საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 84-კოლ 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა პროკურორების _ ნ. თ-ძისა და ი. მ-შვილის, ასევე მსჯავრდებულ კ. დ-იას საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის განაჩენზე, რომლითაც:
1. ვ. ა-ძე გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა' ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის “თ" და “კ" პუნქტებით, 150-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდა პატიმრობიდან.
2. კ. გ-ძე, შ. წ-რი, ზ. ფ-ძე გამართლებულ იქნენ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის “თ" და “კ" პუნქტებით, 150-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდნენ პატიმრობიდან.
3. ნ. ვ-ძე და ო. კუ-ა გამართლებულ იქნენ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. კ. დ-ია გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში. კ. დ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო" ქვეპუნქტისა და მე-7 ნაწილის საფუძველზე კ. დ-ია განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საბრალდებო დასკვნით ვ. ა-ძეს, კ. გ-ძეს, შ. წ-სა და ზ. ფ-ძეს ბრალი ედებათ იმისთვის, რომ ჩაიდინეს ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. მათვე ედებათ ბრალი იმისთვის, რომ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით. მათვე ჩაიდინეს იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ზემოქმედება. მათვე ჩაიდინეს მუქარა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებისა ისე, რომ ვისაც ემუქრებოდნენ, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყოველივე გამოიხატა შემდეგში:
2000წ. 10 ივნისს, 23.55 საათზე, ვ. ა-ძე, შ. წ-რი და ნ. ვ-ძე ერთად მიემგზავრებოდნენ ქ. თბილისში “ფოთი-თბილისის” ¹649 მატარებლით. მატარებელში ისინი შეხვდნენ ზ. ფ-ძეს, რომელმაც მიიპატიჟა თავისთან, ¹10 ვაგონში. იქ, ზ. ფ-სთან დახვდათ ო. კუ-ა, ვ. ბ. და კ. გ-ძე. მათ დაიწყეს ერთად არყის სმა, რა დროსაც მიიპატიჟეს იმავე ვაგონში მჯდომი, ¹10144 სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი კ. დ-ია. როდესაც სასმელი უთავდებოდათ, ზ. ფ-ძემ მოსთხოვა ვ. ბ-ს, წასულიყო და შეეძინა არაყი, რათა გაეგრძელებინათ სმა, რაზედაც ვ. ბ-საგან უარი მიიღო ფულის არქონის გამო. აღნიშნულზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა ვ. ა-ძემ, ზ. ფ-ძემ, შ. წ-მა და კ. გ-ძემ ვ. ბ-ს ერთად მიაყენეს ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს მგზავრთა აშკარა უპატივცემულობა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ვ. ა-ძემ, ზ. ფ-ძემ, კ. გ-ძემ და შ. წ-მა შეწყვიტეს ვ. ბ-ის მიმართ თავიანთი ხულიგნური ქმედებები და გავიდნენ ვაგონის “ტამბურში” სალაპარაკოდ. მათ გაყვნენ ო. კ-ა, კ. დ-ია და ვ. ბ-ი. ამ დროს, 11 ივნისს, დაახლოებით 3 საათისათვის, მატარებელი მიუახლოვდა ზესტაფონის რაიონში მდებარე სადგურ “ძირულას” და სადგურამდე, დაახლოებით 900 მეტრის მოშორებით, შ. წ-მა, რომელიც იდგა მატარებლის მოძრაობის მიმართულების მიხედვით მარცხენა ღია კარებთან, თავისთან მოიხმო ვ. ბ-ი. მასთან მცირე საუბრის შემდეგ მან და ზ. ფ-ძემ ერთად ჩაავლეს ხელი ხელებში და ამ უკანასკნელის განზრახ მოკვლის მიზნით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მოინდომეს მოძრავი მატარებლიდან გადაგდება. სიცოცხლისათვის რეალური საფრთხის საშიშროების წინაშე დამდგარი ვ. ბ-ი შეეცადა გაეწია მათთვის წინააღმდეგობა, რაც წამიერად შეძლო ვაგონის სახელურზე ხელის ჩაჭიდებით. ამასობაში მათ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაეხმარნენ ვ. ბ-ის უკან მდგომი ვ. ა-ძე და კ. გ-ძე. ამ უკანკანელთა დახმარებით ზ. ფ-ძემ და შ. წ-მა შესძლეს ვ. ბ-ის მატარებლიდან გადაგდება, რა დროსაც ძირს დაცემით მიაყენეს მას სიცოცხლისათვის სახიფათოდ მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, ქალას ფუძის მოტეხილობა, რამაც გამოიწვია ვ. ბ-ის სიკვდილი.
