გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-120-118(2კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ჭ-ა
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური; შპს ,,ს...“, შპს ,,...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 14 თებერვალს თ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, სს ,,...“ და შპს ,,...“ მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 25 აგვისტოდან თ. ჭ-ა ფლობს და განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ზუგდიდის რ/ნ სოფ. ..., საკადასტრო კოდით №.... 2013 წლის 9 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფ. ..., საკადასტრო კოდით №....
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606390-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, რომლის საკადასტრო კოდია №..., მისი ნაკეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2014 წლის 13 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882013606390-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან არ იქნა წარდგენილ ახალი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელმა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2014 წლის 6 თებერვლის №26158 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 13 ნოემბერს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის რეგისტრაცია მოხდა სახელმწიფოს სახელზე, რეგისტრაციის საფუძველი გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა. 2012 წლის 2 აგვისტოს სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა სს ,,...“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების საფუძველზე, ხოლო ამავე წლის 28 სექტემბერს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი შპს ,,...“, 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანებისა და 2012 წლის 22 აგვისტოს სს ,,...“ №დ127-პრ-35 გადაწყვეტილების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26158 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606390-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 იანვრის №882013606390-05 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების, სს ,,...“ 2012 წლის 22 აგვისტოს №დ127-პრ-35 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882009369163 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012422920 გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის სს ,,...“ რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012949274 გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის შპს ,,...“ რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას მოახდინოს ცვლილებების რეგისტრაცია მათ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით თ. ჭ-ას სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, სს ,,...“ და შპს ,,...“ მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების ბათილად ცნობის, 2012 წლის 22 აგვისტოს სს ,,...“ №დ-127-პრ-35 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012422920 გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის სს ,,...“ რეგისტრაციის შესახებ (როგორც თანმდევი შედეგის) ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012949274 გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთის შპს ,,...“ რეგისტრაციის შესახებ (როგორც თანმდევი შედეგის) ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით დადგინდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26158 გადაწყვეტილება; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606390-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 იანვრის №882013606390-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული სადაო მიწის ნაკვეთის (ზედდების) ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882009369163 გადაწყვეტილება სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალათ საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით სადავო საკითხებთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 25 აგვისტოდან თ. ჭ-ას საკუთრებაში გააჩნდა ზუგდიდი, სოფ. ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით - 567,60 კვ.მ. საკადასტრო კოდით №...; რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 03.11.1999 წლის უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება №2/1888. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2013 წლის 9 დეკემბერს თ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით №...) საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება. განცხადებას ერთოდა: 1) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 4) ელ. ვერსია.
2013 წლის 13 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882013606390-03 გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, რომლის საკადასტრო კოდია №.... მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2014 წლის 13 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882013606390-05 გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ახალი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის 2014 წლის 6 თებერვლის N26158 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ზუგდიდში, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია №... (რომელთანაც დაფიქსირდა მოსარჩელის სადავო მიწის ნაკვეთის ზედდება) 2009 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის საფუძველზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 8 აგვისტოს სს ,,...“ საკუთრებად, რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანება, ხოლო 2012 წლის 6 ოქტომბრიდან დღემდე რეგისტრირებულია შპს ,,...“ (უფლებამონაცვლე - შპს ,,შ...“) რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია: 1) სს ,,...“ 2012 წლის 22 აგვისტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება №D127-PR-35 და 2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანება.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 2007 წლისათვის მოქმედი კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს მიეკუთვნება ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული №800 ინსტრუქციის 10.1 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ინსტრუქციის 58,2 მუხლის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტები, ხოლო იმავე ინსტრუქციის შესაბამისად, ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების, ხოლო შემდგომ შეწყვეტის საფუძველს. საგულისხმოა, რომ ანალოგიური მოთხოვნებია ჩადებული ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში.
„თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წ. №233 დადგენილებით დამტკიცებული წესის 7.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენს უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობა, ხოლო სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლად კანონმდებლობით დაშვებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, როგორც სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მისი ტერიტორიული ორგანოს) მიმართვა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი სამართლებრივი აქტია, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/163 მიმართვა წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, ვინაიდან სწორედ მის საფუძველზე განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლება.
სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე.
რაიონული სასამართლო სამართლებრივი დასაბუთებისას დაეყრდნო მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკას (საქმე №ბს-367-363(კ-12)).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განჩინების მიღებისას ძირითადად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიმართ არსებულ დავასთან დაკავშირებით 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-367-363(კ-12))ჩამოყალიბებული განმარტებით და საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 25 აგვისტოდან თ. ჭ-ას სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით საჯარო რეესტრში აღრიცხულია ზუგდიდში, სოფ. ... მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 567.60 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №..., რომელიც ამ უკანასკნელს სამოქალაქო გარიგების საფუძველზე შეძენილი ჰქონდა კერძო პირისაგან. ასევე უდავოა რომ თ. ჭ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში, რომლის საკადასტრო კოდია №....
ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ სს ,,...“ და შპს ,,...“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრების უფლების წარმოშობამდე ჯერ კიდევ 2006 წელს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლებით, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება სამართლებრივად გამორიცხავდა ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას. ამ გარემოების არსებობა ასევე ადასტურებს სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში წარდგენილი მიმართვის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებას, რასთან დაკავშირებით მხარეს ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არც კი ჩაუტარებია.
შესაბამისად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, რაც მართებულად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ფორმალურად ჩაატარეს ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, რაც სრულად იქნა ასახული პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყეტილებაში. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას, სახელმწიფოს და შემდგომში სს ,,...“ და შპს ,,...“ სახელზე ნაკვეთების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინათ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინათ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა. ასევე სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვის წარდგენისას, საკითხი საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხევევაში უნდა მოეხდინა ადგილის დათვალიერება, მეზობლად არსებული მიწის მესაკუთრეთა გამოკითხვა და მიღებული ინფორმაციების შესწავლით გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რაც არ განუხორციელებია.
რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილების კანონიერების შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მოსაზრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში), სასამართლოს გარეშე ხარჯები კი განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს (კონკრეტული პირები მითითებული არ არის) დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის სახით) მის სასარგებლოდ თანაბარწილად ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.6 მუხლის თანახმად, არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ანაზღაურებაც არა დამოუკიდებლად, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ევალება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ უდავო დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის დროს დაირღვა აქტის გამოცემისას კანონით დადგენილი მოთხოვნები. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადგენს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად, რომ თ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... – 567,50 კვ.მ. იდენტურია სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთისა. სარჩელი ფაქტობრივად აგებულია იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფომ უძრავი ქონების რეგისტრაციისას დაარღვია მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ მომხდარა მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხის გარკვევა. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ამონაწერებს, თუმცა აღნიშნული გარემოებებით არ დგინდება მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ვინაიდან თ. ჭ-ას ქონებას მინიჭებული აქვს სხვა საკადასტრო კოდი, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას - სხვა საკადასტრო კოდი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის თანახმად, ,,საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად“. შესაბამისად, მოცემული ინსტრუქციის თანახმად შეუძლებელია ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთს ჰქონდეს ორი სხვადასხვა საკადასტრო კოდი.
კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება გულისხმობს ახლად წარმოდგენილი მონაცემების უკვე არსებულ ზოგად საკადასტრო მონაცემებთან დამთხვევას. მიუხედავად იმისა, რომ დაუზუსტებელი მონაცემების დაზუსტება იმთავითვე მოიაზრებს არსებული მონაცემების შეცვლას, თავი მხრივ ცვლილება უნდა ემყარებოდეს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის, უკვე არსებულ საკადასტრო რუკასთან ურთიერთშეჯერებით დაზუსტებულ მონაცემებს. თუმცა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც თ. ჭ-ას მიერ იქნა წარმოდგენილი საჯარო რეესტრში, შესრულებულია მისი დაკვეთით და იმ საზღვრების მინიშნებით, რომელიც მოსარჩელე მხარემ ცალმხრივად მიუთითა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის თაობაზე, საქმეში არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და თ. ჭ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ქმნიდა თუ არა მათი იდენტურობის თაობაზე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მიწის ნკვეთების გადაფარვას, გეგმარებით და სხვა ტექნიკურ საკითხებს, საექსპერტო კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის არსებითი გარემოებების დადგენისათვის.
