საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.12.2025
საქმის ნომერი
2კ-771აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №771აპ-25 თბილისი

ბ. ს., 771აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ს. ბ-ე -ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 მაისის ეპიზოდი) – 12 წლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილების თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. ბ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – და ს. ბ-ეს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 მაისიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 2 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2023 წლის 9 მაისის ეპიზოდი) – 12 წლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 2 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2023 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. ბ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ს. ბ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მასვე ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა – და ს. ბ-ეს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 მაისიდან; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ს. ბ-ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, მეტროსადგურ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევმა ს. ბ-ემ ზ. ა-ზე 300 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

· 2023 წლის 14 მაისს, ღამის საათებში, თ-ში, ს-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევმა ს. ბ-ემ ზ. ა-ზე 280 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

4. მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ს. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის 2 მაისამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი) გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების 2023 წლის 9 და 14 მაისის ეპიზოდებში ს. ბ-ის გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის – მოწმეების: ზ. ა-ის, გ. ჯ-ის, ნ. ღ-ის, ი. ბ-ისა და სხვათა – ჩვენებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ზ. ა-საგან ამოღებული ქვითრები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. ბ-ის მიერ ზ. ა-ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2023 წლის 9 და 14 მაისის ეპიზოდები).

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ს. ბ-ის მიმართ 2023 წლის 9 მაისისა და 14 მაისის ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ს. ბ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები, ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. დაცვის მხარემ საქმის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №599აპ-21, №807აპ-22, №215აპ-19, №1164აპ-23), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

10. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ზ. ა-ი არის აგენტ-პროვოკატორი, რომელმაც მსჯავრდებულს მოუწყო დანაშაულის პროვოკაცია, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა ამ საკითხზე განაჩენში დეტალურად მსჯელობს, კერძოდ: საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით, ვინაიდან ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ზ. ა-მა მას შემდეგ მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს და ნებაყოფლობით გამოთქვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი, როდესაც ს. ბ-ემ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების მიყიდვა. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიციირება, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის დანაშაულის პროვოკაციის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს.

11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ., Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).

12. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია, ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.

13. გარდა ამისა, მოწმე ზ. ა-ის ჩვენება თანამიმდევრულია და შეესაბამება საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მის მოტივს, რის გამოც მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისცა ს. ბ-ის მამხილებელი ჩვენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მისი ჩვენების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან განვითარებულ მოვლენებს იგი ასახავს ურთიერთთანხვდენილად და დამაჯერებლად. მოწმე ზ. ა-ის მიერ ჩვენებაში მითითებული, მტკიცების საგანთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულად შეესაბამება როგორც მოწმედ დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებს, ისე – წერილობით (შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები) და ნივთიერ მტკიცებულებებს, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს – ზ. ა-ისა და ს. ბ-ის შეხვედრებისა და საუბრების ამსახველ ჩანაწერებს, რომლებშიც დეტალურადაა ასახული მოწმე ზ. ა-ის მიერ მითითებული გარემოებები.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მოიპოვეს და წარმოადგინეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. ამდენად, სწორედ მხარე მოიპოვებს მტკიცებულებებს და განსაზღვრავს, რა არის მნიშვნელოვანი მისი პოზიციის დასადასტურებლად. მტკიცებულებათა მოპოვება მთლიანად მხარეზეა დამოკიდებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა და სასამართლოში წარედგინა მტკიცებულებები (მათ შორის – ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური დასკვნები), რომელთაც საჭიროდ მიიჩნევდა თავისი პოზიციის დასადასტურებლად (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №1146აპ-24, №249აპ-25, №918აპ-24).

15. პალატა აღნიშნავს, რომ, თუკი სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებელი და საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების ან დაცვის მხარე, გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენდა კიდევ სხვა მტკიცებულებებს, დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთობლივად, ისინიც სათანადოდ შეფასდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები მტკიცებულებით ძალას ვერ დაუკარგავს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომლებიც წარმოდგენილია და გამოკვლეულია სასამართლოში, და ვერ გახდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათი არგაზიარების საფუძველი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმეში არ წარმოდგენილა და გამოკვლეულა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში წარმოედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, ასევე თანაბარ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

17. რაც შეეხება წაშლილ მესიჯებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ სასამართლო ვერ შეაფასებს და განაჩენს ვერ დაუდებს საფუძვლად ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეში არ არსებობს.

18. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ განსახილველი საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მხილებულია სავარაუდო სამოხელეო დანაშაულში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი, თავისთავად, არ ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

20. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე