დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.12.2012
საქმის ნომერი
113აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.12.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №113აგ-12 6 დეკემბერი, 2012 წელი ხ-ე გ., 113აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით:

გ. ხ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მასვე ბრალდებიდან ამოერიცხა: მოქალაქე თ. კ-ს ავტომანქანა „მერსედეს ბენც 220 SE“ -თან დაკავშირებით კონტროლის პალატის კუთვნილი 1950 ლარის გაფლანგვის ეპიზოდი; ზ. უ-ს ავტომანქანა „ოპელ ომეგა 2.0“ კონტროლის პალატის კუთვნილი 3065,73 ლარის გაფლანგვის ეპიზოდიდან 200 ლარი; 2002 წლის 1 აპრილიდან 2004 წლის პერიოდში კონტროლის პალატის აპარატში არმომუშავე ათ კერძო პირზე ბენზინის გაცემით 4560 ლარის გაფლანგვის ეპიზოდი და ავტომანქანა „მერსედეს ბენც 320“-ის, ღირებულის 9900 ლარად, მითვისების ეპიზოდი.

გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2005 წლის 25 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 1 თვე, 6 დღე და საბოლოოდ გ. ხ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 1 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2007 წლის 19 ივლისიდან.

ამავე განაჩენით ზ. გ-ე და გ. ბ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯათ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, 2-2 წლის გამოსაცდელი ვადით; მათვე დამატებით სასჯელად დაენიშნათ ჯარიმა – თითოეულს 3 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად; ამასთან, ზ. გ-ს დანიშნული სასჯელიდან პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 3 თებერვლიდან 6 თებერვლამდე, სულ – 3 დღე ჩაეთვალა მოხდილად, ხოლო დანარჩენი მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 11 თვე და 27 დღე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; გ. ბ-ს დანიშნული სასჯელიდან პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 4 თებერვლიდან 6 თებერვლამდე, სულ – 2 დღე ჩაეთვალა მოხდილად, ხოლო დანარჩენი მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 11 თვე და 28 დღე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ი-სა და კ. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2012 წლის 30 ოქტომბერს მსჯავრდებულმა გ. ხ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

მსჯავრდებული გ. ხ-ე წარდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით მას მსჯავრი დაედო 2001-2004 წლებში, კონტროლის პალატაში მუშაობის პერიოდში, სხვადასხვა დროსა და ეპიზოდებში, კონტროლის პალატის კუთვნილი, 10 964 ლარის ღირებულების ნივთების მითვისება-გაფლანგვის გამო. მსჯავრდებულის განმარტებით, განაჩენში აღწერილი დანაშაული არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ცალ-ცალკე წარმოშობილი. არც ერთ ეპიზოდში ზიანის ოდენობა არ აღწევს 10 000 ლარს. მსჯავრდებულის აზრით, იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ჩადენილია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ზიანის შეჯამება და დიდ ოდენობად დაკვალიფიცირება სწორი არ არის, რაც მის შემთხვევაში განხორციელდა. მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 25 ივლისს შეიმუშავა და გამოსცა „სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე“, რომლის თანახმად: „თუ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას (მითვისება, ჩადენილი არაერთგზის), თითოეული ქმედების დროს ნივთის ღირებულება არის – 10 000 ლარზე ნაკლები, მაგრამ ერთიანობაში აღემატება 10 000 ლარს, ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითაც (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით). აღნიშნულის გამო, მსჯავრდებულს მიაჩნდა, რომ მის მიერ მითითებული გარემოება არის ახალი ფაქტი, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და, თავისთავად, ამტკიცებს მსჯავრდებულის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული გ. ხ-ე ითხოვდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებასა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, რათა სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ მითითებულ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემულ სარეკომენდაციო ხასიათის ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.

ამდენად, კასატორის მიერ თავის შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე