საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹131 23 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორების _ გ. ო-ის, მ. ზ-ას
ადვოკატ _ ზ. თ-ას
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ _ ლ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის, რეაბილიტირებულ თ.ზ კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. თ-სა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 20 დეკემბერს გარდაბნის შს რაიონულ განყოფილებაში თ. კ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კ. მ-ის კუთვნილი ა/მანქანის ყაჩაღური გზით გატაცების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2005 წლის 6 იანვარს თ. კ-ნს გარდაბნის რაიონული მოსამართლის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა 3 თვით პატიმრობა.
2005 წლის 31 ივლისს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. უ-მა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიტანა დადგენილება თ. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამავე დადგენილებით გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიებაც.
2005 წლის დეკემბერში თ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ-ამ განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს თ. კ-ის რეაბილიტაციის, სისხლის სამართლის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ თ. კ-ნი პატიმრობაში იმყოფებოდა 175 კალენდარული დღე, ხოლო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ _ 33 დღე, ამდენად, იგი თ. კ-ის სასარგებლოდ ითხოვდა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 16. 455 ლარის ოდენობით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის დადგენილებით თ. კ-ის ადვოკატის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. კ-ნი ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად რუსთავის რაიონული პროკურატურის 2005 წლის 31 ივლისის დადგენილების საფუძველზე. დაევალა საქართველოი უისტიციის სამინისტროს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში _ „---ში“გამოქვეყნდეს ინფორმაცია თ. კ-ის რეაბილიტაციის შესახებ.
თ. კ-ის ადვოკატის _ ზ. თ-ას მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრეს თ. კ-მა და მისმა ადვოკატმა. თავიანთ კერძო სააპელაციო საჩივარში ისინი აღნიშნავენ, რომ შეამცირეს თავიანთი მოთხოვნა და ნაცვლად 16 455 ლარისა, მოითხოვეს 15 530 ლარის გადახდა, რაც არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ზიანის ანაზღაურებაზე, ამასთანავე, თვითნებურად გაზარდა მოთხოვნა, რადგან მათ რეაბილიტირებულად ცნობა არ მოუთხოვიათ. აპელანტი ითხოვს დადგენილების გაუქმებას და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა დააზუსტეს მოთხოვნა, ითხოვეს მორალური ზიანისათვის 14 330 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის _ 1000 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის დადგენილებაში, კერძოდ: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადვოკატ ზ. თ-ას მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა თ. კ-ის მიმართ მორალური ზიანის _ 2000 ლარის გადახდა.
დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ბ-ემ, რეაბილიტირებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ-ამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. ბ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტში რეაბილიტირებულ პირთათვის გამოყოფილია მცირე თანხები. ამდენად, უარი უნდა ეთქვას რეაბილიტირებულის ადვოკატის მოთხოვნას, გაუქმდეს უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
რეაბილიტირებულ თ. კ-ის ადვოკატი ზ. თ-უა კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 19 წლის თ. კ-მა საპყრობილეში უკანონოდ გაატარა 6 თვე, 33 დღე კი ასევე უკანონოდ იყო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, რითაც ახალგაზრდას და მის ოჯახს შეელახა რეპუტაცია, მიადგა მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა განჩინების გაუქმება და თენგიზ კვიციანისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 14 330 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, უარის თქმას რეაბილიტირებულის ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან თანხის ოდენობის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.
საკასაციო პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციითაც, მაგრამ მიაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციით მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-ემ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, უარის თქმა რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან თანხის ოდენობის შემცირება გონივრულ ფარგლებში.
რეაბილიტირებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ-უამ ითხოვა უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინების გაუქმება. მან აღნიშნა, რომ თ. კ-მა უკანონო პატიმრობაში გაატარა 33 დღე, ხოლო საპყრობილეში _ 175 დღე, რითაც განიცადა დიდი მატერიალური და მორალური ზიანი, რაც სრულიად არაადეკვატურია თ. კ-ის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსათვის დაკირებული 2000 ლარისა.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2004 წლის 16 თებერვლის განჩინებით გ. მ-ეს, რომელიც დაკავებული იყო 33 დღით ბათუმის საპყრობილეში არჩევნებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით, განუსაზღვრა მორალური ზიანი _ 2000 ლარი, მაშინ, როდესაც ყაჩაღობის ბრალდებით 208 დღით დაკავებულ თ. კ-ის სასარგებლოდაც იმავე ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. კ-ის ადვოკატმა ზ. თ-ამ ითხოვა განაჩენის გაუქმება და მორალური ზიანის ანაზღაურება 14 330 ლარით.
პალატის სხდომაზე პროკურორებმა _ გ. ო-ემ და მ. ზ-ამ მხარი დაუჭირეს პროკურორ ზ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა თ. კ-ის რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემობების გამო:
საკასაცო პალატის თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრს მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილიში თბილისის სააპელაცო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ მხოლოდ საქრთველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაუერბის ფორმები, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მესამე ნაწილით ფულადი კომპენსაცია კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია, ან ამავე საჩივრით დაყენებული ალტერნატიული მოთხოვნა მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილიში დაკისრებული თანხის შემცირების შესახებ უკნონო და დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის მესამე ნაწილისა და ამავე კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, პირის უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ფულადი კომპენსაციით, ასევე პერსაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ან ბოდიშის მოხდის გზით.
საკასციო პალატას მიაჩნია, რომ თ. კ-სთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზაურელი თანხის -14330 ლარის ოდენობით გაზრდის შესახებ ადვოკატის მოთხოვნა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საჩივრის მოთხოვნა განჩინების გაუქმებისა და სამის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. საკსაციო პალატა თვლის, რომ სააპლაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა რეაბილიტირებულ თ. კ-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 175 დღის განმავლობაში და სახელმწიფო ბიუჯეტით რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი თანხის ოდენნობა, საქართველოს ფინფნსთა სამინისტროს კანონიერად დააკისრა მის სასარგეგბლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაცია _ 2000 ლარი, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ არასწორია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებაში არსებული მითითება იმის თაობაზე რომ თ. კ-ნი რეაბილიტიებული იქნეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2005 წლის 313 ივლისის დადგენილების საფუძველზე.
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: “პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინააწარი გამიოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირვეკკი ნაწილის “ა”, “დ”, “ი”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ.”
საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა 2005 წლის 31 ივლისს თ. კ-ის მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამრთლის კანონით გათვალისიწინებული ქმედების არსარსებობის გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. კ-ის რეაბლიტაციის საფუძველია პროკურორის მიერ გამოტანილი ზემოაღნშნული დადგენილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურორის მიერ პირის მიმართ ასეთი მარეაბლიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგივე პირი, ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი დადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის, რეაბილიტირებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. თ-სა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებიდან ამოირიცხოს მითითება თ. კ-ის რეაბილიტირებულად ცნობაზე.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.