დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.07.2011
საქმის ნომერი
46აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹46აგ-11 თბილისი

22 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-სა და გ. ო-ს შორის. იმავე განაჩენით გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. ო-ს სასჯელის საბოლოო ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

იმავე განაჩენით გ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი _ „-“-ს მოდელის, გლუვლულიანი, 16-კალიბრიანი, ორლულიანი ¹- გადაჭრილი თოფი, ე.წ. „აბრეზი“, რომელიც გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შეიარაღების სამმართველოს.

2011 წლის 23 მაისს მსჯავრდებულმა გ. ო-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განაჩენის გადასინჯვა.

მსჯავრდებული გ. ო-ი წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ იგი სრულყოფილად გაეცნო თავისი ბრალდების საქმეს, ასევე მოქმედ კანონმდებლობას და მიაჩნია, რომ გამოვლინდა ის არსებითი ახალი გარემოება, რაც ცნობილი არ იყო საქმის სასამართლო განხილვისას, კერძოდ: გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქმის მასალებით და განაჩენითაც უდავოდ არის დადგენილი, რომ იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ დაუფლებია. იგი დაეუფლა ამ სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ ხმამაღლა მოლაპარაკეს, რომელიც არ წარმოადგენდა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითად შემადგენელ ნაწილს და არც ქარხნულ აქსესუარს. აღნიშნული ხმამაღლა მოლაპარაკე იდო ავტომანქანის სალონში. ამდენად, მას არ ჩაუდენია დანაშაული სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

მსჯავრდებულის განმარტებით, საქმის მასალებით და განაჩენითაც უდავოდ არის დადგენილი ხმამაღლა მოლაპარაკის ღირებულება, კერძოდ, იგი განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს სადგომს ან სხვა საცავს. შესაბამისად, მსჯავრდებული თვლის, რომ მისი ქმედება არ შეიცავს არც სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობას, რისთვისაც ამ ეპიზოდში, კერძოდ, ქურდობის ნაწილში, მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ გარემოებებით, რაც გაითვალისწინა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებული გ. ო-ი ითხოვს, რომ მისი ქმედება ქურდობის ნაწილში დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო განაჩენით განსაზღვრული სხვა სასჯელები დარჩეს უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული გ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.