დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.03.2008
საქმის ნომერი
ბს-73-73(კ-08)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ბს-73-73(კ-08) 20 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 15 აგვისტოს შ. მ.-მ სარჩელით მიმართა დმანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დმანისის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, დმანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის ¹180 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი დმანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹185 დადგენილება დმანისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ განცხადებების განმხილველი რაიონული კომისიის 2005 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი ¹96-ის დამტკიცების შესახებ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მომზადდა და მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების დარღვევით, ამასთან ერთად, არ იქნა დაცული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესი.

მოსარჩელის განმარტებით, დმანისის რაიონის გამგეობის აღნიშნული დადგენილება მიღებული იყო კანონის დარღვევით. დმანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹185 დადგენილებით მოსარჩელეს 5 წლის ვადით გამოეყო 35 ჰა სახნავი და 35 ჰა სათიბი ფართობი და იმავე წლის 1 ივლისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. 2005 წლის 8 ივლისს მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა გადასახადის გადამხდელად ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი. საიჯარო გადასახადებს იხდიდა კეთილსინდისიერად და დავალიანება არ ერიცხებოდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებული მხარისათვის, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მოთხოვნას უყენებდა ადმინისტრაციულ ორგანოს დასახელებული კოდექსის მე-13 მუხლიც _ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, განეხილა და გადაეწყვიტა საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. პირისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დმანისის რაიონული გამგეობის მიერ არ ყოფილა მიწვეული სხდომაზე, სადაც უნდა განხილულიყო იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საკითხი. დმანისის რაიონის გამგეობის გასაჩივრებულ დადგენილებაში დადგენილების ბათილობის საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-34-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევა, მაგრამ არ იყო განსაზღვრული, თუ რაში გამოიხატებოდა იგი.

მოსარჩელის განმარტებით, დმანისის რაიონული გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილების შესახებ, რომელიც მისი დასწრების გარეშე იქნა მიღებული, მისთვის ცნობილი გახდა აგვისტოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დმანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის ¹180 დადგენილების ბათილად ცნობა.

დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შ. მ.-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე დმანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის ¹180 დადგენილება დმანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹184, ¹185 დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ და დმანისის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შ. მ.-ის მონაწილეობით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დმანისის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსის _ ა. დ.-ის 2006 წლის 23 ივნისის ¹540 წერილით მოსარჩელე შ. მ.-ი მიწვეულ იქნა გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის სხდომაზე საჯარო ხელშეკრულების განხილვასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსმენილ იქნა საკითხი დმანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹184, ¹185 დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გამგეობის აპარატის უფროსის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹668 წერილის თანახმად, შ. მ.-ს მისი 9 აგვისტოს განცხადების პასუხად განმეორებით გაეგზავნა გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის ¹180 დადგენილების ქსეროასლი, თუ როდის ჩაჰბარდა (გაეგზავნა) მას პირველად გამგეობის აღნიშნული დადგენილება, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავდა მისთვის ამ აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ, მართალია, მას ეცნობა გამგეობის სხდომის გამართვის დრო, მაგრამ თუ რა საკითხები განიხილეს, არ იცოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, განეხილა და გადაეწყვიტა საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცემოდა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამგეობის სხდომის 2006 წლის 28 ივნისის ¹12 ოქმიდან არ ჩანდა, რომ შ. მ.-მ არ ისურვა განსახილველ საკითხზე აზრის გამოთქმა. ანალოგიურ ნორმას შეიცავდა ამავე კოდექსის 95-ე მუხლიც, ხოლო 97-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, მოესმინა დაინტერესებული მხარეებისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გარეშეც ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹184,185 დადგენილებების ბათილად ცნობას 2006 წლის 28 ივნისის ¹180 დადგენილებით საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების დარღვევით, არ იქნა დაცული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გადაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესი, მაგრამ თუ რაში გამოიხატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლების დარღვევა, დადგენილებიდან უცნობი იყო.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ბათილად ეცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ საკითხის გადაუწყვეტლად. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებული იყო, დაევალებინა სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებდა, თუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოსარჩელემ დაკარგა გამგეობის 2005 წლის 29 ივნისის ¹185 დადგენილებით 5 წლის ვადით გამოყოფილი 35 ჰა სახნავი და 35 ჰა სათიბი ფართობი. შ. მ.-თან, 2005 წლის 1 ივლისს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. იგო რეგისტრაციაში გატარდა გადასახადის გადამხდელად ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი და საიჯარო გადასახადებს იხდიდა კეთილსინდისიერად. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებდა იმაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ინტერესი.

დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში მესამე პირებად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმულ იქნენ _ ვ. გ.-ი, ჯ. მ.-ი, ხ. ხ.-ი, მ. ი.-ი, ჯ. ნ.-ი, ი. ა.-ი, ბ. ხ.-ი, ქ. ხ.-ი, ა. ნ.-ი, რ. მ.-ი და კ. ვ.-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. მ.-თვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დმანისის რაიონის გამგეობის სხდომის ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 28 ივნისს დმანისის რაიონის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი დმანისის რაიონის 2005 წლის 29 ივნისის ¹184 და ¹185 დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ. 39-41), აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე შ. მ.-ი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. მ.-ს 2006 წლის 28 ივნისის დმანისის რაიონის გამგეობის სხდომის შესახებ, რომელზეც იხილებოდა საჯარო ხელშეკრულებების საკითხი, ეცნობა დმანისის რაიონის გამგეობის აპარატის 2006 წლის 23 ივნისის წერილით (ს.ფ. 53, 55).

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტაციის სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ შ. მ.-ი ინფორმირებული იყო სხდომისა და მასზე განსახილველ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ურთიერთობის საკითხის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ საკითხზე, რომ შ. მ.-თვის ცნობილი იყო დმანისის რაიონის გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი დმანისის რაიონის გამგეობის მიერ არ იყო მიწვეული სხდომაზე, სადაც იხილებოდა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების საკითხი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 28 ივნისს დმანისის რაიონის გამგეობის სხდომაზე შ. მ.-ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა განსახილველი საკითხის შესახებ და მას ჰქონდა საშუალება, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის გარდა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის 2005 წლის 29 ივნისს დადებული ხელშეკრულება გაფორმებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების უგულებელყოფით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ: ა) ეს პირდაპირ იყო მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ იყო მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს, ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი 2005 წლის 29 ივნისის ¹184 და ¹185 დადგენილებები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში (დმანისის გამგეობა) ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, შემოწმდა ბათილად ცნობილი 2005 წლის 29 ივნისის ¹184 და ¹185 დადგენილებების კანონშესაბამისობა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაინტერესებული მხარის თანდასწრებით, გამგეობის სხდომაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებდა გადაწყვეტილებას, თუ დადასტურდებოდა 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლებოდა კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაზეც მითითებული ჰქონდა სარჩელში და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მან დმანისის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი დმანისის რაიონის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის _ დმანისის რაიონის გამგეობის 2006 წლის 28 ივნისის ¹180 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ. სასარჩელო განცხადებაში მიუთითა ბათილობის ორ საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ ვერ იქნა ვერანაირი არგუმენტი წამოყენებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობას გააბათილებდა. სააპელაციო სასამართლო თავისი ინიციატივით შეეცადა იმ გარემოებების დამტკიცებას, თითქოს მოსარჩელე ესწრებოდა გამგეობის იმ სხდომას, სადაც იხილებოდა მასთან საიჯარო ხელშეკრულების ბათილობის საკითხი, რისთვისაც მოიშველია დმანისის რაიონის გამგეობის აპარატის 2006 წლის 23 ივნისის წერილი.

კასატორი განმარტავს, რომ არ დასწრებია გამგეობის იმ სხდომას, სადაც მოხდა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დადგენილების მიღება და საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერც სააპელაციო სასამართლომ შეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. მ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 20 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. შ. მ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.