განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100123006910433
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №754აპ-25 ქ. თბილისი
ს. მ. 754აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. გ–ისა და მ. ფ–ს საკასაციო საჩივარი.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: მ. ს–ს - პ/ნ ............., - ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
მ. ს–მ 2022 წლის 21 ნოემბერს, ქ. ლ–ში ა. ჯ–ეს უკანონოდ მიასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,016 გრამის შემცველი ხუთი ტაბლეტი. 2022 წლის 21 ნოემბერს შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა. ჯ–ისაგან ამოიღეს ზემოაღნიშნული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის – 0,016 გრამის – შემცველი ხუთი ტაბლეტი.
მ. ს–მ 2022 წლის 1 დეკემბერს, ქ. ლ–ში ა. ჯ–ეს უკანონოდ მიასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,04 გრამის შემცველი ხუთი ტაბლეტი. 2022 წლის 01 დეკემბერს შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა. ჯ–ისაგან ამოიღეს ზემოაღნიშნული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის – 0.04 გრამის – შემცველი ხუთი ტაბლეტი.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აგვისტოს განაჩენით მ. ს– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ორი აბის გასაღების ეპიზოდი) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 1 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ხუთი აბის გასაღების ეპიზოდი) - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბართაგან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობისათვის დადგენილმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.6. მ. ს–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 8 დეკემბრიდან.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აგვისტოს განჩინებით აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა 2023 წლის 27 აგვისტოს მ. ს–ს მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენში და მის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა:
„მ. ს–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 წლით.“
4. სასამართლომ დაადგინა:
მ. ს–მ 2022 წლის 21 ნოემბერს, ქ. ლ–ში ა. ჯ–ეზე უკანონოდ
გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,016 გრამის შემცველი ორი ტაბლეტი. 2022 წლის 21 ნოემბერს შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა. ჯ–ისაგან ამოიღეს ზემოაღნიშნული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,016 გრამის შემცველი ორი ტაბლეტი.
მ. ს–მ 2022 წლის 1 დეკემბერს, ქ. ლ–ში ა. ჯ–ეზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,04 გრამის შემცველი ხუთი ტაბლეტი. 2022 წლის 1 დეკემბერს შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ა. ჯ–ისაგან ამოიღეს ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0.04 გრამის შემცველი ხუთი ტაბლეტი.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. გ–ემ და მ. ფ–მ, რომლებმაც მოითხოვეს:
5.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ა. ჯ–ის დაკითხვა;
5.2. მ. ს–ს მიერ ა. ჯ–ისათვის ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო გადაცემის შესახებ 2022 წლის 1 დეკემბრის ვიდეო-აუდიოჩანაწერის გამოკვლევა;
5.3. გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. გ–ე და მ. ფ– ითხოვენ:
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენის გაუქმებას და მ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ორივე ეპიზოდში;
7.2. გ–ს პოლიციის დეპარტამენტიდან ა. ჯ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის №...... საქმის გამოთხოვას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს.
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ, კასატორები ითხოვენ მ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ ორივე ეპიზოდში; ასევე გ–ს პოლიციის დეპარტამენტიდან ა. ჯ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის №......მასალების გამოთხოვას.
3. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების პოზიცია იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, par. 69, ECtHR, 27/02/2020).
4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001) და იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
5. მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 1 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ხუთი აბის გასაღების ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, სასამართლო მოკლებულია მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კერძოდ,6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: 2022 წლის 30 ნოემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების ამსახველ ჩანაწერს, 2022 წლის 30 ნოემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო-აუდიოჩანაწერს, 2022 წლის 1 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო-აუდიოჩანაწერს, 2022 წლის 1 დეკემბრის ამოღების ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნას, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნას, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნას და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. ს–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2022 წლის 1 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ხუთი აბის გასაღების ეპიზოდი) – დანაშაულის ჩადენა.
7. ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალებების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 7 დეკემბერს მ. ს–ზე გაიცა „ბუპრექსონი“ 4 დოზა, თითოეული 16 მგ, სულ - 64 მგ ოდენობით. დოკუმენტის მოქმედების ვადა - 11.12.2022 წ. (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 55).
7.1. მოწმე მ. ო–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ) იგი მუშაობს ნარკოლოგიისა და ფსიქოსოციალური დახმარების რეაბილიტაციის ცენტრში, შპს „.....“-ში ექიმ ნარკოლოგად. 2020 წლის 21 მარტს ცენტრში აღრიცხვაზე დადგა ლ–ში მცხოვრები მ. ს–. 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის ღებულობდა პრეპარატ „ბუპროქსინს“, რომელიც არის 8 მგ-იანი აბები. მოქმედი კანონმდებლობით პაციენტს უფლება აქვს გაიტანოს 4 დღის პრეპარატი ერთდროულად. ერთი დღის ულუფა, 2 აბი, ილუქება წამლის შუშის ბოთლში. 2022 წლის ნოემბერში მ. ს–მ გაიტანა პრეპარატი სუბოქსინი 01, 07, 13 და 19 რიცხვში, შემდეგ კი 01 და 07 დეკემბერს. ყოველ ჯერზე მ. ს–მ გაიტანა 4 დღის ულუფა, ე.ი. ერთ გატანაზე - 8 აბი, რომლებიც დალუქული იყო მინის 4 ქილაში. მ. ს–ს გატანილი აქვს თავისი ულუფა 11 დეკემბრის ჩათვლით. 12 დეკემბერს კვლავ აქვს ულუფის მიღების უფლება. პრეპარატი „სუბოქსინი“ შეიცავს ორ კომპონენტს – „ნალოქსინს“ და „ბუპრენორფინს“ (იხ.: ტ.2, ს.ფ. 110-113).
8. შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ. ს–ემ სისხლის სამართლის №......საქმეზე სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - „ფარული საკონტროლო შესყიდვის“ – ჩატარების მიზნით 2022 წლის 26 ნოემბერს მიიღო ფულადი თანხა – 200 ლარი (10 ცალი 20 ლარიანი კუპიურა (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 157), რომელიც 2022 წლის 30 ნოემბერს გადასცა ა. ჯ–ეს (იხ.: ტ.2, ს.ფ.160).
9. ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების – ამსახველი აუდიოჩანაწერის თანახმად, 2022 წლის 30 ნოემბერს, 10:16-10:18 საათზე ა. ჯ–ე მ. ს–ს უთანხმდება თანხის გადაცემაზე, ხოლო მ. ს– უხსნის შეხვედრის ადგილის ადგილმდებარეობას და ეუბნება, რომ „ფიქრობს რომ მომდევნო დღისთვის იქნება, ხვალისთვის დაჰპირდნენ და დღეს (30 ნოემბერს) არაფერი იქნება“. იმავე დღეს, მოგვიანებით, 10:42-10:43 სთ-ზე ა. ჯ–ე კვლავ უკავშირდება მ. ს–ს, ატყობინებს გადაადგილების მარშრუტს, მ. ს– კი უთანხმებს გაჩერების ადგილს (გ–ის გადასახვევთან).
10. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს ლ–ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ–ში 10:51 სთ-დან 11:22 სთ-მდე დროის მონაკვეთში ა. ჯ–ე ხვდება მ. ს–ს, საუბრობენ და ა. ჯ–ე აწვდის ფულს მ. ს–ს, – რაზეც იგი ეუბნება დაწიოს ხელი, რადგან არ უნდა ვინმემ დაინახოს, შემდეგ მ. ს– ითვლის ფულს (ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ მ. ს– ითვლის კუპიურებს (..ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი (ა. ჯ–ისათვის გადაცემული იყო 10 ცალი 20 ლარიანი კუპიურა)) და კვლავ აგრძელებენ საუბარს. ა. ჯ–ე უთანხმდება მ. ს–ს, 1 დეკემბერს, სამ საათზე, ლ–ში შეხვედრაზე დარეკვის გარეშე.
10.1. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე მ. ს–ს ხმა ერთმანეთის იდენტურია (იხ.: ტ.3, ს.ფ. 9-19). ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ექსპერტებმა – დ. გ–მა და მ. ო–მა.
11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო-აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ 2022 წლის 1 დეკემბერს ლ–ის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:49 სთ-დან 15:05 სთ-მდე დროის მონაკვეთში ა. ჯ–ე ხვდება მ. ს–ს. ა. ჯ–ე ჯდება მ. ს–ს ავტომანქანაში. მ. ს– ა. ჯ–ეს გადასცემს რაღაც ნივთს და ეუბნება, რომ ერთი უნდა ყოფილიყო „პირით გამოტანილი“, მაგრამ არცერთი არაა „პირით გამოტანილი“.
ა. ჯ–ე ეკითხება: – ხუთს ხომ მაძლევ ახლა?
მ. ს–: – ხო.
ა. ჯ–ე: – 200 ლარს.
მ. ს–: – გავრასხოდდით ჩვენ.
ა. ჯ–ე: – არა, ზედმეტს ხომ არ მაძლევ-თქო.
მ. ს–: – ზედმეტს არ გაძლევ, ერთი ხომ გქონდა ჩარჩენილი?
ა. ჯ–ე: – ხო, ხო ეგ არ მახსოვდა.. (ა. ჯ–ეს ხელში უჭირავს გამჭირვალე პარკში ჩაწყობილი ტაბლეტები).
ისინი კვლავ აგრძელებენ საუბარს მომავალში ნარკოტიკული საშუალებების შეძენის შესახებ, თანხმდებიან თარიღებზე, რადგან ტელეფონით აღნიშნულზე საუბარი არ სურთ, რის შემდეგაც ემშვიდობებიან ერთმანეთს.
11.1. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული იერსახის გამოსახულება იდენტურია ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული მ. ს–ს იერსახის გამოსახულების (იხ.: ტ.3, ს.ფ. 22-34).
11.1.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ე. ყ–ემ.
11.2. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე მ. ს–ს ხმა ერთმანეთის იდენტურია(იხ.: ტ.3, ს.ფ. 9-19).
11.2.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს, მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტებმა: დ. გ–მა და მ. ო–მა.
12. უსაფუძვლობის გამო საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული 2022 წლის 1 დეკემბრის ვიდეოჩანაწერი იმდენად უხარისხოა, რომ შეუძლებელია მისი გამოყენება მ. ს–ს მიერ ა. ჯ–ეზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნასა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნას. ასევე იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ვიდეოჩანაწერის უხარისხობას (მათ შორის, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა). სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
12.1. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში (მაგ., ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაში).
13. 2022 წლის 1 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, 2022 წლის 1 დეკემბერს, 18:56-19:10 საათზე, შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ მ. ს–ის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ. ხ–ის და ექსპერტ ნ. გ–ის მონაწილეობით, ზემოაღნიშნული დეპარტამენტის შენობაში, ა. ჯ–ისგან ამოღებული იქნა მის მიერ წარდგენილი, მცირე პაკეტში მოთავსებული ხუთი ცალი თეთრი ფერის აბი. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება ადგილზევე დაილუქა სპეცპაკეტში, შტრიხკოდით ..... (იხ.: ტ.1, ს.ფ.168-173).
14. 2022 წლის 2 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა საკვლევი ობიექტის დასალუქად განკუთვნილი პოლიეთილენის პაკეტი, ლუქის ნომრით ..... (მთლიანობა დარღვეული არ არის), რომელშიც აღმოჩნდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული, ერთმანეთის მსგავსი, 5 ცალი მრგვალი ტაბლეტი და ტაბლეტის მცირე ჩამონაფცქვენები, საერთო წონით 1,005 გრამი. ექსპერტიზაზე წარდგენილ 5 ცალ ტაბლეტსა და ტაბლეტის ჩამონაფცქვენებში, საერთო წონით 1,005 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 0,04 გრამს(იხ.: ტ. 1, ს.ფ. 184-187).
14.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა შ. მ–მ.
14.2. შესაბამისად, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოებისას არ იქნა წარმოდგენილი ალტერნატიული ჰაბიტოსკოპიური ან/და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პირი არ არის მ. ს– ან/და ვიდეოჩანაწერი იმდენად უხარისხოა, რომ პირის/ქმედების იდენტიფიცირება შეუძლებელია ან/და ფარულ ვიდეოჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების ან/და მონტაჟის ნიშნები, – არ არსებობს აღნიშნული მტკიცებულების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია ა. ჯ–ის 2022 წლის 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის გამოკითხვის ოქმები (გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების შესაბამისად, და არ წარმოადგენს მ. ს–ს არც ერთადერთ და არც ძირითად გამამტყუნებელ მტკიცებულებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა არც გამოძიებისა და არც სასამართლო წარმოების არცერთ ეტაპზე. შესაბამისად, სასამართლო განაჩენის დადგენისას აღნიშნულ მტკიცებულებას (ა. ჯ–ის გამოკითხვის ოქმები) არ ითვალისწინებს.
16. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3(d) პუნქტი განამტკიცებს პრინციპს, რომლის თანახმად, ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, უნდა იქნეს წარმოდგენილი მისი მონაწილეობით საჯარო სასამართლო სხდომაზე შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დასაშვებია, მაგრამ არ უნდა არღვევდეს დაცვის უფლებებს, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს, რომ ბრალდებულს მიეცეს შესაბამისი და სათანადო შესაძლებლობა, სადავო გახადოს და დაკითხოს მისი მამხილებელი მოწმე, ან ამ მოწმის დაკითხვისას, ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე (იხ. Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par. 103, ECtHR, 15/12/2015; Lucà v. Italy, no. 33354/96, par. 39, ECtHR , 27/02/2001). გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა სასამართლოებს დასჭირდეთ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების გამოყენება“ (Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 112, ECtHR, 29/08/2024). „სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მოწმისგან მიღებული ჩვენება იმ პირობებში, როდესაც დაცვის უფლებები ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმ მოცულობით, როგორც ამას ჩვეულებრივ მოითხოვს კონვენცია, უნდა, შესაბამისად, განხილული იქნეს უკიდურესი სიფრთხილით“ (Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 112, ECtHR, 29/08/2024; ასევე იხ. Visser v. the Netherlands, no. 26668/95, par. 44, ECtHR, 14/02/2002; S.N. v. Sweden, no. 34209/96, par. 53, ECtHR, 2/07/2002). „თითოეულ შემთხვევაში საკითხავია, არსებობს თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის, ზომები, რომლებიც იძლევა ამ მტკიცებულებების სანდოობის სამართლიანად და სათანადოდ შეფასების საშუალებას. აღნიშნულის შედეგად მსჯავრდება დაეფუძნება ასეთ მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკმარისად სანდოა, საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე“ (Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 112, ECtHR, 29/08/2024; ასევე იხ. Al-Khawaja and Tahery, nos. 26766/05 and 22228/06 paras. 147, ECtHR, 15/12/2011).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება – ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, გაასხვისებს/გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირს. ამსრულებლის მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. კანონმდებელი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებისათვის – როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
18. მოცემულ შემთხვევაში, მ. ს–ს ბრალეულობა მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 1 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ხუთი აბის გასაღების ეპიზოდი) – ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი და სარწმუნო ობიექტური მტკიცებულებებით (ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება). მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირ გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს N225აპ-24 განჩინება).
20. ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენში და მ. ს– უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს 2022 წლის 21 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ორი აბის გასაღების ეპიზოდში, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გ–- ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მ. ს–ს მსჯავრდება ემყარება:
22.1. 2022 წლის 21 ნოემბრის ა. ჯ–ის განცხადებას, რომლის თანახმად, 2022 წლის 20 ნოემბერს ქ. ლ–ში, გამგეობის შენობასთან, ნაცნობმა, მ. ს–მ შესთავაზა სამი აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის შეძენა 200 ლარის სანაცვლოდ, რასაც დასთანხმდა. მ. ს–ს ხელზე გადასცა 200 ლარი, ნარკოტიკული საშუალების გადაცემას კი მ. ს– დაჰპირდა მეორე დღეს. შეთანხმებისამებრ, 2022 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ლ–ში, გამგეობის შენობასთან, კვლავ შეხვდა მ. ს–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გადასცა მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - ორი აბი „სუბოქსინი“. განცხადების თანახმად, ა. ჯ–ემ მზადყოფნა გამოთქვა მ. ს–სგან შეძენილი აბების გამოძიებისთვის წარდგენაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 2).
22.2. მოწმე ა. ჯ–ის 2022 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე), ა. ჯ–ე 2022 წლის 20 ნოემბერს პირად საქმეზე იმყოფებოდა ქ. ლ–ში, სადაც გამგეობის შენობის მიმდებარედ შეხვდა ნაცნობს, ქ. ლ–ში მცხოვრებ მ. თ–ის ძე ს-ს, რომელმაც საუბარში შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ სამი აბის შეძენა 200 ლარის სანაცვლოდ. ნარკოტიკული საშუალება ადრეც მოუხმარია. შეძენას დასთანხმდა და იქვე გადასცა მ. ს–ს მოთხოვნილი თანხა, 200 ლარი. მ. ს–მ უთხრა, რომ ნარკოტიკულ საშუალება სუბოქსინს გადასცემდა 2022 წლის 21 ნოემბერს ქ. ლ–ში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე დღეს, 2022 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, შეთანხმებისამებრ, ქ. ლ–ში გამგეობის მიმდებარედ შეხვდა მ. ს–ს, რომელმაც ხელზე გადასცა მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - ორი აბი „სუბოქსინი“ და აუხსნა, რომ შემდგომში