შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 1-აპ 21 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ტ. ლ-ის დამცველების, ადვოკატების ა. ჩ-ისა და ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენზე.
ტ. ლ-ლი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტების, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების, 237-ე მუხლის პირველი ნაწილის, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. განაჩენით ტ. ლ-ს ბრალი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის ქურდობის ჩადენაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე, ქურდობის უკანონო შეღწევით, ასევე, მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში სხვისი ნივთის დაბრუნებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებაში.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ტ. ლ-ლს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განუსაზღვრა:
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო აღნიშნულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების შედეგად _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლის. ვადით, რასაც დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მას შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადითა და 6 თვის ვადით სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით ტ. ლ-ის მიერ დანაშაული ჩადენილ იქნა შემდეგ გარემოებებში:
ტ. ლ-მა 2001წ. 31 დეკემბერს, გ. ჭ-ესა და დაუდგენელ პირებთან ერთად, მათთან წინასწარი შეთანხმებით, ღამის საათებში, კედლის გამონგრევით შეაღწია ქ. თბილისის, --- მდებარე შპს “---ის” შენობაში, მათთან ერთად გატეხა კარები და სეიფი, საიდანაც გაიტაცა და მათთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა აღნიშნული შპს-ს კუთვნილი თანხა _ 2998 ლარი და 1162 აშშ დოლარი. გარდა აღნიშნულისა, მათ აღნიშნული შპს-ს შენობიდან ფარულად გაიტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს დირექტორის, გ. ა-ის პირადი ნივთები: თეთრი ფერის ჰოლანდიური წარმოების მამაკაცის პიჯაკი, ღირებული 150 ლარად, მამაკაცის 2 ცალი პერანგი და 1 ცალი ჰალსტუხი, საერთო ღირებულებით 100 ლარი, ყავისფერი საწერი კალამი, ღირებული 20 ლარად;
შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის გ. ა-ის პირადი ნივთები: თეთრი ფერის მამაკაცის არაბული წარმოების პიჯაკი, ღირებული 100 ლარად; ლურჯი ფერის ჯინსის პერანგი, ღირებული 30 ლარად; “მაუზერის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი; 25 ლარად ღირებული 1 კოლოფი 7,62 მმ კალიბრის ვაზნები, შავი ფერის ტყავის საფულე, ღირებული 25 ლარად;
შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ა. კ-ის, პირადი ნივთები და დოკუმენტები: ცეცხლსასროლი იარაღის, “ვალტერის” რეგისტრაციისა და შენახვის მოწმობა ¹--, პირადობის მოწმობა, პაპორტი; მამაკაცის ნაცრისფერი პიჯაკი, ღირებული 140 დარად; მამაკაცის შავი ფერის ფეხსაცმელი, ღირებული 65 ლარად; რსფსრ-ს წარმოების ავტომანქანის მტვერსასრუტი, ღირებული 80 ლარად. გაიტაცეს რა აღნიშნული, შემთვხევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ნაქურდალი გაინაწილეს.
ტ. ლ-მა 2001წ. 30 დეკემბერს ---ის დაღმართის ¹14-ში მდებარე შპს “--ის” შენობიდან გაიტაცა რა “მაუზერის” სისტემის 6,35 კალიბრის ¹-- პისტოლეტი, მას ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ 2002წ. მაისის თვემდე, მანამ, სანამ არ იქნა ამოღებული წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ.ტ. ლ-მა 2001წ. 7 აგვისტოს, ღამის საათებში, გ. ჭ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან წინასწარ შეთანმხებით და მათთან ერთად, ფანჯრის გისოსების ამოღებით, შეაღწია ქ. თბილისის --- მდებარე მოქალაქე თ. ხ-ლი-მაისურაძის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შემდეგი დასახელებისა და ღირებულების ნივთები: “მოზშერლის” ფირმის ერთლულიანი სანადირო თოფი, ღირებული 1000 ლარად, ქალის ნორკის ნაცრისფერი ქურქი, ღირებული 10000 ლარად, ფრანუგილ სუნამოები: “კლიმა”, “შანელი”, “ჯოი” და “ჯეკენჩი”, ყველა ერთად ღირებული 5000 ლარად, გერმანული წარმოების მუსიკალური ზარდახშა, ღირებული 2000 ლარად, ქალის შავი ჩექმა, ღირებული 200 ლარად, ქალის შავი ჩექმა, ღირებული 100 ლარად, 4 წყვილი მამაკაცის ფეხსაცმელი, საერთო ღირებულებით 800 ლარი, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, ღირებული 3000 ლარად, 10 ცალი ვერცხლის თასი, საერთო ღირებულებით 500 ლარი, 70 ცალი ვერცხლის კოვზი, საერთო ღირებულებით 1000 ლარი, ტორტის ვერცხლის ასაღები, ღირებული 50 ლარად, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ლ-მა და დანაშაულის ჩადენაში მასთან თანამონაწილეებმა დაზარალებულ თ. -ეს მიაყენს 24350 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
იმავე განაჩენით, გარდა ზემოხსენებული სასჯელის შეფარდებისა, მსჯავრდებულ ტ. ლ-ლს დაეკისრა შპს “---ის” სასარგებლოდ _ 4498 ლარისა და 1162 აშშ დოლარის; დაზარალებულ ნ. ა-ის სასარგებლოდ _ 270 ლარის; დაზარალებულ ა. კ-ის სასარგებლოდ _ 285 ლარის; დაზარალებულ თ. -ის სასარგებლოდ _ 24350 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ტ. ლ-ის დამცველებმა და ლ. ჭ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ, რომ იგი ცნობილ იქნეს ბრალელუად მხოლოდ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებუდი ქმედების, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენისა და შენახვის, ჩადენაში და სასჯელიც ამის შესაბამისად განესაზღვროს, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ტ. ლ-მა და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა არ. ჩ-მა და ლ. ჭ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. ბ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენზე უცვლელად, ხოლო კასატორებს უარი ეთქვათ მათი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში და არც საქმის სხვა მასალებში მოიპოვება მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა იმის დადასტურება, რომ მსჯავრდებული ტ. დ-ლი ნამდვილად მონაწილეობდა იმ ქურდობაში, რმოელიც 2001წ. 7 აგვისტოს იქნა ჩადენილი დაზარალებულ თ. -ის ბინაში უკანონო შეღწევით. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ თ. -ის, მოწმეების: კ. მ-სა და ხ. ჭ-ის ჩვენებები არავითარ კონკრეტულ მონაცემს არ შეიცავენ ხსენებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ტ. ლ-ის განაჩენი აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მაინც მიიჩნევს დადგენილად, რითაც, სრულიად უსაფუძვლოდ მას ბრალად შერაცხა აღნიშნული ქმედება და რის შედეგადაც მსჯავრდებულ ტ. ლ-ის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. ასე რომ, პალატა თვლის _ მსჯავრდებულ ტ. ლ-ლს უნდა მოეხსნას დაზარალებულ თ. -ის ბინაში ჩადენილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, ხოლო ამის გათვალისწინებით მას შეუმცირდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ზომა. მასვე უნდა მოეხსნას დაზარალებულ თ. -ის სასარგებლოდ 24350 ლარის გადახდის შესახებ განაჩენით დაკისრებული მოვალეობა.
რაც შეეხება 2001წ. 31 დეკემბერს შპს “---ის” შენობაში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობაში სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ტ. ლ-ის მონაწილეობას, ამ ფაქტის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენშიც და საქმის სხვა მასალებშიც არსებობს საკმარისი რაოდენობის კანონიერ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზე შეიძლება იგი სარწმუნოდ და დადასტურებულად იქნეს მიჩნეული. მსჯავრდებულ ტ. ლ-ის დამცველების მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ცალკეული დარღვევები, რომლებიც დაშვებული იყო მისი ბრალდების საქმის წარმოებისას წინასწარი გამოძიების სტადიაზე, გათვალისწინებულ იქნა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ, რის გამოც მას მოეხსნა ის ბრალდებები, რომლებიც ეფუძნებოდნენ კანონის დარღვევით მოპოვებულ და არასარწმუნო მტკიცებულებებს. ამიტომ საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული ადვოკატების მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ტ. ლ-ლს მოეხსნას შპს “---ის კუთვნილ შენობაში ჩადენილი ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები და მას მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის დაეკისროს პასუხისმგებლობა.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატის აზრით სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ტ. ლ-ს ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე არასწორად დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ მას ძველი სასჯელიდან დაუმატა არა 6 თვით, არამედ 2 თვის ვადა თავისუფლების აღკვეთისა, ხოლო ბრალმდებელი მხარის მიერ არ ყოფილა შეტანილი სააპელაციო საჩივარი ბრალდების ან სასჯელის დამძიმების მოთხოვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ტ. ლ-ის სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ. ლ-ის დამცველების, ადვოკატების არ. ჩ-ისა და ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოქლო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის გაანჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ტ. ლ-ლს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.
მსჯავრდებულ ტ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რომელმაც, როგორც უფრო მკაცრმა სასჯელმა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის, 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები, ხოლო 237-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ზომიდან მას დაემატოს ნაწილობრივი შეკრების წესით თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ასევე, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე მასვე დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვე, როგორც ეს განსაზღვრული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, და საბოლოო სასჯელის ზომად ტ. ლ-ლს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 8 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ ტ. ლ-ლს მოეხსნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დაზარალებულ თ. -ის სასარგებლოდ 24350 ლარის გადახდის შესახებ დაკისრებული მოვალეობა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.