შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-99აპ.-09 28 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ ო. დ-ის
პროკურორ _ ზ. მ-ს
მსჯავრდებულების _ მ. ა-ს, ნ. ხ-ს, მ. ა-ს
ადვოკატ _ გ. ფ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ა-ს, ნ. ხ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს ბრალი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და მოჰყვა მძიმე შედეგი, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ. ა. 1970 წლის 26 ნოემბრიდან მუშაობდა ............................... და ითვლებოდა მოხელედ. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილების დებულების თანახმად, როგორც ზონის ინსპექტორს, სამსახურებრივად ევალებოდა, გამოევლინა თავის ზონაში მომუშავე პენსიონერები, მიეღო ზომები ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად, რაც მან არ შეასრულა. იგი დაუდევრად ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვლეობას, არ ახდენდა მომუშავე პენსიონერების გამოვლენის მიზნით წარმოება-დაწესებულებებში შემხვედრ შემოწმებებს, რითაც გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, რის გამოც მის სამუშაო ზონაში მომუშავე პენსიონერებზე: 1. ფ. კ-ზე 2003 წლის 2 მაისიდან _ 2004 წლის 27 აპრილამდე დაირიცხა 112 ლარი და გაიცა 84 ლარი; 2. ნ. მ-ზე 1998 წლიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 584 ლარი; 3. გ. მ-ზე 2001 წლის 1 ივლისიდან _ 2004 წლის 26 აპრილამდე დაირიცხა 588 ლარი და გაიცა 518 ლარი; 4 მ. ხ-ზე 1990 წლის 1 ივლისიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 548 ლარი; 5. მ. თ-ზე 1996 წლიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 536 ლარი; 7. ნ. კ-ზე 1996 წლიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 814 ლარი; 8. ტ. დ-ზე – 1994 წლიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 758 ლარი. ამდენად, მ. ა-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევრად შესრულების გამო, მის სამოქმედო ზონაში სულ მომუშავე პენსიონერებზე უკანონოდ დაირიცხა 6361 ლარი და გაიცა 4249 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
მ. ა-ა 1995 წლის 22 მარტიდან მუშაობდა ...................... და ითვლებოდა მოხელედ. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილების დებულების თანახმად, როგორც ზონის ინსპექტორს, სამსახურებრივად ევალებოდა, გამოევლინა თავის ზონაში მომუშავე პენსიონერები, მიეღო ზომები ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად, რაც მან არ შეასრულა, იგი დაუდევრად ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, არ ახდენდა მომუშავე პენსიონერთა გამოვლენის მიზნით წარმოება-დაწესებულებებში შემხვედრ შემოწმებებს, რითაც გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, რის გამოც მის სამუშაო ზონაში მომუშავე პენსიონერებზე: 1. ი. გ-ზე 1995 წლიდან _ 2004 წლის 31 მაისამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 537 ლარი; 2. ქ. ლ-ზე 1990 წლიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 975 ლარი და გაიცა 738 ლარი; 3. მ. ფ-ზე 1997 წლიდან _ 2004 წლის 6 ივნისამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 654 ლარი;
ამდენად, მ. ა-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევრად შესრულების გამო, მის სამოქმედო ზონაში სულ მომუშავე პენსიონერებზე უკანონოდ დაირიცხა 2603 ლარი და გაიცა 1929 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და მოჰყვა მძიმე შედეგი.
ნ. ხ. 1994 წლის 26 მაისიდან მუშაობდა .................................. და ითვლებოდა მოხელედ. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილების დებულების თანახმად, როგორც ზონის ინსპექტორს, სამსახურებრივად ევალებოდა, გამოევლინა თავის ზონაში მომუშავე პენსიონერები, მიეღო ზომები ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად, რაც მან არ შეასრულა, იგი დაუდევრად ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, არ ახდენდა მომუშავე პენსიონერთა გამოვლენის მიზნით წარმოება _ დაწესებულებებში შემხვედრ შემოწმებებს, რითაც გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, რის გამოც მის სამუშაო ზონაში მომუშავე პენსიონერებზე: 1. თ. ა-ზე 1998 წლიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა 814 ლარი და გაიცა 611 ლარი; 2. ე. ა-ზე 2001 წლის 1 სექტემბრიდან _ 2004 წლამდე დაირიცხა და გაიცა 42 ლარი; 3. ბ. ქ-ზე 1998 წლიდან _ 2001 წლამდე დაირიცხა 448 ლარი და გაიცა 392 ლარი. ამდენად, ნ. ხ-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევრად შესრულების გამო, მის სამოქმედო ზონაში სულ მომუშავე პენსიონერებზე დაირიცხა 1304 ლარი და გაიცა 1003 ლარი.
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹--- წერილის მოთხოვნის საფუძველზე, მარჩენალის დაკარგვის გამო შრომის არასრული სტაჟით დანიშნული საპენსიო საქმეები ზონის ინსპექტორ ნ. ხ-ს უნდა გადაეყვანა მარჩენალგარდაცვლილის სოციალურ პენსიაზე, რომლის დროსაც მარჩენალდაკარგულის შვილებს 18 წლის ზევით უფლება არ ჰქონდათ მიეღოთ პენსია, ხოლო მეუღლე არ შედის პენსიის წილში. მან აღნიშნული მოთხოვნა არ შეასრულა, რის გამოც ი. ნ-ზე ზედმეტად გაიცა 56 ლარი, მ. ზ-ზე _ 154 ლარი, ს. ა-ზე _ 56 ლარი.
ამდენად, ნ. ხ-ს მიერ ერთობლიობაში პენსიონერებზე ზედმეტად დაირიცხა _ 1570 ლარი, ხოლო გაიცა _ 1269 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ. ჯ-მ კამათის სტადიაზე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რათა მსჯავრდებულების _ მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის II ნაწილიდან გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილზე, რადგან სასამართლო გამოძიებით არ დადასტურდა მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, მძიმე შედეგის დადგომა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით:
მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის II ნაწილით წარდგენილი ბრალდება კვალიფიკაციის უსწორობის გამო და ბრალდების ამ ნაწილში ისინი გამართლდნენ.
მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით.
მ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა _ 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი ............, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹200122900.
მ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. Gგირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, რ. ა-ს საკუთრებაში არსებულ, ქ. ზუგდიდში, მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოეხსნას ყადაღა.
მ. ა-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა _ 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი ..........., ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹200122900.
მ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. Gგირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, ნ. ფ-ს საკუთრებაში არსებულ, ქ. ზუგდიდში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოეხსნას ყადაღა.
ნ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა _ 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი ............, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹200122900.
ნ. ხ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. Gგირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, კ. ყ-ს საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ------ მდებარე საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოეხსნას ყადაღა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ მ. ა-მ, ნ. ხ-მ, მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ და სახელმწიფო ბრალმდებელმა _ მ. ჯ-მ.
აპელანტები, მსჯავრდებულები _ მ. ა., ნ. ხ. და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ფ. სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში _ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე ან 71-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას, რასაც ასაბუთებდნენ იმ მოტივით, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და არაკანონიერია.
აპელანტი, სახელმწიფო ბრალმდებელი მ. ჯ. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულების _ მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას და თითო წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რასაც ასაბუთებდა იმ მოტივით, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ შეესაბამება ქმედების ხასიათს და არის აშკარად ლმობიერი, რადგან მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო აპარატის ნორმალურ საქმიანობას და ზიანს აყენებს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ან მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში _ საქართველოს სსკ-ის 70-ე ან 71-ე მუხლების საფუძველზე, ვითარების შეცვლის ან სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ განსასჯელების ზონის ინსპექტორებად მუშაობის პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებზე არ ვრცელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავი (სამოხელეო დანაშაული).
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში მოცემულია ამომწურავი ჩამონათვალი დაწესებულებებისა, რომლებშიც საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში არ შედიოდა და არ შედის სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. შესაბამისად, ზონის ინსპექტორი არ ითვლებოდა და არ ითვლება საჯარო მოსამსახურედ, მათ შორის _ არც მოხელედ და არც მოხელესთან გათანაბრებულ პირად. ამის დასტურია ის, რომ ამ ფონდში არსებული თანამდებობები, მათ შორის _ ზონის ინსპექტორის თანამდებობა, არ იყო და არ არის შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში”. სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, როგორც დამსაქმებელსა და მასში დასაქმებულებს შორის ურთიერთობა კერძო-სამართლებრივ ხასიათს ატარებს.
განსასჯელების ზონის ინსპექტორებად მუშაობის პერიოდში არ არსებობდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, ზონის ინსპექტორზე გავრცელდებოდა სამოხელეო დანაშაული. მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის შენიშვნაში შეტანილი ცვლილების შემდეგ (2006 წლის 25 ივლისიდან) სამოხელეო დანაშაული ასევე გულისხმობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. შესაბამისად, ზონის ინსპექტორი სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი გახდა მხოლოდ 2006 წლის 25 ივლისიდან და იგი ამ პერიოდამდე სამოხელეო დანაშაულის სუბიექტს არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით საქმეშია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან მიღებული წერილი, სადაც მითითებულია, რომ ამ პერიოდამდე ზონის ინსპექტორი არ იყო სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი. შესაბამისად, ვინაიდან განსასჯელებს ინკრიმინირებული ქმედება “ჩადენილი” აქვთ აღნიშნულ პერიოდამდე, ისინი ვერ იქნებოდნენ შერაცხული დანაშაულის სუბიექტებად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, ფონდის რაიონული განყოფილების დებულების შესაბამისად, განსასჯელებს სამსახურებრივად ევალებოდათ, გამოევლინათ შესაბამის ზონაში მომუშავე პენსიონერები და მიეღოთ ზომები ზედმეტად გაცემული თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად, რაც განსასჯელთა ჩვენებებითაც ფაქტობრივად დადასტურებულია.
განსასჯელთა მიერ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მიცემულ ჩვენებებსა და საბოლოო სიტყვებში არ დადასტურებულა, რომ მათ მომუშავე პენსიონერთა გამოვლენა და ამ მიზნით შემოწმებების ჩატარება ევალებოდათ მათთვის გაცნობილი დებულებებით ან\და ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებებით. დაკავების ღონისძიების გამოყენების პერიოდში მიცემული აღიარებითი ჩვენებები კი ასეთ დადასტურებად არ ჩაითვლება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ შეისწავლა ზონის ინსპექტორის სამსახურებრივ უფლებამოსილებათა ნორმატიული საფუძვლები, არ იმსჯელა მითითებული დებულების კანონიერებაზე და ამ დებულებაში აღნიშნულ, მომუშავე პენსიონერთა გამოვლენის მოვალეობის შესრულების სამართლებრივ და ფაქტობრივ შესაძლებლობაზე.
2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოში მოქმედებდა საბჭოთა კავშირის დროინდელი საპენსიო კანონმდებლობა, კერძოდ, კანონი “მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ სსრ კავშირში” და მის საფუძველზე სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1972 წლის 3 აგვიტსოს ¹590 დადგენილებით დამტკიცებული დებულება “სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ”. ამ კანონის 109-ე მუხლისა და დებულების 174-ე მუხლის თანახმად, პენსიონერი თვითონ იყო ვალდებული, შეეტყობინებინა სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებისათვის გასამრჯელოს ან სხვა შემოსავლის არსებობა, ხოლო საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ვალდებული იყვნენ, 5 დღის ვადაში შეეტყობინებინათ სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებისათვის პენსიონერთა სამუშაოზე მიღება.
შესაბამისად, ფონდის მიერ დამტკიცებულ დებულებაში პენსიონერთა გამოვლენის დაკისრება ზონის ინსპექტორისათვის ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნულ ნორმატიულ აქტებს. მაგრამ უპირატესობა, ცხადია, ამ ნორმატიულ აქტებს ენიჭება, რადგან ფონდის მიერ დამტკიცებული დებულება შიდაორგანიზაციული აქტია, რომელიც არ შედის “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში მითითებულ ნორმატიული აქტების ამომწურავ ჩამონათვალში. ამის გარდა, ფონდს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საკუთარი დებულების თანახმად, საერთოდ არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება.
ამავე დროს, თვითონ ფონდის დირექტორის ბრძანებით, რომელიც საქმეშია, კანონმდებლობასთან წინააღმდეგობა გასწორდა. კერძოდ, წამყვანი სპეციალისტის მოვალეობიდან კანონმდებლობასთან შეუსაბამობის საფუძვლით ამოღებულ იქნა მომუშავე პენსიონერთა გამოვლენა. მაგრამ, რადგან ზონის ინსპექტორის მოვალეობათა განმსაზღვრელი დებულება ამ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის უკვე ძალადაკარგული იყო, ბრძანებაში მასზე მსჯელობა არ ყოფილა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალადაკარგული დებულება კანონს შეესაბამებოდა. ამას ადასტურებს ფონდის დირექტორის წერილიც, რომელიც საქმეშია და რომელშიც ხაზგასმულია, რომ მომუშავე პენსიონერთა გამოვლენის ფუნქცია სცილდება ფონდისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციას. ანალოგიურად, ფონდის მიერ გამოგზავნილ წერილში მითითებულია, რომ ფონდის 1998 წლის 29 აპრილის ¹06\104 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოიცემა კანონმდებლობის საფუძველზე. იგი არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რის გამოც იმ დროს მოქმედ კანონმდებლობასთან მისი სრულად ან ნაწილობრივ შეუსაბამობის შემთხვევაში, უნდა გამოყენებულიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.
სააპელაციო პალატამ ასეთი დასკვნა ისე გააკეთა, რომ არ შეისწავლა საკითხი, ჰქონდა თუ არა ზონის ინსპექტორს საწარმოთა შემოწმების უფლებამოსილება და შესაბამისად _ პენსიონერთა გამოვლენის შესაძლებლობა.
მოქმედი კანონმდებლობით, როგორც აღინიშნა, მომუშავე პენსიონერთა დასაქმების შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ან პენსიონერი ამის თაობაზე არ შეატყობინებდა ფონდის განყოფილებას, მათი გამოვლენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ყველა დამსაქმებლისაგან მომუშავე პენსიონერთა თაობაზე დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვნით, ანდა დამსაქმებელი სუბიექტის გასვლითი შემოწმებით. მაგრამ “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” 2001 წლის კანონის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტისაგან დოკუმენტაციის მოთხოვნა, ანდა მისი შემოწმების ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
პრაქტიკულად, პენსიონერები შეიძლება დასაქმებულიყვნენ არა მხოლოდ განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე, არამედ _ მთელი საქართველოს დამსაქმებლებთან ან თვითონ გაეწიათ სამეწარმეო საქმიანობა (ინდივიდუალური მეწარმის სახით). ბუნებრივია, ყველა დამსაქმებლისა და მეწარმის შესამოწმებლად მოსამართლის ბრძანება ვერ გაიცემოდა. შესაბამისად, შესამოწმებელი სუბიექტები შერჩევით უნდა განსაზღვრულიყო.
ამასთან, თუ გაიცემოდა ამა თუ იმ დამსაქმებლისაგან დოკუმენტაციის გამოთხოვნის ან მისი შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანება, ამ ბრძანების შესრულება ფონდის განყოფილებას ვერ დაევალებოდა, რადგან იგი არ ყოფილა მაკონტროლებელ ორგანოდ რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რასაც მოითხოვს მითითებული კანონი. შესაბამისად, ფონდის განყოფილებისა და მისი ზონის ინსპექტორის ან ინსპექტორ-რევიზორის მიერ საწარმოთა და ორგანიზაციათა შემოწმებების ჩატარება უფლებამოსილების გადამეტება იქნებოდა.
რაც შეეხება შემხვედრ შემოწმებას, იგი ტარდება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს “ძირითადი” შემოწმება, კერძოდ: როდესაც ფონდიდან შესაბამისი ბრძანებით მოვლინებული შემოწმების ჯგუფი ატარებდა განყოფილების საქმიანობის რევიზიას, მას, შემხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე, შეეძლო წარმოება-დაწესებულებათა შემოწმება, თუმცა მხოლოდ _ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, უკანონო იყო ფილიალის შემოწმების დროს წარმოება-დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოთხოვნა.
ვინაიდან განსასჯელებს არ ევალებოდათ და მათ თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე, არც შეეძლოთ მომუშავე პენსიონერთა გამოვლენა, ისინი ამ მოვალეობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ვერ იქნებოდნენ შერაცხული დანაშაულის სუბიექტებად.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი (“სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”), რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა უკანონო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ფონდის რაიონული განყოფილების დებულება), რის გამოც ქმედების კვალიფიკაცია განხორციელდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს რომც ჩაედინათ დანაშაული, ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასჯელის მოხდისაგან ვითარების შეცვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ იმსჯელა, თუ ინკრიმინირებულ დანაშაულთან მიმართებით რატომ არ ჩაითვლება ვითარების შეცვლად ის, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” 2008 წლის 14 მარტის კანონით შეტანილი ცვლილებით დამატებით ლეგალიზებულ იქნა 2008 წლის პირველ აპრილამდე პენსიონერთათვის არასწორად გაცემული თანხები. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის უკვე არ არსებობდა ვითარება, რომლის დროსაც ამ თანხებთან დაკავშირებით ვინმეს უნდა დაკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამის გარდა, დღეს პენსიონერისათვის ნებადართულია შრომის ანაზღაურებასთან ერთად პენსიის მიღება. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს რომც ჩაედინათ დანაშაული, ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასჯელის მოხდისაგან, სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის შესაბამისად.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი (კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“,K სსკ-ის 70-ე მუხლი,K სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც განაჩენი დაადგინა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა სსკ-ის 71-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ, რადგან სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 15 წელი ამ კოდექსის 332-2421-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში არ იმსჯელა, თუ როგორი სახით მოქმედებდა სისხლის სამართლის კანონი ქმედების განხორციელებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის პერიოდში. მსჯავრდებულები _ მ. ა. და ნ. ხ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ 2006 წლის 12 სექტემბერს. პასუხისმგებლობა მათ დაეკისრათ „დანაშაულზე“, რომელიც ჩადენილია 2004 წლის 1 იანვრამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილი, მასში 2005 წლის 16 დეკემბრის ¹2264-რს კანონით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანამდე, სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, დასჯადობა განისაზღვრება დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.12.2003 წ. ¹54-კოლ განჩინებაში მოცემული განმარტების მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დასადგენად გამოიყენება დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი კანონი.
შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულებისათვის შერაცხული დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა დანაშაულის ჩადენის მომენტში (2004 წლის 1 იანვრამდე) იყო 2 წელი, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მომენტში (2006 წლის 12 სექტემბერი) უკვე გასული იყო. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს რომც ჩაედინათ დანაშაული, ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასჯელის მოხდისაგან, სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტისა და მე-6 ნაწილის შესაბამისად.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი; ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი,K სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც განაჩენი დაადგინა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევით.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ხ-სა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ვრცლად მიმოიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა, დანაშაულის არარსებობის გამო, ან საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის საფუძველზე _ მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სისხლისსამართლებრივი დევნის 2 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
მსჯავრდებულებმა _ ნ. ხ-მ, მ. ა-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლეს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა მ. ა-მ ასევე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ზ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმება მსჯავრდებულების _ მ. ა-ს, ნ. ხ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების თანამდებობა _ ზონის ინსპექტორი _ არ არის დანაშაულის სუბიექტი, ვინაიდან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილების დებულების თანახმად, როგორც ზონის ინსპექტორებს (მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს), სამსახურებრივად ევალებოდათ, გამოევლინათ თავის ზონაში მომუშავე პენსიონერები და მიეღოთ ზომები ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის ¹181 ბრძანებულებით ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. Aბრალდების მხარე თვლის, რომ ზონის ინსპექტორი სამოხელეო დანაშაულის სუბიექტია, ვინაიდან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ზონის ინსპექტორი _ ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას.
ბრალდების მხარე ასევე ვერ დაეთანხმება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს რომც ჩაედინათ დანაშაული, ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასჯელის მოხდისაგან ვითარების შეცვლის გამო და ასევე მოთხოვნას _ საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ, რადგან თანახმად საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 15 წელი საქართველოს სსკ-ის 332-3421-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ბრალდების მხარე თვლის, რომ, რადგან მსჯავრდებულები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ მოგვიანებით, მათზე უნდა გავრცელდეს 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ზ. მ-მ საკასაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ დ. ბ-ს, მოწმეების _ ნ. ფ-ს, რ. ჯ-ის ჩვენებებით; 2006 წლის 24 ნოემბრის რევიზიის აქტით; “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორის 1998 წლის 29 აპრილის ¹06/104-ე ბრძანებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა _ მ. ა-მ, მ. ა-მ და ნ. ხ-მ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ხ-ს, ასევე მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულების თანამდებობა _ ზონის ინსპექტორი _ არ არის დანაშაულის სუბიექტი, რომელსაც შეიძლება შეერაცხოს სამსახურებრივი გულგრილობა. აღნიშნულ მოტივაციას საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ა. 1970 წლის 26 ნოემბრიდან, ხოლო ნ. ხ. 1994 წლის 26 მაისიდან მუშაობდნენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის ზონის ინსპექტორებად. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილების დებულების თანახმად დასტურდება, რომ, როგორც ზონის ინსპექტორებს (მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს), სამსახურებრივად ევალებოდათ, გამოევლინათ თავიანთ ზონაში მომუშავე პენსიონერები და მიეღოთ ზომები ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად (ტ.2 ს.ფ. 206-211).
ტომი 1, ს.ფ. 5-ზე მოთავსებული, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური შემოწმების აქტით, რომელიც დათარიღებულია 2004 წლის 22 მარტით, დასტურდება, რომ ფონდის ზუგდიდის რაიონის ფილიალში ჩატარდა 2003 წლის იანვრის საპენსიო თვიდან 2004 წლის იანვრის საპენსიო თვემდე პერიოდის საფინანსო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება. შემოწმება დაიწყო 2004 წლის 9 თებერვალს და დამთავრდა 22 მარტს. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდება მსჯავრდებულებს ედავება იმ პერიოდის თაობაზე, როდესაც მ. ა., ნ. ხ. და მ. ა. მუშაობდნენ ზუგდიდში ზონის ინსპექტორის თანამდებობაზე.
ტომი 2, ს.ფ. 230-ზე მოთავსებული საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის ¹181 ბრძანებულებით დასტურდება, რომ ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზონის ინსპექტორი სამოხელეო დანაშაულის სუბიექტია, ვინაიდან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზონის ინსპექტორი ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თავად მსჯავრდებულების ჩვენებებითაც ფაქტობრივად დადასტურებულია ის გარემოება, რომ მუშაობდნენ რა ზონის ინსპექტორის თანამდებობაზე, ევალებოდათ, გამოევლინათ მომუშავე პენსიონერები და იცოდნენ თავიანთი უფლება-მოვალეობები, დებულების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ხ-ს, ასევე მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს _ მ. ა-ს, მ. ა-სა და ნ. ხ-ს არ ევალებოდათ მომუშავე პენსიონერების გამოვლენა და ამ მიზნით შემოწმებების ჩატარება.
საქმეში არსებული “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორის 1998 წლის 29 აპრილის ¹06/104-ე ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) განყოფილების დებულება, რომლის თანახმადაც, ზონის ინსპექტორი “ავლენს მომუშავე პენსიონერებს და აზუსტებს მუშაობის პერიოდში უკანონოდ გაცემული პენსიის ოდენობას, ამზადებს ვალის ოქმის პროექტს და მისი დამტკიცების შემდეგ იღებს ზომებს ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად”.
“საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ე ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) ფილიალების მუშაკთა უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმადაც, წამყვანი სპეციალისტი “ავლენს მომუშავე პენსიონერებს და აზუსტებს მუშაობის პერიოდში უკანონოდ გაცემული პენსიის ოდენობას, ამზადებს ვალის ოქმის პროექტს და მისი დამტკიცების შემდეგ იღებს ზომებს ზედმეტად გაცემული პენსიის თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად” (მე-10 მუხლის “ე” ქვეპუნქტი).
“საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის 2006 წლის 12 ივლისის ¹01/78-ე ბრძანებით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ე ბრძანებით დამტკიცებული ფილიალის წამყვანი სპეციალისტის უფლება-მოვალეობებიდან გარკვეული ნაწილი ბათილად იქნა ცნობილი, კერძოდ, აღნიშნული დებულების მე-10 მუხლის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: წამყვანი სპეციალისტი “აზუსტებს მუშაობის პერიოდში უკანონოდ გაცემული პენსიის ოდენობასა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ღებულობს ზომებს ზედმეტად გაცემული თანხების ფონდის ანგარიშზე აღსადგენად”. Aმასვე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი რედაქციით ქვეპუნქტი მოქმედად ჩაითვალა “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის შესახებ” ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163-ე ბრძანების შესვლის დღიდან.
საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულთათვის ბრალად შერაცხული ქმედებები, უკიდურეს შემთხვევაში, მოიცავს 2004 წლის 31 მაისამდე პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორის 1998 წლის 29 აპრილის ¹06/104-ე ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) განყოფილების დებულება, რომლის თანახმადაც, ზონის ინსპექტორს ევალებოდა მომუშავე პენსიონერების გამოვლენა.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულები _ მ. ა., ნ. ხ. და მ. ა. არ უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რადგან საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის I ნაწილის ,,გ1” ქვეპუნქტის მიხედვით, ამავე კოდექსის 332-3421-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისათვის ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 15 წელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, რის თაობაზეც დაობს ბრლადების მხარე (უკიდურეს შემთხვევაში _ 2004 წლის 31 მაისამდე პერიოდი), მოქმედი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქმის მასალების მიხედვით, მ. ა. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 2006 წლის 12 სექტემბერს, ხოლო მ. ა. და ნ. ხ. _ იმავე წლის 19 ოქტომბერს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ელ ნაწილს ,,გ1” ქვეპუნქტი დაემატა 2006 წლის 25 ივლისს და, შესაბამისად, ამ ცვლილების ამოქმედებამდე უკვე გასული იყო ზემოხსენებული მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებისათვის ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას უკუძალა არ აქვს და ამდენად, მ. ხ., მ. ა. და ნ. ხ. უნდა გათავისუფლდნენ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საქართელო სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე, მუხლებით, 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ნ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
M ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულები _ მ. ა., ნ. ხ. და მ. ა. გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.