ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 25.03.2009
საქმის ნომერი
2კ-172აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

172აპ 25 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. ყ-სა და მსჯავრდებულ დ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით ა. გ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, დ-ში, ი-ის I კორპუსის ბინა ¹..-ში, ამჟამად პატიმარი, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით შეფარდებულ პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და ა. გ. განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. შ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ-ის მ-ის მე-.. მ/რაიონის ..-ე კორპუსის ბინა ¹..-ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, დ-ში, პ-ის .. კორპუსის ბინა ¹..-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების II ნაწილების საფუძველზე, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2.000 (ორი ათასი) ლარი.

ისინი სასჯელს იხდიან 2008 წლის 13 აპრილიდან.

ა. გ-სა და დ. შ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საადვოკატო, საექიმო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, ა. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 100 (ასი) აშშ დოლარი, ასევე მისი და დ. შ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, სულ – 2800 ლარი.

განაჩენით ა. გ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მასვე _ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში; მასვე _ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

დ. შ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მასვე _ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოხატა შემდეგში:

დ. შ-ს 2007 წლის 2 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 500 ლარი. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, 2008 წლის 13 აპრილს, დ. შ. შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ლაბორატორიული შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

დ. შ-მ, ა. გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0.2568 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 93 ცალი აბის ნატეხი, საიდანაც ნაწილს _ 0.0027 გრამის შემცველ აბის ნატეხს დ. შ. ინახავდა პირადად, ხოლო დანარჩენ 0.2541 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ 92 ცალ აბის ნატეხს ისინი ინახავდნენ თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ნაწილი, კერძოდ 25 ცალი აბის ნატეხი, იდო დ. შ-ის პიჯაკში, რომელიც ეკიდა ბინაში შესასვლელ საკიდზე.

2008 წლის 13 აპრილს, 18.00 საათზე, თბილისში, დიდ დიღომში, პ-ის .. კორპუსის ბინა ¹..-ში, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს დ. შ. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0.0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხი, ხოლო მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0.2541 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 92 ცალი აბის ნატეხი.

ა. გ-მ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ექიმის დანიშნულების გარეშე, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2007 წლის 17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. გ. ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.

ა. გ-მ პირობითი სასჯელის მოხდის პერიოდში კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2008 წლის 14 აპრილს ა. გ. გადაიყვანეს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით, სადაც მას ¹..... დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

2008 წლის 13 აპრილს, 17.25 საათზე, ქ. თბილისში, დ-ში, პ-ის .. კორპუსის .. სადრბაზოს .. სართულის კიბის უჯრედზე, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ა. გ. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0.7762 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ დ. შ-სა და ა. გ-ის ადვოკატებმა.

აპელანტი, მსჯავრდებულ დ. შ-ის ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ცვლილების შეტანას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენში კვალიფიკაციის შეცვლის კუთხით, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. შ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილითა და 273-ე მუხლით.

აპელანტი, მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ცვლილების შეტანას გასაჩივრებულ განაჩენში კერძოდ: ა. გ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით შეფარდებულ პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და ა. გ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების II ნაწილების საფუძველზე, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2.000 (ორი ათასი) ლარი.

ა. გ-სა და დ. შ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საადვოკატო, საექიმო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-მ, მისმა ადვოკატმა მაია ყანადაშვილმა და მსჯავრდებულ დ. შ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა _ მსჯავრდებულმა ა. გ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ყ-მა საჩივარში აღნიშნეს, რომ ადასტურებენ „სუბოტექსის“ უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტს, მაგრამ იმ ოდენობით, რაც თითოეულს ჰქონდა, რადგან მათ არაფერი იცოდნენ ერთმანეთის განზრახვის შესახებ, ამასთან, ა. გ-ის ქმედება ჩადენილი იყო ერთიანი განზრახვით, იყო განგრძობადი დანაშაული და იგი არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო ორ დამოუკიდებელ დანაშაულად. რაც შეეხება მსჯავრდებულთა წინასწარ შეთანხმებას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, ეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ადვოკატმა მ. ყ-მა „გაეროს“ 1971 წლის 21 თებერვლის კონვენციაზე დაყრდნობით, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1997 წლის 28 მაისის ¹..... დადგენილებით, მიუთითა, რომ აღნიშნულ კონვენციაზე თანდართულ მე-3 სიაში „ბუპრენორფინი“ წარმოადგენს არა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ _ ფსიქოტროპულ ნივთიერებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში საქმის წარმოებით შეწყვეტა, ხოლო ა. გ-ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულების გათვალისწინებით _ სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა.

კასატორმა – მსჯავრდებულ დ. შ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულთა წინასწარი შეთანხმება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას, არასწორია ქმედების კვალიფიკაცია. ამდენად, მან ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. შ-ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს უკანონო განაჩენის გაუქმების, მსჯავრდებულთა წინასწარი შეთანხმებით ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის წარდგენილ ბრალდებაში საქმის წარმოებით შეწყვეტისა და მათი ქმედებების არასწორი კვალიფიკაციის შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, ასევე მოწმეების _ ო. კ-სა და მ. ტ-ის მიერ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, რომლითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მსჯავრდებულმა მათ კითხვაზე, ხომ არ ინახავდნენ ბინაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან ნივთიერებას, მათ განაცხადეს, რომ ბინაში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება „სუბოტექსს“. ამ განცხადების შემდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების რეალობა მსჯავრდებულებმა დაადასტურეს ხელმოწერით და ეს მათ არც შემდეგში გაუხდიათ სადავოდ.

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა დ. შ-მ მსჯავრდებულ ა. გ-ის გაცნობის მიზეზად დაასახელა ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირი.

ამდენად, პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულები ინდივიდუალურად ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ერთმანეთის ქმედების შესახებ არაფერი იცოდნენ, საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულთათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების _ ა. გ-სა და დ. შ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე _ დამამძიმებელი გარემოებები.

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების: ზ. მ-ის, მ. ტ-ის, ნ. ნ-ს, ო. კ-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ¹.. .. .. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 2008 წლის 14 აპრილის ნარკოლოგიური შემოწმების ¹.. .. .., .. .. .. დასკვნებით, 2008 წლის 16 აპრილის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ დადგენილებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულების მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნუსხის» თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით ,,ბუპრენორფინი» გათვალისწინებულია, როგორც ნარკოტიკული საშუალება და დიდ ოდენობად ითვლება 0,012 გრამი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად _ 0,12 გრამი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ა. გ-სა და დ. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” და III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდებები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2008 წლის 14 აპრილის ¹.... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ა. გ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველ აბებს, აბის ნატეხებს და ფხვნილს, საერთო წონით 38,8112 გრამს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” საერთო რაოდენობაა 0,7762 გრამი. დ. შ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველ აბის ნატეხს, საერთო წონით 0,138 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” საერთო რაოდენობაა 0,0027 გრამი. ხოლო მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველ აბის ნატეხებს, საერთო წონით 12,70605 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” საერთო რაოდენობაა 0,2541 გრამი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I, II და 67-ე მუხლის V ნაწილების გამოყენებით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტებისა და იმავე კანონის მე-3 მუხლის II პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ დ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი _ უნდა გაუნახევრდეს და შეეფარდოს ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი.

მსჯავრდებულ დ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების II ნაწილების საფუძველზე საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტებით, იმავე კანონის მე-3 მუხლის II პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I, II და 67-ე მუხლის V ნაწილების გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, III პუნქტებისა და იმავე კანონის მე-3 მუხლის II პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ დ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი _ გაუნახევრდეს და შეეფარდოს ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი.

მსჯავრდებულ დ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების II ნაწილების საფუძველზე საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.