განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 14.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1906აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1906აპ ქ. თბილისი

14 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ზ. მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. მ-ის, მსჯავრდებულ თ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით თ. ზ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით; ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 01.00 საათზე, ნასვამი თ. ზ-ძე კუთვნილი ავტომანქანით „ჰონდა» მოძრაობდა ქ. ბათუმში, ---ის ქუჩაზე, რა დროსაც ---სა და ---ის ქუჩების კვეთაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შენიშნა მარტო მყოფი მ. მ-ძე. თ. ზ-ემ განიზრახა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან გააჩერა მანქანა, გადავიდა, მივიდა მ. მ-სთან და შესთავაზა სახლში მიყვანა. მიუხედავად უარისა, მოკიდა ხელი, ძალით ჩასვა ავტომანქანის უკანა სავარძელში და დახურა კარი, რომლის გაღება სალონიდან შეუძლებელი იყო სპეციალური ჩამკეტის გამო. აღნიშნულით თ. ზ-ემ მ. მ-ეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, რის შემდეგ მან გააგრძელა მოძრაობა ე.წ. „---ს» დასახლების მიმართულებით, სადაც ცხოვრობდა მ. მ-ძე. ეს უკანასკნელი ითხოვდა მანქანის გაჩერებას და განთავისუფლებას, მაგრამ თ. ზ-ძე არ ასრულებდა მის მოთხოვნას და არ აძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას. თ. ზ-ემ გააგრძელა გზა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---ის მიმართულებით. სამთავრობო სახლთან მისვლამდე, დაუსახლებელ ადგილას, თ. ზ-ემ გააჩერა მანქანა, წინა სავარძლებს შორის არსებული გადასასვლელიდან გადავიდა სალონის უკანა ნაწილში და, მიუხედავად მ. მ-ის წინააღმდეგობისა, ძალის გამოყენებით გახადა მას შარვალი და ქვედა საცვალი, შებოჭა, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ თ. ზ-ეს ჩაეძინა, ხოლო მ. მ-ძე ცდილობდა კარის გაღებას და შეუმჩნევლად გაქცევას, მაგრამ ავტომანქანის კარი ვერ გააღო. მან გაღვიძებულ თ. ზ-ეს სთხოვა კარის გაღება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ისევ მოინდომა დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარება. მ. მ-ძე იძულებული გახდა, ეთქვა ტყუილი, რომ მას უნდოდა ტუალეტში გასვლა, რის შემდეგ თ. ზ-ემ გაუღო კარი, მაგრამ ხელჩანთა დაატოვებინა. მ. მ-ემ ისარგებლა შემთხვევით, გაექცა და დაემალა თ. ზ-ეს.

ძალადობის გამო მ. მ-ძე გახდა შეუძლოდ, დაეწყო სისხლდენა და ტკივილები მუცლის არეში. შემთხვევის ადგილიდან თ. ზ-ის წასვლის შემდეგ იგი მივიდა ---ის სამთავრობო სახლის დაცვის თანამშრომლებთან და ითხოვა დახმარება. აღნიშნულის შემდეგ მ. მ-ძე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

აღნიშნული ქმედებისათვის თ. ზ-ეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით, თ. ზ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა _ ვ. ხ-მა, ა. ხ-ემ და კ. კ-ემ. მათ ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ. ზ-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ქმედება დანიშნულ სასჯელთან ერთად და ამ ნაწილში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა დაზარალებულის საჩივრის არარსებობის გამო; თ. ზ-ეს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 17 ნოემბრიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარი პატიმრობის 3 დღე.

კასატორი _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. მ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, უნდა გაუქმდეს და საქმე გადაიგზავნოს ახალი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების მოსაზრება, რომ გამოძიებას არ ჰქონია დაზარალებულის საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის; დაზარალებულმა შემთხვევის ღამეს პოლიციის მუშაკებთან, ექიმებსა და ახლობლებთან განაცხადა, რომ უცნობმა პირმა მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი; მართალია, მოგვიანებით დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს, მაგრამ, სსსკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება; პირველი ინსტანციის სასამართლოში მ. მ-ემ კატეგორიულად განაცხადა, რომ არავისთვის უთქვამს, რომ პრეტენზია და საჩივარი არ ჰქონდა მოძალადესთან, პირიქით, ითხოვდა მის მკაცრად დასჯას, ხოლო შერიგება და ქორწინება კი მოხდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ; პროკურორის აზრით, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი წინასწარ გამოძიებას გააჩნდა მ. მ-ის მიერ დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმში დაფიქსირებული პოზიციიდან _ საჩივრიდან გამომდინარე; ამ კატეგორიის დევნა არ წყდება ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ორივე მხარეს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ მ. მ-ეს მიაჩნია, რომ განაჩენი უკანონოა ასევე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილშიც, ამიტომ ითხოვს თ. ზ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის.

კასატორები _ მსჯავრდებული თ. ზ-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ხ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება ისე დაიწყო, რომ არ ჰქონდათ დაზარალებულის საჩივარი; სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის კატეგორიას და დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე; 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, პროკურორს აქვს უფლება, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დაზარალებულის საჩივრის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული, რაც ამ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება; სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე. განაჩენით არაა დასაბუთებული, ჰქონდა თუ არა გაუპატიურებას ადგილი; განაჩენი აგებულია ვარაუდზე და დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე; თ. ზ-ძე კი იძლევა ერთიან, ლოგიკურად დასაბუთებულ და თანმიმდევრულ ჩვენებებს; დაზარალებულის დაკითხვა იქამდე გაჭიანურდა, სანამ ბრალდების მხარემ არ აიძულა იგი, მიეცა ბრალდებისათვის სასურველი ჩვენება; წარმოუდგენელია, თ. ზ-ეს ფიზიკური ძალის გამოყენებით, ქალაქის ცენტრში, განათებულ და ხალხმრავალ ადგილას, იძულებით ჩაესვა მ. მ-ძე ავტომანქანაში და წასულიყო დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით; დადგენილია, რომ თ. ზ-ეს მანქანაში არ აქვს დისტანციური მართვის პულტი, რომლითაც, ვითომ, ჩაკეტა მანქანის კარი; დაზარალებულს სხეულზე არ აღენიშნება გაუპატიურებისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობის გაწევისა და ბრძოლის კვალი; არანაირი კვალი არ აღენიშნება თ. ზ-საც სხეულსა და ტანსაცმელზე; დაუჯერებელია ასევე ძალადობის გამოყენებით გატაცებული დაზარალებულის მიყვანა მთავრობის სახლის მიმდებარე, განათებულ ტერიტორიაზე, სადაც სამთავრობო დაცვაა განლაგებული; დაუჯერებელია აგრეთვე დაზარალებულის განმარტება, რომ იგი მოტყუებით გადავიდა მანქანიდან, ხოლო თ. ზ-ემ მეორე დღეს ის მოძებნა საავადმყოფოში ხელჩანთის გადასაცემად; საქმის მასალების ერთობლივი შეფასებით კეთდება დასკვნა, რომ, რადგან დაზარალებული მოხვდა საავადმყოფოში და ახლობლებისათვის ცნობილი გახდა მისი თ. ზ-სთან ურთიერთობა, მ. მ-ძე იძულებული გახდა, გამოძიებისათვის მიეცა არასწორი ჩვენება; დაცვის მხარემ არაერთი შუამდგომლობა დააყენა გაუპატიურების ნაწილში სპეციალისტისა და ექსპერტიზის დაკითხვის შესახებ, მაგრამ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა ისინი; მეტიც, თ. ზ-ეს დანაშაული ჩადენილი რომც ჰქონოდა, მის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული.

კასატორთა განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას; მოცემულ შემთხვევაში, თუ გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა, მას უნდა განემარტა დაზარალებულისათვის უფლება-მოვალეობანი, რაც არ მომხდარა; დაზარალებულმა 2006 წლის 13 ოქტომბერს აჭარის ა\რ-ის პროკურორს მიმართა განცხადებით, რომლითაც საერთოდ უარყო გაუპატიურების ფაქტი, დამატებითი დაკითხვისას კი კვლავ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ პრეტენზია არა აქვს და მათ უნდა შექმნან ოჯახი; ამდენად, თ. ზ-ის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ამიტომ 2006 წლის 13 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი; სასამართლოს განაჩენში საერთოდ არ უმსჯელია, სწორად იყო თუ არა დაკვალიფიცირებული თ. ზ-ის ქმედება, მაშინ, როცა გაუპატიურება თავისთავად მოიცავს თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ძალადობასა და მუქარას და სასამართლო პრაქტიკა ასეთ შემთხვევას დანაშაულთა ერთობლიობით არ აკვალიფიცირებს; ასევე დაუსაბუთებელია, თ. ზ-ეს რატომ დაედო მსჯავრი 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით _ დანაშაულის ჩადენა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ყოველივე მიუთითებს გამოძიების უკანონო დაინტერესებაზე, არაობიექტურობასა და ხელოვნურობაზე; თუ განაჩენის პოზიციას გავიზიარებთ, სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე იყო გამოძიების დაწყებისთანავე და თ. ზ-სათვის თავიდანვე უნდა წარედგინათ ბრალდება ორივე დელიქტში; სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 450-ე მუხლის მოთხოვნა და თ. ზ-ეს მსჯავრი დასდო ისეთ ფაქტობრივ გარემოებებში, რაშიც მას ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი.

მსჯავრდებულ თ. ზ-სა და ადვოკატ ვ. ხ-ის მოსაზრებით, საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ თ. ზ-ეს არ ჩაუდენია არც გაუპატიურება და არც _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა; სასამართლომ განაჩენის დადგენისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 450-ე, 496-ე, 503-ე, 507-ე, 537-539-ე მუხლების მოთხოვნები, რაც განაჩენის აუცილებელი გაუქმების საფუძველია, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ. ზ-ძე და ადვოკატი ვ. ხ-ლი ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და თ. ზ-ის გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ პროკურორ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივს მსჯავრდებულ თ. ზ-ის მიმართ სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა მიუთითა, რომ პოლიციის ჩაურევლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მომხდარის შესახებ არც გაემხილა.

მსჯავრდებულის მიერ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა უდავოდ დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის _ დაზარალებულის ჩვენებებით, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი და თ. ზ-ძე შერიგდნენ და დაქორწინდნენ. ამ გარემოებებს სააპელაციო პალატამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მათზე არ იმსჯელა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია.

ზემოაღნიშნულის გამო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს, რამდენად შეესაბამება რეალობას დაზარალებულის განცხადება მსჯავრდებულთან შერიგებისა და ქორწინების შესახებ. თუკი ამგვარი გარემოებები დადგინდა, სააპელაციო პალატამ ისინი სათანადოდ უნდა შეაფასოს და იმსჯელოს, მიზანშეწონილია თუ არა თ. ზ-სათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ თ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენი თ. ზ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.