ამასობაში მატარებელი გაჩერდა სადგურ “ძირულას” მისადგომებთან, რა დროსაც ვ. ა-ძე, კ. გ-ძე, შ. წ-რი და ზ. ფ-ძე ჩამოვიდნენ ვაგონიდან და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით აიძულეს ო. კ-ა, ნ. ვ-ძე და კ. დ-ია, ჩამოსულიყვნენ ვაგონიდან და გაჰყოლოდნენ მათ ვ. ბ-ის მოსაძებნად. მატარებლის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, დაახლოებით 600 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ ლიანდაგებთან იპოვეს ვ. ბ-ის გვამი. ამის შემდეგ ვ. ა-ძემ, შ. წ-მა, კ. გ-ძემ და ზ. ფ-ძემ კვლავ მუქარით აიძულეს ო. კ-ა, ნ. ვ-ძე და კ. დ-ია, დახმარებოდნენ ვ. ბ-ის გვამის გადატანაში მის ხეზე ჩამოკიდებასა და აღნიშნული ქმედებით ვ. ბ-ის თვითმკვლელობის ინსცენირებაში, რა დროსაც ვ. ა-ძემ გარდაცვლილი ვ. ბ-ის სახელით შეადგინა წერილი, რომლის შინაარსიც ადასტურებდა ამ უკანასკნელის თვითმკვლელობას.
ო. კ-ს, ნ. ვ-ძეს და კ. დ-იას ბრალი ედებათ იმისთვის, რომ ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 10 ივნისს, 23.55 საათზე მიეგზავრებოდნენ ქ. თბილისში ვ. ა-სთან, შ. წ-თან, კ. გ-სთან, ზ. ფ-ძესა და ვ. -თან ერთად “ფოთი-თბილისის” ¹ 649 მატარებლით. ერთად დალიეს სპირტიანი სასმელები, რა დროსაც ზ. ფ-ძე, კ. გ-ძე, ვ. ა-აძე და შ. წ-რი ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარაცხყოფას აყენებდნენ ვ. ბ-ს, რაც მეორდებოდა პერიოდულად. მორიგი შეკამათებისას ზესტაფონის რაიონის სადგურ “ძირულამდე” 900 მეტრის მოშორებით 11 ივნისს, დაახლოებით 3 საათზე, აღნიშნულმა პირებმა ვ. ბ-ი გაიყვანეს ვაგონის ,,ტამბურში”, საიდანაც ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად გადააგდეს იგი მატარებლიდან. ამას უყურებდნენ ნ. ვ-ძე, ო. კ-ა და კ. დ-ია. როდესაც მატარებელი გაჩერდა, ზ. ფ-ძე, კ. გ-ძე, შ. წ-რი და ვ. ა-ძე ჩამოვიდნენ ვაგონიდან და მუქარით აიძულეს ნ. ვ-ძე, ო. კ-ა და კ. დ-ია, ჩამოსულიყვნენ მატარებლიდან და გაჰყოლოდნენ მათ. ისინი ფეხით წავიდნენ უკან ვ. ბ-ის მოსაძებნად. შემთხვეევის ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ეს უკანასკნელი გარდაცვლილი იყო. ზ. ფ-ძემ, კ. გ-ძემ, შ. წ-მა და ვ. ა-ძემ აიძულეს ნ. ვ-ძე, კ. დ-ია დ ო. კ-ა დახმარებოდნენ მათ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში, ამ მიზნით ვ. ბ-ის გვამის გადამალვასა და მისი თვითმკვლელობის ინსცენირებაში. ყველამ ერთად ვ. ბ-ის გვამი რკინიგზის ლიანდაგებიდან წაიღეს რამდენიმე მეტრის მოშორებით არსებულ ტყის ბუჩქნარში, სადაც შეარჩიეს ერთ-ერთი შედარებით მაღალი ხე. გარდაცვლილ ვ. ბ-ს გახადეს სამხედრო შარვალი და ჩექმები, საიდანაც გამოაძვრეს ზონრები და გადააბეს ერთმანეთს. გაჩხრიკეს გარდაცვლილის ტანსაცმლის ჯიბეები. იქიდან ზ. ფა-ძემ ამოიღო ვ. ბ-ის სამხედრო ბილეთი, საიდანაც ამოხია სურათი, რის შემდეგ ისევ ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო. ვ. ა-აძემ დაწერა წერილი, რომლის შინაარსი გარდაცვლილის თვითმკვლელობას დაადასტურებდა და ისიც სამხედრო ბილეთთან ერთად ჩაუდო მოკლულს ქურთუკის ჯიბეში. ბოლოს, ერთმანეთის დახმარებით ზემოხსნებულმა პირებმა ხეზე კისრით ჩამოკიდეს ვ. ბ-ის გვამი, მოაწყვეს მისი თვითმკვლელობის ინსცენირება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გარდა წინასწარ შეუპირებლად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ჩადენისა, კ. დ-იას ბრალი ედება შემდეგისათვის: 1999წ. 9 ნოემბერს იგი სენაკის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩარიცხული ¹10144 სამხედრო ნაწილში, შემდეგ კი ¹51564 სამხედრო ნაწილში რიგითად. ამასთან, იყო რა გაფრთხილებული სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებისა და დეზერტირებისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმებლობის შესახებ, სამხედრო სამსახურის გავლისას თვითნებურად, არაერთხელ დატოვა სამხედრო ნაწილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, კერძოდ, 2000წ. 29 აპრილიდან 3 მაისამდე, იმავეწ. 14 მაისიდან 12 ივნისამდე და 2000წ. 10 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე.
წინასწარი გამოძიების მიერ ვ. ა-სათვის, კ. გ-სათვის, შ. წ-სათვის და ზ. ფ-სათვის შერაცხული ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტით, 109-ე მუხლის “თ”, “კ” პუნქტებით, 150-ე და 151-ე მუხლებით, ნ. ვ-სათვის და ო. კ-სათვის შერაცხული ბრალდება დაკვალიფიცირებულია სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით, ხოლო კ. დ-სათვის შერაცხული ქმედება კი ამავე კოდექსის 375-ე მუხლითა და 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორები _ ნ. თ-ძე და ი. მ-შვილი ითხოვენ ვ. ბ-ს მკვლელობის ფაქტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
პროკურორები საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვენ იმავე სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის კერძო განჩინების გაუქმებას.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული კ. დ-ია ითხოვს მისი მსჯავრდების ეპიზოდში სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ადვოკატი რ. ხ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კერძო განჩინების გამოტანას, საქართველს გენერალური პროკურატურის მიერ ქუთაისის სამხედრო პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებაში სსკ-ის 146-ე, 332-ე, 334-ე, 335-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, ასევე – საკითხის დასმას სასამართლო კოლეგიის სხდომაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებლების _ ნ. თ-ძისა და ი. მ-შვილის მიმართ სათანადო ზომების გატარების შესახებ.
წარმოდგენილია გამართლებულების _ კ. გ-ძისა და ვ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ხ-იას შესაგებელი, რომლითაც ის ითხოვს, არ იქნეს დაკმაყოფილებული პროკურორების საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
გამართლებულ შ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ე. შ-ძე შესაგებლით ითხოვს სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების (განაჩენი, კერძო განჩნება) უცვლელად დატოვებას.