თ. ჭ-ს ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე. ნაკვეთზე სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა.
კასატორის მოსაზრებით, ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას და პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი (დაზუსტებული) მონაცემების შედარება არაელექტრონულ (დაუზუსტებელ) მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია იქმნება წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით, ობიექტის მკაცრად განსაზღვრული ატრიბუტიკის (ელემენტების) აღნიშვნით, რომლებიც ტოპოლოგიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი ელემეტები არ გააჩნია ქაღალდის ვერსიას, შესაბამისად, მათი შედარებით იდენტიფიცირება ვერ განხორციელდება. იმის გამო, რომ თ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ფართი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, არ იძლევა მისი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინათა ერთიან სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დეტალურად აწესრიგებს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივ მდგომარეობას. ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზტუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული და თუ მყიდველი კერთილსინდისიერად დაეყრდნო საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას, მაშინ თვით ამ მონაცემების მცდარობის შემთხვევაშიც კი კანონმდებელი წინა პლაზე აყენებს კეთილსინდისერი შემძენის ინტერესებს. რაც თავის მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტია. სადავო ქონება დღის მდგომარეობით რეგისტრირებულია კერძო სამართლის სუბიექტზე - შპს ,,შ...“, სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმება გამოიწვევს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების გაუქმებასაც, რაც გასათვალისწინებელია.
ამასთან, კასატორის განმარტებით, ასევე საყუარდღებოა ბაჟის გადანაწილების საკითხიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად არ არის ცნობილი სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი, მას რაიმე ქმედების განხორციელება ან ქმედების განხორცილებისგან თავის შეკავება არ დავალებია, შესაბმისად, უსაფუძვლოა სააგენტოსთვის როგორც მოპასუხისათვის ბაჟის დაკისრება.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინება ძირითადად დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწოფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს და სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ არ გამოუკვლევიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, იყო თუ არა სახეზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაზე ურის თქმის საფუძველი, კასატორი იზიარებს, სასამართლოს მსჯელობას, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრში ერთსა და იმავე ნივთზე რეგისტრირებული იყოს ორი საკუთრების უფლება, მაგრამ სამინისტროსათვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ, რომ დავა მიმდინარეობს იდენტურ მიწის ნაკვეთებზე, ვინაიდან, აღნიშნული გარემოების შეფასება სასამართლოს არ მოუხდენია.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება თ. ჭ-ას მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული და შემდგომში განკარგული მიწის ნაკვეთის იდენტურობის ფაქტი. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე, ვინაიდან, თ. ჭ-ას ქონებას მინიჭებული აქვს სხვა საკადასტრო კოდი, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას - სხვა საკადასტრო კოდი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის შესაბამისად, ,,საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად“. შესაბამისად, მოცემული ინტრუქციის თანახმად შეუძლებელია ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთს ჰქონდეს ორი სხვადასხვა საკადასტრო კოდი.
საყურადღებოა ასვე ის გარემოება, რომ თ. ჭ-ამ თავისი ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა 2006 წელს, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 2009 წლის 20 ნოემბერს. თ. ჭ-ას მიერ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობა უშვებდა სარეგისტრაციო სამსახურებში სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის წარდგენას, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის ადგიმდებარეობა დაუზუსტებელია, ხოლო საქართველოს იუტიციის მინისტრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინტრუქციის 48-ე მუხლით, 2007 წლის 27 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, სავალდებულო გახდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერიის წარდგენა, რაც უზრუნველყოფდა საკადასტრო აღწერის (საკადასტრო აზომვითი ნახაზის) ზუსტი შედეგების წარმოდგენას სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში.
თ. ჭ-ას ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე. ნაკვეთზე სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა.
კასატორის მოსაზრებით, ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას და პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი (დაზუსტებული) მონაცემების შედარება არაელექტრონულ (დაუზუსტებელ) მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია იქმნება წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით, ობიექტის მკაცრად განსაზღვრული ატრიბუტიკის (ელემენტების) აღნიშვნით, რომლებიც ტოპოლოგიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი ელემენტები არ გააჩნია ქაღალდის ვერსიას, შესაბამისად, მათი შედარებით იდენტიფიცირება ვერ განხორციელდება. იმის გამო, რომ თ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ფართი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, არ იძლევა მისი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება), მოცემულ დავასთან მიმართებაში არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, არ შეუფასებია სახეზე იყო თუ არა გამოყენებულ გადაწყვეტილებაში ასახული და არსებული დავის ფაქტობრივ გარემოებათა იდენტურობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის გადაწყვეტისათვის, არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ პროცესუალურ საფუძველს ქმნის.
საქმის მასალების თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №26158 გადაწყვეტილება; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №882013606390-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 იანვრის №882013606390-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული სადაო მიწის ნაკვეთის (ზედდების) ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882009369163 გადაწყვეტილება სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალათ საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით სადავო საკითხებთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 25 აგვისტოს თ. ჭ-ამ საჯარო რეესტრში 1999 წლის 3 ნოემბრის №2-1888 გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა 567,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №.... ნაკვეთი საჯარო რეესტრის შესაბამისმა სამსახურმა დაარეგისტრირა დაუზუსტებელი მონაცემებით (ტომი I, ს.ფ. 39).
2013 წლის 09 დეკემბერს თ. ჭ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარ რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის საეგისტრაციო სამსახურს მის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემები რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების მიზნით და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. (იხ. ს.ფ. 16-17; ტ.1). აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 13 დეკემბერს გამოსცა გადაწყვეტილება №882013606390-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის მონაცემებთან და მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენა (იხ. ს.ფ. 18; ტ.1).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 იანვრის №882013606390-05 გადაწყვეტილებით თ. ჭ-ას წარმომადგენლის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაცო წარმოება (იხ. ს.ფ. 19; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის 2014 წლის 6 თებერვლის №26158 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 28-30; ტ.1).
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2009 წლის 19 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 1099,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის საფუძველზე (იხ.ს. ფ. 43; ტ.1). აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2012 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა სს „...“ საკუთრებად (იხ.ს. ფ. 44; ტ.1), ხოლო სს ,,...” 2012 წლის 22 აგვისტოს პარტნიორის №D127-PR-35 გადაწყვეტილების საფუძველზე 2012 წლის 6 ოქტომბერს უძრავი ქონება შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „შ...“) საკუთრებად აღირიცხა (იხ. ს.ფ. 43).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლება – საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითად უფლებათაგანია, თუმცა იგი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიგს. ეროვნული კანონმდებლობები ითვალისწინებენ შემთხვევებს, როდესაც აღმატებული საჯარო ინტერესის სასარგებლოდ შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.
მოსარჩელე მხარე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც დაუზუსტებელი სახით დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში (იხ. ს.ფ. 42; ტ.1).
საქმის მასალების თანახმად, მითითებულ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფორმით რეგისტრაციის თაობაზე თ. ჭ-ას წარმომადგენლის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით გამოიცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო, კერძოდ, ზედდება დაფიქსირდა დაზუსტებული ფორმით განხორციელებულ სარეგისტრაციო მონაცემებთან, რომელთა თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს „...“. უფლების რეგისტრაციის საფუძველს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ბრძანება წარმოადგენს.
სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს, ანუ უფლების ახალ მესაკუთრეზე გადასვლით ძალას კარგავს თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, თუმცა თავდაპირველი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის გაუქმება ავტომატურად ვერ გამოიწვევს უფლების ახალ შემძენებზე რეგისტრაციის გაუქმებას, რამდენადაც უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უძრავი ქონების სახელმწიფოდან კერძო სამართლის სუბიექტებისათვის - სს „...“, ხოლო შემდგომ შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „შ...“) გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, რიგ შემთხვევაში მმართველობითი ღონისძიების, ხოლო რიგ შემთხვევაში კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგად, რომლებიც კანონიერ ძალაშია.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება გადაეცა სს „...“. „სააქციო საზოგადოების - ... შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონის შესაბამისად, ... არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტი - სააქციო საზოგადოება, რომლის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობაც შემოიფარგლება აქციონერის უფლებამოსილებით.
სს „...“ პარტნიორთა 2012 წლის 22 აგვისტოს #D127პრ35; #120884680 გადაწყვეტილებით უძრავი ქონება შეტანილ იქნა შპს „...“ (უფლებამონაცვლე შპს „შ...“) კაპიტალში.
სასამართლომ გააბათილა უძრავი ქონების პირველ მესაკუთრეზე რეგისტრაცია იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში აღარ ირიცხება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. იგივე შინაარსის დებულებას შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის გაუქმების მიუხედავად, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 190-ე მუხლის შინაარსიდან, ანუ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა სამართლებრივი ურთიერთობების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციების გაბათილების დაუშვებლობისა, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უპირველესად უნდა გამოეკვლია და დაედგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის იურისდიქცია, მას შეუძლია მხოლოდ შეამოწმოს რამდენად სწორად განახორციელა აღნიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლომ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს თ. ჭ-ას სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს თ. ჭ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ უნდა მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლომ (საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება) განმარტა, რომ „დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას“... „ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის მიღების შედეგად მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები დაექვემდებარა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, ხოლო კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდნენ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. აღნიშნული კანონი მოქმედებდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე, ხოლო მითითებული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონით.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონი უშვებდა მიწის ნაკვეთის ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების წარდგენის შესაძლებლობას. საზღვრების დაფიქსირება მხოლოდ რეგისტრატორის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, რომელიც ადგენდა საზღვრის ხაზს სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუკების მონაცემებზე დაყრდნობით. ხოლო ფართობისა და საზღვრების განმეორებით დაზუსტება, თუ უზუსტო იყო კადასტრული რუკისა და სააღრიცხვო ბარათის ადრინდელი მონაცემები, წარმოადგენდა შესწორების შეტანის და არა რეგისტრირებული უფლების გაუქმების საფუძველს (36-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს.
საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში წარმოდგენა სავალდებულო გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის #800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხლით. ამასთანავე, ამჟამად არ არსებობს მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის ახალ ელექტრონულ სისტემაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა. ნივთის დაზუსტებული სახით რეგისტრირების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აღირიცხება კოორდინატთა სისტემაში, მისი საკადასტრო მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრში და გამორიცხულია აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაცია ან მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების დაუზუსტებელი სახით რეგისტრაცია არანაირად არ აკნინებს საკუთრების უფლებას, რადგანაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციით პირს უკვე წარმოეშვა საკუთრების უფლება, გაიცა შესაბამისი ამონაწერიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პირს საკუთრების უფლება დაუდგინდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და მოახდინა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უფლების დადგენის დროს მოქმედი კანონით დადგენილი წესის დაცვით, ასეთი უფლება დაცულ უნდა იქნეს მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომისაგან, უფლების დუბლირებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა სწორედ ასეთ შემთხვევას ეხება, რა დროსაც საკასაციო სასამართლომ გააბათილა სადავო აქტები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაიცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რამდენადაც სწორედ ფაქტობრივი ვითარების სათანადოდ გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი უპირატესი სამართლებრივი უფლების მქონე სუბიექტის დადგენა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის #1-1/1595 ბრძანების, ... გადაწყვეტილებისა და შესაბამისად, ზედდების ნაწილში უძრავი ქონების სს „...“ და შპს „...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის შესახებ, რომლის წარმოებაც მოცემული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე შეჩერებულია, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული სასარჩელო მოთხოვნების განხილვის რიგითობის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დარდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა, ასევე ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, სამართლებრივი ნონსენსი შეიქმნა, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილებით გაბათილებულია სახელმწიფო საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისი რეგისტრაცია, მაშინ როდესაც უძრავი ქონების შემდგომი განკარგვის აქტებზე საქმის წარმოება შეჩერებულია და ისინი კანონიერ ძალას ინარჩუნებენ. ამდენად, გაურკვეველია, რა სამართლებრივი შედეგის მომტანია მიღებული გადაწყვეტილება, რა სახის სამართლებრივი აქტები უნდა გამოსცენ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, როდესაც დღეის მდგომარეობით სადავო ქონება სხვის საკუთრებას წარმოადგენს და ამ საკუთრების სამართლებრივი საფუძვლები ძალაშია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე