საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 268-აპ 5 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ ვ. თ-სა და პროკურორ ჯ. ს-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის განაჩენი გ. ნ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის განაჩენით გ. ნ-ს სსკ-ს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ს 362-ე და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლების 2 წლით ჩამორთმევით. განაჩენით მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 744198 ათასი ლარის ანაზღაურება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აგვისტოს განაჩენით ჭიათურის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ნ-ს მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. ნ-ს მიერ სს “ლაჯანურჰესისათვის” მიყენებული ზიანი ნაცვლად 1,489,391,7 ლარისა, განისაზღვრა 1,487,027 ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 744198 ლარის ნაცვლად, გ. ნ-ს დაეკისრა 653248 ლარის გადახდა. განაჩენიდან ამოირიცხა მითითება გ. ნ-სათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლების 2 წლით ჩამორთმევის შესახებ. დანარჩენ ნაწილში ღიად დარჩა სამოქალაქო სარჩელი.
განაჩენით გ. ნ-ს მსჯავრი დაედო მის მართლზომიერ მფლობელობასა და განმგებლობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვისათვის; განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის არაერთგზის თავის არიდებისათვის; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადებისა და გამოყენებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გ. ნ. მუშაობდა ზესტაფონის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ევროპის” დირექტორად. 1999წ. 3 აგვისტოს მან მიიღო შპს “ჯორჯიანიმპორტის” გენერალური დირექტორის _ ბ. ს-ს კანონიერი უფლებამოსილება, რათა ,,საქენერგოდან” ამოეღო 281800 ლარის დებიტორული დავალიანება, რაც ერთი წლის ვადაში 290 ათასი ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა შპს “ჯორჯიანიმპორტისათვის”. თავის მხრივ, ,,საქენერგოს” ადმინისტრაციამ გ. ნ. 1999წ. 5 აგვისტოს აღჭურვა კანონიერი უფლებამოსილებით, რათა შპს “ჯორჯიანიმპორტის” მიერ ამოსაღებად დათმობილი ვალი _ 281800 ლარის ოდენობით ამოეღო წარმოებული პროდუქციით, სს ზესტაფონის ,,ფეროდან”. 1999წ. 9 აგვისტოს გ.ნ-მა სს ,,ფეროსგან” მიიღო 281800 ლარის ღირებულების 142 ტონა ფერომანგანუმი, მოაქცია იგი საექსპერტო რეჟიმში და 1999წ. 10 აგვისტოს 300483,3 ლარად მიჰყიდა მოსკოვში რეგისტრირებულ შპს “მონტაჟმშენ-პროექტს”. მან რეალიზაციით მიღებული დიდი ოდენობით თანხა მიითვისა, შპს “ჯორჯიანიმპორტს” კი კუთვნილი 281 800 ლარი არ გადაუხადა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2000წ. 2 იანვარს გ. ნ-მა სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით მიიღო სს “ლაჯანურჰესის” დირექციის უფლებმოსილება, რათა სს “ქსნის მინის ქარხნიდან” ამოეღო 190 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება, რაც ერთი წლის ვადაში უნდა გადაეხადა “ლაჯანურჰესისთვის”. 2000წ. 4 იანვრიდან 2000წ. 16 მარტის ჩათვლით გ. ნ-მა სს “ქსნის მინის ქარხნიდან” “ლაჯანურჰესის” დირექციის მიერ დათმობილი ვალის ანგარიშში ამოიღო 192364,7 ლარი და მიითვისა, ამ უკანასკნელს კი კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა _ 190 ათასი ლარი არ გადაუხადა.
2000წ. 8 მარტს გ. ნ-მა სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით მიიღო სს “ლაჯანურჰესის” დირექციის უფლებამოსილება, რათა “საქენერგოს” დისპეტჩერიზაციიდან ამოეღო 1200 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება, რაც ერთი წლის ვადაში უნდა გადაეხადა “ლაჯანურჰესის” დირექციისათვის. თავის მხრივ, გ. ნ-მა 2000წ. 23 მაისს სათანადო ხელშეკრულებით “საქენერგოს” დისპეტჩერიზაციის დირექციიდან დებიტორული დავალიანების ამოღების უფლება 6 ათასი ლარის დათმობით გადასცა შპს “კვანტს”, რომლისგანაც 2000წ. 20 ივნისს ნაღდ ანგარიშზე მიიღო 1194 ათასი ლარი და მიითვისა, ხოლო შპს “კვანტისათვის” უსასყიდლოდ გადაცემული (დათმობილი) ამოსაღები ვალის ნაწილი, აქტივების სახით 6 ათასი ლარი, გაფლანგა, სს ,,ლაჯანურჰესის” ადმინისტრაციასთან კი ანგარიშსწორება არ მოახდინა.
2000წ. 5 აპრილს გ. ნ-მა ,,ლაჯანურჰესის” დირექციასთან გააფორმა ხელშეკრულება ცაგერის სათავე ნაგებობის მარჯვენა დამბის აღსადგენად ერთი წლის ვადაში 200 ათასი ლარის მოცულობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. ამ მიზნით, 2000წ. 26 სექტემბრიდან 2000წ. 17 ნოემბრამდე, მან ავანსის სახით სააქციო საზოგადოების სალაროდან ნაღდ ანგარიშზე მიიღო 97027 ლარი და მიითვისა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები კი არ შეასრულა. ამდენად, მსჯავრდებულმა გ. ნ-მა სს ,,ქსნის მინის ქარხნისა” და ,,საქენერგოს” დისპეტჩერიზაციის დირექციიდან ამოსაღებად დათმობილი დებიტორული დავალიანებისა და სარემონტო სამუშაოების ავანსად მიღებული დიდი ოდენობით თანხების მითვისებითა და 6 ათასი ლარის გაფლანგვით სს ,,ლაჯანურჰესის” დირექციას მიაყენა 1487027 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
შპს ,,ევროპის” დირექტორი გ. ნ., რომელიც გადასახადის გადამხდელად აღრიცხული იყო ზესტაფონის საგადასახადო ინსპექციაში, 1997-2001 წლებში შპს ,,ევროპის” საგადასახადო რეკვიზიტებითა და ანგარიშ-ფაქტურებით ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სს ზესტაფონის ,,ფეროს” დირექციასთან და ინდივიდუალურ საწარმოებთან: ,,ლ. შ-სთან”, ,,ზ. შ-სთან”, ,,ზ. კ-სა” და ,,ვახტანგთან”. მან საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სავადო ანგარიშგებები და დეკლარაციები ზესტაფონის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში არ წარადგინა და არაერთგზის თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის _ 373356 ლარის გადახდას. მანვე 1997-2001 წლებში შპს ,,ევროპის” სახელით კომერციული საქმიანობის განხორციელების პროცესში არაერთგზის დაამზადა და გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები:
1994წ. დეკემბერში, თითქოსდა, კოოპერატივ ,,თერძიდან” სილიკონმანგანუმის ლითონჩანართიანი წიდის 925272 მილიონ კუპონად შეძენის ამსახველი დოკუმენტები (ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა, სალაროს შემოსავლის ორდერის ყუა) კოოპერატივ ,,თერძის” დირექტორ მ. ჩ-ს და მთავარი ბუღალტრის ო. მ-ს გაყალბებული ხელმოწერებით;
2000წ. 20 ნოემბრის ¹38 ხელშეკრულება, თითქოსდა, სს ,,ლაჯანურჰესის” შპს ,,ევროპის” მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობის შპს ,,ენერგეტიკაზე” გადაცემის შესახებ, 2000წ. 30 ნოემბრით დათარიღებული შპს ,,ენერგეტიკის” სალაროს შემოსავლის ორდერის ყუა, თითქოსდა, შპს ,,ევროპიდან” 1.480 ათასი ლარის მიღების შესახებ, შპს ,,ენერგეტიკის” დირექტორ ს. ჭ-ს გაყალბებული ხელმოწერით, რაც გ. ნ-მა 2001წ. 15 ნოემბერს წარადგინა ზესტაფონის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში;
2001წ. 21 მაისს მიღებული დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურები, შევსებული 2000წ. 20, 22 და 23 ნოემბრის გაყალბებული თარიღებითა და წარდგენილი ზესტაფონის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში, თითქოსდა, შპს ,,ვახტანგზე” სილიკომანგანუმის ლითონჩანართიანი წიდის რეალიზაციის შესახებ.
გ.ნ-ის მიერ ზემოაღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადებამ და გამოყენებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, ხოლო სს ,,ლაჯანურჰესმა” მის მიერ მითვისებული და გაფლანგული ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით თანხის სახით განიცადა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი ვ. თ. ითხოვს გ. ნ-ს მიმართ სსკ-ს 218-ე მუხლით დანიშნული სასჯელის _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის _ შეცვლას პირობითი მსჯავრით, დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. ადვოკატი თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გ. ნ-ს მიერ ბრალად შერაცხული თანხების მითვისება და გაფლანგვა არ დასტურდება. მისი აზრით, ვინაიდან გ. ნ. ხელშეკრულებებს სდებდა შპს “ევროპის” სახელით, ამდენად, პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ეკისრებოდა არა გ. ნ-ს, არამედ _ შპს “ევროპას”. ადვოკატს მიაჩნია, რომ გ. ნ-ს ქმედება არ სცილდება სამოქალაქო ურთიერთობათა სფეროს და იგი სისხლის სამართლის წესით დასჯადი არ არის.