გადასცემდა მესამე აბსაც. მ. ს–სთან ჰქონდა შეთანხმება, რომ 200 ლარის სანაცვლოდ უნდა გადაეცა სამი აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი, თუმცა 2022 წლის 21 ნოემბერს მან გადასცა მხოლოდ ორი აბი და გადასაცემი დარჩა კიდევ ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც უნდა გადაეცა რამდენიმე დღეში, კონკრეტული დღე არ უთქვამს. მ. ს– შეჰპირდა, რომ თანხის სანაცვლოდ კიდევ მიჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება სუბოქსინს, რასაც ა. ჯ–ე ასევე შეატყობინებდა გამოძიებას. ა. ჯ–ე ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით რამდენიმე დღეში კვლავ შეხვდება მ. ს–ს ლ–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კონკრეტული ადგილი არ იცის, მაგრამ აღნიშნულის შეტყობინებისთანავე გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას. მ. ს–ს ფულად თანხას გადასცემს ხელზე ან ჩაურიცხავს „ა–ს“ პირად ანგარიშზე, ხოლო ნარკოტიკულ საშუალებას მიიღებს მისგან პირადად. მ. ს–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას. მოწმე ა. ჯ–ემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ თან ჰქონდა 2022 წლის 21 ნოემბერს ქ. ლ–ში მ. ს–სგან შეძენილი, მინის ქილაში მოთავსებული ორი აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი და წარადგენდა ნებაყოფლობით. მანვე, თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მ. ს–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტის დადგენის მიზნით (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 4-7).
22.3. 2022 წლის 21 ნოემბრის ამოღების ოქმსა და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 21 ნოემბერს, 19:50-20:20 საათზე, შსს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ მ. ს–ის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ. შ–ის მონაწილეობით, ზემოაღნიშნული დეპარტამენტის შენობაში, ა. ჯ–ისგან ამოიღეს მის მიერ ნაბაყოფლობით წარდგენილი, თავდახურულ მინის ქილაში მოთავსებული მოთეთრო ფერის ორი აბი. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება ადგილზევე დაილუქა სპეცპაკეტში, შტრიხკოდით ........ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებთან ერთად, ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა ა. ჯ–ემ (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 9-13).
22.4. 2022 წლის 22 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N...... დასკვნას, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა საკვლევი ობიექტის დასალუქად განკუთვნილი პოლიეთილენის პაკეტი, ლუქის ნომრით ....... (მთლიანობა დარღვეული არ არის), რომელშიც აღმოჩნდა ა. ჯ–ისაგან ამოღებული მინის ქილა, მასში მოთავსებული 2 ცალი, თეთრი ფერის, წრიული ფორმის ტაბლეტი, თითოეული წონით – 0,2-0,2 გრ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს – 0,016 გრამის ოდენობით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 24-26).
23. 2022 წლის 1 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების – ა. ჯ–ისა და მ. ს–ს შეხვედრის ფარულ ვიდეო-აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ 2022 წლის 1 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალების გადაცემისას ა. ჯ–ე ეკითხება მ. ს–ს:
- ხუთს მაძლევ ახლა?
- ხო, გავრასხოდდით ჩვენ.
- არა, ზედმეტს ხომ არ მაძლევ–თქო.
- ზედმეტს არ გაძლევ, ერთი ხომ გვქონდა დარჩენილი?
- ხო, ხო ეგ არ მახსოვდა.
24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები (ა. ჯ–ის განცხადება, მისი გამოკითხვის ოქმი, 2022 წლის 21 ნოემბრის ამოღების ოქმი), ეყრდნობა ა. ჯ–ის მიერ მიწოდებულ მამხილებელ ინფორმაციას, ა. ჯ–ე რამოდენიმეჯერ იქნა გამოკითხული გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ (დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე), მისი დაკითხვა სასამართლოში სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხოლოდ მოცემულ ჩანაწერში ფრაგმენტულად, ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე მითითებული ერთი აბის დამატებით გადაცემა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ 2022 წლის 1 დეკემბერს მ. ს–ს მიერ ა. ჯ–ისათვის დამატებით გადაცემული 1 აბი სწორედ 21 ნოემბერს (და არა სხვა თარიღში) შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი 21 ნოემბერს ბრალადწარდგენილი დანაშაულის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,016 გრამის შემცველი ორი ტაბლეტის გადაცემა) ამსახველი ვიდეოჩანაწერი ან სხვა არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ გამოკვლეული პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც უთითებს, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული საუბარი „ზედმეტად გადაცემული ერთი აბის“ საკითხთან დაკავშირებით ეხება 21 ნოემბერს ა. ჯ–ისათვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვის ფაქტს (კერძოდ, რომ 21 ნოემბერს გადასცა 2 აბი ნარკოტიკული საშუალება ა. ჯ–ეს და 2022 წლის 1 დეკემბერს გადაცემული კიდევ ერთი აბი სწორედ ამ გადაცემისას მისაცემი ნარკოტიკული საშუალება იყო) არის ა. ჯ–ის 2022 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ მიეცა ერთადერთი და ძირითადი მამხილებელი მტკიცებულების – ა. ჯ–ის 2022 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმის – უშუალოდ და პირდაპირ გამოკვლევის (დაკითხვის) შესაძლებლობა.
