დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.03.2020
საქმის ნომერი
ბს-1051(2კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1051 (2კ-18) 12 მარტი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ს…მა "…ამ" 30.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.01.2016წ. N1858 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.06.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სსიპ ს…ის "…ის" 14.01.2016წ. საჩივრის განხილვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ ს…ის "…ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.01.2016წ. N1858 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.06.2016წ. გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა სსიპ ს…ის "…ის" 14.01.2016წ. საჩივრის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია პირს დაეკისროს გასაჩივრების ვადის ათვლა იმ თარიღიდან, როდესაც მისთვის ჯერ კიდევ უცნობია აქტის შინაარსი და მისი საფუძვლები. სააპელაციო პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული აქტების გასაჩივრების ვადის ათვლა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღიდან, იმ პირობებში, როდესაც დარიცხვის შესახებ ბრძანება მხარეს არ ჰქონდა ჩაბარებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61.2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო დარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს გადამხდელისათვის გადასახადის გადახდის საფუძველს, შესასრულებლად სავალდებულო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სწორედ მისი გასაჩივრებით შეიძლება დაიწყოს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავა. "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 17.2 მუხლის თანახმად საგადასახადო მოთხოვნაში აღინიშნება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი. პირისათვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა უშუალო სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ არის მიმართული და იწვევს მასში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. საგადასახადო მოთხოვნაში საბოლოო ასახვას ჰპოვებს დარიცხული გადასახადების, ჯარიმისა და საურავების ოდენობა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივროს დამოუკიდებლადაც, თუკი მას არ ეთანხმება, მიუხედავად იმისა ჩაბარებული აქვს თუ არა საგადასახადო ორგანოს ბრძანება და საგადასახადო შემოწმების აქტი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. სადავო საგადასახადო მოთხოვნის დასაბუთება არ შეიძლება ეჭქვეშ დადგეს, რადგან მასში ასახულია "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 17.2 მუხლით განსაზღვრული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი და საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა და სანქციის დაკისრება.

შემოწმების აქტისა და დარიცხვის ბრძანების ჩაბარების თარიღიდან გასაჩივრების ვადის ათვლა გულიხმობს კანონიერ ძალაში შესულ საგადასახადო მოთხოვნაზე გადასახადის გადამხდელისათვის გასაჩივრების უფლების მიცემას, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და ხელს უშლის საგადასახადო ვალდებულების აღიარების ინსტიტუტის ფუნქციონირებას. მოცემულ შემთხვევაში 14.12.2015წ. N002-319 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ამავე წლის 14 დეკემბერს. აღნიშნულ სამართალდარღვევის ოქმზე გასაჩივრების ვადა 2016 წლის 13 იანვარს ამოიწურა, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურს 2016 წლის 14 იანვარს წარედგინა. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერი და კანონშესაბამისია.

კასატორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ საჩივრის წარდგენის ვადა გასულია. ამავე კოდექსის 299.4 მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. კასატორი საგადასახადო კოდექსის 44-ე, 264.2, 299.2 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მომჩივანმა დაარღვია სადავო აქტის გასაჩივრების ვადა, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. საგადასახადო მოთხოვნა უშუალო სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ არის მიმართული და იწვევს მასში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას, სადაც საბოლოოდ აისახება დარიცხული გადასახადების, ჯარიმისა და საურავების ოდენობა, რაც იწვევს მისი დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2015წ. N002-319 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის ელექტრონულ გვერდზე 2015 წლის 14 დეკემბერს გაეგზავნა და ჩაბარდა იმავე დღეს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2015წ. N47795 ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2015 წლის 15 დეკემბერს, რომელსაც გადამხდელი 2015 წლის 16 დეკემბერს გაეცნო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურს 14.01.2016წ. წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც განუხილველი დარჩა კანონმდებლობით განსაზღვრული 30 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299.2 მუხლზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო კანონმდებლობა განსაზღვრავს საჩივრის შეტანის ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოახდინოს საჩივრის უფლების რეალიზება. საგადასახადო კოდექსის 299.4 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საჩივრდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ ს…ის "…ის" მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2015წ. N47795 ბრძანება გასაჩივრდა 30 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარის მიერ საგადასახადო მოთხოვნის გაცნობიდან. მითითებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საგადასახადო მოთხოვნის გაცნობიდან გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მხოლოდ გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნისა და გადაწყვეტილების ასლის ერთად წარდგენის შემთხვევაში, რისი განხორციელებაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება. გადასახადის გადამხდელისათვის აქტების ერთად წარდგენის დანაწესი მიზნად ისახავს დარიცხული გადასახადის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფას. აღნიშნული ნორმა საგადასახადო ორგანოს არ აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის რიგითობა (იხ. სუსგ 06.10.2016წ. Nბს-770-762(კ-15), 15.07.2019წ. Nბს-866-862(კ-17)). კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის ამოწურვა არ გამორიცხავს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის ვალდებულებას, ვინაიდან სსიპ ს…ს "…ას" ბრძანების გასაჩივრების ვადა არ გაუშვია. ამდენად, არ არსებობდა სადავო აქტების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი