დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.02.2026
საქმის ნომერი
27აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №27აგ-25 თბილისი

კ. ბ., 27აგ-25 9 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით ბ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშორებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუქნტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. კ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშორებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. ბ. კ-ეს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 7 დეკემბრიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ-ის ადვოკატის – კ. ჩ-ის – შუამდგომლობა განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. 2025 წლის 1 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ-ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი მოტივით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2025 წლის 22 ივლისს, სააპელაციო გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, მისი აღდგენის შესახებ შუამდგომლობასთან ერთად. სასამართლომ გაცდენილი ვადა საპატიოდ არ მიიჩნია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში არ გადაიგზავნა. დღეის მდგომარეობით, იკვეთება ბ. კ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის რამდენიმე მიზეზი, კერძოდ: დაზარალებული ნ. ხ. საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას უარს აცხადებდა ბრალდებულთან შერიგებაზე და ითხოვდა მის მკაცრად დასჯას. განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2025 წლის 21 აგვისტოს, მან ნოტარიულად დაადასტურა ბრალდებულ ბ. კ-ესთან შერიგების ფაქტი და ითხოვა მის მიმართ ბრალდების მხარისგან კანონმდებლობით არსებული შეღავათების გავრცელება, მათ შორის – საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნულის გამო, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ბრალდებულისთვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმების პირობებზე შეთანხმება. კასატორის აზრით, დასახელებული ორი გარემოება წარმოადგენს ისეთ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველია, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მეექვსე ნაწილისა და 310-ე-312-ე მუხლებისა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა კ. ჩ-ემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვას მისივე მონაწილეობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ადვოკატ კ. ჩ-ის შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს;

ი) წარდგენილია ამ კოდექსის 1658-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: „ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება N46აგ-19).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ ნ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ მას ბ. კ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და თანახმაა, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის – დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელზე.

5. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით დადგენილ ვადაში 2025 წლის 20 ივნისის განაჩენი არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატ კ. ჩ-ეს არ წარმოუდგენია ისეთი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო და რაც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ განაჩენის დამდგენი სასამართლოს დაზარალებულის პოზიციას ითვალისწინებს სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, შესაბამისად, საქმის არსებითი/სააპელაციო/საკასაციო წესით განხილვისას, ან/და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისას, მაგრამ არ იძლევა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის უფლებას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: N17აგ-23; N217აგ-16; N57აგ-17). 7. ამდენად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არარსებობის პირობებში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც, საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად – საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N46აგ).

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ბ. კ-ის ადვოკატის შუამდგომლობა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ რომელიმე მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინება ადვოკატ კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე