ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 03.06.2013
საქმის ნომერი
ბს-112-105(კს-13)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

saqme #bs-1572-1551(ks-11) საქმე ბს-112-105(კს-13) 3 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირები: დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ძ-მა, ჟ. ჯ-მა, მ. ა-მა და ნ. ა-მა 2012 წლის 30 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის განაწილებული მიწების ფართზე მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების მოწმობების გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინებით რწმუნებული-გუბერნატორი დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ძ-ის, ჟ. ჯ-ის, მ. ა-ისა და ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ძ-მა, ჟ. ჯ-მა, მ. ა-მა და ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ე. ძ-ს, ჟ. ჯ-ს, მ. ა-სა და ნ. ა-ს დაუდგინდათ ხარვეზი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტებს მიეცათ ვადა განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 03 (სამი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალათ თითოეულ მათგანს წარედგინათ სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.

2012 წლის 18 დეკემბერს ე. ძ-მა, ჟ. ჯ-მა, მ. ა-მა და ნ. ა-მა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტების ე. ძ-ის, ჟ. ჯ-ის, მ. ა-ისა და ნ. ა-ის წარმომადგენლის - მ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 7 (შვიდი) დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

აპელანტების წარმომადგენელმა მ. ლ-ემ 2012 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, გადახდის განაწილვადება ან წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით, აპელანტების ე. ძ-ის, ჟ. ჯ-ის, მ. ა-ისა და ნ. ა-ის წარმომადგენლის -მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს - მ. ლ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 15 დეკმბერს. აპელანტების წარმომადგენელმა - მ. ლ-ემ 2012 წლის 18 დეკემბერს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, აპელანტების ე. ძ-ის, ჟ. ჯ-ის, მ. ა-ისა და ნ. ა-ის წარმომადგენლის - მ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს-მ. ლ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 20 დეკემბერს. 2012 წლის 27 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტების წარმომადგენელმა მ. ლ-ემ შემოიტანა განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, განაწილვადების ან წინასწარი გადახდევინებისაგან გათავისუფლების თაობაზე. განცხადებას თან არ ერთვოდა აპელანტების გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპალეციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, ყველა სახელმწიფოს საპროცესო კანონმდებლობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან გადავადების შესაძლებლობას მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამ შესაძლებლობას ადგენს 47-ე და 48-ე მუხლებით: სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ასევე, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს მათი შუამდგომლობის საფუძვიანობა მოცემული დავის სოციალური კატეგორიის დავად განსაზღვრისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რის გამოც აპელანტების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ძ-ის, მ. ა-ის, ნ. ა-ის და ს. ჯ-ის წარმომადგენელმა - მ. ლ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ დააყენეს შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ამავე დროს განცხადებით დაადასტურეს, რომ საკითხი განეკუთვნება სოციალურ დავათა კატეგორიას, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი შუამდგომლობას აყენებდნენ სსსკ 47-49 მუხლების საფუძველზეც, რაც ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული იმ მოტივით, რომ ვერ წარმოადგინეს მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. არცერთი სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, თუ რომელი უწყება, დაწესებულება ორგანო ადგენს მოქალაქის მატერიალურ მდგომარეობას და გასცემს მასზე შესაბამის ცნობას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლო თხოვს ისეთი მტკიცებულების წარმოდგენას, რაც ბუნაბაში არ არსებობს და ვერასდროს იქნება მოპოვებული ასეთის არ არსებობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ე. ძ-ის, მ. ა-ის, ნ. ა-ისა და ს. ჯ-ის უფლებამონაცვლის ჟ. ჯ-ის წარმომადგენლის მ. ლ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალათ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზანაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითარი.

ე. ძ-ის, მ. ა-ის, ნ. ა-ისა და ს. ჯ-ის უფლებამონაცვლის ჟ. ჯ-ის წარმომადგენლმა მ. ლ-ემ 2013 წლის 10 მარტს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2013 წლის 11 მარტის ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ ე. ძ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 43170.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზანაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით მ. ა-ის, ნ. ა-ისა და ს. ჯ-ის უფლებამონაცვლის ჟ. ჯ-ის წარმომადგენლის მ. ლ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და გაუგრძელდათ 2012 წლის 14 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. მ. ა-ს, ნ. ა-ს და ჟ. ჯ-ს დაევალთ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზის შევსება კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. ა-ის, ნ. ა-ისა და ს. ჯ-ის უფლებამონაცვლის ჟ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო მ. ა-ის, ნ. ა-ისა და ს. ჯ-ის უფლებამონაცვლის ჟ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კერძო საჩივარზე მხოლოდ ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს - ე. ძ-ს, ჟ. ჯ-ს, მ. ა-სა და ნ. ა-ს მიეცათ ვადა განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 3 დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალათ თითოეულს სასამართლოსთვის წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ე. ძ-ის, მ. ა-ის, ნ. ა-ისა და ს. ჯ-ის წარმომადგენლის მ. ლ-ის 2012 წლის 18 დეკემბრის განცხადების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 7 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან, მხარეებს განემარტათ, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სააპელაციო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა მ. ლ-ემ 2012 წლის 27 დეკემბრის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა, რადგან განმცხადებლის მოსაზრებით სარჩელი აღძრული იყო სოციალურ დავაზე - საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება დავის სოციალურ საკითხთა კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ პოზიციას იზიარებს საკასაციო სასამართლოც შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. კერძოდ, თუ სარჩელი დაკავშირებულია საპენსიო უფლებასთან, სოციალური სახის დახმარებასთან (სტიქიური უბედურების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მრავალშვილიანი დედის დახმარება, მარტოხელა დედის დახმარება), უფასო სამედიცინო დახმარებასთან. ეს ნორმა უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირებისათვის ადმინისტრაციულ საქმეებზე მართლმსაჯულების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას და არ იძლევა აღნიშნული შეღავათის ისეთ დავაზე გავრცელების შესაძლებლობას, როგორიცაა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწის ფართზე მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მხარემ წარმოადგინა ე. ძ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი 2013 წლის 11 მარტის ამონაწერი, რაც საკასაციო სასამართლოში გახდა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა უფლებამოსილია ხელმეორედ იმსჯელოს ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკთხზე, რადგან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული ამონაწერით დასტურდება, რომ ე. ძ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საიდენტიფიკაციო #... და 2013 წლის 26 იანვარს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე 2013 წლის 25 თებერვალს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - 43170, რაც საკასაციო პალატის აზრით წარმოადგენს ყველა ინსტანციის სასამართლოში ე. ძ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის” მე-7 მუხლის შესაბამისად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), ხოლო ე. ძ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა _ 43170 წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის ე. ძ-ზე გავრცელების საფუძველს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს - 2013 წლის 3 იანვარს სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი ე. ძ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ 2013 წლის 26 იანვარს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე ე. ძ-ის ოჯახის 2013 წლის 25 თებერვალს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ობიექტური ვარაუდის შასაძლებლობას იძლევა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროსაც - 2013 წლის 3 იანვარს ე. ძ-ს არ გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება და აღნიშნულის დამადასტურებელი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა შეძლო საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით აუმჯობესებს ე. ძ-ის, როგორც აპელანტის სამართლებრივ მდგომარეობას და უნდა იქნას გამოყენებული მისი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის განხილვის დროისათვის აღარ არსებობს ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ე. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და საქმე ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ძ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ე. ძ-ის სააპელაციო საჩივრის გაუნხილველად დატოვების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება;

3. საქმე ე. ძ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე