საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹348აპ-11 ქ. თბილისი
14 ივლისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. პ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით ვ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან ასევე გათავისუფლდა 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვ. პ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 19 ნოემბრიდან 2006 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით. გაუქმდა ვ. პ-ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა _ 7000 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ვ. პ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ხ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1459 ლარისა და 32 თეთრის გადახდა.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ. მ-ესა და განსასჯელებს _ ა. პ-სა და ი. ჭ-ეს შორის, რომლის თანახმად, ა. პ-ი და ი. ჭ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრათ: სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით _ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, 5-5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან _ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან გათავისუფლდნენ 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; მათვე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ თითოეულს 4000 ლარის ოდენობით და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო: ა. პ-ს _ 2006 წლის 16 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, ი. ჭ-ეს _ 2006 წლის 19 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ვ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და ამ მუხლით მიესაჯა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 9 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. პ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.