საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-29-I.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 29I 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ ნ. ჩ-სა და დაზარალებულ ლ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 13 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც ბ. მ-სა და ზ. ბ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება და 2003წ. 13 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით დაზარალებულ ლ. ჯ-ს ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 22 აგვისტოს ქ. ქუთაისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის ¹3 განყოფილების მუშაკების მიმართ სსკ-ს 332-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა ლ. ჯ-ს განცხადება პოლიციის თანამშრომლების ბ. მ-სა და ჯ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ლ. ჯ-ს განცხადების თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ. მ-მ და ჯ. ბ-მ არანაირი ზომები არ მიიღეს მისი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი ზეპირი განცხადებისა.

საბრალდებო დასკვნით განსასჯელებს ბ. მ-სა და ჯ. ბ-ს ბრალი დაედოთ შემდეგი ქმედების ჩადენისათვის:

განსასჯელი ბ. მ. მუშაობდა ქ. ქუთაისის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსად. განსასჯელი ზ. ბ. მუშაობდა ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ¹3 განყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექციის ინსპექტორად. Bბ. მ-მ და ზ. ბ-მ ბოროტად გამოიყენეს თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება, მათ დამალეს და აღრიცხვაზე არ აიყვანეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც მათთვის ცნობილი გახდა უბნის ინსპექტორ გ. თეთვაძისაგან. კერძოდ კი შემდეგი: 2001წ. 23 აპრილს დილით ქ. ქუთაისში, ... მცხოვრები დაზარალებული ლ. ჯ. მივიდა ქ. ქუთაისის შ.ს სამმართველოს პოლიციის ¹3 განყოფილებაში, სადაც გააკეთა ზეპირი განცხადება იმის თაობაზე, რომ 21 აპრილს გაქურდული იქნა მისი ბინა. Uუბნის ინსპექტორი გ. თ. დაზარალებულთან ერთად მივიდა აღნიშნულ ბინაში, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა კრიმინალური პოლიციის უფროსს ბ. მ-ს. ბ. მ-ს დანაშაულის შესახებ ცნობების მიღების შემდეგ, არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებია ამ ქმედების გამოსაკვლევად, მას ჩადენილი დანაშაულის შესახებ მიღებული ცნობების რეგისტრაციაც კი არ მოუხდენია. Bბ. მ-სათვის ცნობილი გახდა, რომ ლ. ჯ. იყო ზ. ბ-ს ნათესავი. მან ზ. ბ-ს სთხოვა დახმარებოდა და ლ. ჯ. დაერწმუნებინა, რომ არ იყო საჭირო ოფიციალური განცხადების გაკეთება მისი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით.

საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი თქვა ბრალდებაზე, სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მიერ ფორმულირებულ ბრალდებას მხარი არ დაუჭირა დაზარალებულმა ლ. ჯ-მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 13 ივნისს განჩინებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება ბ. მ-სა და ზ. ბ-ს მიმართ შეწყვიტა. ხოლო სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით ლ. ჯ-ს ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა გენერალურ პროკურატურას.

2003წ. 24 ივნისს სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ჩ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, სადაც აღნიშნავდა, რომ მას ბრალდებაზე უარი არ უთქვამს და იგი მოითხოვდა ცვლილების შეტანას სხდომის ოქმში.

2003წ. 24 ივნისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განიხილა პროკურორის შენიშვნები სხდომის ოქმზე. პროცესში მონაწილე ყველა მხარემ, ასევე სხდომის მდივანმა დაადასტურა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელს უარი ეთქვა ოქმში ცვლილებების შეტანაზე.

გენერალური პროკურორის თანაშემწე ნ. ჩ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. Kკასატორის მითითებით საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული. სასამართლო სხდომაზე წამოიჭრა მთელი რიგი საკითხები, რომელთა დადგენაც აუცილებელია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. კასატორის მითითებით დამატებითი გამოძიებისას უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულის ბინის ქურდობას, იყო თუ არა ცნობილი ეს ფაქტი სათანადო ორგანოებისათვის და თუ ცნობილი იყო, ვის მიერ და რა მიზეზით არ მოხდა პროცესუალური ღონისძიებების გატარება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

კასატორის მითითებით მას სასამართლო სხდომაზე უარი არ უთქვია ბრალდებაზე და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე არასწორად არის შეწყვეტილი ამ საფუძვლით.

დაზარალებულმა ლ. ჯ-მ მხარი არ დაუჭირა პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ საქმე ბ. მ-სა და ზ. ბ-ს მიმართ სწორად არის შეწყვეტილი. დაზარალებულის მითითებით პროკურორმა სასამართლო სხდომაზე უარი თქვა ბრალდებაზე. დაზარალებულის განმარტებით, მას არასწორად მიაჩნია მისი ბინის გაქურდვის ფაქტზე საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება, რადგან, მისი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. აღნიშნული გამოგონილი იქნა მის მიერ, რათა დაებრუნებინა 700 დოლარი, რომელიც ვალად ჰქონდა მ. უ-ს. Mმ. უ-ს სიძეს, რომელიც დამნაშავეთა წრეს განეკუთვნებოდა, კარგად იცნობდა ბ. მო. და სწორედ ეს გახდა მის მიერ მისი ბინის გაქურდვის ფაქტზე გაკეთებული განცხადების მიზეზი.

ბ. მ-ს და ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-მ და ზ. გ-მ მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრებს და განმარტეს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ კანონიერად შეწყვიტა საქმე ბ. მ-ს და ზ. ბ-ს მიმათ. ადვოკატთა განმარტებით მას შემდეგ რაც სახელმწიფო ბრალდებამ უარი თქვა ბრალდებაზე და დაზარალებულმა მხარი არ დაუჭირა პროკურატურის მიერ ფორმულირებულ ბრალდებას სასამართლო ვალდებული იყო შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

ბ. მ-მ და ზ. ბ-მ მხარი დაუჭირეს მათი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატების მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ე. ქ-ს, დაზარალებულ ლ. ჯ-ს, მათი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატებს ზ. ნ-სა და ზ. გ-ს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას საქმის სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას უარი არ უთქვამს ბრალდებაზე. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ბ. მ-სა და ზ. ბ-ს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხათ სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით გადაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე, დაზარალებულმა ლ. ჯ-მ მხარი არ დაუჭირა პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას. აღნიშნული საფუძვლით სასამართლომ ბ. მ-სა და ზ. ბ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა საჯაროდ 2003წ. 13 ივნისს. სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა პროკურორი. პროკურორმა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ათი დღის შემდეგ, 24 ივნისს, განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მას საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე არ უთქვავს უარი ბრალდებაზე და მისი პოზიცია არასწორად იქნა დაფიქსირებული სასამართლო სხდომის ოქმში, პროკურორის მითითებით მისი მოთხოვნა ასევე არასწორად იქნა გაგებული სასამართლოს შემადგენლობისა და მხარეების მიერ. საქმის მასალებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სწორად არ იქნა გაზიარებული პროკურორის შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმზე. შენიშვნების განხილვისას სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილეებმა დაადსტურეს ის გარემოება, რომ საქმის განხილვისას პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და დაზარალებულმა მხარი არ დაუჭირა ამ ბრალდებას. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე იწვევს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, თუ დაზარალებული მხარს არ უჭერს პროკურორის მიერ ფორმულირებულ ბრალდებას. სასამართლო ვალდებულია ასეთ შემთხვევაში შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სსსკ-ს 14-ე მუხლის მეექვსე ნაწილის, 24-ე მუხლის მერვე ნაწილის, 25-ე მუხლის, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 13 ივლისის განჩინებით კანონიერად შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება ბ. მ-ს და ზ. ბ-ს მიმართ.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორ ლ. ჯ-ის მითითებას იმის თაობაზე, რომ არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით მისი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე. კასატორის განმარტებით მისი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. აღნიშნული გამოგონილი იქნა მის მიერ, რათა დაებრუნებინა 700 დოლარი, რომელიც ვალად ჰქონდა მ. უ-ს. მ. უ-ს სიძეს, რომელიც დამნაშავეთა წრეს განეკუთვნებოდა კარგად იცნობდა ბ. მ. და სწორედ ეს გახდა მის მიერ მისი ბინის გაქურდვის ფაქტზე გაკეთებული განცხადების მიზეზი. Pპალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით სწორად დააბრუნა საქმე დამატებით გამოძიებაში, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა ლ. ჯ-ს განცხადება, სადაც იგი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი ბინის გაქურდვას. ლ. ჯ-ს განცხადების თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა არანაირი ზომები არ მიიღეს მისი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი ზეპირი განცხადებისა. სასამართლო კოლეგიამ სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ დამატებით გამოძიებაში უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ლ. ჯ-ს ბინის ქურდობის ფაქტს. ცნობილი იყო თუ არა ამის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის და თუ ცნობილი იყო, ვის მიერ და რატომ არ განხორციელდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ქმედების გამოკვლევასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 13 ივლისის განჩინება, რომლითაც ბ. მ-სა და ზ. ბ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება და 2003წ. 13 ივლისის განჩინება, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით დაზარალებულ ლ. ჯ-ს ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას, დარჩეს უცვლელად.