გაუქმდა და შეწყდა

ადმინისტრაციული 09.09.2013
საქმის ნომერი
ბს-278-270(კ-13)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-278-270(კ-13) 9 სექტემბერი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ.ჭ-ი

მოწინააღმდეგე მახარეები (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ჭ-მა 2012 წლის 5 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 06 მაისის №00060/ს დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2076 განკარგულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჭ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ და გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 06 მაისის №00060/ს დადგენილებით დ.ჭ-ისათვის დარიცხული საურავის ოდენობა 10 000 ლარი შემცირდა 2 000 ლარით და განისაზღვროს 8 000 ლარით; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ჭ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას დარიცხული საურავის სახით 8 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

დ.ჭ-მა 2013 წლის 3 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №4-1/დ452-13 დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული დ.ჭ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2011 წლის 6 მაისს მიღებული №დ518-11 №00060/ს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (საურავის დარიცხვის შესახებ) და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ჭ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2010 წლის 1 სექტემბერს, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №000045 დადგენილებით დ.ჭ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით დ.ჭ-ს განემარტა, რომ ჯარიმა უნდა გადაეხადა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებოდა საურავი დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით. დ.ჭ-მა 2010 წლის 1 სექტემბრის დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმის თანხა დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ 2012 წლის 27 აპრილს გადაიხადა. 2011 წლის 6 მაისს, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №00060/ს დადგენილებით დ.ჭ-ს დაერიცხა საურავი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №000045 დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის 10 000 ლარის ოდენობით. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 6 მაისის დადგენილება დ.ჭ-მა გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიაში. ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2076 განკარგულებით, დ.ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განიხილა დ.ჭ-ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ საქართველოს კოდექსის 1031-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად წარდგენილი განცხადება და აღნიშნულის საფუძველზე 2013 წლის 20 აგვისტოს მიიღო დადგენილება №4-1/დ452-13, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2011 წლის 6 მაისს მიღებული №00060/ს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (საურავის დარიცხვის შესახებ).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ.ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 10 000 ლარი საურავის დარიცხვის შესახებ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 6 მაისის №00060/ს დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 24 ივლისის №2076 განკარგულების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი სწორედ სადავო აქტების საფუძველზე დ.ჭ-ისათვის საურავის სახით დარიცხული 10 000 ლარის კანონიერების დადგენაა. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცილებითი სარჩელი, რის გამოც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ჭ-ის სარჩელის მიზანს და მის კანონიერ ინტერესს სადავო აქტების საფუძველზე მისთვის საურავის სახით დარიცხული 10 000 ლარის გაუქმება წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 20 აგვისტოს №4-1/დ452-13 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 6 მაისის №00060/ს დადგენილება (რის საფუძველზეც მოსარჩელეს სადავო 10 000 ლარი დაერიცხა). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და დ.ჭ-ის სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დ.ჭ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მთავარ სხდომაზე და მთავარ სხდომამდე საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ.ჭ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ.ჭ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება; დ.ჭ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე