შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1662აპ ქ. თბილისი
15 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს-ის, პ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის, მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის, მსჯავრდებულების კ. ლ-ს და თ. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით თ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
პ. ჯ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” და “ო” ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
თ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გ. ხ-ს დამატებით სასჯელად ასევე დაეკისრა ჯარიმა 20000 ლარი.
რ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გ. ხ-ს დამატებით სასჯელად ასევე დაეკისრა ჯარიმა 15000 ლარი.
მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 2 საათიდან 4 საათამდე, გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ, გაქურდულ იქნა ქ. ფოთში, .......-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ს-ს ბინა, საიდანაც ფარულად იქნა გატაცებული „ფუნაის“ სისტემის ტელევიზორი, ამავე სახელწოდების მაგნიტოფონი და მართვის პულტი. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მდებარეობდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე. 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის რეგიონალური განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების პოლიციელების თ. შ-ს და კ. ლ-ს მიერ თავის სამოქმედო, ნაბადის გადასასვლელი ხიდის ქვემოთ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო საფუძვლების არარსებობის პირობებში დაკავებული იქნა თითქოსდა სხვისი ქონების ქურდობაში ეჭვმიტანილი, ქ. ფოთში .......-ში მცხოვრები თ. მ-ა. მ. ა--ის, კ. პ-ს და გ. ლ-ს დახმარებით, ამ უკანასკნელის ვაზ-2107 მარკის ავტომანქანით გადაიყვანეს ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში, სადაც თ. მ-ა განზრახ უკანონოდ იყო დაკავებული 7 საათსა და 10 წუთამდე. ის ფაქტი, რომ თითქოსდა ქ. ფოთის ნაბადის ქვეგანყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე, სხვისი ქონების ქურდობაში ეჭვმიტანილი პირი თ. მ-ა დაკავებული ჰყავდათ ქ. ფოთის ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლებს, იმავე დილით ცნობილი გახდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობისათვის, მათთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ თ. მ-ა ქ. ფოთის ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული იყო საქართველოს სსსკ-ის 142-ე მუხლის საფუძვლების არარსებობის პირობებში, იმავდროულად არ არსებობდა თ. მ-ს დაკავების ოქმი, რითაც უხეშად იყო დარღვეული კანონის საპროცესო კოდექსის 142-ე, 145-ე და 146-ე მუხლების მოთხოვნები, მიუხედავად ამისა, უკანონოდ დაკავებული თ. მიქია კანონის უხეში დარღვევით, სატრანსპორტო პოლიციის პასუხისმგებელმა მორიგე რ. კ-მ 07 საათსა და 10 წუთზე გადასცა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს მ. მ-ს.
თ. ს-მ ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, არასწორად გაგებული სახელმწიფო ინტერესების, დანაშაულთან ბრძოლის ყალბი გაგების მოტივით, თითქოსდა მომავალში სხვა დანაშაულებათა გახსნის და თანამონაწილეთა დასახელების მიზნით, ასევე თ. მ-ს დაკავების დროს დაშვებული კანონდარღვევების გამოსწორების მიზნით, მისადმი დაქვემდებარებულ ოპერატიულ სამსახურს, მისცა კანონსაწინაღმდეგო დავალება, რათა თ. მ-ა გაეყვანათ დაკავების ადგილზე და ეწარმოებინათ თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის პირობებში პირადი ჩხრეკა და ამოღება, რისთვისაც სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის შ. ბ-ს მეშვეობით, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილეს მ. მ-ს, რომელიც იმ ღამით იყო შემოვლის ჯგუფის ხელმძღვანელი, გაუგზავნა მის მიერ წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შეუვსებელი დადგენილების ბლანკი, გადაუდებელ შემთხვევაში ჩხრეკისა და ამოღების წარმოების შესახებ. ოპერატიულმა სამსახურმა, შეასრულა რა მისი უკანონო დავალება, თ.მ-ა, მ. მ-მა 07 საათსა და 10 წუთზე, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის სამორიგეო ნაწილიდან, გაიყვანა ქ. ფოთის ნაბადის გადასასვლელი ხიდის ქვემოთ, სადაც მ. მ-მა, შ. ბ-მ, ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოპერატიული სამსახურის მუშაკებმა ე. ს-მ, კ. ხ-მ და ნაბადის ქვეგანყოფილების უფროსმა პ. ჯ-მ უკანონოდ დაკავებულ თ. მ-ს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში იქ მიტანილ, ქ. ფოთში .....-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ს-ს კუთვნილი „ფუნაის“ სისტემის ტელევიზორთან, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტოფონთან და მართვის პულტთან ერთად, იქ მყოფმა პ. ჯ-მ ფოტოაპარატ სშ-111-ით გადაუღო ფოტოსურათები. მათვე 07 საათსა და 50 წუთზე გააფორმეს მ-ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი და შეავსეს თ. ს-საგან გაგზავნილი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დადგენილება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის და ამოღების წარმოების შესახებ, ანუ ხელოვნურად შექმნეს თ. მ-ს მიმართ ყალბი მტკიცებულება, რის შემდეგ 8 საათზე თ. მ-ა კანონის მოთხოვნის დარღვევით, დაკავების ოქმის გარეშე გადმოიყვანეს ქ. ფოთის პოლიციის სამმართველოს შენობაში.
თ. ს-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის მისადმი სამსახურებრივად დაქვემდებარებული ოპერატიული მუშაკების - პ. ჯ-ის და ა. ს-ის მიერ თ. მ-ს ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაში უკანონოდ გადაყვანის შემდეგ, ნაბადის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე სამსახურებრივად მისადმი დაქვემდებარებული ნაბადის ქვეგანყოფილების უფროსის პ. ჯ-სა და ამავე ქვეგანყოფილების ოპერატიული თანამშრომლის ა. ს-ის მიერ, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, მომავალში, საქმეზე შესაძლო ნივთიერი მტკიცებულებების მნიშვნელობის ნივთები „ფუნაის“ სისტემის ტელევიზორი, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტოფონი და მართვის პულტი, თ. ს-ს ფაქტიური ხელშეწყობით, რაც გამოიხატა მისი, როგორც ხელმძღვანელი პირის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში, რომელმაც არ აღკვეთა კონკრეტულ შემთხვევაში კანონდარღვევა – მიიტანა ქ. ფოთში, .....-ში და წარუდგინა მოქალაქე მ. სა-ს, რაზეც არ შედგა არანაირი სახის პროცესუალური დოკუმენტი. ამასთან ამავე ბინაში, ასევე კანონის უხეში დარღვევით, 09 საათსა და 00 წუთიდან 09 საათსა და 30 წუთამდე, პირადად თ. ს-ს სახელით გამოტანილი და მისი მოადგილე მ. ს-ს მიერ დამტკიცებული დადგენილების საფუძველზე, თითქოსდა გადაუდებელ პირობებში ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შედგა დათვალიერების ოქმი. მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, ამოღებულ იქნა თითქოს ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის თითის ანაბეჭდები, ყალბად დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და მასთან მისადაგების მიზნით, სასურველი შინაარსის ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მოაქალაქე მ. ს-ს, ფიზიკური ძალის გამოყენებით პ. ჯ-ს მიერ მოხდა თ. მ-საგან აღიარებითი ჩვენების გამოძალვა. აგრეთვე პ. ჯ-ის უშუალო და აქტიური მონაწილეობით მისადმი სამსახურებრივად დაქვემდებარებულ ოპერატიულ მუშაკებთან, ე. მ-სთან, ჰ. კ-სთან, კ. ა-სთან ერთად, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით თ. მ-ს, უშუალოდ ხელკეტით და მკვრივი ბლაგვი საგნით ცემით, მკვრივ საგანზე არაერთხელ მიხეთქებით მიაყენა სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
თ. ს-ს მიერ უშუალოდ და მისი მითითებით, მისადმი სამსახურებრივად დაქვემდებარებული ოპერატიული მუშაკების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოგვიანებით, ქ.ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პასუხისმგებელმა მორიგე რ. გ-მ, 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმრთველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის მ. ს-ის ასევე უკანონო მითითებით, მისი წინამორბედის პასუხისმგებელი მორიგის თ. ბ-ას სახელით, შეადგინა თითქოსდა დილის 6 საათზე უცნობი მოქალაქის მიერ ელსმენით შეტყობინების ოქმი, ქ. ფოთში .....-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ს-ს ტელევიზორისა და ვიდეომაგნიტოფონის ქურდობის ფაქტზე. ყალბად შედგენილი შეტყობინება, ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის, მ. ს-ის რეზოლუციით დაეწერა ამავე სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილეს მ. მ-ს და ნაბადის ქვეგანყოფილების ყოფილ უფროსს პ. ჯ-ს, ანუ იმ ოპერატიულ მუშაკებს, რომლებსაც თ. საჯაიასთან ერთად აქტიური მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ყალბი მტკიცებულებების შექმნაში. მას შემდეგ, რაც თ. ს-ს და მისი მხრიდან უკანონო მითითებების საფუძველზე, მისადმი სამსახურებრივად დაქვემდებარებული ოპერატიული თანამშრომლების მიერ თ. მ-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მხილების მიზნით ყალბად შექმნილი ფალსიფიცირებული მტკიცებულება, 2001 წლის 14 ივლისს, კანონიერად იქნა ცნობილი ქ. ფოთის სასამართლოს მიერ. თ. მ-ს მიმართ იმავე დღეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკანონოდ დაამტკიცა ქ. ფოთის ყოფილმა პროკურორმა გ. ხ-მ, საქმე წარმოებაში მიიღო მ. მ-მა.
იმავე დღეს, 2001 წლის 14 ივლისს 12 საათსა და 40 წუთზე, თ. ს-ს მიერ თ. მ-ს მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საფუძველზე, მ. მ-ის მიერ გამოტანილ იქნა ასევე უკანონო დადგენილება თ. მ-ას ეჭვმიტანილად ცნობის და დაკავების შესახებ, ხოლო ყოფილი პროკურორის გ. ხ-ას მიერ აღნიშნული დადგენილების დამტკიცების შემდეგ, თ. მ-ა უკანონოდ იქნა დაკავებული და მოთავსებული ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.ი. თ. მ-ა 2001 წლის 14 ივლისის 05 საათსა და 50 წუთიდან, 07 საათსა და 10 წუთამდე უკანონოდ იყო მოთავსებული ჯერ ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციაში, ხოლო იმავე დღის 08 საათსა და 00 წუთიდან 21 საათსა და 30 წუთამდე ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოში. თ. მიქიას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედების გამო, 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაში მიღებული სხეულის დაზიანების შედეგად იგი იმავე დღესვე გარდაიცვალა ქ. ფოთის საავადმყოფოში. მოგვიანებით 2002 წლის სექტემბერში თ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის მოტივით, ხოლო თ. მიქია სასამართლოს მიერ სრულად იქნა რეაბილიტირებული.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ავთანდილ სიხუაშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს-მა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის დამცველმა, ადვოკატმა მ. თ-მა, თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ-მ, მსჯავრდებულების კ. ლ-ს და თ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა მ. ჯ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ პ. ჯ-ს და ა. ს-ს ამოერიცხათ სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. პ. ჯ-ს ასევე ამოერიცხა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ო” ქვეპუნქტი, როგორც ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომა. სხვა ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ავთანდილ სიხუაშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს-მა, პ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა, მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ, მსჯავრდებულების კ. ლ-ს და თ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ, რომლებიც მოითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულთა გამართლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადასტურებულია დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკისა და ამოღების წარმოების შესახებ, პირადი ჩხრეკის ოქმით, წერილით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკისა და ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით. პალატა თვლის, რომ თ. ს-ს, სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პალატის აზრით არის სამართლიანი სასჯელი და რაც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. რაც შეეხება თ. ს-ს მიერ სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, პალატა თვლის, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: საქმის მასალებით დგინდება, რომ თ. ს-ს უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია თ. მ-ს დაკავებაში. თ. ს-ა მოქმედებდა რა პირადი ინტერესის (დანაშაულის თითქოსდა გახსნის) მიზნით, მან თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რამაც ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევა გამოიწვია. ამასთან პალატა თვლის, რომ თ. ს-ს მიერ აღნიშნული ქმედება განხორციელდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ თ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და მას აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თ. ს-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს-ს, პ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს, მსჯავრდებულების კ. ლ-ს და თ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრებს, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: პ. ჯ-ს მიერ მ-ზე ჩამორთმეული ახსნა-განმარტებით და ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების: გ. გ-ს, ლ. მ-ს, ა. მ-ს, თ. მ-ს, ი. გ-ს, მ. მ-ს და სხვათა ჩვენებებით, მ-ის შემთხვევის ადგილზე შემოწმების ოქმით, დაქტილოსკოპიური, სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, თ. მ-ს გვამის დათვალიერების ოქმით და სხვა მასალებით მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები დადასტურებულია და მათ ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვთ მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პ. ჯ-ს, ა. ს-ის, თ. შ-ას, კ. ლ-ას პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულთა ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და არ არსებობს მათი შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, სსსკ-ის 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს-ის, პ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის, მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს, მსჯავრდებულების კ. ლ-ს და თ. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ თ. ს-ს სასიკეთოდ: თ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და მას აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ს-ს, სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ს-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.