ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2191აპ ქ. თბილისი
22 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე მ. ხ-სა და ვ. ბ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით: მ. ხ-ი, _ დაბადებული ... წლის ........., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
ამავე განაჩენით ვ. ბ-ი, _ დაბადებული .... წლის ........., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
მ. ხ-სა და ვ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ვ. ბ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:
მ. ხ-მა სხვისი ნივთის ფარულად მისაკუთრების მიზნით გადაწყვიტა, გაექურდა ქ. რუსთავში, ........ კორპუსში მცხ. ჯ. ა-ს საცხოვრებელი ბინა, რის გამოც იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. ბ-ს და შესთავაზა აღნიშნული ბინის გაქურდვა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა.
მოლაპარაკებისამებრ, 2007 წლის მაისის დასაწყისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) მ. ხ-ი და ვ. ბ-ი ჯგუფურად მივიდნენ ჯ. ა-ს საცხოვრებელ ბინასთან, მ. ხ-მა ბრტყელტუჩას გამოყენებით გააღო კარი, რის შემდეგაც მათ შეაღწიეს ბინაში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რითიც დაზარალებულს საერთო ჯამში მიაყენეს 1450 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აღნიშნული ქმედებისათვის მ. ხ-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვ. ბ-ს _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 9 მაისიდან; მათვე დაზარალებულ ჯ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 1280 ლარის ანაზღაურება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ რ. მ-მა და მ. რ-მ.
ადვოკატმა რ. მ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ბ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, ხოლო ადვოკატმა მ. რ-მ _ მსჯავრდებულ მ. ხ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ადვოკატ მ. რ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ადვოკატ რ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა: ვ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 375-ე მუხლზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და სარჩელი დარჩა განუხილველი.
კასატორი _ მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. რ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა მ. ხ-ს დაცვის უფლება, რადგან მას არ ჰყავდა ადვოკატი, ხოლო ვ. ბ-ს ადვოკატი ჰყავდა და მათ ინტერესებს შორის იყო წინააღმდეგობა; საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელ ორგანოს იძულების წესით უნდა დაენიშნა დამცველი, რაც არ მომხდარა; სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაცვის უფლების დარღვევის შემდეგ გამოტანილი საპროცესო აქტი, მათ შორის _ საბრალდებო დასკვნა _ არის კანონის დარღვევით შედგენილი და უნდა გაუქმდეს; ასევე გასაუქმებელია განაჩენიც; მ. ხ-ის დაცვის უფლება რომ დარღვეულია, დასტურდება თვით სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, რადგან სააპელაციო სასამართლომ მ. ხ-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის დადგენილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ დარღვეული იყო მისი დაცვის უფლება; სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნის მიხედვით, განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. რ-ა ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მ. ხ-ის განთავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დადგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას დაცვის უფლება არ დარღვეულა. ის გარემოება, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას ერთ-ერთ ბრალდებულს არ ჰყავდა დამცველი, არ წარმოადგენს საქმეში არსებული ყველა საპროცესო აქტის, მათ შორის _ საბრალდებო დასკვნის გაუქმების საფუძველს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საბრალდებო დასკვნა შედგენილია სსსკ-ის 409-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და მასში მითითებული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. როგორც ირკვევა, ადვოკატი საქმის წინასწარი გამოძიებისას ვ. ბ-ის ინტერესებს იცავდა 2007 წლის 17 მაისიდან, რა დროსაც ვ. ბ-ი და მ. ხ-ი უკვე მიცემულნი იყვნენ პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და საქმეზე ჩატარებული იყო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებსაც დაეყრდნო საბრალდებო დასკვნა და პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოები.
ამასთან საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილი, რომელსაც უთითებს კასატორი, გულისხმობს უკანონო და არა ყველა საპროცესო აქტის გაუქმებას.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული და მოწმეები, თავად მ. ხ-მა სასამართლოში განმარტა, რომ სხვა პირთან ერთად შეაღწია ბინაში და მოიპარა იქ არსებული ნივთები.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი ვ. ბ-ის მსჯავრდების ნაწილშიც.
ამასთან, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ბ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლი დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ვ. ბ-ს სსკ-ის 375-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდეს და საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.