25.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული ა. ჯ–ის 2022 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი „ავსებდა ინციდენტთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების შინაარსს... ამასთან დაკავშირებით და არდამსწრე მოწმეების მიერ ინციდენტის შესახებ დეტალური მონათხრობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ჩვენებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომჩივნების წინააღმდეგ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების განმარტებაზე“ (Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 122, ECtHR, 29/08/2024). „ამრიგად, იმის აღიარებაც კი, რომ არდამსწრე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები არც ერთადერთი იყო და არც გადამწყვეტი, საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებების არსებობის გათვალისწინებით, მათ უდავოდ მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა და, შესაბამისად, მათ დაშვებას შესაძლოა დიდი დაბრკოლება შეექმნა დაცვის მხარისთვის“ (Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 123, ECtHR, 29/08/2024; იხ. ასევე Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par. 116, ECtHR, 15/12/2015).
26. მოცემულ შემთხვევაში მ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ორი აბის გასაღების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ ძირითად და ერთადერთ პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული, ა. ჯ–ის 2022 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი (სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები – ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N..... დასკვნა, ასევე – 2022 წლის 1 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, აღნიშნულ ეპიზოდში მსჯავრდებისათვის არ წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მამხილებელ მტკიცებულებას).
27. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ჯ–ე არ იყო დაკითხული არც არსებითი განხილვისას და არც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. დაცვის მხარეს მართალია გაეცვალა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმები და მისი განცხადების ასლი, იგი წარმოადგენდა ბრალდების მხარის მოწმეს, მაგრამ დაცვის მხარეს არც არსებითი განხილვისას და არც გამოძიების ეტაპზე არ მიეცა მისი დაკითხვის, მისთვის შეკითხვების დასმის და მის მიმართ ჩვენების გამოკვლევის შესაძლებლობა.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება, რომელიც მიღებულ იქნა მაგისტრატი (გამომძიებელი) მოსამართლის თანდასწრებით არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს (იხ. Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par. 155, ECtHR,, 15/12/2015; ასევე იხ. Hümmer v. Germany, no. 26171/07, par. 48, ECtHR, 19/07/2012; Hanu v. Romania, no. 10890/04, par. 40, ECtHR, 4/06/2013 in fine; and Dadayan v. Armenia, no. 14078/12, par. 46, ECtHR, 6/09/ 2018; ასევე იხ., mutatis mutandis, Faysal Pamuk v. Turkey, no. 430/13, paras. 70-71, ECtHR, 18/01/2022).
29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ჯ–ის დაკითხვა არ განხორციელებულა არც გამოძიების ეტაპზე (მაგისტრატ მოსამართლესთან) და არც არსებით სასამართლო სხდომაზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია მხოლოდ გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მისი გამოკითხვის ოქმები. შესაბამისად, სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაცვის მხარეს არ ჰქონდა აღნიშნული მამხილებელი მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა.
30. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმები მსჯავრდებისთვის.
31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ს–ს 2022 წლის 21 ნოემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,016 გრამის შემცველი ორი ტაბლეტის გადაცემის ეპიზოდში მსჯავრდებისთვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები (2022 წლის 21 ნოემბრის ა. ჯ–ის განცხადება, 2022 წლის 21 ნოემბრის ამოღების ოქმი და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, 2022 წლის 22 ნოემბრის N..... ქიმიური ესპერტიზის დასკვნა) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ს–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ორი აბის გასაღების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული – ჩადენას, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.
32. იმავდროულად, დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ იყო ამოწურული მოწმე ა. ჯ–ის სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა და ბრალდების მხარე არ იყო უფლებამოსილი საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოექვეყნებინა ა. ჯ–ის ჩვენება, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მოწმის მიუწვდომლობა მისი საზღვარგარეთ გამგზავრების ან ნებისმიერი სხვა მიზეზით არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს, რაც გაამართლებს შესაბამისი მოწმის გამოუცხადებლობას სასამართლოში (იხ. Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, paras. 61, ECtHR, 31.03.2016 and Gabrielyan v. Armenia, no. 8088/05, par. 78, ECtHR, 10.04.2012). ეროვნულ სასამართლოებს მოეთხოვებათ, აქტიურად მოიძიონ მოწმე ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის პოლიციის დახმარებით“ (იხ: Kartsivadze v. Georgia, no. 30680/09, par. 52, ECtHR, 12/12/2019).
33. მოცემულ შემთხვევაში, ა. ჯ–ის გამოკითხვის ოქმებში მითითებულია მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მისამართი. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირებოდა უშუალოდ ა. ჯ–ეს და მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია სასამართლოში გამოცხადების შესახებ, გაუგზავნა შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინებები აღნიშნულ საკონტაქტო ნომერზე. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ბინაზე გამოცხადების 2023 წლის 3, 5, 6, 7 და 8 აგვისტოს ოქმებს, რომელთა თანახმად, ა. ჯ–ის საცხოვრებელ მისამართზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ა. ჯ–ე არ დახვდათ მისამართზე, ა. ჯ–ის დედის – მ. ჯ-ის განმარტებით, ა. ჯ–ე იმყოფებოდა ს-ს მთებში პირუტყვის სამწყემსავად და თუ მოახერხებდა მასთან დაკავშირებას აცნობებდა, რომ 2023 წლის 8 აგვისტოს 12 საათზე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უნდა დაკითხულიყო მოწმის სახით (იხ.: ტ. 5. ს.ფ. 226-230), ბრალდების მხარემ 2023 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა ა. ჯ–ის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა და ა. ჯ–ეს გაეგზავნა სასამართლო უწყება 2023 წლის 14 აგვისტოს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შესახებ (რომელიც ჩაიბარა დედამ - მ. ჯ-ემ(იხ.: ტ. 5, ს.ფ. 238-239)); 2023 წლის 10 აგვიტოს ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, მ. ჯ-ემ განმარტა, რომ მისი შვილი ა. ჯ–ე ზუსტად სად იმყოფება არ იცის, როგორც მისთვისაა ცნობილი უახლოეს დღეებში იქნება სახლში და აცნობებს, რომ 2023 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მოწის სახით ჩვენების მისაცემად (ანალოგიურადაა მითითებული მ. ჯ–ის მიერ ა. ჯ–ის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის არ ქონის შესახებ 13 აგვისტოსა და 14 აგვისტოს ბინაზე გამოცხადების ოქმებში (იხ.: ტ.5. ს.ფ. 244, 247,248)), ხოლო 2023 წლის 11 აგვისტოსა და 12 აგვისტოს ბინაზე გამოცხადების ოქმებში ა. ჯ–ის მამამ – გ. ჯ–ემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია ა. ჯ–ის ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ ა. ჯ–ე რამდენიმე დღეში აპირებს სახლში მისვლას და შეატყობინებს, რომ 2023 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მოწის სახით ჩვენების მისაცემად (იხ.: ტ.5, ს.ფ. 245-246). ა. ჯ–ე 2023 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე დანიშნულ პროცესზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც 2023 წლის 14 აგვისტოს სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა ა. ჯ–ის ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში იძულებით მიყვანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და განჩინება შესასრულებლად გაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გ–ს პოლიციის დეპარტამენტს. 2023 წლის 21 აგვისტოს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ნ. ა–ის წერილის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ვერ მოხერხდა ა. ჯ–ის მოძიება (იხ.: 2023 წლის 15 აგვისტოს, 16 აგვისტოს, 17 აგვისტოს, 18 აგვისტოს, 19 აგვისტოს, 20 აგვისტოს 21 აგვისტოს ბინაზე გამოცხადების ოქმები – 2023 წლის 15, 17, 19, 20 და 21 აგვისტოს ოქმებში მ. ჯ–ემ, ხოლო 2023 წლის 16 და 17 აგვისტოს ოქმებში გ. ჯ–ემ მიუთითეს, რომ მათთვის უცნობია ა. ჯ–ის ადგილსამყოფელი, უახლოეს დღეებში თუ დაბრუნდება სახლში, ან კიდევ თუ მოახერხებს მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებას, აცნობებენ 2023 წლის 21 აგვსისტოს პროცესზე გამოცხადების შესახებ (იხ.: ტ.6, ს.ფ. 6-13)) და შესაბამისად, იძულების წესით სასამართლოში მიყვანა, რის გამოც, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა ა. ჯ–ის გამოკითხვის ოქმების საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნების შესახებ.
34. დაცვის მხარის მოთხოვნაზე – საკასაციო სასამართლომ გ–ს პოლიციის დეპარტამენტიდან გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმე №......ა. ჯ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე – სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკი, 2023 წლის 13 და 20 აგვისტოს ბინაზე გამოცხადების ოქმები, გ. ხ–ის (დეტექტივი), ე. ნ–ის (უბნის ინსპექტორი), გ. ჯ–ის და მ. ჯ–ის გამოკითხვის ოქმები (იხ.: ტ.6, ს.ფ. 43-60)), თუმცა დაცვის მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოუთხოვია საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა (მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება) და 93-ე მუხლის (მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე) საფუძველზე აღნიშნული მასალის გამოთხოვა.
34.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია დაცვის მხარე საკასაციო სასამართლოში ითხოვს გ–ს პოლიციის დეპარტამენტიდან №....... ჯ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნის დასასაბუთებლად არ უთითებს თუ რა საფუძვლით ან/და მიზნით სურს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვა. მაშინ, როდესაც საქართველოს სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან. ამასთან, საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო წარმოების ფარგლებში ახალი მტკიცებულების/ინფორმაციის წარდგენისა თუ გამოკვლევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს დაცვის მხარის მოთხოვნა და გ–ს პოლიციის დეპარტამენტიდან გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმე №....... ჯ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.
35. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ს–ს მიმართ განაჩენის დადგენისას საკასაციო სასამართლო არ იყენებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნებულ ა. ჯ–ის გამოკითხვის ოქმებს.
36. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 16 აპრილს და 2 ივლისს ცვლილებები შევიდა საქართველოს სსკ-ში, რომლითაც ახლებურად დარეგულირდა საქართველოს სსკ-ის XXXIII თავი (ნარკოტიკული დანაშაული). კერძოდ, მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაული – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება, საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს მოქმედი რედაქციით წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას.
36.1. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს (კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს) და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს (პირველი ნაწილი); თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში (მე-2 ნაწილი); თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი (მე-3 ნაწილი).
36.2. მოცემულ შემთხვევაში 2025 წლის 16 აპრილსა და 2 ივლისს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღებისათვის. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის სასჯელის სახედ და ზომად ადგენს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე.
36.3. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესების საფუძველზე, მ. ს–ს მსჯავრდება უნდა განხორციელდეს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
37. იმავდროულად ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონში 2025 წლის 16 აპრილს განხორციელებული ცვლილებებით, ცვლილება შევიდა, მათ შორის, აღნიშნული კანონით რეგულირებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილშიც. კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნარკომოვაჭრეს. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკომოვაჭრეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება − 15 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება − 20 წლით (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).
38. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ რედაქციასა და მოქმედ რედაქციას შორის სხვაობის არარსებობის გამო აღნიშნული ცვლილებები გავლენას არ ახდენს მსჯავრდებულ მ. ს–ს მდგომარეობაზე.
39. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტია არ ვრცელდება.
39.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება მ. ს–ს მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე.
39.1.1. მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით ჩაეთვალა პირობითად.
39.1.2. მ. ს–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება).
39.1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის პირობითად განსაზღვრულ სასჯელებზე კი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე) საფუძველზე.
39.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე – ჯარიმა 500 ლარზე, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე).
40. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, მათ შორის, აღინიშნება ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა.
40.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენით არ არის გადაწყვეტილი ნივთმტკიცების – მ. ს–ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონის ((ტ. N2; ს.ფ. 33-39), რომელიც ასევე მითითებულია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაში (ტ. N3; ს.ფ. 162-178)), საკითხი.
40.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
40.3. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (იხ.: საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. გ–ისა და მ. ფ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 274-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. გ–ისა და მ. ფ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენში:
2.1. მ. ს– ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ორი აბის გასაღების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2.2. მ. ს– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 1 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ხუთი აბის გასაღების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვროს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა, ოზურგეთის
რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი;
2.4. საქართველოს სსკ-ის- 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელად განესაზღვროს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. მ. ს–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2022 წლის 8 დეკემბრიდან;
2.6. მ. ს–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.7. მ. ს–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
2.8. მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. გ–ისა და მ. ფ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გ–ს პოლიციის დეპარტამენტიდან ა. ჯ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის №......საქმის მასალების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე