ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1724აპ 28 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, ნინო ქადაგიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით რ. შ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით (1999 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 20 აპრილიდან.
განაჩენით რ. შ-ას მსჯავრი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 20 აპრილს რ. შ-ია მართავდა მიკროავტობუსს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის -- კმ-ზე, რა დროსაც დაარღვია მოძრაობის წესების, 27.1 და 28.9 მუხლების მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც ზოლიდან ზოლზე გადასვლის (მოხვევის, მობრუნების) და გაჩერების მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა გვერდულზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაუდევრობით დაარღვია რა საგზაო მოძრაობის წესების ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, რ. შ-ამ ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა საავტომობილო გზიდან და მოძრავი ზოლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, გვერდულზე შეეჯახა ქვეითად მოსიარულე პ. გ-ას, რომელიც ავტომობილის დაჯახების შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაჯახების შემდეგ რ. შ-ამ გააგრძელა მოძრაობა და უკანა მხარეს შეეჯახა ვაზ-2106 მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ზ. მ-ია.
აპელანტი, მსჯავრდებული რ. შ-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ-ვა სააპელაციო საჩივრით მოითხოვენ ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირებას ერთი მეოთხედით, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შენარჩუნებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, მან მრავალჯერ სცადა დაზარალებულისათვის გაეწია მორალური და მატერიალური დახმარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ რ. შ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატმა აღნიშნა, რომ რ. შ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედება არის უბედური შემთხვევა, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, რის გამოც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის ¼1/4-ით შემცირება და განაჩენის გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც რ. შ-ას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სასჯელის მოხდის შემდეგ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ რ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. კ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენში ცვლილების შეტანის, სასჯელის ¼1/4-ით შემცირებისა და განაჩენის გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც რ. შ-ას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სასჯელის მოხდის შემდეგ, უსაფუძვლობის გამო:
მსჯავრდებულ რ. შ-ას მიერ გასაჩივრებული განაჩენით მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ბრალდების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ პ. გ-ას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, მსჯავრდებულ რ. შ-ას აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ ქ. გ-სა და მოწმე ე. მ-ას ჩვენებებით და საქმის მასალების მთელი ერთობლიობით. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ რ. შ-ას მიერ მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევა, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არც აპელანტი ხდის სადავოდ. ამდენად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკასაციო პალატას გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია კანონიერად.
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ რ. შ-ას პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე _ დამამძიმებელი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. შ-ას ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ რ. შ-ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით (1999 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელი _ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევა უნდა გაუნახევრდეს და მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას ერთი წლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ რ. შ-ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. შ-ას დანიშნული დამატებითი სასჯელი _ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა გაუნახევრდეს და მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.