საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.12.2025
საქმის ნომერი
2კ-626აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007249204

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №626აპ-25 10 დეკემბერი, 2025 წელი

ს–ე ა., №626აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ს–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 338-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის აღება და არამართლზომიერი უპირატესობის მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან (ოთხი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ა. ს–ე 2011 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ხოლო 2019 წლის 22 თებერვლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის №.......... ბრძანების საფუძველზე, მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ–ს მთავარი სამმართველოს ........ის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე და ითვლება მოხელედ.

2023 წლის მარტის თვეში, მოქალაქე ი. რ–მა ა. ს–ეს პირად საუბარში უთხრა, რომ უნდოდა მისთვის საინტერესო, რამდენიმე პირის მონაცემების, კერძოდ, საცხოვრებელი მისამართების დადგენა და არ იცოდა, თუ რა გზით შეიძლებოდა აღნიშნულის გაგება, რაზედაც ა. ს–მ განუცხადა მას, რომ გამომდინარე იქედან, რომ იყო პატრულ-ინსპექტორი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უპრობლემოდ შეეძლო სპეციალური ბაზებიდან ნებისმიერი პირის მისამართის და ტელეფონის ნომრის, ასევე, სხვა ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, რაშიც ქრთამის სახით მოსთხოვა გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რაზედაც მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ.

2023 წლის 17 მარტს, ა. ს–მ ი. რ–ს, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული მოქალაქე ნ. ჭ-ს მონაცემებით, საცხოვრებელი მისამართის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში „.....“ თავისი სამსახურებრივი ავტომანქანის ბორტკომპიუტერით, რომლის IP მისამართია ........, დადგენის სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 100 ლარი, რაც მან ი. რ–ს ჩაარიცხინა ვითომდა თავისი დედის, მოქალაქე ლ. ა–ის კუთვნილ სს „...... ბანკის“ ანგარიშზე.

2023 წლის 20 მარტს, ა. ს–ემ ი. რ–ს, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული მოქალაქე ლ. ს-ს მონაცემებით, საცხოვრებელი მისამართის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში „......“ სამსახურებრივი ავტომანქანის ბორტკომპიუტერით, რომლის IP მისამართია ........., დადგენის და მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ქ. თ–ში ხელზე გამოართვა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით.

2023 წლის 27 მარტს, ა. ს–ემ ი. რ–ს, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული მოქალაქე მ. გ–ის საცხოვრებელი მისამართის, თავისი თანამშრომლის, პატრულ-ინსპექტორ გ. ჯ–ს მეშვეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში „......“ სამსახურებრივი ავტომანქანის ბორტკომპიუტერით, რომლის IP მისამართია ..............., დადგენის სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 200 ლარი, რაც ა. ს–ემ ი. რ–ს ჩაარიცხინა იმავე, ლ. ა–ის კუთვნილ სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე.

2023 წლის 29 მარტს, ა. ს–ემ ი. რ–ს, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული მოქალაქეების - გ. ჯ–ს, მ. მ–სა და მ. ხ–ს საცხოვრებელი მისამართების და ავტომანქანების, თავისი სამსახურებრივი ავტომანქანის ბორტკომპიუტერით, რომლის IP მისამართია ..............., შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზაში „......“ დადგენის სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 300 ლარი, რაც მან ი. რ–ს ჩაარიცხინა იმავე, ლ. ა–ის კუთვნილ სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე.

2023 წლის 14 მარტს, ა. ს–ის სახელზე, შენახვის უფლებით, რეგისტრირებულია „...........“ მარკა-მოდელის №......, 9x19 კალიბრის პისტოლეტი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილი წესის თანახმად, სამსახურებრივი საშტატო იარაღის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ა. ს–ეს, მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, არ ყოფილა გაცემული დროებითი მოწმობა რეგისტრირებული იარაღის გადაადგილების თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, 2023 წლის 3 აპრილს, ქ. თ–ში, ...... ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ს–ეს პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა აღნიშნული №......... პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რაც ამოღებული იქნა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ა. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 20 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 27 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. თ–მ და ა. გ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 4 ივნისს, მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ს–ის მიერ დანაშაულების ჩადენას. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დარღვევით და შესაბამისად, მათ საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებები დაუშვებელია. დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებული არის „აგენტი-პროვოკატორი“ და იგი გამოძიების პირველი ეტაპიდან ცრუობს, რაც წარმოშობს კითხვას, ხომ არ გვაქვს საქმე დანაშაულის პროვოკაციასთან. ამასთან, საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე აძლევს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას და მათი უმრავლესობა არის ერთმანეთთან არსებით წინააღმდეგობაში. განსახილველ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება – ფულადი თანხა არ არის წარმოდგენილი, რადგან აღნიშნული სწრაფი ჩარიცხვის აპარატით მოექცა სამოქალაქო ბრუნვაში. დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ სახეზე არ არის დანაშაულის – ქრთამის – შემადგენლობა, რადგან ფინანსური სარგებელი არავის მიუღია. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტს, დაცვის მხარე განმარტავს, რომ ა. ს–ეს იარაღი ედო მანქანაში დაშლილ მდგომარეობაში და მას პირადი ჩხრეკის შედეგად ვერ ამოიღებდნენ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე გერონტი კახეთელიძე და გამომძიებელი კახი კახეთელიძე არიან ერთმანეთის ახლობლები და ერთი რაიონიდან, რაც მოსამართლის აცილების კანონისმიერი საფუძველია. დაცვის მხარე უთითებს, რომ მსჯავრდებული კონკრეტული მაღალჩინოსნის შურისძიების მსხვერპლია. ამასთან, იგი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაშვებული უნდა იქნეს საკასაციო საჩივარი და ა. ს–ის მიმართ დადგენილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარე ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში წადგენილი ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებას.

4.2. 2025 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

5.4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და რომ სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ა. ს–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი – ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

5.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს და არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია მათში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, თანხვდება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების: ი. რ–ის, დ. თ–ს, ზ. მ–ს, კ. კ–ს, თ. ძ–ს, გ. ჯ–ს, გ. ჯ–ს ჩვენებებსა, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №.......... და ფონოსკოპიური ექსპერტიზის №......... დასკვნებსა, საქართველოს შსს საინფორმაციო ცენტრის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების დათვალიერების ოქმსა, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს უფროსის მოადგილის №..-ს წერილსა, საქართველოს სუს სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სამმართველოს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ........ წერილსა, ბლოკნოტის დათვალიერების ოქმსა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმსა, ა. ს–ისა და ი. რ–ის სატელეფონო საუბრის ჩანაწერისა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსებსა, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილის №..ს წერილსა, საქართველოს სუს სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სამმართველოს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ....... წერილსა, „CD-R“ დისკის დათვალიერების, ასლების გადაღებისა და დისკებზე ჩაწერის ოქმებსა, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებსა და დისკის დათვალიერების ოქმზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს სრულად ავსებენ და ნათლად წარმოაჩენენ ა. ს–ის მიერ ქრთამის აღების ფაქტებს.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ს–ემ ი. რ–ს ქრთამის სახით გამოართვა ფულადი თანხები, რაც ამ უკანასკნელს ჩაარიცხინა ვითომდა დედამისის - ლ. ა–ის „......... ბანკის“ ანგარიშზე, ხოლო ერთ (ლ. ს–ს მონაცემების სანაცვლოდ) შემთხვევაში, გამოართვა ხელზე. რის სანაცვლოდაც მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული ბაზის – ...... მეშვეობით კონკრეტული პირების – ნ. ჭ–ს, მ. გ–ის, გ. ჯ–ს, მ. მ–ს, მ. ხ–ს და ლ. ს–ს შესახებ მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია გადასცა ი. რ–ს.

5.8. აღნიშნულ ფაქტებს მოწმე ი. რ–ის ჩვენების გარდა ადასტურებს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები, კერძოდ: 2023 წლის 12 აპრილის დისკის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად: ბაზაში „......“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს, .........ის სახაზო-საპატრულო სამმართველოს კუთვნილი ბორტკომპიუტერიდან სახელწოდებით „..........“, რომლის IP მისამართია, ............... პატრულ-ინსპექტორ ა. ს–ეს, პ/ნ .........., შემოწმებული ჰყავს: მოქალაქე ნ. ჭ–ე 2023 წლის 17 მარტს სამჯერ 15:26:29, 15:27:06 და 17:12:55 საათზე, ლ. ს–ე 2023 წლის 21 მარტს ორჯერ 08:30:33 და 08:35:27 საათზე, მ. გ–ე 2023 წლის 27 მარტს ერთხელ 15:03:57 საათზე, გ. ჯ–ე 2023 წლის 29 მარტს ერთხელ 16:00:15 საათზე, მ. მ–ი 2023 წლის 29 მარტს ორჯერ 16:05:08 და 17:53:37 საათზე და მ. ხ-ი 2023 წლის 29 მარტს ერთხელ 16:06:31 საათზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისათვის ი. რ–ის მიერ თანხის გადახდა დასტურდება როგორც მოწმე გ. ჯ–ის ჩვენებით, ასევე სს „........... ბანკიდან“ და ა. ს–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული ფარული ჩანაწერებით.

5.9. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი. რ–ი არის აგენტ-პროვოკატორი და მიუთითებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენისათვის, ისინი შემოიფარგლნენ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და მის ფარგლებში – მტკიცებულებების მოძიებით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიცირება, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის არგუმენტს დანაშაულის პროვოკაციის შესახებ.

5.10. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ, შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008).

5.11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ.: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).

5.12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში, სამართლის ნორმების სრული დაცვით შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულბები, სწორად დაადგინა ფაქტები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

5.13. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ს–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ მოწმეების: კ. კ–ს, ე. გ–ს, ნ. ნ–ს, ე. ბ–ს, მ. ა–ს, ლ. გ–ს, გ. უ–ს და დ. უ–ს ჩვენებები, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2023 წლის 3 აპრილის MIA ......... და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2023 წლის 4 აპრილის MIA .......... წერილები, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის №........ და №......... დასკვნები ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს დასკვნისთვის, რომ ა. ს–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „........“ მარკა-მოდელის №.......... პისტოლეტს. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2023 წლის 4 აპრილის MIA.........წერილით კი დადგინდა, რომ ა. ს–ეს იარაღის რეგისტრაციის შემდგომ, იარაღის შენახვის ადგილიდან სხვა ადგილას გადატანის და შენახვის ადგილას დაბრუნების მიზნით, დროებითი ნებართვის გაცემის მოთხოვნით მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

5.14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა ა. ს–ის კუთვნილი პისტოლეტი ამოღებული იქნა მანქანიდან არ დასტურდება მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით დაცვის მხარის პოზიცია კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

5.15. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, ზემოხსენებული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულია როგორც ფაქტები, ასევე მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტი, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას – სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

5.16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში წარმოედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, ასევე თანაბარ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

5.18. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, სააპელაციო პალატის მოსამართლე გ. კ–ს აცილების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი ადგენს, რომ მოსამართლე, ... გამომძიებელი ... ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან. ამავე კოდექსის მე-3 მუხლი კი ამომწურავად ჩამოთვლის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს. კერძოდ, ახლო ნათესავია – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული), ხოლო ოჯახის წევრია – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსამართლე გერონტი კახეთელიძის განსახილველ საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს.

5.19. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის საჩივარს მტკიცებულებათა ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებზე და მოთხოვნას, რომ სასამართლომ მის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნოს, საქმეს დაურთოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნას, დამატებით წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 25 აპრილისა და 2024 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არგუმენტირებულად უპასუხა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, ხოლო 2024 წლის 3 ოქტომბერსა და 10 ოქტომბერს –შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.20. საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა: „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2022 წლის 24 თებერვლის N1053აპ-21, 2021 წლის 18 ნოემბრის N484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 გადაწყვეტილებები).

5.21. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე