შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 20.04.2007
საქმის ნომერი
21საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

21საზ ქ. თბილისი

20 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის,პროკურორ _ ნ. ნ-ის,ადვოკატ _ გ. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით ი. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მე-19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა მოქალაქეთა არაერთხელ წაქეზება ქრთამის მიცემაში და ამ მიზნით მათთვის ფულის გამოძალვა; მანვე ჩაიდინა ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ორი პირის განზრახი მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის გამოყენებით; მანვე ჩაიდინა სათანადო ნებართვის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის _ „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის _ შეძენა, შენახვა და ტარება.

ამავე განაჩენით ე. ჩ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა დამნაშავის, დანაშაულის ჩადენის იარაღის, საშუალებების, დანაშაულის კვალის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა, როდესაც დაფარული დანაშაულისათვის კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და მეტი ვადით.

ი. კ-სა და ე. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ი. კ-ძე და ე. ჩ-ძე არიან დედა-შვილი. ი. კ-ძე მუშაობდა საქართველოს ---ში აპარატის ხელმძღვანელის ---ედ.

1995 წლის აპრილ-ივნისში ი. კ-ეს მიმართეს მოქალაქეებმა _ ჯ. ს-ემ, დ. ძ-მა და ც. ჯ-ემ, რომელთაც თავიანთი კომერციული ფირმა „--”-ისათვის სურდათ ბანკიდან ფულადი კრედიტის გამოტანა. ი. კ-ემ მათ აღუთქვა, რომ ბანკიდან გამოატანინებდა სახელმწიფო კრედიტს 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, თუკი ეს უკანასკნელნი ზემდგომი თანამდებობის პირებზე გადასაცემად მას მისცემდნენ გარკვეულ თანხას, ე.ი. წააქეზა ისინი ქრთამის მიცემაში. ამ მიზნით ხსენებულ პირებს 1995 წლის ივნისში გამოართვა 1900 აშშ დოლარი, ხოლო სამი დღის შემდეგ გამოსძალა კიდევ 600 აშშ დოლარი. ეს თანხა მას არავისთვის გადაუხდია და მიითვისა.

1995 წლის აგვისტოს დასაწყისში ი. კ-ეს მიმართეს გ. (ბ.) ბ-ემ და გ. წ-ემ, რომელთაც მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა „---ს” ასამუშავებლად სურდათ --- კრედიტის გამოტანა. ი. კ-ემ ეს პირებიც წააქეზა ზემდგომი თანამდებობის პირებისათვის ქრთამის მიცემაში და შეჰპირდა 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით --- კრედიტს. ამ მიზნით 1995 წლის 9 აგვისტოს მან გ. ბ-საგან აიღო 4000 აშშ დოლარი ც. ჯ-სა და გ. წ-ის თანდასწრებით, 18 აგვისტოს კი კიდევ გამოსძალა 700 აშშ დოლარი, ხოლო 20 აგვისტოს _ 500 აშშ დოლარი.

თანხების გადაცემა ხდებოდა მინისტრთა კაბინეტის შენობაში. ი. კ-ემ სულ მიითვისა თანხა 5 200 აშშ დოლარის ოდენობით.

1995 წლის 20 აგვისტოს, 500 აშშ დოლარის გამოძალვის შემდეგ, გ. ბ-ძე და მასთან ერთად მყოფი, ც. ჯ-ის დისშვილი გ. ო-ლი ი. კ-ემ წაიყვანა თავისი დედის _ ე. ჩ-ის ერთოთახიან ბინაში, ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლება-3, -- მიკრორაიონი, --ე კორპუსი, ბინა 57-ში, სადაც გაიმართა მოლაპარაკება --- კრედიტის გაცემის მოუგვარებლობის გამო, ქრთამის სახით ი. კ-სათვის მიცემული თანხების დაბრუნების შესახებ. ი. კ-ემ იცოდა რა, რომ მათ თანხას ვერ დაუბრუნებდა, გადაწყვიტა, მოეკლა ორივე. ამისათვის მან „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტით გ. ბ-ეს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, ხოლო გ. ო-ლს _ ასევე ზურგის არეში იმავე პისტოლეტით მიაყენა ორი გამჭოლი დაზიანება. ამის შემდეგ ი. კ-ემ აიღო საოჯახო დანა და გ. ბ-ეს გულმკერდისა და ზურგის არეში მიაყენა 53 ჭრილობა, ხოლო გ. ო-ლს _ 33 ჭრილობა, აქედან 2 ჭრილობა შედიოდა გულმკერდის ღრუში. მკვლელობის შემდეგ ი. კ-ემ, თავის დაზღვევის მიზნით, ორივეს გვამი მიათრია ოთახის კედელთან და თავიანთი ქამრებით მიაბა გათბობის სისტემის რადიატორს.

იმავე საღამოს ი. კ-ძე მივიდა დედამისთან ---ის გამზირზე, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში და ე. ჩ-ეს უთხრა, რაც ჩაიდინა.

მეორე დღეს, ე.ი. 21 აგვისტოს, ი. კ-ძე და ე. ჩ-ძე მივიდნენ ვარკეთილის დასახლებაში მდებარე თავიანთ ერთოთახიან ბინაში, სადაც მიცვალებულთა გვამები იყო, დანის, ხისა და ლითონსაჭრელი ხერხების გამოყენებით ორივე გვამს მოახერხეს თავები, ზემო და ქვემო კიდურები, ჩააწყვეს ცელოფნისა და ბრეზენტის ტომრებში და გაამზადეს გადასაყრელად, კვალის დასაფარად.

ე. ჩ-ემ მოასუფთავა სისხლით მოსვრილი ბინა, გაწმინდა სისხლიანი დანა და ხერხები, შემდეგ კი აიღო პისტოლეტი, მასრები და სახლიდან მოშორებით გადაყარა.

ყოველივე ამის შემდეგ ი. კ-ძე ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეგობარ ა. ქ-ლს, რომელიც მუშაობდა ---სა და ---ის ფედერაციაში ---ად და სთხოვა, ნაგვის გადასაყრელად მიეყვანა მასთან ფედერაციის კუთვნილი ავტომანქანა, რადგანაც იცოდა, რომ ამ ფედერაციის ავტომანქანებს განსხვავებული ნომრები ჰქონდათ და გზაზე არავინ გააჩერებდა. ა. ქ-მა თანხმობა განუცხადა ი. კ-ეს და, თავის მხრივ, ავტომანქანა სთხოვა ამავე ფედერაციის თანამშრომელ კ. ჭ-ლს, რომელმაც ავტომანქანა არ გაატანა ა. ქ-ლს და თვითონ წაჰყვა მანქანით. სანამ ეს პირები ი. კ-სთან მივიდოდნენ, ამ უკანასკნელმა გ. ბ-სა და გ. ო-ის გვამებისათვის მოჭრილი თავები წაიღო წმინდა ---ს სახელობის სასაფლაოზე და სხვადასხვა ადგილას მიწაში ჩამარხა.

ა. ქ-მა და კ. ჭ-მა ი. კ-ეს შეთანხმებისამებრ მიაკითხეს მოსკოვის გამზირზე მდებარე ბინაში. ავტომანქანაში ჩასხდნენ ი. კ-ძე და ე. ჩ-ძე და ი. კ-ის წინადადებით წავიდნენ ---ის მოედანთან, საიდანაც წამოიყვანეს 2 დაუდგენელი პირი და დაბრუნდნენ ---ის დასახლებაში დანაწევრებული გვამების გადასაყრელად.

საცხოვრებელ კორპუსთან მისვლის შემდეგ ორი დაუდგენელი პირი და ი. კ-ძე ავიდნენ ბინაში, -- ტომრით ჩამოიტანეს გვამები, ჩატვირთეს ავტომანქანაში და გადაყარეს კახეთის გზატკეცილზე, ---ის ხევში.

ე. ჩ-ეს ბოთლით წამოღებული ჰქონდა ნავთი და სურდა, გვამებისათვის დაესხა და დაეწვა, მაგრამ ა. ქ-მა უთხრა, რომ იყო ხ-ის გაჩენის საშიშროება და თავი შეეკავებინა ცეცხლის წაკიდებისაგან.

სანამ ---ის ხევთან მივიდოდნენ, ერთ-ერთმა მუშამ იკითხა, რატომ ჰქონდა ტომრებს სუნი, რაზეც ი. კ-ემ განუცხადა, რომ ჰუმანიტარული ხორცი ჰქონდა ნაყიდი, გაუფუჭდა და ამიტომ უნდა გადაეყარა.

---ის ხევიდან დაბრუნების შემდეგ ი. კ-ძე და ა. ქ-ლი საქეიფოდ წავიდნენ რესტორან „---ში”, ხოლო სხვები ავტომანქანიდან ჩამოვიდნენ სხვადასხვა ადგილას.

ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ი. კ-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, მე-19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 15 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ი. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ დახვრეტა.

ე. ჩ-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის ქალთა კოლონიაში მოხდით.

მსჯავრდებულებს ჩაეთვალათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნა 1995 წლის 24 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის -- ივლისის ¹--ე ბრძანებულებით ი. კ-ძე შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 361-ე მუხლით, მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ 9 წელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად განესაზღვრა 2015 წლის 29 სექტემბერი.

მსჯავრდებული ი. კ-ძე საჩივრებში აღნიშნავს, რომ მისჯილი სასჯელიდან _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთიდან _ მოხდილი აქვს 11 წელზე მეტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილებებით, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტების სანქცია შემსუბუქდა, შესაბამისად, მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომელიც ამსუბუქებს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; სასჯელის მოხდის პერიოდში მას არ დაურღვევია რეჟიმის მოთხოვნები, ცდილობდა საკუთარი თავის სრულყოფას, რაც ქმნის წინაპირობას მისი რესოციალიზაციისათვის და სასჯელის მიზანი, უკვე მოხდილი 11-წლიანი პატიმრობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მიღწეულ იქნეს იმაზე მცირე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ვიდრე მოსახდელად დარჩენილი 9-წლიანი პატიმრობაა.

მსჯავრდებული ასევე ითხოვს, პალატამ გაითვალისწინოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, რომლის თანახმადაც, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; ასევე გაითვალისწინოს, რომ დაპატიმრებამდე მუშაობდა --- საპასუხისმგებლო სამსახურში, ---ის სტატუსით მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, პირველადაა სამართალში, 11 წლის მანძილზე, საიდანაც 1 წელი და 5 თვე გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში, ხოლო 1997 წლის 11 აგვისტოდან 2000 წლის 27 მაისამდე იყო საპყრობილეში, იქცეოდა კანონმორჩილად, ჰყავს მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი, ჰიპერტონიული წნევით დაავადებული 69 წლის დედა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრია; თავად მისი ჯანმრთელობაც მძიმეა.

მსჯავრდებული ი. კ-ძე საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ 1997 წლის 25 ივლისს, როდესაც განხორციელდა სიკვდილმისჯილთა საერთო შეწყალება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ჯ. მ-ლს, რომელზეც მასობრივი შეწყალების აქტი ვერ განხორციელდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა 1998 წლის -- თებერვლის ¹--\-- დადგენილებით დააკმაყოფილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის --- მოადგილე ჯ. ყ-ის პროტესტი და ჯ. მ-ლს სიკვდილით დასჯა შეუცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით, იმ მოსაზრებით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადად დაწესებული იყო 15 წელი; მსჯავრდებულის აზრით, აღნიშნული დადგენილების სამართლებრივი ლოგიკა ანალოგიურად უნდა გავრცელდეს მის კონკრეტულ შემთხვევაზეც, რადგან მას შეწყალება არ უთხოვია და ამ პროცედურის გამოყენება მის მიმართ იმ ფორმით, რომლითაც მისი ფაქტობრივი მდგომარეობა 5 წლით მეტ პატიმრობას გულისხმობს, ვიდრე შეუწყალებლად დარჩენილი პატიმრისა, საფუძველშივე ეწინააღმდეგება კანონიერებისა და სამართლიანობის ნორმებს; შეწყალებით ფაქტობრივად დამძიმდა მისი მდგომარეობა და სასამართლოს გარეშე სასჯელის, მისი მოხდის ადგილისა და რეჟიმის განუსაზღვრელად, ერთპიროვნული ბრძანებულებით დღემდე იხდის 20-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ვადას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. კ-ძე, საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ითხოვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის -- თებერვლის ¹--\-- დადგენილების ანალოგიით, თავისი კანონიერი უფლებების რესტიტუციასა და სასჯელის შემცირებას 15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ ი. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა მხარი დაუჭირა საჩივრებს და მოითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹--ე ბრძანებულებით გაუარესდა ი. კ-ის მდგომარეობა, რადგან იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ან თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე ვადით. რამდენადაც სიკვდილით დასჯა უქმდებოდა, ი. კ-სათვის დანიშნული სასჯელი ავტომატურად შეიცვლებოდა თავისუფლების აღკვეთით 15 წლამდე ვადით. ადვოკატის განმარტებით, იმ ქმედებას, რისთვისაც მსჯავრდებულია ი. კ-ძე, მოიცავს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ", ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტები. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას. სიკვდილით დასჯით გაუქმების შემდეგ ი. კ-ეს ავტომატურად უნდა განსაზღვროდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის დადგენილება. ამასთან, ი. კ-ემ დანიშნული სასჯელიდან უკვე მოიხადა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რა დროსაც ხასიათდება დადებითად და მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა გ. ნ-მა, დააზუსტა რა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საჩივრები, მოითხოვა ი. კ-სათვის სასჯელის შემცირება და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა ი. კ-სათვის სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იმ მოტივით, რომ ი. კ-ის მიერ დანაშაულის ჩადენისას, იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი ალტერნატიულ სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 15 წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა ი. კ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ დაზუსტებული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი ი. კ-ძე საჩივრებით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის გამო მსჯავრდების ნაწილში მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც აღინიშნა, ი. კ-ეს განაჩენით საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

ანგარებით, ორი ან რამდენიმე პირის, განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ი. კ-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის (მკვლელობა დანაშაულის დაფარვის მიზნით) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა), „ბ” (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) და „გ” (განზრახ მკვლელობა ანგარებით) ქვეპუნქტების სანქციით _ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, ი. კ-ის მიერ ზემოაღნიშნულ ქმედებათა ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ი. კ-ის მიერ ორი ან მეტი პირის განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტები (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ი. კ-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.

რაც შეეხება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტს, იგი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტთან, რადგან ამ მუხლის სანქცია უფრო მსუბუქია 104-ე მუხლის მე-7 პუნქტის სანქციასთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის -- თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ეს, რომელსაც განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

ი. კ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ქრთამის მიცემაზე წაქეზება, არაერთხელ) უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე,339-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სსკ-ის 24-ე,339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელად დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე, ხოლო 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 24-ე,339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ამ ქმედებისათვის განსაზღვრული იყო 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ადრე მოქმედი სსკ-ის მე-19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელად დაწესებული იყო 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ი. კ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, ი. კ-ის მიერ მოქალაქეთა არაერთხელ წაქეზება ქრთამის მიცემაში და ამ მიზნით მათთვის ფულის გამოძალვასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც აღნიშნული ქმედებისათვის ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, 2006 წლის 31 მაისამდე და დღეს მოქმედი სსკ-ის 24-ე,339-ე მუხლები აღარ ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ ნიშანს _ არაერთგზისობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. კ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის მე-19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 24-ე,339-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ კანონის სანქციის ფარგლებში.

ი. კ-ის მიერ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ხსენებული მუხლით დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კანონის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელების ფარგლებშია და არც ამ ქმედების სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი უნდა გაუქმდეს ე. ჩ-ის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ საქმე შეწყდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ იმ დანაშაულის დაფარვისათვის, რისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და მეტი ვადით. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა გათვალისწინებულია დღეს მოქმედი სსკ-ის 375-ე მუხლით, რომლის შენიშვნის შესაბამისად, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" და “დ” ქვეპუნქტებით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. კ-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ი. კ- ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე,339-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. კ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტზე და სასჯელად დაენიშნოს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. კ-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, ი. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი გაუქმდეს ე. ჩ-ის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ შეწყდეს საქმე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.