საკასაციო საჩივრით გენერალური პროკურატურის უფროსი თანაშემწე ჯ. ს. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გ. ნ-ს დაუნიშნა მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო სასჯელი. მისი აზრით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმე, მისი განხორციელების სახე და ხერხი, ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის მიერ არ გამოვლენილა ნება ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ. თ-მ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფიო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა ჯ. ს-ს საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა არ ეთანხმება ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ თითქოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გ. ნ-ს მიერ მის მფლობელობაში მოქცეული თანხების მითვისება და გაფლანგვა დადასტურებული არ არის. დადგენილია და გ. ნ-ც არ უარყოფს, რომ მან, როგორც შპს “ევროპის” დირექტორმა, შპს “ჯორჯიანიმპორტისაგან” მიიღო 281800 ლარის აქტივები ერთი წლის ვადაში მისი ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნების პირობით. დადგენილია ისიც, რომ შპს “ევროპამ” “საქენერგოს” მხრიდან სს “ზესტაფონის ფეროზე” ვალის გადაკისრებით ამ უკანასკნელისაგან მიიღო 142 ტონა ფერომანგანუმი, რომელსაც გ. ნ-მა 300488 ლარად რეალიზაცია გაუკეთა ქ. მოსკოვში. გ. ნ-ს ჩვენება, რომ ამ თანხიდან 290 ათასი ლარი, როგორც ხელშეკრულების პირობით დათქმული თანხა, ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა შპს “ჯორჯიანიმპორტის” გენერალურ დირექტორ ბ. ს-ს, კატეგორიულად უარყო ამ უკანასკნელმა, უფრო მეტიც: ბ. ს-მ 2002წ. 21 მარტს სამოქალაქო სარჩელით მიმართა გამოძიებას და მოითხოვა ამ თანხის დაკისრება გ. ნ-სათვის.
გ. ნ. არ უარყოფს, რომ მან, როგორც შპს “ევროპის” დირექტორმა, 2000წ. 8 მარტს სს “ლაჯანურ ჰესის” დირექტორ ე. თ-სთან გააფორმა ხელშეკრულება “საქენერგოს” დისპეტჩერიზაციიდან 1200 ათასი ლარის დებიტორული დავალიანების ამოღების უფლების დათმობისა და ერთი წლის ვადაში ურთიერთანგარიშსწორების შესახებ. დადგენილია, რომ გ. ნ-მა მინდობილი აქტივები 2003წ. 23 მაისის ხელშეკრულებით, 6 ათასი ლარის დათმობით, 1194 ათას ლარად მიჰყიდა შპს “კვანტს” და თანხა მიიღო ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით. გ. ნ-ს განმარტება, რომ ამ თანხიდან 1200 ათასი ლარი ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების უფლებით გადასცა შპს “ენერგეტიკის” დირექტორს, ამჟამად გარდაცვლილ ჭ-ს, არ დაადასტურა ამ უკანასკნელის შვილმა გ. ჭ-მ, რომელმაც განმარტა, რომ ს. ჭ-ს, მძიმე ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო დამოუკიდებლად, მის გარეშე ეწარმოებინა რაიმე საქმიანობა, მით უმეტეს, ხელშეკრულების გაფორმება, ან ამ ოდენობის თანხის მიღება. გრაფიკული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სახელშეკრულებო დოკუმენტებსა და სალაროს ორდერის ყუაზე ს. ჭ-სათვის 1480 ათასი ლარის გადაცემის შესახებ ხელმოწერები არ ეკუთვნის ს. ჭ-ს და იგი გაყალბებულია; ტექსტები კი ამ დოკუმენტებში შესრულებულია გ. ნ-ს მიერ. ზემოაღნიშნულით და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დადასტურებულია გ. ნ-ის მიერ ყალბი დოკუმენტების არაერთგზის დამზადებით და გამოყენებით შპს “ჯორჯიანიმპორტისა” და სს “ლაჯანურჰესის”კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტები. ამდენად, გ. ნ-ს ქმედება აშკარად სცილდება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროს და წარმოადგენს სსკ-ს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას. პალატას მიაჩნია, რომ გ. ნ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. სასამართლომ გაითვალისწინა რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მსჯავრდებულის პირველი ნასამართლობა, დადებითი დახასიათება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გ. ნ-ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რომელიც არ არის მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო. პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აგვისტოს განაჩენი გ. ნ-ს მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აგვისტოს განაჩენი გ. ნ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.