დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-107-293-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),ნ. ქადაგიძე,გ. ქაჯაია
დავის საგანი: საჯარო ვაჭრობის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 სექტემბერს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ჯ-მა მოპასუხე დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სარჩელის საფუძველზე მოითხოვა საჯარო ვაჭრობის გაუქმება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის განჩინებით დაეკისრა სესხად აღებული 1500 დოლარის სანაცვლოდ 2480 აშშ დოლარის გადახდა. განჩინება სააღსრულებო ფურცელთან ერთად გადაიგზავნა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში. პირველი აუქციონი ჩატარდა 2001წ. 7 აგვისტოს, რომლის თაობაზეც მოსარჩელე ინფორმირებული იქნა აღმასრულებლისგან და, რომელსაც ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო. მეორე აუქციონი ჩატარდა 22 აგვისტოს ისე, რომ მისთვის პირადად არ უცნობებიათ და ბინა თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით გაიყიდა მოსარჩელე გ. კ-ზე 5000 ლარად. ხოლო მან, გ. ჯ-მა ჯერ კიდევ 30 ივლისს მიმართა აღმასრულებელს და აცნობა, რომ შეტანილი ჰქონდა განცხადება აღსრულების დროებით შეჩერებაზე. შეჩერების თაობაზე მიმართა აგრეთვე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღმასრულებელს ბინის საჯაროდ გასხვისების უფლება არ ჰქონდა, რადგან ბინა არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სახლს ჰყავდა ორი მესაკუთრე, ბინა გაიყიდა იაფად – 1500 დოლარად და აღმასრულებელმა იგი არ გააფრთხილა და სააღსრულებო კანონის მე-18 მუხლის თანახმად არ მისცა მორიგების ვადა 6 თვე. შესაბამისად მოითხოვა, აღმასრულებლის 2001წ. 22 აგვისტოს ¹14/01-09 განკარგულების, როგორც უკანონო აქტის გაუქმება.
2001წ. 20 სექტემბერს გ. ჯ-მა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, სადაც მოითხოვა 2001წ. 1 ივლისს მასსა და გ. კ-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებისა და დამოუკიდებელი აუდიტორის მ. ი-ის 2001წ. დასკვნის გაუქმება.
2001წ. 9 ოქტომბერს გ. ჯ-მა განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სადავო ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ..., სამემკვიდრეო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამავე სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განახლდა საქმის წარმოება და დაინიშნა საქმის განხილვის დღე. ხოლო 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გიორგი ჯიბუტს სასარჩელო განცხადების მოთხოვნაზე ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის საჯარო ვაჭრობის გაუქმების შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით; ხოლო 2000წ. 1 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში საქმე შეწყდა წარმოებით.
რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში იყო შესული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 აპრილის განჩინებით დამტკიცებული მორიგება მოსარჩელე გ. ჯ-სა და გ. კ-ს შორის, რომლითაც განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია იძულებით აუქციონზე, იმ შემთხვევაში თუ დათქმულ ვადაში დავალიანება დაფარული არ იქნებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ჯ-მა ვერ წარადგინა და ვერც დაასახელა მტკიცებულებანი, რომლებიც მიუთითებდნენ საჯარო აუქციონის ჩატარების წესების დარღვევაზე, ასევე არ წარუდგენია აუდიტორული დასკვნის საპირისპირო მტკიცებულებანი, რადგან ტექაღრიცხვის ბიუროს მონაცემებით სახლთმფლობელობის საინვენტარიზაციო ღირებულება 2000წ. ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 1237 ლარს, ხოლო აუდიტის დასკვნის თანახმად 5000 ლარს. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება შეუსაბამოდ დაბალ ფასად ბინის შეფასების თაობაზე სასამართლოს მიიჩნია უსაფუძვლოდ.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა გ. ჯ-ის მიერ სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 12 სექტემბერს შეიტანა სარჩელი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ვაჭრობისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. მის საცხოვრებელ ბინას მდებარე ქ. თბილისში ... ჰყავს მემკვიდრეები მისი, მისი შვილების და მისი გარდაცვლილი ძმის ბ-ს შვილების სახით რაც სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.
სასამართლო ვალდებული იყო მოეწვია აღმასრულებელი, ხოლო მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო ან სააღსრულებო დეპარტამენტი. სასამართლომ, მისი ნებართვის გარეშე, სსკ-ს 85-ე მუხლის დარღვევით, სათანადო მოპასუხე გ. კ-ი შეცვალა მისი მეუღლით და რწმუნებულით ტ. ა-ი. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ იგი გაფრთხილებული იყო 22 აგვისტოს აუქციონის შესახებ, რადგან მას გაფრთხილება ფოსტით აღნიშნულზე არ მიუღია, ხოლო აღმასრულებელმა აუქციონი ჩაატარა თავის სასარგებლოდ. ამასთანავე აპელანტი მიიჩნევდა, რომ გაუქმებული უნდა ყოფილიყო 2001წ. 1 ივლისს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება, როგორც უკანონო, რადგან ბინა და იპოთეკა სკ-ს 289-ე მუხლის თანახმად რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში. აღნიშნულის შემდეგ კი იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო უშუალოდ მოვალე ზ. ჯ-სა და გ. კ-ს შორის.
რაც შეეხებოდა მოთხოვნას აუქციონის გაუქმების ნაწილში, აპელანტი ფაქტიურად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც რაიონულ სასამართლოში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება. განჩინების მიღებისას საოლქო სასამართლომ ძირითადად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია და ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრებული იქნა გ. ჯ-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი თავის საჩივარს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ საკითხს, რომ ... მდებარე ბინა წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებას და ჰყავდა ორი მემკვიდრე გ. ჯ-ი და აწ გარდაცვლილი ბ. ჯ-ი, რომელთა თანასაკუთრებასაც შეადგენდა სადავო ბინა.
სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ იპოთეკის ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ შეუძენია, კერძოდ, ხელშეკრულება რეგისტრირებული არა ყოფილა საჯარო რეესტრში.
მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოვალეს წარმოადგენდა ზ. ჯ-ი და არა კასატორი.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, რომლის მოთხოვნათა უხეშ დარღვევასაც ადგილი ჰქონდა იძულებითი აუქციონის ჩატარებისას. კერძოდ, დარღვეული იქნა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 69-ე მუხლი რომლის შესაბამისადაც, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ. დარღვეული იქნა ამავე კანონის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები; ასევე არასწორად იქნა შეფასებული ბინა, რამაც განაპირობა ბინის შეუსაბამოდ დაბალ ფასში რეალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით კასატორი ითხოვდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებლი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საქმის შეწყვეტისას მართებულად იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულ მიიჩნევს, რომ 2000წ. 1 ივლისს გ. ჯ-მა სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი მდებარე ... ქ. თბილისი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის განჩინებით დამტკიცებული იქნა მორიგების აქტი გ.კ-სა და გ. ჯ-ს შორის, რომლის თანახმადაც, თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდა მოხდებოდა გ. ჯ-ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით, რაზედაც მხარეებს პრეტენზია არ ექნებოდა.
მითითებული განჩინება ძალაშია და არ გასაჩივრებულა.
სსკ-ს 272-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლო მხარეთა განცხადებებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მტკიცებას მისი მხრიდან ვალის არარსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაზიარებული ვერ იქნება. კერძოდ, სსკ-ს 106-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალაშია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის განჩინებით დამტკიცებული მორიგება, საიდანაც უდავოდ დასტურდება კასატორის მხრიდან გ. კ-ის ვალის არსებობის ფაქტი.
ამდენად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოვალეს წარმოადგენდა ზ. ჯ-ი და არა კასატორი უსაფუძვლოა, და საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს განმარტებას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე და სკ-ს 1515-ე მუხლებთან მიმართებაში და ადასტურებს, რომ სკ-ს 1515-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე, უძრავი ნივთების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მეშვეობით. ხოლო ის გარემოება, რომ გ. ჯ-ი ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული იყო სახლის მესაკუთრედ უდავოა და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან მხედველობაში არ იქნა მიღებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ სახლს ჰყავდა სხვა მემკვიდრეც.
გარდა იმისა, რომ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება, რომ სადავო სახლიდან მემკვიდრეობა მიღებული იქნა მე-3 პირის მიერ, ამასთან სასამართლო კოლეგია კასატორის ყურადღებას მიაქცევს სკ-ს 1426-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან ხაზინის საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია, მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.
ხოლო ამავე კოდექსის 1429-ე მუხლის თანახმად კი, თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდება დავის აღძვრამდე, მაშინ ნასყიდობა ნამდვილად ჩაითვლება და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთის გაყიდვით მიღებული თანხა გადაეცემა ნამდვილ მემკვიდრეს.
ამდენად, კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ აღსრულების მიქცევა მოხდა მეორე მემკვიდრის ქონებაზე არ წარმოადგენს მემკვიდრის გამოჩენამდე გასხვისებული ქონების დაბრუნების საფუძველს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოსა და აღმასრულებლის მხრიდან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაზე, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით.
კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელიც უდავოდ ადასტურებს კასატორისათვის აუქციონის თაობაზე შეტყობინების გადაცემის ფაქტს, რითიც დაცულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, ხოლო რაც შეეხება კრედიტორისათვის ნივთის გადაცემის ფაქტს, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ამავე კანონის 77-მუხლის დეფინიციას, რომლის შესაბამისადაც, თუ მეორე აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილშიც კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას და შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის განჩინება.
3. გ. ჯ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება