანქცია.
5. საგულისხმოა, რომ ბ. ს–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ, ბ. ს–ისათვის მსჯავრადშერაცხილი ზოგიერთი დამამძიმებელი გარემოება („გ“, „ლ“, „თ“ ქვეპუნქტები) მოექცა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, რომელთა სანქციამ, მუხლის მანამდე მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, სასჯელად აღარ გაითვალისწინა უვადო თავისუფლების აღკვეთა. სწორედ ამ გარემოების გამო, სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის რედაქცია მიიჩნია უფრო მსუბუქ კანონად, ბ. ს–ისათვის მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „თ“ ქვეპუნქტები გადააკვალიფიცირა მუხლის ახალი რედაქციის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და თითოეულ მათგანს განუსაზღვრა ინდივიდუალური სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო ბ. ს–ისათვის მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ და „ვ“ ქვეპუნქტები (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) შეუსაბამა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი რედაქცია) და განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული თითოეული დამამძიმებელი გარემოების ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანითა (გადაკვალიფიცირებით) და თითოეული ქვეპუნქტისათვის ინდივიდუალური სასჯელის დანიშვნით, შეიქმნა იმაზე მეტი დანაშაულთა ერთობლიობა, ვიდრე მსჯავრდებულს ჩადენილი ჰქონდა, კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი დამოუკიდებელი განზრახი მკვლელობისათვის და საბოლოო სასჯელიც დანაშაულთა ერთობლიობის წესით განესაზღვრა, რაც თავისთავად აუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა, წარმოადგენდა თუ არა ახალი კანონი უფრო მსუბუქ კანონს. მართალია, ზოგიერთი დამამძიმებელი გარემოებისათვის ახალმა, 2006 წლის 28 აპრილის კანონმა სასჯელად აღარ გაითვალისწინა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, ეს გარემოება მსჯავრდებულ ბ. ს–ის სამართლებრივ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს. კერძოდ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი რედაქცია) სხვადასხვა ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოების ერთობლივად არსებობისას, სასჯელი ინიშნება ყველა დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, ყველაზე მძიმე ნაწილის სანქციის ფარგლებში. შესაბამისად, თუ მსჯავრდებულისათვის მსჯავრადშერაცხილ დამამძიმებელ გარემოებებს შევუსაბამებთ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედ რედაქციას, მაშინ მისი ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ეს უკანასკნელი კი სასჯელად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაშინ როდესაც, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია სანქციის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ძველი (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი) რედაქციით გათვალისწინებული სანქცია უფრო მსუბუქია, ვიდრე – ახალი (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი) რედაქციის მე-3 ნაწილისა. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედი რედაქცია) სასჯელის დანიშვნის წესისა (სასჯელი ინიშნება ყველა დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, ყველაზე მძიმე ნაწილის სანქციის ფარგლებში) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ბ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება, მათ შორის, შეესაბამება 2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედების შემდეგ მოქმედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებს (რომლებიც სასჯელად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას), ბ. ს–თან მიმართებით ვერ იქნება გამოყენებული 2006 წლის 28 აპრილის კანონით ახლებურად ჩამოყალიბებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის რედაქცია.
7. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ახალ კანონთან შესაბამოსობაში მოყვანისა და ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაშიც კი, ვერ შეიცვლებოდა ბ. ს–ის მიმართ შეფარდებული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა, რადგან მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განზრახ მკვლელობა, მათ შორის, ისეთ დამამძიმებელ გარემოებებში, როგორიცაა: ანგარება და განსაკუთრებული სისასტიკე, რომელთათვისაც საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ორივე (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ მოქმედი) რედაქცია ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, თუკი მისთვის დანიშნული სასჯელი აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის მაქსიმუმს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულ(ებ)ის მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, სიმძიმეს, ჩადენის გარემოებებს, ხერხსა და საშუალებას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამნაშავის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ. ს–ისათვის შეფარდებული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა სრულად აკმაყოფილებს სასჯელის სამართლიანობისა და პროპორციულობის მოთხოვნას. ხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, ვერც დამამძიმებელი გარემოების – არაერთგზისობის ამორიცხვა იქონიებს გავლენას ბ. ს–ისათვის შეფარდებულ საბოლოო სასჯელსა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ბ. ს–ი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთან ერთად, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის თებერვლის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას არ აისახა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც.
9. რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის შუამდგომლობას ასაკზე აპელირებით (მისი განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენის გამოტანისას იყო 60 წელს გადაცილებული) ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო, მეორე მხრივ, ხსენებული „შუამდგომლობა“ თავისი შინაარსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს, რომლითაც მსჯავრდებული აყალიბებს კონკრეტულ მოთხოვნას კონკრეტულ საფუძველზე მითითებით და ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებას, აღნიშნული საჩივარი კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულია 2025 წლის 10 ივლისს – სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი განხილვის შესაძლებლობას.
10. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჭ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ბ. ს–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებიდან ამოერიცხოს „ო“ ქვეპუნქტი;
4. ბ. ს–ი ცნობილ იქნას დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2006 წლის 28 აპრილის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ვ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა – უვადო თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განჩინებით) საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელები. საბოლოოდ, ბ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა;
6. ბ. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2003 წლის 28 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2002 წლის 14 ნოემბრიდან 2003 წლის 12 თებერვლამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ჭ–ას საკასაციო საჩივარი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე