ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.02.2008
საქმის ნომერი
2კ-2179აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2179აპ ქ. თბილისი

20 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ს, ასევე _ მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჰ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე გ. ქ-სა და დ. ჭ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 ივლისის განაჩენით: დ. ჭ-ძე, _ დაბადებული .... წლის ......, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და გ. ქ-ი, _ დაბადებული ....... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის მე-19,214-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი ნივთიერების წესის დარღვევით გადატანის მცდელობა ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ქ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა დ. ჭ-ს და დაუდგენელ პირს და განიზრახეს, შხამიანი ნივთიერების _ ვერცხლისწყლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადატანა თურქეთის რესპუბლიკაში რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც ე. ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრას” საბარგულში მოათავსეს ლითონის ბიდონი, 10 კილოგრამი და 400 გრამი შხამიანი ნივთიერება _ ლითონური ვერცხლისწყალი, შესანიღბად ზემოდან დააყარეს ვაშლი და 2006 წლის 12 დეკემბერს გაემგზავრნენ ქ. ბათუმის მიმართულებით, სადაც უნდა შეხვედროდნენ მყიდველს, რომელიც გადაიყვანდა საზღვარზე და შემოწმების შემდეგ შეიძენდა ვერცხლისწყალს. მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ვინაიდან, მიუახლოვდნენ რა სოფელ სარფში განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტს და აპირებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც უნდა მოეხდინათ დაუდგენელ პირზე 87 525 ლარისა და 48 თეთრის ღირებულების შხამიანი ნივთიერების _ 10 კილოგრამი და 400 გრამი ლითონური ვერცხლისწყლის რეალიზაცია, ისინი დააკავეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა და ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული შხამიანი ნივთიერება _ ლითონური ვერცხლისწყალი.

აღნიშნული ქმედებისათვის დ. ჭ-სა და გ. ქ-ს განესაზღვრათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 12 დეკემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. შ-მა და ჰ. ბ-მა. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჰ. ბ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც მოწმის სახით დაკითხულმა ე. ჯ-მ განმარტა, ის მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში და ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა გ. ქ-სა და დ. ჭ-ის ქმედებაში ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები; გ. ქ-ის ჩვენებით, ვერცხლისწყლის საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით არასოდეს არავისთან საუბარი არ ჰქონია; დაკავების შემდეგ პირადად მას აღმოაჩნდა სამი ლარი, პასპორტი ან სხვა რაიმე სახის საბუთი არც მას და არც დ. ჭ-ს არ ჰქონიათ; დ. ჭ-ის ჩვენებით, არც მას ჰქონია ვინმესთან საუბარი შხამიანი ნივთიერების საზღვარგარეთ გატანაზე; მან ე. ჯ-ს სთხოვა დახმარება ამ ნივთიერების სახელმწიფოსთვის ჩაბარებაში; ვერცხლისწყალი ე. ჯ-ს უნდა გაეყიდა ბათუმში; საქმეში არსებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც ადასტურებს, რომ მსჯავრდებულები ე. ჯ-მ მოტყუებით ჩაიყვანა ბათუმში, რისი მიზანიც იყო მათი მიყვანა საბაჟო პუნქტთან, რათა მიეღოთ დანაშაულის ჩადენის მცდელობა; ადგილი აქვს დანაშაულის პროვოკაციას; საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ გ. ქ-ის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რადგან მან ვერცხლისწყლის დ. ჭ-სთან არსებობის შესახებ დაუყოვნებლივ განუცხადა სამხედრო პოლიციის ჩინოსანს _ ე. ჯ-ს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა დანაშაულის აღკვეთა-აცილება; ასევე უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. ჭ-ს და გ. ქ-ს ამ ნივთიერების საზღვარგარეთ გატანა კი არ სურდათ, არამედ უნდოდათ საქართველოში გაყიდვა, რაც დასჯადი არ არის; მოგვიანებით მათ ამ განზრახვაზეც აიღეს ხელი; მსჯავრდებულებს ვერცხლისწყლის თურქეთში გატანა რომ სდომებოდათ, მათ თან ექნებოდათ პასპორტები ან სხვა საბუთები; ისინი ვერც მებაჟეების მოსყიდვას შეძლებდნენ, რადგან თან მხოლოდ 3 ლარი ჰქონდათ; ვერავინ ახსნა, თუ ვის უნდა ეყიდა ვერცხლისწყალი, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთ პირობებში კი მასში 90 ათას ლარს ვინ გადაიხდიდა, გაურკვეველია; იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულებს მართლაც სურდათ ამ ნივთიერების გატანა საზღვარგარეთ, მაშინ ადგილი აქვს უმეცრების კლასიკურ მაგალითს, რაც, სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, დასჯადი არ არის.

გარდა აღნიშნულისა, ადვოკატი ჰ. ბ-ი საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ ე. ჯ-ს უნდა დაეკავებინა დ. ჭ-ძე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა სათანადო მტკიცებულებები, ხელმძღვანელობას დადგენილი წესით ის უნდა ჩაერთო დანაშაულებრივ ჯგუფში; მოცემულ შემთხვევაში ე. ჯ-ს მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულის პროვოკაციას (სსკ-ის 145-ე მუხლი); დ. ჭ-სა და გ. ქ-ს ძალადობით, მუქარითა და მოტყუებით ათქმევინეს უარი ადვოკატზე; საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, სსსკ-ის მე-10, მე-18, მე-19, მე-20, 496-ე და 503-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ჰ. ბ-ი ითხოვს საქმეზე საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ან „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას.

მსჯავრდებულ დ. ჭ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. შ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ჭ-მ გ. ქ-ს შეატყობინა, რომ აპირებდა ვერცხლისწყლის სახელმწიფოსათვის ჩაბარებას, მაგრამ ე. ჯ-მ გადაარწმუნა ისინი, რომ ამ ნივთიერების გაყიდვით არ ჩაიდენდნენ დანაშაულს, გამოიყენა მათი უცოდინარობა და უბიძგა დანაშაულისაკენ, რაც დანაშაულის პროვოკაციაა; საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. ჭ-ს არ ჰქონდა პასპორტი, რომლის გარეშეც ის ვერ შეძლებდა თურქეთში გადასვლას, თუმცა ამის მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილი; დ. ჭ-ს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული; ის არის ლოგინზე მიჯაჭვული ავადმყოფი დედისა და მოხუცი მამის ერთადერთი მარჩენალი; პირველადაა სამართალში და ხასიათდება დადებითად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. შ-ი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, დ. ჭ-ის გამართლებას და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ან მისი ქმედების სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან სსკ-ის 249-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.

მსჯავრდებული დ. ჭ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სახეზეა ქმედების არასწორი კვალიფიკაცია; დარღვეულია საპროცესო კანონმდებლობა; განაჩენი არ ემყარება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ყველა ეჭვი უნდა გადაწყვეტილიყო მსჯავრდებულების სასარგებლოდ; საქმის მასალები არათუ დანაშაულის მცდელობას, განზრახვასაც კი ვერ ადასტურებენ; მისი და გ. ქ-ის ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მათ ფული და პასპორტები თან არ ჰქონიათ; ადგილი აქვს ე. ჯ-ს მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის მცდელობას; დანაშაულის მცდელობისათვის დანიშნული სასჯელის ვადა კანონმდებლობით არ უნდა ყოფილიყო სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის ვადის სამ მეოთხედზე მეტი; მოცემულ შემთხვევაში ეს იყო 6 წელი.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული დ. ჭ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორთა მითითება დანაშაულის პროვოკაციის შესახებ.

თავად მსჯავრდებულმა დ. ჭ-ძემ სასამართლოს განუმარტა, რომ ჰქონდა ვერცხლისწყალი და მისი რეალიზაციისათვის დახმარება სთხოვა გ. ქ-ს. ამ უკანასკნელმა გააცნო ე. ჯ-ა. დ. ჭ-ის განცხადებით, იგი და გ. ქ-ი მიხვდნენ, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ, ამიტომ ბოლოს გადაწყვიტეს ვერცხლისწყლის ჩაბარება (ტ. 2, ს.ფ. 48-51).

მოწმე ე. ჯ-მ განმარტა, რომ დაუკავშირდა გ. ქ-ი და უთხრა, რომ დ. ჭ-ს ჰყავდა ვერცხლისწყლის კლიენტი და სურდა ამ ნივთიერების სახელმწიფო საზღვარზე გადატანა. საუბარი არ ყოფილა ვერცხლისწყლის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ჩაბარებაზე (ტ. 2, ს.ფ. 17-21).

მოწმეების _ ზ. შ-სა და გ. ბ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ჩხრეკისას ავტომანქანაში მყოფი ორი პირის განცხადებით, ისინი ვერცხლისწყლის რეალიზებას აპირებდნენ თურქეთში (ტ. 1, ს.ფ. 182; 186; ტ. 2, ს.ფ. 27-32).

დადგენილია, რომ დ. ჭ-სა და გ. ქ-საგან ამოღებული ლითონური ვერცხლისწყალი წარმოადგენს შხამიან ნივთიერებას (ტ. 1, ს.ფ. 133-134).

საქმეში არსებული მასალებით, რომლებიც სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა, უდავოდ დადგენილია, რომ დ. ჭ-მ და გ. ქ-მა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ უნდა შეიცვალოს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულებს უნდა გაუნახევრდეთ სსკ-ის მე-19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელები _ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ჭ-ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-სა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჰ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დ. ჭ-სა და გ. ქ-ს გაუნახევრდეთ სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელები _ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვროთ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.