განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 221-დად 30 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა შ. გ-სა და რ. ლ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 15 მაისის ბრძანებაზე, რომლითაც ყადაღა დაედო შპს “---ში” შ. გ-ის წილს _ 9 %-ს და რ. ლ-ას კუთვნილ წილს _ 12,5%-ს შპს “---ში”. ამავე ბრძანებით ყადაღა დაედო აგრეთვე ა. გ-ის წილს. იგი ბრძანებას არ ასაჩივრებს.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა პროკურორმა პ. ტ-მა. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ა. გ-სა და სხვათა მიმართ თაღლითურად, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისა და დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
პროკურორმა შუამდგომლობაში მიუთითა, რომ ა. გ-ის მიმართ 2005წ. 12 მაისს გამოტანილია დადგენილება მისი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, შუამდგომლობაში მითითებულია, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, დადგენილია, რომ ბრალდებულ ა. გ-ის შვილის _ შ. გ-ის წილი შპს “---ში” შეადგენს 9%-ს, რომელიც არის რეკეტული, ხოლო შპს “---ში”, რომელიც არის შპს “---ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წილი შეადგენს 12,5 %-ს. მისი მფლობელი არის ა. გ-ის სიძეE _ რ. ლ-ია.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ თავისი ბრძანებით ყადაღა დაადო შ. გ-ისა და რ. ლ-ას წილებს _ შესაბამისადE9 და 12, 5 პროცენტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით შ. გ-ნი და რ. ლ-ია ითხოვენ მოსამართლის ბრძანების გაუქმებას და მიუთითებენ შემდეგზე: საქართველოს სსსკ-ის 190-ე მუხლის თანახმად, ქონებაზე ყადაღა დაედება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ქონებას, ხოლო საჩივრის ავტორები არც ერთ მათგანს არ წარმოადგენენ. რ. ლ-ია შპს “---ში” საერთოდ არანაირ წილს არ ფლობს; ამასთან, იგი არ წარმოადგენს შპს “---ის” წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს; ამასთან, შპს “---ის” წილი შპს “---ში” შეძენილია 2000წ. 27 დეკემბრის ხელშეკრულებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სამმართველოსაგან აუქციონზე; შესაბამისად, მისი დაყადაღება აღნიშნული საფუძვლით დაუშვებელია.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ გ. ს-ემ და გ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება. აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა რ. ლ-ია.
პროკურორმა გ. გ-მა კანონიერად მიიჩნია მოსამართლის მიერ მიღებული ბრძანება შ. გ-სა და რ. ლ-ას მიმართ და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოსამართლის ბრძანება შ. გ-ის წილზე ყადაღის დადების შესახებ არის კანონიერი და ამ ნაწილში ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო რ. ლ-ას კუთვნილ შპს “---ის” წილზე ყადაღის დადების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ შ. გ-ნი არ ყოფილა ეჭვმიტანილად, ბრალდებულად ან განსასჯელად ცნობილი და ამიტომ შპს “----ში” მისი წილის დაყადაღება თითქოს იყოს უკანონო. საქართველოს სსსკ-ის 196-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო, თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ ნაწილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის, ანდა რეკეტული დაჯგუფების ქონებას, მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შ. გ-ს წილი შპს “---ში” არის რეკეტული და, აქედან გამომდინარე, მის წილზე ყადაღის დადება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.
რაც შეეხება რ. ლ-ს, პალატა აღნიშნავს, რომ მის წილზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ მისი წილი შპს “---ში” არის რეკეტული. აქედან გამომდინარე, ბრძანება ამ ნაწილში არის უკანონო. პალატა თვლის, რომ ამ საკითხის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, ასევე პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების რეალობა, საიდანაც ირკვევა, რომ შპს “-მა” წილი შპს “---ში” შეიძინა აუქციონზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ყადაღის დადების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 196-ე, მე-200, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 15 მაისი ბრძანება შპს “-ში” რ. ლოდიას კუთვნილ შპს “-ის” წილზე _ 12,5%-ზე ყადაღის დადების შესახებ გაუქმდეს და მასალები ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე კოლეგიის სხვა მოსამართლეს. იგივე ბრძანება შპს “-ში” შ. გ-ის წილზე _ 9%-ზე ყადაღის დადების შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.