გამართლებულ ნ. ვ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი შ. ნ-ძე თავისი შესაგებლით ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა უცვლელად დატოვებას.
გამართლებულ ო. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. მ-შვილი თავისი შესაგებლით ითხოვს, უარი ეთქვას პროკურორების მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიის განაჩენი არის კანონიერი და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ს-ძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა პროკურორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვანას დ იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულ კ. დ-იას იტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ხ-აშვილმა მხარი დაუჭირა კ. დ-იას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლოა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა მოხსნა სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება. ასეთ ვითარებაში კი სასამართლო კოლეგიას ამ ნაწილში უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი. ადვოკატმა კ. ხ-შვილმა კ. დ-იას მიმართ სხვა ნაწილში გამოტანილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. მსჯავრდებული კ. დ-ია დაეთანხმა ადვოკატ კ. ხ-ის პოზიციას.
ადვოკატმა რ. ხ-იამ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მან ასევე ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია ვ. ა-ძისა და კ. გ-ძის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. ადვოკატის პოზიციას სავსებით დაეთანხმნენ გამართლებულები _ ვ. ა-ძე და კ. გ-ძე.
ადვოკატმა ვ. მ-შვილმა მიმოიხილა საქმის მასალები და მან კანონიერად მიიჩნია ზ. ფ-ძისა და ო. კ-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. ადვოკატის პოზიციას დაეთანხმნენ გამართლებულები _ ზ. ფ-ძე და ო. კ-ა.
ადვოკატმა შ. ნ-ძემ მხარი არ დაუჭირა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია ნ. ვ-ძის მიმართ დადგენილია გამამართლებელი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც დაეთანხმა გამართლებული ნ. ვ-ძე.
ადვოკატმა ე. შ-ძემ მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია შ. წ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც დაეთანხმა გამართლებული შ. წ-რი.
დაზარალელმა მ. ყ-შვილმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება წარმოებულია ზერელედ და არასრულყოფილად, გამოკვლევის გარეშეა დატოვებული ვ. ბ-ის მკვლელობის გარემოებები. მან იშუამდგომლა გამართლებული განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.
ადვოკატმა ა. ა-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაშვებულია ხარვეზები და შეცდომები, რაც სასამართლო გამოძიების დროს ვერ იქნა აღმოფხვრილი. მანვე მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ვ. ბ-ის განზრახ მკვლელობას. ეს გარემოება კი სასამართლო კოლეგიის მიერ არ ყოფილა რეგირებული. ადვოკატმა ა. ა-შვილმა მხარი დაუჭირა დაზარალებულის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ პროკურატურის საკასაციო საჩივრისა და ადვოკატ რ. ხ-ას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ კ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო: პალატა ეთანხმება მსჯავრებულ კ. დ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-შვილის მითითებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, როდესაც პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით. საქმის სასამართლო განხილვისას, მხარეთა კამათის სტადიაზე, პროკურორებმა უარი თქვეს კ. დ-იას მიმართ სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაზე (პროკურორების წერილობითი სიტყვა). ასეთ ვითარებაში სასამართლო კოლეგიას ბრალდების ამ ეპიზოდში კ. დ-იას მიმართ საქმე უნდა შეეწყვიტა ან გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი.
პალატა თვლის, რომ კ. დ-იას საკაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, განაჩენი სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “პ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
პალატა ვერ გაიზარებს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მის მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არ არსებობს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი. საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-ძეს, კ. გ-ძეს, შ. წ-სა და ზ. ფ-ძეს მონაწილეობა არ მიუღიათ ვ. ბ-ის მკვლლეობაში და არ ჩაუდენიათ ხულიგნობა, რის გამოც ისინი წარდგენილ ყველა ბრალდებაში იქნენ გამართლებულები. აღნიშნული პირების ვ. ბ-ის მკვლელობის ეპიზოდში გამართლება ასევე ავტომატურად იწვევდა ნ. ვ-ძის, ო. კ-სა და კ. დ-ს სსკ-ის 375-ე მუხლით გამართლებას.
პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარმა გამოძიებამ ვ. ა-ძის, კ. გ-ძის, შ. წ-სა და ზ. ფ-ძის ბრალეულობა ვ. ბ-ის მკვლელობის ნაწილში დადასტურებულად ჩათვალა ო. კ-სა და კ. დ-იას ჩვენებაზე, ასევე გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით. საქმის სასამართლო განხილვისას ო. კ-მ და კ. დ-იამ გადათქვეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ზემოთ მითითებულ პირთა მამხილებელი ჩვენებები და ახსნეს ჩვენების შეცვლის მიზეზები.
სასამართლო კოლეგიამ საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, აღნიშნა, რომ კ. დ-სა და ო. კ-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი, ასევე ჩატარებულ იქნა გრაფიკული ექსპერტიზა, რომელმაც გამორიცხა ვ. -საგან ამოღებული წერილის კ. გ-ძისა და ვ. ა-ძის მიერ შედგენის ფაქტორი. ფაქტობრივად, საქმის სასამართლოში განხილვისას ვერ იქნა მოპოვებული ვერც ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ვ. ბ-ის მკვლელობა ჩადენილი იყო ვ. ა-ძის, კ. გ-ძის, შ. წ-სა და ზ. ფ-ძის მიერ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამჟამად გამართლებულები _ ვ. ა-ძე, კ. გ-ძე, შ. წ-რი და ზ. ფ-ძე კატეგორიულად უარყოფდნენ ვ. ბ-ის მკვლელობის ჩადენაში მონაწილეობას. ამასთან, აყენებდნენ ალიბს, მაგრამ წინასწარი გამოძიება დაეყრდნო მხოლოდ რ. კ-სა და კ. დ-იას ჩვენებებს, არ გაიზიარა წამოყენებული ალიბი. საქმის სასამართლო განხილვისას დეტალურეად იქნა გამოკვლეული ალიბი და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზემოაღნიშნულ პირებს არ შეიძლებოდა ჩაედინათ ვ. ბ-ის მკვლელობა.
პალატა აღნიშნავს, რომ პროკურატურის საკასაციო საჩივარი ძირითადად ემყარება წინასწარი გამოძიების მასალებს. საჩივარში მითითებულია, რომ თითქოს სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ალტერნატიული გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმას, პალატა თვლის, რომ აღნიშნული არ შეიძლება განაჩენის გაუქმების საფუძველი გახდეს, რადგან საქმეზე ორჯერ იქნა ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზა, დაკითხულ იქნენ ექსპერტები, ხოლო მიღებულ შედეგებს კი სასამართლო კოლეგიამ მისცა სათანადო შეფასება.
პალატა თვლის, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი პროკურატურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ რ. ხ-იას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული კერძო განჩინება იმ დარღვევებისა და შეცდომების თაობაზე, რაც წინასწარი გამოძიების დროს იქნა დაშვებული. რაც შეეხება პროკურორებს _ ნ. თ-ძესა და ი. მ-შვილის, მათ, როგორც ბრალდების მხარეს, საქმის შესახებ ჰქონდათ საკუთარი მოსაზრება და ამის გამო მათ მიმართ არ არსებეობს კერძო განჩინების გამოტანის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორების _ ნ. თ-ძისა და ი. მ-შვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკამყოფილდეს.
მსჯავრდებულ კ. დ-იას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ რ. ხ-იას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის განაჩენი კ. დ-იას საქართველოს სსსკ-ის 388-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდში მის მიმართ წარმოებით შეწყდეს საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “პ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
იგივე განაჩენი ვ. ა-ძის, კ. გ-ძის, შ. წ-ის, ზ. ფ-ძის, ნ. ვ-ძის, ო. კ-სა და კ. დ-იას გამართლების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
ასევე უცვლელად დარჩეს ამავე საქმეზე მიღებული კერძო განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.