განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.03.2013
საქმის ნომერი
2კ-222-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№2221-13 5 მარტი, 2013 წელი

ჩ-ი კ, 2221-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ე-ის

ადვოკატ – მ. ყ-ის

მსჯავრდებულ _ კ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ჩ-ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით კ. ჩ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით, სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, კ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 8 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრელების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 12 წელი ჩაეთვალა პირობით, 13 წლის გამოსაცდელი ვადით.

იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 22 მარტიდან.

(სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის განაჩენით კ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა 2004 წლის 18 ივლისიდან. ამდენად, იგი საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენის დროისათვის – 2011 წლისათვის ითვლებოდა ნასამართლობის არ მქონედ (ნასამართლობა გაქარწყლებულად).

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16,მე-18-ე მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ კ. ჩ-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელი – 8 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით (2 წლით) და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ერთი მეოთხედით (სამი წლით) შეუმცირდა დანიშნული პირობითი მსჯავრი –12 წელი, რის შემდეგაც დარჩა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და გამოსაცდელი ვადა –13 წელი, რომლის ერთი მეოთხედით (სამი წლითა და სამი თვით) შემცირების შემდეგ დარჩა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 22 მარტიდან.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა და თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის განაჩენის შესავალ ნაწილში კ. ჩ-ის ნასამართლობაზე, ნაცვლად სამართალში მყოფისა, მიეთითა - ,,სამართალში არმყოფი“.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ, მართალია, იგი ადრე ნასამართლევი იყო, მაგრამ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და ითხოვა ამნისტიის აქტის გამოყენება მასზე, როგორც ნასამართლობის არმქონე პირზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლით: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება თელავის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ამავე კანონის მე-16 მუხლით ¼-ით შემცირების თაობაზე.

იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“

პალატას მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“ კ. ჩ-ი, იმის გამო, რომ იგი იყო ნასამართლობის არმქონე პირი, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 150–ე მუხლის 1-ლი და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან. მასვე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული 5 წელი, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს“, უნდა გაუნახევრდეს, როგორც მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ, ნასამართლობის არმქონე პირს.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შერაცხულ დანაშაულს, გათვალისწინებულს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (6 წლით თ/ა) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (6 წლით თ/ა) „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც აღნიშნულია: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“, უნდა შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელად განესაზღვროს 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, კ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 წელი და 7 თვე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი და 11 თვე ჩაეთვალოს პირობით, 7 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

კ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 22 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული კ. ჩ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 150–ე მუხლის 1-ლი და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ჩ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული 5 წელი და სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 6-6 წელი და თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე სასჯელად განესაზღვროს 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, კ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 წელი და 7 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი და 11 თვე ჩაეთვალოს პირობით, 7 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

კ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 22 მარტიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი