დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.10.2012
საქმის ნომერი
15აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.10.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15აგ-12 4 ოქტომბერი, 2012 წელი

ა-ი ქ., 15აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით ქ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ქ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განაჩენით შეიცვალა: ქ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2007 წლის 29 ოქტომბრის №1–4593 ხელშეკრულების გაუქმებისათვის) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული, ყალბად შედგენილი სანოტარო აქტი №1–26330–ის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული, ყალბად შედგენილი სანოტარო აქტი №1–26331–ის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ქ. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 30 ივნისიდან.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები აღნიშნულ განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

2012 წლის 30 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ქ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ გამოიყენა სისხლის სამართლის ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მისი ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სამოქალაქო დავა ჯერ დასრულებული არ იყო. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობას დაურთო ადმინისტრაციული წესით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც განაჩენის მიღების დროისათვის სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი და მათ საფუძველზე მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ქ. ა-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ქ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ ქ. ა-ისათვის წაყენებულ ბრალს არ უარყოფდა, თუმცა განაჩენებით ცნობილია ის ფაქტი, რომ სადავო ამხანაგობის მესაკუთრე, 160 კვ.მ-ის ფართის მფლობელი მსჯავრდებულია. სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნია ე.წ. „მკვდარი სულები“ – სამოქალაქო მოსარჩელეები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობენ და ვერც სასამართლომ და ვერც გამოძიებამ ვერ მოიძიეს; შესაბამისად, არ არსებობს ქ. ა-ის მიერ გახარჯული თანხა – 117350 აშშ დოლარი.

პალატამ მტკიცებულებად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ ამხანაგობის ქონებაზე ამხანაგობის შექმნამდე არსებობდა იპოთეკური ვალი. 2006 წელს ქ. ა-ის ქონებაზე არსებობდა სოლიდური სესხი, მაგრამ ამ ქონებას შეექმნა პრობლემა. სააღსრულებო ბიუროს, ძველი მესაკუთრისა და მისი მევალეების სასამართლო დავები დასრულდა 2012 წელს, როცა კასატორი უკვე დაპატიმრებული იყო.

პალატამ ასევე არ შეისწავლა და მტკიცებულებად არ ჩათვალა ამხანაგობის დებულება, ამხანაგობის წევრების ხელწერილები, პირიქით, ქ. ა-ს უფლება–მესაკუთრეობაც კი ჩამოართვა. ასევე არ შეისწავლა ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში აღძრული სს საქმე ყალბი დოკუმენტის – ამხანაგობის შექმნის განკარგულების – დამზადება-გამოყენების ფაქტზე. როგორც აღმოჩნდა, გამოძიებას არ გააჩნდა ამ დოკუმენტის ორიგინალი და მისი გამოყენებით მსჯავრდებულს დანაშაული არ ჩაუდენია. ყალბი დოკუმენტი, რომლის წარმომავლობასაც დღემდე იძიებენ, გამოიყენა მხოლოდ ამხანაგობის ადვოკატმა. თუ ყალბი განკარგულება №1 განაჩენებში მტკიცებულებად არის მიჩნეული, მაშინ გაუგებარია, როგორ შეიძლება მისი ძიება.

კასატორის განმარტებით, ამხანაგობა „---“ ქონების მესაკუთრე კანონიერად არის თვითონ და არამიზნობრივად ერთი თეთრიც კი არ გაუხარჯავს; ამხანაგობის ქონებაზე იპოთეკური სესხები არსებობდა ამხანაგობის შექმნამდე, იგი დაკავებამდე ზრუნავდა ქონების შენარჩუნებაზე და ამხანაგობის წევრებისაგან მისაღები დარჩა სოლიდური თანხა; პროკურატურის მიერ გამოგონილი დაზარალებულები, ე.წ. „მკვდარი სულები“ დღემდე ვერ აღმოაჩინეს, შესაბამისად, ქ. ა-ს არ უსესხია 117350 აშშ დოლარი; მას არ დაუმზადებია არც ერთი ყალბი დოკუმენტი; ყალბი განკარგულება, იგივე გადაწყვეტილება №1 გამოიყენა პროკურატურამ ქ. ა-ის მიმართ დანაშაულის პროვოცირებისათვის და ამ დოკუმენტის წარმომავლობაზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ქ. ა-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას, უსამართლო განაჩენების გადასინჯვასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებები, გარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინებისა, გამოტანილია ქ. ა-ის მიმართ 2010 წლის 8 ივნისს განაჩენის დადგენამდე. რაც შეეხება 2011 წლის 17 ივნისის აღნიშნულ განჩინებას, ამ განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ მიუთითებს და არც საქმის მასალებში მოიპოვება სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილი რომელიმე გარემოება, რაც ცნობილი არ იყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას და რომელიც შესაძლოა, გამხდარიყო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ფაქტობრივად, მსჯავრდებული მოითხოვს საქმის ხელახლა, არსებითად განხილვას, რისი უფლებამოსილებაც ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინება ქ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე