დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 27.09.2016
საქმის ნომერი
ბ-1054-6(ა-16)
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
27.09.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბ-1054-6(ა-16) 27.09.2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-მა 2015 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 16 ივლისის წერილის, მოსარჩელისათვის, როგორც ,,საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ კონკურსანტისათვის ქულობრივი ზღვარის გადაულახველობის გამო დაფინანსების გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ, 2015 წლის 13 ივლისის №11 ოქმის მე-3 პუნქტის, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლებისათვის დაფინანსების გამოყოფის შესახებ, 2015 წლის 13 ივლისის №11 ოქმის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა და სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრის კომისიისათვის მოსარჩელის, როგორც კანდიდატის შეფასებაზე ხელახლა მსჯელობის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 16 ივლისის წერილი დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №11 ოქმის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში რომლითაც, მოსარჩელეს უარი ეთქვა, როგორც ,,საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის’’ კონკურსანტს ქულობრივი ზღვრის გადაულახაობის გამო დაფინანსების გამოყოფაზე და დაევალა მოპასუხე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016 წლის 11 აგვისტოს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არსწორად გაიგზავნა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. შესაბამისად 2016 წლის 8 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება შეცდომით ჩაბარდა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც არ წარმოადგენდა მხარეს მოცემულ საქმეში.

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განჩინება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს ელექტრონულად გადაეგზავნა 2016 წლის 9 ივნისს, ხოლო გზავნილი ადრესატს მატერიალური სახით 2016 წლის 13 ივნისს ჩაბარდა. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2016 წლის 9 ივნისიდან და 2016 წლის 30 ივნიის წარდგენილ საკასაციო საჩივარზე კასატორს 21 დღიანი ვადა უნდა ჩაეთვალოს დაცულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრისათვის განკუთვნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება 2016 წლის 7 ივნისს გაიგზავნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ალექსიძის ქ. №11) და 2016 წლის 8 ივნისს ჩაბარდა ადრესატს. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასთან შეცდომით შესული კორესპონდენცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჯერ ელექტრონულად - 2016 წლის 9 ივნისს, ხოლო შემდეგ მატერიალური სახით - 2016 წლის 10 ივნისს გადაუგზავნა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2016 წლის 9 ივნისის მიმართვითა და 2016 წლის 10 აგვისტოს ცნობით. განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „...“ 2016 წლის 10 ივნისის რეესტრიტა და 2016 წლის 1 აგვისტოს საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ ინფორმაციის ბარათით ასევე დასტურდება, რომ 2016 წლის 10 ივნისს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მატერიალური სახით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის გაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება 2016 წლის 13 ივნისს ჩაბარდა ადრესატს - თბილისში, … ქ. №7-ში. ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს 2016 წლის 9 ივნისს გადაეცა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 და 61.3 მუხლების თანახმად 2016 წლის 10 ივნისს დაიწყო და 2016 წლის 30 ივნისს 24:00 საათზე ამოიწურა. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 30 ივნისს არის წარდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი