ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1156აპ 3 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის განაჩენით მ. ბ-ი, _ დაბადებული . წელს, ქართველი, ცოლშვილიანი, ნასამართლობა გაქარწყლებული, მცხოვრები თბილისში, ........ 1-ა კორპუსის, ბინა ¹71-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით _ 4 წლით, ხოლო 128-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 15 ოქტმობრიდან.
მ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 21.30 საათზე, ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მ. ბ-ი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, მძღოლის მოწმობის გარეშე მართავდა მიკროავტობუს ,,მერსედეს ბენცს” სახ. ¹.......-ს და მოძრაობდა მეტროს სადგურ „ღრმაღელის“ მხრიდან, ც. დადიანის ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით. როდესაც იგი მიუახლოვდა ამავე გამზირზე არსებულ ¹45-ე ელგანათების ბოძს, დაარღვია ზემოაღნიშნული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, მძღოლი ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალება მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისას საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე. უგულებელყო რა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები, მ. ბ-მა მსვლელობის დროს ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, არ მიიღო ზომები შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ. ჭ-ს, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და საშუალება არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად. ევალებოდა რა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, მ. ბ-მა მიატოვა დაზარალებული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გ. ჭ-ი იმავე დღეს გარდაიცვალა რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ბ-მა. აპელანტმა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი მიიჩნია ზედმეტად მკაცრად და სასამართლოს წინაშე ითხოვა, თავისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ. ბ-ს დანიშნული სასჯელიდან (4 წელი და 6 თვე) 3 წლისა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდის შემდეგ დარჩენილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით _ 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული არ ითხოვს მის დასჯას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა დანიშნული სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ მ. ბ-ს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მურაზ ბუჟღულაშვილის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებული მ. ბ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 8 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტით, ამავე კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებული მ. ბ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ბ-ს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 8 (რვა) თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.